შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

გორდონ ბრაუნი- „უპირატესობა განათლებას უნდა მიენიჭოს“ პირველი ნაწილი

გორდონ ბრაუნი, გაერთიანებული სამეფოს (დიდი ბრიტანეთი) ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს კანცლერი, ამჟამად – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენელი განათლების გლობალურ ინიციატივაში და გაეროს გენერალური მდივნის პან გი-მუნის წარმომადგენელი განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებში
გორდონ ბრაუნი: საუნივერსიტეტო განათლების თემას დიდხანს უკანასკნელი ადგილი ეკავა მსოფლიო და საერთაშორისო მოძრაობებისა და ინიციატივების რიგში, დღეს კი, გაეროს გენერალური მდივნის პან გი-მუნის ახალი ინიციატივის „უპირატესობა განათლებას” წყალობით, ის მსოფლიოს პრიორიტეტულ პრობლემათა ნუსხაში დაბრუნდა.

უპირველესად, აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდები უნივერსალური განათლების ხელმისაწვდომობის საქმეში თავიანთი თავის მთავარი ადვოკატები გახდნენ. მათ უარი თქვეს დუმილზე, განსაკუთრებით – გოგონებმა, რომლებმაც წამოიწყეს ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოძრაობა თავიანთი სამოქალაქო უფლებების დასაცავად.

ძნელი წარმოსადგენია ადამიანი, რომელზეც არ ემოქმედოს ახალგაზრდა პაკისტანელი გოგონას მალალა იუსაფზაის ისტორიას: 15 წლის მალალას „ტალიბანის” წევრებმა თავში ესროლეს მას შემდეგ, რაც გოგონამ ხმამაღლა განაცხადა ქალთა განათლების უფლების შესახებ. ამ ამბავმა ყველას ყურამდე მიაღწია და მრავალი ჩვენგანი შეძრა.

უკანასკნელ ხანს გახმაურდა აგრეთვე ბანგლადეშელი გოგონების ინიციატივა არასრულწლოვანთა ხშირად იძულებითი ქორწინების წინააღმდეგ. მოძრაობის მიზანია, ხელი შეუწყოს პატარა გოგონების სკოლაში სიარულს, ნაცვლად მათი ნაადრევი, მათივე ნების საწინააღმდეგო გათხოვებისა. ინდოეთში ბავშვთა უფლებების დაცვის კამპანიამ „გლობალური მარში ბავშვთა შრომის წინააღმდეგ”, რომელსაც უფლებადამცველი კაილაშ სატიართი ხელმძღვანელობს, უკვე გამოიღო შედეგი და ათასობით ბიჭსა თუ გოგონას საშუალება მისცა, თავი დაეღწიათ ქარხნებსა თუ ფაბრიკებში მონური შრომისთვის და გაეგრძელებინათ ან დაეწყოთ სკოლაში სიარული.

ამ ახალგაზრდების ბრძოლამ, რომლებიც მათთვის სწავლის უფლების უზრუნველყოფას ითხოვენ, შეუძლებელი გახადა ამ პრობლემის იგნორირება. ამრიგად, ნებისმიერი ქვეყნის მთავრობა მოექცა დიდი ზეწოლის ქვეშ და ვალდებულია, რეალობად აქციოს ათასწლეულის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა – უნივერსალური პირველადი განათლების უზრუნველყოფა.

გარდა მსოფლიოს მძლავრი უფლებადაცვითი მოძრაობებისა, განათლების პრობლემატიკის წამოწევა და მსოფლიო პოლიტიკის პრიორიტეტებს შორის მისი მოხვედრა იმ კვლევებმაც გამოიწვია, რომლებმაც შეისწავლა სხვადასხვა ქვეყნის წარმატებისა და წარუმატებლობის მიზეზები. წლების განმავლობაში საერთაშორისო აკადემიურ წრეებში მიმდინარეობდა ცხოველი დისკუსია იმის თაობაზე, რა იწვევს ქვეყნების წინსვლას და მათ ჩამორჩენას: კულტურა, ინსტიტუტები, იდეოლოგია თუ რესურსების ხელმისაწვდომობა. დღეს მწერლების, მკვლევრებისა და პოლიტიკოსების უმეტესობა უკვე ხედავს კრიტიკულ კავშირს განათლებასა და ეროვნულ ეკონომიკურ წარმატებას შორის.

ადამიანური კაპიტალი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა იმის ასახსნელად, რატომ არის ზოგიერთი ქვეყანა „საშუალო შემოსავლის ხაფანგში”, ხოლო ზოგი თავს ვერ აღწევს „დაბალშემოსავლიანი ქვეყნის” დამამცირებელ სტატუსს. დღეს ქვეყნის ადამიანური კაპიტალის შეფასებისას დიდი ყურადღება ეთმობა საბაზისო უნარების რაოდენობასა და ხარისხს, ზრდასრული კვალიფიციური მშრომელების რაოდენობას და ექსპერტიზას კვლევისა და განვითარების საკითხებში.

განათლების პირველ ადგილზე დაყენება გადაუდებელი საქმეა, რადგან გამოუყენებელი ნიჭი და პოტენციალი მსოფლიო მასშტაბით სერიოზულ შემაფერხებელ ფაქტორად გადაიქცა. დღემდე 57 მილიონი სასკოლო ასაკის ბავშვი არ დადის სკოლაში, 500 მილიონი გოგონა ვერასოდეს დაამთავრებს საშუალო სკოლას და 750 მილიონზე მეტმა სრულწლოვანმა არ იცის წერა-კითხვა.

კავშირი განათლებასა და ეკონომიკურ წარმატებას შორის ბიზნესისთვისაც აუცილებელს ხდის სასკოლო განათლებისა და სხვადასხვა ტიპის სწავლების ხელშეწყობას. 2020 წლისათვის, მაკკინზის გლობალური ინსტიტუტის პროგნოზის თანახმად, მსოფლიო ორმაგი პრობლემის წინაშე დადგება – წარმოიშობა 40 მილიონამდე მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტის დეფიციტი და იმავდროულად შრომის ბაზარზე არსებული სამუშაო ადგილები არ იკმარებს 95 მილიონამდე დაბალი კვალიფიკაციის მშრომელის დასასაქმებლად. 2030 წელს მსოფლიოს მშრომელთა 3.5-მილიარდიანი არმიიდან მილიარდამდე ადამიანს არ ექნება სრული საშუალო განათლება, რაც მათი ქვეყნების განვითარებას შეაფერხებს.

ამრიგად, თუ დაუყოვნებლივ არ ვიმოქმედეთ, მსოფლიო ბიზნესს ემუქრება აუცილებელი უნარების მქონე ადამიანების მწვავე ნაკლებობა, განსაკუთრებით – ახალ, მზარდ ბაზრებზე და განვითარებად ქვეყნებში, სადაც მალე თავს მოიყრის მსოფლიოს ეკონომიკური აქტივობა. 

მდგომარეობა უდავოდ მძიმეა: სომალიში წერა-კითხვა არ იცის ზრდასრული მოსახლეობის 63%-მა, ნიგერიაში – 39%-მა; სამხრეთ სუდანში მშობიარობისას გარდაცვლილ გოგონათა რიცხვი სკოლადამთავრებული გოგონებისას ჭარბობს.

უმოქმედობამ შეიძლება იქამდე მიგვიყვანოს, რომ მიმდინარე საუკუნის შუა წლებში გლობალურმა ეკონომიკამ მოისაკლისოს ნიჭიერი ადამიანები და ყველგან გაიზარდოს უთანაბრობა. ვიტგენშტაინის ცენტრის უახლესი კვლევის თანახმად, რომელიც 21-ე საუკუნის მსოფლიოს მოსახლეობასა და ადამიანური კაპიტალის საკითხებს ეძღვნება, 2050 წლისთვის მალისა და მოზამბიკის მოსახლეობის მხოლოდ 3%-ს შეეძლება უმაღლესი განათლების მიღება. ეს მაჩვენებელი 4%-ს უახლოვდება ნიგერში, ლიბერიაში, რუანდაში და ჩადში და 5%-ია მადაგასკარსა და მალავიში; მთელი ჩრდილოეთი ამერიკისთვის ის 60%-ია, ხოლო სუბსაჰარულ აფრიკაში მხოლოდ 16%-ს აღწევს.
ეს რიცხვები მოწმობს, რომ მსოფლიო გაყოფილია ჯგუფებად, რომლებსაც განათლების სხვადასხვაგვარი შესაძლებლობა აქვთ, რაც მხოლოდ ეკონომიკურ განვითარებას კი არ უქადის ხიფათს, არამედ სოციალურ სტაბილურობასაც. დღესაც აქტუალურია აშშ-ის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლის ერლ უორენის სიტყვები, წარმოთქმული წინა საუკუნის 60-იან წლებში: „საეჭვოა, რომელიმე ბავშვმა ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიოს, თუ განათლების მიღების საშუალება არ მიეცა… ეს არის უფლება, რომელიც ნებისმიერს თანაბრად უნდა მიენიჭოს”.

გაეროს ინციატივის „უპირატესობა განათლებას” შესასრულებლად ორი წელიღა დაგვრჩა. 2015 წლისთვის საბაზო განათლება პრივილეგიიდან ყველასთვის ხელმისაწვდომ უფლებად უნდა გადაიქცეს. გენერალური მდივანი პანი და მე (გორდონ ბრაუნი – ლ. ა.) მზად ვართ, 2015 წლის ბოლომდე დარჩენილი ყოველი დღე თავდაუზოგავად ვიმუშაოთ და უზრუნველვყოთ ყველა ბავშვის სკოლაში ყოფნა.
***
2012 წლის ივლისში გაეროს გენერალურმა მდივანმა პან-გი მუნმა დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი დანიშნა თავის სპეციალურ წარმომადგენლად გლობალური განათლების საკითხებში გლობალური განათლების პირველი ინიციატივის (GEFI) ხელშესაწყობად. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს, 2015 წლისთვის მიღწეულ იქნეს განათლების ხელმისაწვდომობა ყველა ბავშვისთვის მთელ მსოფლიოში. იგი წარმოადგენს გაეროს ათასწლეულის განვითარების მიზნების ნაწილს.

2000 წლიდან, როდესაც დამტკიცდა გაეროს ათსწლეულის პროგრამა, ამ კუთხით ბევრის მიღწევა მოხერხდა, თუმცა 60 მილიონამდე ბავშვი ჯერ კიდევ სკოლის გარეშე იზრდება. მათ შორის 32 მილიონი გოგონაა, რომელთაგან 28 მილიონი კონფლიქტების ზონაში ცხოვრობს. ბ-ნი ბრაუნის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშვნა დიდად წაადგება ამ მიზნის მიღწევას. იგი გახლდათ ბრიტანეთის პარლამენტის ლეიბორისტი წევრი 1983 წლიდან, ათი წელი მსახურობდა ბრიტანეთის ხაზინის კანცლერად, ხოლო 2007-2010 წლებში ეკავა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი. რამდენიმე ხნის წინ ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის მთავრობის სკოლაში ბატონმა ბრაუნმა დაასრულა მუშაობა გლობალიზაციისა და განათლების კვლევით პროექტზე.

ბ-ნი ბრაუნი მეუღლესთან, სარასთან ერთად მუშაობს ინციატივებზე, რომელთა შორისაა პროექტი-ქსელი „დედამიწა სკოლაში”, „გლობალური ბიზნესის კოალიცია გაეროს გლობალური განათლების ინიციატივის მხარდასაჭერად” და „განათლება საზღვრებს გარეშე”. ამ ინიციატივებით განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კონფლიქტურ ზონებსა და მყიფე სახელმწიფოებში მცხოვრები ბავშვებისთვის განათლების ხელმისაწვდომობას. 2013 წლის 12 ივლისს გაეროს ახალი ამბების ცენტრი ესაუბრა ბ-ნ ბრაუნს, რომელიც ნიუ-იორკში ჩავიდა გაეროს ახალგაზრდულ ფორუმზე გამოსასვლელად.

გამოსვლა საგანგებოდ დაიგეგმა მთავარი გამომსვლელის, მალალა იუსაფზაის დაბადების დღისთვის. მალალა, მოგეხსენებათ, 15 წლის პაკისტანელი გოგონაა, რომელიც თალიბანის წევრებმა სასიკვდილოდ გაიმეტეს პაკისტანში მისი საგანმანათლებლო უფლებადაცვითი კამპანიის გამო. საუკუნეების განმავლობაში მსოფლიოში ბავშვების მხოლოდ მცირე ნაწილი იღებდა თუნდაც ნაწილობრივ განათლებას. შესაბმისად, ხდებოდა ბავშვების პოტენციალის მხოლოდ ნაწილობრივი გამოყენება. დღეს კი ჩვენი საბაზო მიზანია, ყველა ბავშვის შესაძლებლობები განათლების მეშვეობით სრულფასოვნად განვავითაროთ.

გაეროს ახალი ამბების ცენტრი: ბ-ნო ბრაუნ, გმადლობთ ჩვენთან საუბრისათვის. ხვალ თქვენ აპირებთ, მიმართოთ ახალგაზრდობის ასამბლეას გაეროში მალალა იუსაფზაისთან ერთად. თქვენ იცნობთ მალალას და მასთან ერთად გიმუშავიათ. რა დაინახეთ მასში ისეთი, რამაც ხელი შეუწყო თქვენს შთაგონებას?

გორდონ ბრაუნი: ხვალ მალალა 16 წლისა გახდება. ის თხელი, ნაზი გოგონაა, რომელიც სასტიკად დაჭრეს პაკისტანში. მე თვალს ვადევნებდი მისი გამოჯანმრთელების პროცესს, მაგრამ არ მახსოვს, ფარ-ხმალი დაეყაროს. მისი ბრძოლის მიზანია, ყოველი ბავშვი დადიოდეს სკოლაში. მის უარს, თავი დაენებებინა ბავშვთა განათლების უფლების დასაცავად ბრძოლისთვის, მოჰყვა დაშინება, მუქარა და საბოლოოდ – მძიმე ჭრილობა, მაგრამ ამან მალალას პოზიცია ვერ შეაცვლევინა – მას სწამს, რომ გოგონებსა და ბიჭებს ყველა ქვეყანაში, მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში, აქვთ სკოლაში სიარულის უფლება. ის ყველაზე მამაცი და უშიშარი გოგონაა, ვინც კი აქამდე შემხვედრია.
ადრე ერთი წიგნი დავწერე სიმამაცესა და მის მიზეზებზე. აღმოჩნდა, რომ სიმამაცე რწმენის ძალისა და ადამიანის ნების შეთანხმებაა. ის, რაც მალალას აქვს, გახლავთ რწმენა საქმისა, რომლისთვისაც იბრძვის. ამავე დროს მალალა უდიდესი ნების პატრონია, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ მისი სიცოცხლე ხელყვეს, აზრი არ შეუცვლია.

როდესაც მას ვეკითხები, რა სურს აკეთოს ან რა სურს აჩუქონ დაბადების დღეზე, იგი მპასუხობს: „მე სკოლების აშენება მინდა”. წარმოუდგენელი ამბავია: ახალგაზრდა გოგონა თავის სიცოცხლეს – როგორც თვითონ ამბობს, „მეორე სიცოცხლეს” – მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, როდესაც იგი ცოცხალ-მკვდარი იპოვეს ტყვიით თავში – იყენებს სხვა გოგონების დასახმარებლად, იმისთვის, რომ მათ განათლების მიღების შესაძლებლობა მისცეს.

თარგმნა და კომენტარები დაურთო ლევან ალფაიძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი