შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

მწვანე კაბა

სკოლის დამთავრებისას დედამ მწვანე კაბა მიყიდა. სხვანაირი მწვანე იყო, გეგონება  ასხივებსო. თეთრი საყელო და მანჟეტები ჰქონდა. როდესაც მოვიზომე და სარკეში ჩავიხედე, ისე მომეწონა, სუნთქვა შემეკრა… და მიუხედავად იმისა, რომ არ ვიყავი ისეთი ბავშვი, რომელიც სულ „მინდას“ გაიძახოდა… პირიქით, სულ მოკრძალებულად უკან ვიხევდი და დედა აქეთ მაძალებდა ხოლმე „გინდაო“, დედის კითხვაზე:

  • ქეთი, ხომ გინდა ეს კაბა?

უმალ მივუგე:

  • კი, დედა, მინდა…

კაბა, არა მხოლოდ ლამაზი იყო და მიხდებოდა, კარგი ენერგეტიკაც მოჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეგონა და სტუდენტობისას ზაფხულის გამოცდებზე სულ ამ კაბით დავდიოდი. საკუთარი თავისა და ცოდნის იმედს, მწვანე კაბის ენერგეტიკაც მიძლიერებდა. „მწვანის“ მჯეროდა და ვენდობოდი.

ეს კაბა კვლავ მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ძველებურად ზუსტად მერგება, ბოლო დროს აღარ ჩამიცვამს. თუმცა, გასაჩუქებლადაც ვერ გავიმეტე. მეტისმეტად მიყვარს, სხვას ვერ ვუსახსოვრებ.

რატომ მიყვარს? კარგი მოგონებები მაკავშირებს, თან დედამ მაჩუქა… თან მწვანეა…

„მწვანე“ ძველი ინგლისური სიტყვიდან – growan, “to grow” – მოდის, რაც გაზრდას ნიშნავს. მწვანე სიცოცხლის და ბუნების განახლების ფერია. იმედს და უკვდავებას ასახავს. ალქიმიკოსი ანდრეი ლიბაუ თეზაფს, ანუ ოქროს გამხსნელს, „მწვანე ლომს“ უწოდებდა.

მხატვრობაში მწვანეს ყვითელი ოქრას და ლურჯი აზურიტის შერევით ღებულობდნენ.

ნეოლითურ ხანაში ჩრდილოეთ ევროპაში მწვანე საღებავი ტანსაცმლისთვის მცენარეული პიგმენტებიდან გამოჰყავდათ. თუმცა, უხარისხო გამოდიოდა და ყავისფერი ხდებოდა.

პაპირუსებზე საწერად ან აკლდამების მოსახატად ეგვიპტეში მალაქიტს იყენებდნენ. ტუტანხამონის აკლდამაში მალაქიტის პიგმენტიანი ზარდახშაც იქნა აღმოჩენილი.

ოსირისის სახე მწვანედ არის შეღებილი. ეგვიპტელებს მწვანე ფერი თავდაცვის ფერად მიაჩნდათ და ოსირისს „დიად მწვანეს“ უწოდებდნენ.

მეც მწვანის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. ამას ადრინდელ წერილშიც ვწერდი https://mastsavlebeli.ge/?p=3984. ვამბობდი, მწვანე თვალები და სული მაქვს და ჩემიანებს („მწვანე სულიანებს“) შორიდანვე ვცნობ-მეთქი.

თუმცა… სულ ახლახან ისიც დავწერე „მედალს ორი მხარე აქვს“-მეთქი https://mastsavlebeli.ge/?p=21327&fbclid=IwAR3bc_k58sN7jt7LABuuUDqFk94EYVtJCKgSmb8mTw6nGTTFQJqsLhtz6QU  და ინებეთ ამის კიდევ ერთი დასტური.

მე-15 საუკუნეში ეშმაკი იყო მწვანე. ის სწორედ ასე ჰყავს გამოსახული წმინდა ვოლფრამის პანელზე მაიკლ პაჩერს (1471-1475, Alte Pinakothek, Munich). შუა საუკუნეების პოეტი ჩოსერიც ირწმუნებოდა, რომ ეშმაკი მწვანე კვამლით  მოვიდა.  მონადირეებიც ამ ფერს ირჩევდნენ, რათა ნადირი არ დაეფრთხოთ.

მწვანე სამოსს ირლანდიელები წმინდა პატრიკის დღეს იცვამენ. მწვანე საშინელ სიკვდილთანაც ასოცირდება.

ყოველ შემთხვევაში, ვიქტორიანულ ეპოქაში ასე იყო.

1814 წელს ერთმა გერმანულმა საწარმომ (the Wilhelm Dye and White Lead) მწვანე საღებავის წარმოება დაიწყო.

თუმცა, მანამდე ის 1775 წელს შვედმა ქიმიკოსმა კარლ შეელემ შექმნა. სწორედ ამ საღებავით შეღებეს ბონაპარტის საძინებელი და მის იდუმალებით გარდაცვალებასაც ამავე საღებავს მიაწერენ.

საღებავი სხვებთან შედარებით უფრო კაშკაშა იყო. მას „ზურმუხტოვანი-მწვანე“ უწოდეს. მალე საღებავის გამოყენება დაიწყეს ქსოვილების, კედლების და ხალიჩების შესაღებად. მწვანე ქსოვილებისგან შეკერილი კაბები ქალბატონებში გასაოცარი პოპულარობით სარგებლობდა. საქმე ის გახლდათ, რომ გაზზე მომუშავე  გამანათებლები ახალშემოსული იყო, რომლებიც სანთლებთან შედარებით, შენობაში უფრო კაშკაშა შუქს აფრქვევდნენ  და მწვანე ფერი ასეთ შუქზე სხვანაირად თამაშობდა.

საღებავი დარიშხანის შემცველი იყო, სწორედ ამიტომ კაშკაშებდა (ელის  მეთიუ დეივიდი „მოდის სხვერპლნი“). დარიშხანი სასიკვდილოა და მთელ სხეულზე წყლულებს აჩენს. იწვევს სისხლიან ღებინებას, თმის ცვენას, საბოლოო სამიზნე კი ღვიძლი და თირკმელებია.

საღებავზე რას აღარ წერდნენ… 1871 წელს ერთმა ქალბატონმა მოდის პრესტიჟულ სახლში მწვანე ხელთათმანები შეიძინა. პირველივე ჩაცმისას ხელები იარებით დაეფარა. იყო ამბები ბავშვებზე, რომლებიც თავიანთ ოთახებში მწვანე ხალიჩაზე თამაშის შემდეგ კვდებოდნენ. გარდა ამისა, ასეთ ოთახებში თითქოს თაგვის სუნიც იგრძნობოდა. სწორედ ამ სუნის გამო დედოფალ ვიქტორიას ოთახში კედლებიდან მწვანე შპალერი ჩამოხიეს.

უარეს დღეში აღმოჩნდნენ ის ქალები, რომლებსაც საღებავთან უშუალო შეხება ჰქონდათ. მატილდა შოირერი, 19 წლის გოგონა დარიშხანის შემცველი მწვანე საღებავით ხელოვნურ ყვავილებს ღებავდა. 1861 წელს ის საშინელი სიკვდილით გარდაიცვალა, მთელი სხეული გაუმწვანდა, სიკვდილის წინ კი ამტკიცებდა, რომ გარშემო ყველა და ყველაფერი მწვანე იყო.

ადამიანებზე საღებავის ზემოქმედება ექიმებმა ჯერ კიდევ 1857 წელს შენიშნეს და საუბარი ინგლისში მიმდინარე „ხანგრძლივ მოწამლვაზე“ დაიწყეს. მალე გაზეთებში გამოჩნდა მწვანე კაბებში მოცეკვავე ჩონჩხების ილუსტრაციები. გაზეთ „თაიმსში“ ავტორები ვრცელ სტატიებს უძღვნიდნენ და წერდნენ: რაღას უნდა ენდო დღევანდელ დღეს, როდესაც წინდის ჩაცმაც კი სახიფათოაო.

თუმცა, ხალხის მასა ამ ამბებს ყურადღებას არ აქცევდა. „მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიას“ პრინციპით და წლების მანძილზე ამ საშიშ მოდას იყვნენ აყოლილი. აბა, „მოსაწყენ რუხს, ყვითელსა და ყავისფერს“ ხომ არ ჩაიცვამდნენ? საღებავის წარმოებაც არ გაჩერებულა, პირიქით, უზარმაზარ ინდუსტრიად გადაიქცა.

დარიშხანის შემცველობაზე რეგულაციები ფაბრიკებისთვის მხოლოდ 1895 წელს დაწესდა.

დარიშხანი ბუნებაში გავრცელებულია სულფიდური მადნების სახით: As2S3-აურიპიგმენტი, As4S4-რეალგარი, FeAsS-დარიშხანის ალმადანი. იშვიათად გვხვდება თავისუფალ მდგომარეობაშიც. დარიშხანის მინერალების გამოფიტვის პროდუქტია არსენოლიტი As2O3. გოგირდოვანი მადნებიდან მოპოვებული ლითონები თითქმის ყოველთვის შეიცავენ დარიშხანის მინარევებს. საქართველოში (რაჭა-ლეჩხუმი) დარიშხანის მდიდარი საბადოებია. ამასთან, საქართველოს რეალგარ-აურიპიგმენტური მადნები უნიკალურია მთელ მსოფლიოში დარიშხანის – მაღალი, ხოლო მინარევი ელემენტების დაბალი პროცენტული შემცველობით.

ძველი იბერები 5 000-6 000 წლის წინად დარიშხანის სპილენძთან შედნობით იღებდნენ ბრინჯაოს. ამასთან, დარიშხანის რაოდენობას ბრინჯაოში ნაკეთობის დანიშნულების მიხედვით არეგულირებდნენ. თუ ბრინჯაო საბრძოლო იარაღის დასამზადებლად უნდა გამოეყენებინათ, მასში დარიშხანის რაოდენობა მთელი მასის 20-22%-ს აღწევდა. თუ საოჯახო ან საიუველირო ნივთის დამზადება სურდათ, მის მასურ წილს ამცირებდნენ.

დარიშხანი ძირითადად ტყვიის დანამატად გამოიყენება, რადგან მას სიმაგრეს ანიჭებს. მისი ნაერთები გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, ვეტერინარიასა და მედიცინაში. დარიშხანის შემცველი პრეპარატები სტომატოლოგიურ პრაქტიკაშიც იხმარებოდა. როგორც ინსექციდები, გამოიყენება მცენარეთა მავნებლების წინააღმდეგ. დარიშხანი შედის ზოგიერთი შენადნობის შემადგენლობაში (თოფის საფანტი, სპილენძის შენადნობი). რუხ დარიშხანს ახასიათებს ნახევარგამტარული თვისებები. სუფთა დარიშხანი მომწამლავი არ არის, მაგრამ წყალში ან კუჭის წვენში ხსნადი ყველა მისი ნაერთი ძლიერი საწამლავია. დარიშხანის (III) ოქსიდი, ისევე, როგორც მისი წყალხსნარი, ძლიერი შხამია. 0,1გ. As2O3 უკვე სასიკვდილოდ მოქმედებს ადამიანზე. განსაკუთრებით, საშიშია დარიშხანოვანი წყალბადი AsH3-არსინი.

დარიშხანი ლითონური ბზინვარებით ხასიათდება. ჩვეუბებრივ პირობებში შედარებით მდგრადია, ე.წ. ლითონური, ანუ რუხი დარიშხანი. მყიფე კრისტალური მასა, ჰაერზე სწრაფად მკრთალდება, რადგან თხელი ოქსიდური შრით იფარება. დარიშხანის ორთქლის კონდენსაციის დროს ცივ ზედაპირზე წარმოიქმნება ყვითელი დარიშხანი – გამჭირვალე, ცვილივით რბილი კრისტალები.  სინათლის მოქმედებით ან გახურებით იგი რუხ დარიშხანად გადაიქცევა. ცნობილია აგრეთვე, დარიშხანის მინისებრ-ამორფული მოდიფიკაციები – შავი და წაბლისფერი დარიშხანი. ისინი გახურებით რუხ დარიშხანად გარდაიქმნება.

დარიშხანმა  „შეელეს მწვანის“  მეშვეობით გარშემო იმდენი სიკვდილი და შიში დათესა, რომ დღესაც კი, ზოგან „მწვანეს“ ცუდი რეპუტაცია აქვს. მაგალითად, „შანელის“ ფირმაში მომუშავე  მკერავებს სჯერადთ, რომ „მწვანეს“ უიღბლობა მოაქვს. თუმცა, დღევანდელი „მწვანე“ ტანსაცმელი  დარიშხანისგან სრულიად თავისუფალია.

მე კი…

მთელი ეს აურზაური მწვანე ფერზე აზრს ვერ შემაცვლევინებს. ჩემი საყვარელი ფერია, სიცოცხლეს და განახლებას ნიშნავს.

მთელი ამ  აურზაურის შემდეგ მაინც ვიტყვი, რომ მწვანე თვალები მაქვს და ჩემი სულიც „მწვანეა“.

მთელი ამ  აურზაურის შემდეგ, ისევ ვიტყვი, რომ „მწვანე სულიანი“ ადამიანები ყველაზე მეტად მიყვარს ამქვეყნად.

 

ამ გახსენებაზე… წავალ ჩემს მწვანე კაბას კიდევ ერთხელ გადმოვიღებ და მოვიზომავ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი