პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ანაბეჭდის მოდელის შექმნა – აქტივობა არაფორმალური განათლებისთვის

არაფორმალური განათლებისთვის საინტერესო აქტივობას წარმოადგენს ანაბეჭდის მოდელის შექმნა. აქტივობა მოიცავს: ინფორმაციის მიწოდებას ნამარხი ფორმების შესახებ მინილექციის სახით, საკვანძო კითხვების წამოჭრას, მარტივ ექსპერიმენტს – „ანაბეჭდის მოდელის შექმნას”, თემის ანალიზს და დამატებით საინტერესო ინფორმაციის მოძიებას.
 
მინილექცია: დღეს არსებული ორგანიზმებისა და პრეისტორიული ნამარხების შესწავლის გზით მეცნიერები ხსნიან, როგორ და რატომ განიცდიდნენ ცოცხალი ორგანიზმები ცვლილებებს. დედამიწაზე მასობრივი გადაშენება რამდენიმეჯერ მოხდა, რაც განპირობებული იყო დედამიწის კლიმატის მკვეთრი ცვლილებით. მრავალი ორგანიზმი ვერ ეგუებოდა ამ ცვლილებებს და იღუპებოდა. ეს პროცესები პალეოზური და მეზოზოური ერის დასასრულს მოხდა. ნამარხებია იმ მცენარეებისა და ცხოველების „ნარჩენები”, რომლებიც მილიონობით წლის წინათ ცხოვრობდნენ. მათი ნაშთები ქანებმა შემოგვინახა. უკვე შესწავლილი ნამარხი ფორმები ამტკიცებს, რომ დედამიწაზე თავდაპირველად მარტივი ორგანიზმები ცხოვრობდნენ. ორგანიზმთა ნაშთების მიხედვით შესაძლებელია მათი აგებულებისა და იმ პერიოდის დადგენა, როდესაც ისინი დედამიწაზე ცხოვრობდნენ. შესაძლებელია გენეტიკური კავშირების დადგენაც უძველეს და ახლანდელ ფორმებს შორის. შევადაროთ მათი ევოლუცია. გარდა ნამარხი ფორმებისა, ზოგიერთმა ორგანიზმმა ანაბეჭდის სახითაც მოაღწია ჩვენს დრომდე. ანაბეჭდის საშუალებით შეგვიძლია აღვადგინოთ ორგანიზმი, გამოვიყენოთ ანაბეჭდი როგორც ყალიბი.
ანაბეჭდები ქანზე მაშინ რჩება, როდესაც ორგანიზმი დროთა განმავლობაში მთლიანად იხრწნება, ხოლო ნამარხი ფორმები – მაშინ, როდესაც ძნელად იშლება. ნამარხი ფორმა მაშინაც შეიძლება წარმოიქმნას, როდესაც ხრწნის პროცესი განსაზღვრული პირობების გამო შენელებულია. ნამარხი ფორმები შესაძლოა გაქვავდეს. ეს მაშინ, როდესაც ორგანიზმი იხრწნება და სხვა მინერალებით ჩანაცვლდება.
საკვანძო კითხვები და დისკუსია:
1. რა ინფორმაციის მოძიება შეგვიძლია ნამარხ ფორმებზე დაკვირვებით? 
2. შეგვიძლია თუ არა ორგანიზმის აღდგენა ანაბეჭდის გამოყენებით?
3. შესაძლებელია თუ არა, ნამარხ ფორმებზე დაკვირვებით ვისაუბროთ გენეტიკური კავშირების შესახებ (ორგანიზმების უძველეს ფორმებსა და დღევანდელს შორს)?
მარტივი ექსპერიმენტი: ანაბეჭდების მოდელის შექმნა 
საჭირო მასალა: საძერწი თიხა, პლასტილინი, ნიჟარები, ძვლები.
    
     

თემის ანალიზი:

• სად უკეთესი ანაბეჭდი მივიღეთ – თიხაზე თუ პლასტილინზე?
• იქნება თუ არა განსხვავება სხვადასხვა ნიადაგზე წარმოქმნილ ანაბეჭდებს შორის? რატომ?
ნამარხი ფორმები და მათი ნაშთები მეცნიერებს უდიდეს ინფორმაციას აწვდის, მათი მეშვეობით შესაძლებელია იმ პერიოდისთვის ქანების ასაკისა და კლიმატური პირობების დადგენა. ზოგჯერ ნამარხი ფორმები არასრულია, რაც ორგანიზმის აღდგენას აძნელებს. ნამარხი ფორმების შესწავლით შესაძლებელია ისტორიის გაცოცხლება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი