პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ამბის მიტანა – პასუხისმგებლობიანი ქცევა თუ ირიბი აგრესიის გამოხატულება

დაწყებითი კლასების მოსწავლეებს ხშირად მიაქვთ ენა მასწავლებლებთან, რომ თანაკლასელმა მათ აწყენინა ან, უბრალოდ, არასწორად მოიქცა. პედაგოგები დილემის წინაშე დგებიან: როგორ მოახდინონ რეაგირება იმგვარად, რომ არც მოსწავლის ჩივილი დატოვონ უყურადღებოდ და არც ასეთი ქცევა განუმტკიცონ?

ენის/ამბის მიტანა ქცევის დასწავლილ ტიპს მიეკუთვნება, რომელიც უმთავრესად უფროსი სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის არის დამახასიათებელი. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, თუ უფროსმა ამაზე არასწორი რეაგირება მოახდინა, შესაძლოა, ამგვარი ქცევა უფროს ასაკში ჩამოყალიბდეს სხვისი განკიცხვის, ჭორაობის ჩვევად, რაც აგრესიის ირიბ გამოვლენას წარმოადგენს.

თუ ბავშვს ხშირად მიაქვს ენა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოტივს: მას ან სხვა ბავშვს მართლა ემუქრებათ საფრთხე; ბავშვმა არ იცის, როგორ მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაციაში და დახმარებისთვის უფროსს მიმართავს; მიაჩნია, რომ დაბეზღებით გიცავთ თქვენ; გაბრაზებულია ვინმეზე და ენის მიტანით ცდილობს მასზე შურისძიებას; ახდენს ძალაუფლების დემონსტრირებას (სხვისი ვნება სხვისი ხელით კონტროლის მნიშვნელოვანი მექანიზმია); უბრალოდ, უმართებულო ფორმით ცდილობს თქვენი ყურადღების მიპყრობას (მაგ.: „მასწ, დღეს მე შევასრულე დავალება, ლუკამ კი – არა!”)

საგულისხმოა ისიც, რომ დაბეზღება ხელს უშლის ჯგუფში თანამშრომლობითი ატმოსფეროს შექმნას. ამგვარმა ქცევამ შესაძლოა გაამწვაოს ურთიერთობა სიბლინგებს (და-ძმას) შორისაც.

გთავაზობთ სამ ძირითად ნაბიჯს ამ პრობლემის მოსაგვარებლად:

1-ელი ნაბიჯი: დაბეზღებასა და ამბის შეტყობინებას შორის განსხვავების დაფიქსირება

უფროსისთვის იმის შეტყობინება, რომ თანაკლასელმა რაიმე დაიშავა ან შეიძლება დაიშავოს, ენის მიტანა/დაბეზღება არ არის. ეს პასუხისმგებლობიანი ქცევაა. ამ შემთხვევაში ქცევის მიზანი საფრთხის თავიდან აცილება/შემცირებაა და არა სხვისთვის ზიანის მიყენება. ბავშვს მადლობა უნდა გადავუხადოთ იმისთვის, რომ დროულად შეამჩნია საფრთხე და ვითარების გამოსწორება სცადა. სასურველია, ბავშვმა იცოდეს, ვის მიმართოს ამა თუ იმ შემთხვევაში დახმარებისთვის. შეგვიძლია, მას სიტუაციური ამოცანებიც შევთავაზოთ იმის გასაგებად, რომელი ქცევა ემსახურება თავის/სხვის დაცვას და რომელი – სხვისთვის ზიანის მიყენებას, რათა ბავშვმა მათ შორის განსხვავება დაინახოს. მაგ., მაიამ შეამჩნია, რომ ბიჭები კიბის მოაჯირზე სრიალებდნენ და უფროსებს შეატყობინა – ამ შემთხვევაში მაიამ იზრუნა სხვებზე; თანაკლასელი მაიას ეუბნება, რომ აღარ იმეგობრებს მასთან, თუ არ მისწერს მეორე თანაკლასელს შეურაცხმყოფელ წერილს – აქ მაიას დახმარება, დაცვა ან იმის სწავლება სჭირდება, როგორ უნდა განახორციელოს ასერტული ქცევა. ასეთ ვითარებაში კარგია, რომ მოსწავლემ თქვენ მოგმართათ დახმარებისთვის. მაგრამ თუ მაიას სურდა ეჩვენებინა, რომ ის სხვებზე უკეთ ასრულებს დავალებას და განაცხადა, მე ფაქიზად შევასრულე ის, სხვებმა კი ულამაზოდო, ამით მან სხვების მიმართ ინსტრუმენტული აგრესია გამოავლინა – ხაზი გაუსვა საკუთარ უპირატესობას (სიტუაციების შეთხზვისას ამბავი გამოგონილ პერსონაჟებს უნდა ეხებოდეს და არა რეალურ ადამიანებს). 

მე-2 ნაბიჯი: „არ ვაბეზღებთ ერთმანეთს!”

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები დაინახავენ განსხვავებას ზიანის მიყენების, შურისძიების, საკუთარი უპირატესობის ხაზგასმისკენ მიმართულ ქცევასა და საფრთხის შემცველი სიტუაციის შესახებ გამაფრთხილებელ ქცევას შორის, უნდა შემოვიღოთ წესი: არ ვაბეზღებთ ერთმანეთს! უნდა დავეხმაროთ მოსწავლეებს ერთი რამის გაცნობიერებაში: „თუ ეს არ გავამხილე, ამით მე ან ჩემ გარშემო მყოფები ხომ არ დავზარალდებით? სასარგებლოა თუ უსარგებლო ეს შეტყობინება ჩვენთვის?” ამგვარი კითხვების დასმით თქვენ ხაზს უსვამთ, რომ მოისმენთ მხოლოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას.
მე-3 ნაბიჯი: პრობლემებთან გამკლავების უნარის განვითარება

უფროსისთვის ამბის მიტანის მიზეზი ხშირად ის არის, რომ ბავშვმა არ იცის, როგორ მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაციაში და თქვენ გთხოვთ მასზე რეაგირებას. ბუნებრივია, უფროსები უნდა დავეხმაროთ ბავშვებს, მაგრამ თუ ყოველთვის ჩვენ მოვუგვარებთ პრობლემებს, ისინი ვერ ისწავლიან სირთულეების დაძლევას და ვერ ირწმუნებენ, რომ ზოგიერთი პრობლემის მოგვარება უკვე დამოუკიდებლადაც შეუძლიათ. თუ ბავშვი ხშირად მოგმართავთ თხოვნით, მოუგვაროთ პრობლემა, თქვენ კი მიგაჩნიათ, რომ ზოგიერთი დაბრკოლების გადალახვა მას უკვე დამოუკიდებლად უნდა შეეძლოს, ხელი შეუწყვეთ აღნიშნული უნარის განვითარებას. ამაში ოთხსაფეხურიანი მოდელი დაგეხმარებათ.

მოდელის სადემონსტრაციოდ გთავაზობთ სიტუაციას, რომელიც და-ძმას – კოტესა და სოფოს ეხება. სოფო 10 წლისაა, კოტე კი 6-ის.

სოფო მიმართავს დედას: „გინდა გითხრა, რას აკეთებს კოტე?”

1. უპირველესად, მნიშვნელოვანია, ერთი რამ: სანამ ამბავს მოგიტანდეთ, ბავშვი დაფიქრდეს, მისი საქმეა თუ არა ეს. სთხოვეთ სოფოს, დაფიქრდეს, ეხება თუ არა მას კოტეს ქცევა.

2. იმის გაანალიზება, რაში მდგომარეობს პრობლემა. მაგ., კოტემ შესაძლოა რამე დაიშავოს – ის კარადიდან ჭიქის აღებას ცდილობს და შესაძლოა ჩამოვარდეს.

აღნიშნული სიტუაციიდან გამომდინარე, პირველი ორი საფეხური რომ გავაანალიზოთ, კოტეს ქცევა საფრთხის შემცველია – ის ჩემი ძმაა და შესაძლოა დაშავდეს, მაშ, ეს ქცევა გვეხება ჩვენ და მისი გამოსწორება უნდა ვცადოთ. მაგრამ თუ კოტე თანაკლასელს ახალი მულტფილმის შესახებ უყვება, ეს უკვე მისი პირადი საქმეა. 

3. რით შეგიძლია პრობლემის მოგვარება? – „მე შემიძლია ჩამოვუღო ჭიქა, ან მივცე სხვა, რომელიც უფრო ხელმისაწვდომ ადგილას დგას”.

4. პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზის არჩევა და მისი განხორციელება. „რა ჯობს, სოფო?” – „ჯობს, სხვა ჭიქა მივცე”. აქ საჭიროა დაზუსტება: „შეგიძლია, თავად მისცე ჭიქა ძმას?” 

ამის შემდეგ აუცილებლად უნდა შევაქოთ სოფო იმისთვის, რომ ძმას დაეხმარა.

ამგვარი მოდელით ბავშვმა უნდა განასხვაოს შეტყობინება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ უბრალო ჭორაობისგან/დაბეზღებისგან. მან უნდა იცოდეს: თუ მიაჩნია, რომ მას ან სხვას საფრთხე ემუქრებათ, აუცილებლად უნდა გაუწყოთ ამის შესახებ; მოგმართოთ მაშინაც, როცა დაბნეულია და არ იცის, როგორ მოიქცეს. ასეთ დროს მას მადლობა უნდა გადაუხადოთ ნდობისთვის და დაეხმაროთ როგორც პრობლემის მოგვარებაში, ისე მის მოსაგვარებლად საჭირო უნარების განვითარებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი