პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ინდივიდუალური კომპიუტერული სწავლება: ერთი ერთზე ციფრულ კარიბჭესთან

გამოთვლითი ტექნიკის და ტექნოლოგიების პროგრესმა სამყაროში ფუნდამენტური ცვლილებები გამოიწვია ბოლო 20 წლის მანძილზე. საუბრობენ ინფორმაციულ საზოგადოებასა და ცოდნის ეკონომიკაზე. ბოლო 500 წლის ინფორმაციის მთავარი მატარებლის – ქაღალდის ციფრული მოწყობილობებით ჩანაცვლება შეუქცევადი ხდება. თუმცა თავად ციფრული მოწყობილობებიც განიცდიან სწრაფ ევოლუციას: თუ 10 წლის წინ პირადი კომპიუტერი უნივერსალურ მოწყობილობად მოიაზრებოდა ციფრულ სამყაროსთან კავშირისათვის, ახლა ყურადღების ცენტრში მობილური ტექნოლოგიები ექცევა. განათლების სისტემებიც შესაბამისად რეაგირებენ ამ გამოწვევაზე – ახალი თაობებისთვის ხომ ახალი ტექნოლოგიები სამყაროს განუყოფელი ნაწილია. 10 წლის წინ აქტიურად ხდებოდა სკოლების აღჭურვა კომპიუტერული ლაბორატორიებით, შემდეგ კომპიუტერული ტექნიკა – ლეპტოპები და პროექტორები – ხელმისაწვდომი გახდა საკლასო ოთახებში, ბოლო პერიოდში კი აქცენტი კეთდება სასწავლო დაწესებულებებში პორტატული მოწყობილობების ფართოდ გამოყენებაზე. 

განათლების პოლიტიკის მესვეურები ბევრ ქვეყანაში აცნობიერებენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) წამყვან როლს სწავლებასა და პროფესიულ გადამზადებაში ინოვაციების დანერგვისა და შემოქმედებითობის განვითარებისთვის. ამავე დროს აღიარებულია, რომ ფორმალური განათლების სისტემებში ისტ-ის პოტენციალი სრულად არ არის გამოვლენილი. სწორედ ისტ-ის შესაძლებლობების უკეთ გამოვლენისკენაა მიმართული ბოლო პერიოდში პოპულარული ე.წ. ინდივიდუალური ან 1:1-ზე სწავლება. ამაში იგულისხმება, რომ ყოველი მოსწავლისთვის სასწავლო გარემოში ხელმისაწვდომია ინდივიდუალური კომპიუტერული მოწყობილობა, იქნება ეს სტაციონალური კომპიუტერი, ლეპტოპი თუ პლანშეტური კომპიუტერი.

ევროპული 1:1 ინიციატივები

ევროპის ბევრ ქვეყანაში ბოლო წლებში მრავალი 1:1-ზე განათლების ინიციატივა განხორციელდა, შესაბამისად, ვითარდება ახალი ტიპის სასწავლო მოდელები, რომლებიც საგაკვეთილო პროცესში ტექნიკის ორგანული ინტეგრაციისკენაა მიმართული. 2009 წლიდან ევროპის 19 ქვეყანაში 31 მსხვილმასშტაბიანი პროექტი განხორციელდა. მათ შორისაა ქართული „ბუკის” პროგრამაც, რომელიც ყველა პირველკლასელისთვის საჩუქრად სასწავლო გამოყენების ნეტბუკის გადაცემას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ 1:1-ზე ინიციატივები დაწყებით კლასებში იშვიათია, მაგრამ ამის მაგალითები არსებობს. კერძოდ, პორტუგალიაში ასეთი პროექტი უფრო დიდი მასშტაბით განხორციელდა: დაწყებითი კლასების ყველა მოსწავლეს გადაეცა ნეტბუკი, რომელიც აღჭურვილი იყო შესაბამისი სასწავლო რესურსებით. ამავდროულად განხორციელდა მასწავლებელთა გადამზადების პროგრამა, რომლის მიზანიც ახალი გამოწვევებისათვის პედაგოგების მომზადება იყო. 

განსხვავებული პრაქტიკაა სხვა ქვეყნებში, სადაც პორტატული მოწყობილობები მაღალი კლასების მოსწავლეებს გადაეცემათ. გერმანიაში, ესპანეთში, ავსტრიასა და საფრანგეთში განხორციელებული პროექტები ორიენტირებულია საბაზო საფეხურის მოსწავლეების პორტატული კომპიუტერებით აღჭურვაზე და სასწავლო პროცესში შესაბამისი ელექტრონული სასწავლო რესურსების ეფექტურად გამოყენებაზე. საბაზო საფეხურის მოსწავლეების ჩართვა 1:1 პროექტებში ასევე ხორციელდება პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით. თუმცა ამგვარი პროექტების ნაწილი საპილოტე ხასიათისაა და მიზნად ისახავს სასკოლო პრაქტიკაში მობილური მოწყობილობების ინტეგრაციის ეფექტიანი მოდელების შექმნას. ამავე დროს თურქეთში ამბიციური პროექტის განხორციელება დაიწყეს – 420 ათასი სკოლა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვება და 15.7 მილიონ მოსწავლეს პლანშეტური კომპიუტერი გადაეცემა. ასევე შეიქმნება შესაბამისი ციფრული სასწავლო გარემო და რესურსები.

ბევრი პროექტი ნოვატორულია და მნიშვნელოვან პერსპექტივებთან ერთად რისკებსაც შეიცავს. თუმცა ცალსახაა, რომ ასეთი პროექტების რაოდენობა და მასშტაბები იზრდება, რაც  ახლო მომავალში 1:1 სწავლებას საყოველთაოდ მიღებულ სტანდარტად აქცევს.

მიზნები

რა მიზნებით ხორციელდება 1:1-ზე პროექტები ევროპაში? მკვლევარები გამოყოფენ შესაძლო მიზნების რამდენიმე კატეგორიას:

1)აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება;
2)ციფრული სასწავლო მასალების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;
3)სამუშაო ადგილისთვის მომზადება;
4)სწავლების ხარისხის გაუმჯობესაბაზე გავლენის მოხდენა.

ევროპული პროექტების გამოცდილებიდან გამომდინარე, უმთავრესია, რომ დაინერგოს პედაგოგიური ცვლილებები და ინოვაციები, შეიცვალოს სასწავლო პროცესის დინამიკა, შეიქმნას ახალი სასწავლო მოდელები.
1:1-ზე სწავლების მოდელი ისტ-ის მეშვეობით აუმჯობესებს 21-ე საუკუნის უნარებს, ასევე აქტიურ როლს ანიჭებს თითოეულ მოსწავლეს, რაც, თავის მხრივ, ნეტბუკის ეფექტურად გამოყენებას გულისხმობს. ასეთი სასწავლო გარემო ხელს უწყობს მოსწავლეებში სწავლის თვითრეგულირების უნარის განვითარებას და მათ უყალიბებს ახალ მიდგომებს ცოდნის მოსაპოვებლად.

1:1-ზე ინიციატივების ფართო მასშტაბით განხორციელების კიდევ ერთი მიზანია ეკონომიკური და ე.წ. ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრა და სოციალური ინკლუზია – კომპიუტერის ქონა და ინტერნეტის აურაცხელ რესურსებზე წვდომა მოიაზრება, როგორც ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდა. ეს კი მიიღწევა, როგორც ხარისხიანი განათლების მიღების, ასევე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებების უკეთ გამოყენების გზით.
მხარდაჭერა სასკოლო დონეზე

აღსანიშნავია, რომ 1:1-ზე სწავლების პროექტების წარმატებაში მნიშვნელოვანია მხარდაჭერის სტრატეგიების განხორციელება სასკოლო დონეზე, კერძოდ, სასკოლო კოორდინატორის გამოყოფა სხვა მასწავლებლების მხარდასაჭერად, ტრენინგებისა და სემინარების ხშირი ორგანიზება მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით. არანაკლებ საგულისხმოა შესაბამისი გზამკვლევების და ტექნიკის გამოყენების მეთოდოლოგიური რეკომენდაციების გაცნობა მშობლებისათვის, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის. ზოგადად, სკოლების ხელმძღვანელებს გააზრებული უნდა ჰქონდეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის ტრანსფორმაცია და ადაპტაცია ინდივიდუალური ლეპტოპების შეტანის შემდეგ, და ასევე ამ პროცესისათვის ხელის შეწყობის აუცილებლობა, იქნება ეს ინფრასტრუქტურის გამართვა (უმავთულო ინტერნეტის სასკოლო ქსელი, დამატებითი მოწყობილობები, ტექნიკური მხარდაჭერა), პედაგოგების წახალისება თუ ინოვაციების დანერგვა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ 1:1 ინიციატივების წარმატებისათვის მნიშვნელოვანია პრაქტიკოსი პედაგოგების ქსელის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს მასწავლებლების თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას და პროფესიულ განვითარებას. ასევე სავალდებულოა ტრენინგების რეგულარულად ჩატარება, როგორც პირისპირ, ასევე ინტერნეტის მეშვეობით.

სასწავლო შინაარსი

აღიარებულია, რომ მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარებას და ტექნიკურ აღჭურვას არ შეუძლია სასწავლო შედეგების გაუმჯობესება. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა ინდივიდუალური მოწყობილობებისთვის შესაბამისი დატვირთვის მინიჭებას, განსაკუთრებით კი სასწავლო რესურსების არსებობას, რომლებსაც ყოველდღიურ საგაკვეთილო პრაქტიკაში გამოიყენებენ – საშინაო დავალებებისათვის, ცოდნის შესამოწმებლად თუ უნარების გასავითარებლად. სასწავლო რესურსების გარკვეული მინიმუმის გარეშე ნეტბუკები თუ სხვა ინდივიდუალური ციფრული მოწყობილობები სასწავლო მიზნებისთვის თითქმის გამოუსადეგარი ხდება. 

ასეთი რესურსების შესაქმნელად რამდენიმე მიდგომა არსებობს. ზოგ ქვეყანაში გამომცემლები, რომლებიც სასკოლო სახელმძღვანელოებს ქმნიან, ეტაპობრივად ნერგავენ ელექტრონულ სახელმძღვანელოებსაც. ასეთი სახელმძღვანელო ხშირად წიგნის დასკანერებული ან ციფრული ვერსია კი არ არის, არამედ მოიცავს მულტიმედია-ჩანართებს, განმარტებებს, კომენტარების დატანების შესაძლებლობას და მინი-ტესტებსაც კი. ზოგ ქვეყანაში ხდება სპეციფიკურად საგანმანათლებლო მიზნებით შექმნილი როგორც კომერციული, ასევე ღიად გამოყენებადი ელექტრონული რესურსების დანერგვა. კომერციული რესურსების შემთხვევაში უზრუნველყოფილია მწარმოებლის მხარდაჭერა, ტრენინგი და დანერგვის ზედამხედველობა, თარგმანი და ლოკალიზაცია, ასევე ერთიანი ელექტრონული სასწავლო გარემოს შექმნა. ღია რესურსები სულ უფრო მრავლად მოიპოვება ინტერნეტში, თუმცა მათი სწორად შერჩევისა და მორგებისთვის აუცილებელია შესაბამისი კომპეტენციები. მათ არ გააჩნიათ მხარდაჭერა თარგმანსა და ადაპტირებაში, ასევე არ ხდება მათი განახლება. როდესაც მასწავლებელთა ციფრული კომპეტენციები მაღალია, ისინი თავად ქმნიან ელექტრონულ რესურსებს და იყენებენ მათ საგაკვეთილო პროცესში. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ასეთი რესურსების ჯეროვანი შეფასებისა და საუკეთესო მაგალითების გაზიარების უზრუნველყოფა.

გარდა კომპიუტერში ჩასატვირთი რესურსებისა, მრავალფეროვანი სასწავლო მასალა არსებობს ინტერნეტშიც. ამ მხრივ სავალდებულოც კი ხდება მასწავლებლისათვის, ფლობდეს ინტერნეტში მასალის მოძიების და მისი შეფასების უნარებს. სასწავლო მასალის გარდა, ინტერნეტში განთავსებულია სხვადასხვა სასწავლო სერვისი და ინსტრუმენტი (რომლების შესახებ ადრეც ვსაუბრობდით), რომელთა გაცნობა და გამოყენება ნებისმიერ 1:1 გაკვეთილს გააძლიერებს. 

რისკები

ყველა დონეზე ტექნიკური მხარდაჭერის გამართვის აუცილებლობის გარდა არსებობს საჭიროება, რომ 1:1 სწავლების სცენარები გააზრებული და სათანადოდ განხორციელებული იყოს ყველა გაკვეთილზე. 1:1 სასწავლო გარემოში ძირითადი რისკები უკავშირდება მოსწავლეთა ყურადღების გადატანას არასასწავლო აქტივობებზე (ინტერნეტში ხეტიალი, მუსიკის მოსმენა, ფაილების ჩამოწერა, თამაში, ჩატი). მასწავლებელი უნდა აკონტროლებდეს მოსწავლეთა აქტივობებს. ამაში მას სასკოლო ნეტბუკებით აღჭურვილი კლასის მენეჯმენტის პროგრამაც ეხმარება. თუმცა უფრო მნიშვნელოვანია ე.წ. სწავლების შერეული მოდელის სწორი განხორციელება, ანუ სწავლების სხვა მეთოდების და კომპიუტერული სწავლების მონაცვლეობა გაკვეთილის დროს. ასევე რეკომენდებულია ინდივიდუალური და ჯგუფური დავალებების შეჯერება. ინდივიდუალური კომპიუტერით განსახორციელებელი ყველა აქტივობა უნდა აისახოს გაკვეთილის გეგმაში. დავალების შესრულებას ზოგი მოსწავლე მეტ დროს ანდომებს, ზოგი – ნაკლებს. შესაძლებელია უფრო წარმატებული მოსწავლეებისთვის დავალების მიცემა – დაეხმარონ თანატოლს. ნებისმიერ შემთხვევაში გადამწყვეტია მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართულობის დონის უზრუნველყოფა და შენარჩუნება.

ზეგავლენა და შედეგები

ევროპული 1:1 ინიციატივების შედეგების შეფასებისას ექსპერტები განსაკუთრებით გამოყოფენ მათ დადებით გავლენას მოსწავლეთა მოტივაციაზე, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების დანერგვაზე და ზოგადად, სწავლა-სწავლების პრაქტიკაზე. კერძოდ, მოსწავლეები უფრო მოტივირებულნი არიან, როცა აქვთ საშუალება, დამოუკიდებლად განახორციელონ დავალებები და სავარჯიშოები კომპიუტერული პროგრამებით, შეასრულონ კვლევა ინტერნეტის მეშვეობით, თვალყური ადევნონ თავის მიღწევებს, წარმოაჩინონ საკუთარი ნამუშევარი და გაუზიარონ ის სხვა მოსწავლეებს. ასევე, დადებითი ზეგავლენა აქვს ინდივიდუალური ლეპტოპის გამოყენებას გაკვეთილის მიღმა. მოსწავლეს შეუძლია დამატებით იმუშაოს და შეასრულოს დავალებები მისთვის მოსახერხებელ დროს, მოიძიოს საჭირო რესურსები და ჰქონდეს კავშირი თანატოლებთან.

მასწავლებელს 1:1 სწავლებისას საშუალება აქვს, უკეთ განახორციელოს მოსწავლეთა სასწავლო შედეგების მონიტორინგი, მოახდინოს განმავითარებელი შეფასება და ჰქონდეს ეფექტიანი უკუკავშირი თითოეულ მოსწავლესთან.

სწორი დაგეგმვის შემთხვევაში, ასევე აღსანიშნავია 1:1 სწავლების შესაძლებლობა, გასცდეს ფორმალური განათლების ჩარჩოებს და უფრო აქტიურად ჩართოს მოსწავლეები პროექტზე თუ სხვა აქტივობებზე და სასწავლო ვიზიტებზე დაფუძნებულ სწავლებაში.

რეკომენდაციები 

სკოლებში 1:1-ზე ინიციატივების დანერგვის გამოცდილება მოწმობს, რომ მასწავლებელს კვლავ ეკისრება გადამწყვეტი როლი ტექნოლოგიებით გამდიდრებულ სასწავლო გარემოში მოსწავლეთა სასწავლო გამოცდილების მართვის მიმართულებით. განათლების სისტემამ უნდა წაახალისოს მასწავლებლის ძალისხმევა, იყოს ჩართული 1:1 სასწავლო კონტექსტში. მნიშვნელოვანია, არსებობდეს შესაბამისი გადამზადების პროგრამები, კოლეგების მიერ გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები, პროფესიული განვითარების პროგრამები. აუცილებელია მხარდამჭერი ინსტრუმენტების, პლატფორმების, ციფრული სასწავლო რესურსებისა და საგაკვეთილო სტრატეგიების არსებობა, რომლებიც საშუალებას მისცემს მასწავლებელს, მოახდინოს ტექნოლოგიების ეფექტიანი ინტეგრირება სასწავლო შედეგების მისაღწევად. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი