პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სასკოლო განათლება სლოვაკეთში

სლოვაკეთში საბავშვო ბაღები (materska škola) სასკოლო განათლების განუყოფელ ნაწილად მოიაზრება, რომელთა ფუნქციობასაც განათლების სამინისტრო განაგებს. აქ ორიდან ექვს წლამდე ასაკის პატარებს იღებენ. ბაღში ყოველდღე დადიან, გარდა შაბათ-კვირისა და სადღესასწაულო უქმეებისა. ბავშვები მცირერიცხოვან ჯგუფებად არიან დაყოფილნი და ბაღში დილის ექვსიდან საღამოს ექვს საათამდე იმყოფებიან. საბავშვო ბაღის გადასახადი დამოკიდებულია დაწესებულების სტატუსზე (სახელმწიფოა ის თუ კერძო), ასევე – რაიონზე, სადაც საბავშვო ბაღი მდებარეობს. ამ გადასახადებს, როგორც წესი, სახელმწიფო იხდის. 
ქვეყანაში ბავშვების აღზრდა-განათლების სტანდარტი საკმაოდ მაღალ დონეზე დგას. სხვა აქტივობებთან ერთად საბავშვო ბაღის სასწავლო პროგრამები გულისხმობს ექსკურსიებს, ვიზიტებს თეატრებში და განმავითარებელ თამაშებს, არცთუ იშვიათად – უცხო ენების შესწავლასაც კი მოცემული ასაკის ბავშვებისთვის შესაფერის დონეზე.
სლოვაკეთის მოსახლეობის 90 პროცენტს დაჰყავს შვილი საბავშვო ბაღში – ეს ოჯახური აღზრდის დამატებით და აუცილებელ კომპონენტად მიიჩნევა, რომელიც მშობლებს ბავშვის ყოველმხრივ განვითარებაში, სკოლისთვის მის მომზადებაში ეხმარება.
სლოვაკეთში 6-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სასკოლო განათლება სავალდებულოა. დაწყებითი სკოლა (zakladna škola), რომელშიც ბავშვები 6 წლის ასაკში შეჰყავთ, ორი საფეხურისგან შედგება. პირველი პირველ-მეოთხე კლასებს მოიცავს, მეორე – მეხუთე-მეცხრე კლასებს. დაწყებით სკოლებში სწავლა უფასოა, მხოლოდ კერძოშია ფასიანი. არსებობს ნული კლასიც 6 წელს მიღწეული იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით სკოლაში მისასვლელად ჯერ არ არიან მზად.
დაწყებითი განათლება გულისხმობს სასწავლო გეგმებს (učebne plany) და სასწავლო კურსებს (učebne osnovy), რომლებსაც განათლების სამინისტრო ამტკიცებს. სასწავლო გეგმით განისაზღვრება დაწყებითი სკოლის ყველა კლასის დისციპლინის ხარისხი და შინაარსი. არსებობს სასწავლო გეგმის რამდენიმე ვარიანტი, რომლებიც გულისხმობს, მაგალითად, მათემატიკის დამატებით გაკვეთილებს, საბუნებისმეტყევლო ციკლის სხვა საგნებს, უცხო ენებს, ტექნიკურ განათლებას, სახვით ხელოვნებას და მუსიკას.
დაწყებით სკოლებში წერა-კითხვის შესწავლა ინტეგრირებულია მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგანთან. ყველა მოთხოვნა განისაზღვრება მოცემული კურსის სასწავლო გეგმითა და სლოვაკური ენისა და ლიტერატურის საგანმანათლებლო სტანდარტით. კურსის მნიშვნელოვანი ნაწილი ეძღვნება წერასა და კითხვასთან დაკავშირებული უნარების განვითარებას, განსაკუთრებით – პირველ და მეორე კლასებში. მეორე კლასის შემდეგ მოსწავლე მხოლოდ სრულყოფს წინა კლასებში მიღებულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. ბუნებრივია, კითხვის ცოდნა მჭიდროდ უკავშირდება მომდევნო კლასებში სლოვაკური ლიტერატურის შესწავლას. ამასთან, ყურადღება ექცევა, რომ წერა-კითხვის შესწავლა სიამოვნებას ანიჭებდეს მოსწავლეს და დადებითად განაწყობდეს, საზოგადოდ, მშობლიური კულტურის მიმართ.
სლოვაკეთის რესპუბლიკაში, მართალია, წერა-კითხვის შესწავლა ოფიციალურად პირველი კლასიდან იწყება, მაგრამ სკოლამდელი განათლებაც საკმაოდ კარგ პირობებს ქმნის კითხვის საბაზისო ჩვევების ასათვისებლად. პირველიდან მეოთხე კლასამდე სლოვაკური ენის ფარგლებში კითხვისა და ზოგადად ლიტერატურის შესწავლას შემდეგი მიზნები აქვს: ა) ტექსტის გაგების ხარისხის ამაღლება; ბ) კითხვისადმი ინტერესის სტიმულირება; გ) სიტყვათა მარაგის გამდიდრება; დ) ზეპირი და წერითი მეტყველების კულტურის განვითარება; ე) კითხვისა და ლიტერატურის ეთიკური და ესთეტიკური ფუნქციის გაცნობიერება. მოსწავლეები ეუფლებიან ასევე სწორ არტიკულაციას, რითმისა და რიტმის საფუძვლებს, სწრაფ კითხვას, ტექსტის საკუთარი სიტყვებით გადმოცემის უნარს და ტექსტის შინაარსთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხების გაცემას. დაწყებითი სკოლის მეორე საფეხურზე კი, ანუ მეხუთე-მეცხრე კლასებში, დიდი ყურადღება ექცევა წაკითხული ტექსტის ანალიზსა და შეფასებას. ამ ტექსტების უდიდესი ნაწილი მხატვრულია.
ამრიგად, სკოლა მოსწავლეს უვითარებს შემდეგ ჩვევებსა და უნარებს:
• ტექსტის კითხვა სხვადასხვა სახით, სწრაფად, თავისთვის თუ ხმამაღლა, აღქმის შესაბამისი ხარისხითა და სიჩქარით;
• მახვილების, რიტმისა და ინტონაციის მართებულ გამოყენებას;
• ტექსტის ძირითადი იდეის განსაზღვრას;
• მთავარი გმირების შეფასებას, მათი ურთიერთმიმართების ანალიზს და სხვა.
სლოვაკურ სკოლებში ლიტერატურა ისწავლება განსხვავებული კუთხითაც. სხვადასხვა ტიპის ტექსტების კითხვით მოწაფეები სწავლობენ ჟანრების გარჩევას და ეცნობიან გარკვეულ ლინგვისტურ ტერმინებსა და გამოთქმებს.
პირველ საფეხურზე, როგორც წესი, ერთი მასწავლებელი ასწავლის ყველა (ან თითქმის ყველა) საგანს. ამ ეტაპზე მოსწავლეები სწავლობენ სლოვაკურ ენასა და ლიტერატურას, მათემატიკასა და სახვით ხელოვნებას. ისტორიის, გეოგრაფიის, ბიოლოგიის, ქიმიისა და ფიზიკის საფუძვლები ინტეგრირებულია ქვეყნის ისტორიისა და საბუნებისმეტყველო ციკლის კურსებში. მეხუთე კლასიდან ანუ მეორე საფეხურიდან კი ყველა ჩამოთვლილი დისციპლინა ისწავლება ცალკე საგნად სხვადასხვა და არა ერთი მასწავლებლის მიერ, რომლებიც მოცემული სფეროს სპეციალისტები არიან. მეოთხე კლასის დასრულების შემდეგ მოსწავლეს, რომელსაც განსაკუთრებული ნიჭი აღმოაჩნდება აკადემიურ დისციპლინებში, სახელოვნებო სფეროში ან სპორტში, შეუძლია სწავლის გაგრძელება რვაწლიან გიმნაზიაში, კონსერვატორიაში (იგივე ხელოვნების სკოლა) ან სპორტულ სკოლაში.
სხვათა შორის, იმ მოსწავლეთა შორის, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში აპირებენ სწავლის გაგრძელებას, ხსენებული გიმნაზიები, სადაც შესაძლებელია ამა თუ იმ პროფესიაზე ორიენტირება, დიდი პოპულარობით სარგებლობს. შესაბამისად, ასეთ გიმნაზიაში ჩასაბარებლად მათ უწევთ საკმაოდ რთული კონკურსის გავლა, რომელშიც მხოლოდ ძლიერი კანდიდატები იმარჯვებენ. გიმნაზიის კურსდამთავრებულები გამოსაშვებ გამოცდებს (maturitna skuška) აბარებენ.
მეცხრე კლასში მოსწავლეები სახელმწიფო გამოცდებს (Monitor 9) აბარებენ მშობლიურ ენასა და მათემატიკაში, მერე კი საშუალო სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად დამატებითი (მისაღები) გამოცდების ჩაბარება უწევთ.
საშუალო სკოლა სამი ტიპისაა: გრამატიკული (gymnazium), საშუალო სპეციალური (stredna odborna škola) და საშუალო პროფესიული (stredne odborne učilište). გრამატიკული სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს აკადემიურ კურსებს სხვადასხვა სფეროში და მათ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებისთვის ამზადებს. ამგვარ სკოლებში ორი უცხო ენის შესწავლა სავალდებულოა. მოსწავლეებს სასკოლო პროგრამის მიხედვით დამატებითი კურსების არჩევაც შეუძლიათ. სწავლა ოთხიდან რვა წლამდე გრძელდება.
საშუალო სპეციალური სკოლები მოსწავლეებს ამზადებენ ეკონომიკისა და ტექნოლოგიების სფეროებში სამუშაოდ. ასეთი სკოლების პროგრამები, როგორც წესი, ოთხწლიანია. მათი დასრულების შემდეგ აუცილებელია გამოსაშვები გამოცდების ჩაბარება. 
კონსერვატორიებს, რომლებიც საშუალო სკოლების განსაკუთრებულ სახეობას წარმოადგენს, ექვსწლიანი სასწავლო პროგრამები აქვს, რომელთა ფარგლებში მოსწავლეები ეუფლებიან მუსიკის, სიმღერისა და ცეკვის ხელოვნებას. ამ ტიპის სკოლები მოსწავლეებს აგრეთვე ამზადებენ უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად.საშუალო პროფესიულ სკოლებში ძირითადად პრაქტიკული მეცადინეობები იმართება. აქ ამზადებენ მომავალ კადრებს სხვადასხვა სპეციალობისთვის. კურსი ორ- ან სამწლიანია. მისი დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები იღებენ შესაბამის სერტიფიკატებს. ოთხწლიანი სპეციალური საგანმანათლებლო კურსები აგრეთვე სრულდება სავალდებულო გამოსაშვები გამოცდებით.
სლოვაკეთის ყოველგვარი ტიპის სკოლებში, ერთი მხრივ, მასწავლებლებს ევალებათ, მიჰყვნენ ეროვნული სასწავლო გეგმის ზოგად რეკომენდაციებს, მაგრამ, მეორე მხრივ, უფლება აქვთ, სრულიად დამოუკიდებლად შეიმუშაონ სტრატეგიები და მოქმედების ფორმები; მთავარია, სასწავლო გეგმით დასახული შედეგები მიიღონ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი