შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ტექსტად გადმოტანილი სქოლიო

ხანდახან წიგნის გვერდებზე ხელით მიწერილი მარგინალიებიდან და სქოლიოებიდან ბევრად მეტს ვიგებ, ვიდრე სახელმძღვანელოებიდან. ჩემი ამერიკელი კოლეგა (რომელიც ახლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლის) მიყვებოდა, რომ ჩიკაგოს უნივერსიტეტის პატარა ბუკინისტურ მაღაზიაში არისტოფანეს კომედიების კრებულს გადააწყდა. როგორც თავფურცელიდან ირკვეოდა, ოდესღაც წიგნი ქალთა სასწავლებლის აღსაზრდელს ეკუთვნოდა. პატრონს ერთ-ერთი კომედიის რამდენიმე ადგილას სტრიქონები – სულ, ალბათ, ასამდე სტრიქონი – ფანქრით გადაეხაზა, მინდორზე კი მიეწერა: “omit!”, ე. ი. ”გამოტოვეთ!” ან ”უგულებელყავით!” (არისტოფანეს კომედიებში მრავლადაა ე.წ. უწმაწური ხუმრობები, რომლებიც ხან პირდაპირ, ხან კი შეფარვით ეროტიკულ ხასიათს ატარებს).


თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მაშინვე თვალწინ წარმომიდგა ასეთი სცენა: მკაცრი მასწავლებელი სერიოზული სახით დამჯდარა მაგიდასთან და თავის აწევის გარეშე (უხერხულობის თავიდან ასაცილებლად) ფურცლავს წიგნს – სვენებ-სვენებით; თითქოს ახლა გადაწყვიტა, რა უფრო წაადგებათ გოგონებს და საშინაო დავალებას აძლევს თავჩაღუნულ მოსწავლეებს, რომლებიც გაფაციცებულები იწერენ მასწავლებლის მითითებებს. პედაგოგი ეუბნება, რომელი მონაკვეთი უნდა წაიკითხონ სახლში, რომელი – კარგად უნდა დაამუშაონ, რას უნდა მიაქციონ ყურადღება, მერე კი ამატებს, ვითომ სხვათა შორის, ამ სტრიქონიდან ამ სტრიქონამდე არ წაიკითხოთო. მოსწავლეც გულდასმით ასრულებს მითითებას: არასასურველ სტრიქონებს გადახაზავს, რომ სახლში დაბრუნებულს უნებლიეთ არ შემოეკითხოს. მაინტერსებს და ალბათ თქვენც გაინტერესებთ: გაითვალისწინებდა მოსწავლე მასწავლებლის გაფრთხილებას? არ წაიკითხავდა სახლში გაკვეთილზე ფანქრით გულმოდგინედ გადახაზულ სტრიქონებს? ადამიანური ბუნებაა: თვალი აკრძალულისკენ გაგვირბის. ეგებ ის ქალიშვილი, წიგნის ყოფილი პატრონი, ზედმეტად წესიერი იყო, მასწავლებლის გაცემულ ინსტრუქციებს არასოდეს აპროტესტებდა და ზედმიწევნით იცავდა?    


თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ყოველთვის ვაკეთებდი წიგნებზე ხელით მინაწერებს – მარტო კლასში კი არა, სახლშიც. დღეს, როდესაც ამ წიგნებს გადმოვიღებ, თვალი ასეთი წარწერებისკენ გამირბის და მახსენდება ჩემი ადრეული აზრები. ცხადია, იმგვარად უკვე აღარ ვფიქრობ, ჩემი აზრებიც შეიცვალა და ის, რაც მაშინ ჩემი აღმოჩენა მეგონა (მიმაჩნდა, რომ აუცილებლად ცხელ გულზე უნდა ჩამეწერა), მერე სხვაგან ამოვიკითხე უკეთესად გამოთქმული. და მაინც, ამ წიგნების თვალიერებისას საკუთარ თავზე მეტს ვიგებ და გულში გავიფიქრებ ხოლმე: ”რა სულელი ვიყავი!” ან ”ყოჩაღ – მე, რამდენი მიშრომია!” მარგინალიების და სქოლიოების გადამეტებული სიყვარული დღემდე შემომრჩა და ხანდახან, სანამ სამეცნიერო სტატიას ან ნაშრომს წავიკითხავ, სანამ ბიბლიოთეკიდან წიგნს წასაკითხად ავირჩევ, თაროებთან მდგარი სქოლიოებს ჩავხედავ ხოლმე. მერე უკვე ვიცი, ღირს თუ არა მასზე დროის დაკარგვა. დიახ, დაკარგვა ტყუილად არ ვახსენე – ყველანი ვკარგავთ დროს და ეს გარდუვალია.


სქოლიოც და თავისუფალი დროც (ბერძნულად სხოლე/სქოლე) ბერძნულ ენაზე ერთი ფუძიდან იწარმოება. სქოლიო განმარტებას, კომენტარს ნიშნავს, თავისუფალი დრო კი მოცალეობაა – მოცლილობა კი არა, მართლაცდა დროის მკვლელობა, არამედ სხვა საზრუნავისგან გათავისუფლება და ჩასაფიქრებლად მოცლა. რა აქვს საერთო ამ ორ სიტყვას? ამ კითხვას პასუხს ვერ გავცემ, სანამ არ გავიხსენებ, ვინ ურთავდა ტექსტს განმარტებას თუ კომენტარს. პირველი კომენტატორები ალბათ გადამწერები, შემდეგ კი მთარგმნელები იყვნენ. სანამ კომენტარს გააკეთებდა, მთარგმნელს/გადამწერს, ალბათ, ნაკლოვანების განცდა უჩნდებოდა. მთარგმნელს ეშინოდა, რომ ახალი ენა სრულყოფილად ვერ გადმოსცემდა დედნის აზრს, ამიტომაც სჭირდებოდა, რაღაც გზა გამოეძებნა აზრის უკეთ, ზუსტად გადმოსაცემად. ზოგჯერ რელიგიური ან კულტურული ფაქტორი იყო მკითხველისთვის განსამარტი და ახალ რელიგიურ ან კულტურულ გარემოზე მისასადაგებელი… გადამწერს კი, ალბათ, ეგონა, რომ ავტორზე უკეთ შეეძლო სათქმელის გამოთქმა ან, მისი აზრით, ტექსტს სრულყოფა სჭირდებოდა. ასე მივიღეთ ზოგჯერ ”დაბინძურებული”, ზოგჯერ კი არაჩვეულებრივი ახალი ტექსტები. აქ იოანე პეტრიწის და თომა აქვინელის გახსენებაც საკმარისი იქნებოდა. ანდა რატომ უნდა ვახსენოთ მხოლოდ ეს ორი ავტორი? თუ კარგად დავუკვირდებით, წიგნების უმეტესი ნაწილი პასუხი ან პასუხის პასუხია ადრე დაწერილ ტექსტებზე. თითქოს სხვადასხვა საუკუნეში მოღვაწე ავტორები ერთმანეთთან დიალოგს აწარმოებენ: ერთი გამოთქვამს მოსაზრებას, გადის წლები, ხანდახან საუკუნეებიც და მას გამოეხმაურება სხვა, შემდეგ – კიდევ სხვა, მერე სულ სხვა ისევ პირველს მიუბრუნდება და ასე, უსასრულოდ გრძელდება საუკუნეების წინ წამოწყებული დიალოგი.


გავბედავ და ვიტყვი: ჩვენი, მასწავლებლების, ჩატარებული გაკვეთილებიც ხომ ზეპირი სქოლიოები და მარგინალიებია. ისეც ხდება, რომ მოსწავლეებს ჩვენ მიერ გაკეთებული სქოლიოები უფრო ამახსოვრდებათ. ამიტომაც უნდა ვიყოთ ფრთხილად, არ შეგვეშალოს, თუმცა ეს სიტყვაც (sc. შეგვეშალოს) პირობითია. აბა, რას ნიშნავს აზრის გამოთქმა არ შეგვეშალოს? რა ვიცით, რომელი აზრი გახდება მისაღები ან ღირებული? რა ვიცით, ვის აზრს არ უკუაგდებენ შემდეგი თაობები? ერთი რამ კი ცხადია, სანამ განმარტებას გავაკეთებთ, ბევრი უნდა ვიფიქროთ. ფიქრს კი საზრუნავისგან მოცლა, თავისუფალი დრო სჭირდება. ალბათ ამიტომ აქვს ამ ორ სიტყვას – სქოლიოს და სხოლეს/მოცალეობას/თავისუფალ დროს – ერთი ფუძე. ალბათ ამიტომაც უნდა ჰქონდეს მასწავლებელს ბევრი თავისუფალი დრო: რათა დასაფიქრებლად მოვიცალოთ, რომ მერე საინტერესო ზეპირი სქოლიოები ვაკეთოთ და იმ წიგნს არ დავემსგავსოთ, მე რომ უკან შემოვდებდი ხოლმე დახლზე ან თაროზე.


ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამ ორი სიტყვის (სხოლესა და სქოლიოს) ფუძეს კიდევ ერთი ბერძნული სიტყვა დაესესხა, რომელიც შემდეგ სხვა ენებშიც გადავიდა. ეს სიტყვაა სკოლა. სკოლა (ბერძნულად სხოლა/სხოლე), სწორედ იმ თავისუფალ დროს, მოცალეობას ნიშნავს, რაზეც ზევით ვსაუბრობდით. დღეს რომ ჩვენს მოსწავლეებს ვკითხოთ, რა არის საერთო სკოლასა და თავისუფალ დროს შორის, პასუხის გაცემა ბევრს გაუჭირდება. მათთვის, და ალბათ მათი მშობლებისთვისაც, სკოლის პერიოდი სწორედ ყველაზე დატვირთული, მოუცლელი ხანაა. არადა, ეს არის საუკეთესო დრო, რომელიც ფიქრისთვის განკუთვნილ თავისუფალ დროს გულისხმობს.


და ბოლოს, ერთ პატარა მაგალითსაც დავამატებ თავისუფალი დროის შესახებ. სხვა შემთხვევაში, ამ მაგალითს სქოლიოში ჩავიტანდი, ახლა კი ტექსტად გადმოვიტანე (იმედია, ტექსტის ფორმატში გადმოტანილი ეს სქოლიო/კომენტარი სხოლეს/თავისუფალი დროის შესახებ თქვენც აღგიძრავთ ჩემთვის პასუხის გაცემის სურვილს). ალბათ ქართულის მასწავლებლებს, და არა მარტო მათ, სიტყვა ”მოცალეობის” ხსენებისას, ჩემსავით, გონებაში ”ვეფხისტყაოსნის” ერთი სტროფი ამოუტივტივდებათ ხოლმე (მე ასეთი ”სენი” მჭირს: ყველაფერზე ”ვეფხისტყაოსანი” მახსენდება!):    


”მიჯნურსა თვალად სიტურფე მართებს, მართ ვითა მზეობა,


სიბრძნე, სიუხვე, სიმდიდრე, სიყმე და მოცალეობა,


ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა,


ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზეობა”. 


განვიხილოთ ”ვეფხისტყაოსნის” ეს სტროფი. პირველი, რასაც რუსთაველი მიჯნურის აუცილებელ ნიშნად მიიჩნევს, თვალად სიტურფეა. თითქოს მარტივი აზრია, არადა, მას ჩაღრმავება სჭირდება. კარგი იქნება, თუკი ამ სტროფის კომენტირებისას არისტოტელეს ”ნიკომაქეს ეთიკის” მე-8 და მე-9 თავებსაც გავიხსენებთ. თითქოს რა დააშავა მან, ვინც გარეგნობით არ ბრწყინავს? ან იმ ადამიანებმა რა დააშავეს, ვისაც არც შემდეგ ჩამოთვლილი ნიშნები (სიბრძნე, სიუხვე, სიყმე და ა.შ.) უბოძა განგებამ? მათ არა აქვთ სიყვარულის უფლება? რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება, იყოს მიჯნური, ოღონდ ამ შემთხვევაში იდეალურ მიჯნურობაზე საუბარი ზედმეტი იქნება. რუსთაველის მიზანია, დაგვანახოს იდეალური მიჯნური. თუკი წყვილს ეს ნიშნები და თვისებები არა აქვს, ეს კავშირი ნაკლული იქნება, მას გამოყენებითი მიზანი უფრო ექნება. არისტოტელეს მიხედვით, ღარიბისა და მდიდრის მეგობრობა/სიყვარული (ბერძნულად აქ სიტყვა ”ფილიაა” გამოყენებული) გამოყენებითია, სულელის და ბრძენის ურთიერთობაშიც ანგარება უნდა დავინახოთ. მხოლოდ მაშინ, როდესაც წყვილის ორივე წევრი სრულყოფილი იქნება, შეგვიძლია ვისაუბროთ იდეალურ მეგობრობაზე, როდესაც არცერთი მხარე არ იყენებს მეორეს არც სიამოვნებისთვის და არც სხვა მიზნისთვის. ეს არის ყველაზე ღირსეული გრძნობა. ალბათ რუსთაველსაც ასეთი ურთიერთობა მიაჩნდა იდეალურად, როდესაც ორივე მხარეს ერთნაირად აქვს ის შინაგანი თუ გარეგანი მახასიათებლები, რომლებიც არცერთს არ აქცევს დაქვემდებარებულ მდგომარეობაში. ამგვარად, გასაგები ხდება ყველა ის პირობა, რომელსაც რუსთაველი მიჯნურისთვის აუცილებლად მიიჩნევს. ამ ჩამონათვალში ერთი სიტყვაცაა: მოცალეობა. რად უნდა მიჯნურს მოცალეობა, ანუ სხოლე/თავისუფალი დრო? ნუთუ იმისთვის, რომ საყვედური არ მიიღოს სატრფოსგან? იქნებ იმიტომ სჭირდება მოცალეობა მიჯნურს, რომ მან თავისი გრძნობების ანალიზს დაუთმოს ეს დრო? არა, იმიტომ, რომ ნახოს, რა შეცვალა ამ გრძნობამ მასში. გაზარდა? ე.ი. ეს ნამდვილი სიყვარულია! დააკნინა? ე.ი. ამ გრძნობას არაფერი აქვს საერთო ნამდვილ სიყვარულთან!


ასეა თუ ისე, ეს საკითხი, ჩემი აზრით, დასაფიქრებლად ღირს და ნამდვილად იმსახურებს მასწავლებლების და მოსწავლეების მხრიდან მეტი დროის დათმობას. მაინტერესებს, რა მოსაზრებები გაუჩნდებათ მათ… ძალიან დაშორდა თუ არა ”ვეფხისტყაოსნის” იდეალური მიჯნური დღევანდელი გაგებით მიჯნურს? ესმით თუ არა დღევანდელ მოსწავლეებს თავისუფალი დროის მნიშვნელობა ისე, როგორც ეს ძველ ბერძენს ანდა რუსთველს ესმოდა?   


 




 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი