შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს საშინაო დავალების შესრულებაში

„საღამოს 7 საათს ჩვენს სახლში თამამად შეიძლება ეწოდოს „ტრავმების დრო”. ეს ის დროა, როდესაც ჩვენი სამი შვილი, 7, 10 და 13 წლისანი, სამეცადინოდ სხდებიან. ამ დროს იწყება ხვეწნა-მუდარა, ვაჭრობა და გაღიზიანება. უდავოა, რომ საშინაო დავალების შესრულება აუცილებელია, მაგრამ როგორ მოვიქცეთ, რომ მეცადინეობამ უომრად ჩაიაროს?”

ეს წერილი მრავალშვილიანმა დედამ ამერიკელ პედაგოგ მიშელ ბორბას (ავტორს წიგნისა „უარი ცუდ ქცევას: 38 პრობლემური ქცევა და მათი აღმოფხვრის გზები”) მისწერა. ალბათ დაგვეთანხმებით, ჩვენი მოსწავლეების მშობლებიც ხშირად შემოგვჩივიან იმავეს.

კვლევებით დადგენილია, რომ საშინაო დავალებების შესრულება ყველაზე შედეგიანია უფროსკლასელებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას კვირში 5-10 საათს უთმობენ. იმავეს თქმა შეიძლება საბაზისო საფეხურის მოსწავლეებზეც. ნაკლებად შედეგიანია ის უმცროსკლასელთათვის (აქ ყურადღება უნდა მიექცეს დავალების მოცულობას, შინაარსობრივ სირთულეს და ა.შ.). მაგრამ როდესაც საშინაო დავალება შეესატყვისება მოსწავლის შესაძლებლობებს და ოჯახიც პასუხისმგებლობით ეკიდება ამას, ამ დროს ხდება ისეთი მნიშვნელოვანი უნარების განვითარება, როგორებიც არის მიზანმიმართულობა და ორგანიზება.

მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ამ უნარების განვითარება მოხდება მხოლოდ მაშინ, თუ უფროსები ასრულებენ გეზის მიმცემის, დამხმარის და არა დავალების „შემსრულებლის” როლს.

გთავაზობთ შვიდ სტრატეგიას დავალების შესრულებაში პატარების დასახმარებლად:
1. პირველი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამუშაო სივრცის მოაწყობა. ეს შეიძლება იყოს როგორც ცალკე ოთახი, ისე სახლის ნებისმიერი მყუდრო კუთხე კარგი განათებით. ბავშვის დახმარებით განათავსეთ იქ ყველა საჭირო ნივთი: საწერი კალმები, ფანქრები, სახაზავები, ლექსიკონები. სამეცადინო ადგილის მოწყობაში ბავშვიც ჩართეთ. მაგალითად, დაავალეთ, მოამზადოს ყუთები ნივთების ჩასაწყობად და დააწეროს (თუ წერა ჯერ არ იცის, დაეხმარეთ), რას ინახავს ამა თუ იმ ყუთში.

2. ითანამშრომლეთ მასწავლებელთან. გაარკვიეთ, როდის ცხადდება ტესტირების/შემაჯამებელი აქტივობის თარიღები; როდის ხდება წაკითხული წიგნების ანგარიშების წარდგენა, რა კრიტერიუმებით ფასდება მოსწავლის ნამუშევრები, რა ფორმით ითხოვენ პრეზენტაციას სკოლაში.

3. ბავშვთან შეთანხმებით შეარჩიეთ სამეცადინო დრო, ეცადეთ, შეინარჩუნოთ ეს რეჟიმი მთელი წლის განმავლობაში. პატარა მოსწავლე ხალისით აგყვებათ, თუ მასთან ერთად დახატავთ საათს და მონიშნავთ მასზე დროს, როდესაც მეცადინეობა უნდა დაიწყოს.

4. აჩვენეთ ბავშვს, რომ საშინაო დავალების შესრულებას პასუხისმგებლობით ეკიდებით, რომ ის აუცილებლად უნდა შესრულდეს და ეს მისი მოვალეობაა.

5. დაგეგმეთ მეცადინეობის პროცესი. აჩვენეთ ბავშვს, როგორ შეადგინოს შესასრულებელი დავალებების სია პრიორიტეტების მიხედვით. განუვითარეთ ჩვევა, შესრულების შემდეგ აღრიცხოს უკვე შესრულებული აქტივობა.

6. დაყავით დავალებები ნაწილებად. ეს დიდად დაეხმარება ბავშვებს, რომლებსაც უჭირთ დიდ დავალებებზე კონცენტრირება. აუხსენით, რომ ჯერ დავალების ერთი ნაწილი უნდა შეასრულოს, მერე – მეორე. წაახალისეთ იგი. თანდათანობით გაუზარდეთ დამოუკიდებლად შესასრულებელი დავალებების მოცულობა.

7. შემოიღეთ წახალისებისა და სანქციების სისტემა. ვინაიდან საშინაო დავალებების შესრულება ის სასურველი ქცევაა, რომელიც მოსწავლემ უნდა განახორციელოს, წაახალისეთ იგი დავალების კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში. ამის საპირისპიროდ, თუ დაინახავთ, რომ მან დროულად არ დაიწყო მეცადინეობა, გააჭიანურა იგი ან არ შეასრულა რომელიმე დავალება (დადარწმუნებული ხართ, რომ ამისთვის საპატიო მიზეზი არ ჰქონია), დააჯარიმეთ, ჩამოართვით მისთვის სასიამოვნო სტიმული.

ვიდრე მოქმედებას შეუდგებოდეთ, აუცილებლად გააანალიზეთ, შეუძლია თუ არა ბავშვს მიცემული დავალებების დაძლევა, გაიარეთ კონსულტაცია მასწავლებელთან იმის თაობაზე, რა სტრატეგიას იყენებს ის ბავშვთან, დააკვირდით, როგორ უფრო უადვილდება ბავშვს მეცადინეობა, რას აკეთებს უფრო იოლად, რომელ საგანს ითვისებს ყველაზე უკეთ.

ამის შემდეგ ბავშვთან ერთად შეიმუშავეთ სახლში მეცადინეობის გეგმა: რის შესრულება შეუძლია მას დამოუკიდებლად; სად და რა ფორმით დაეხმარებით; დაახლოებით რამდენი ხანი დასჭირდება სამეცადინოდ; წახალისების რა ფორმას გამოიყენებთ და ა.შ.

რით არის მნიშვნელოვანი მეცადინეობის პროცესის დაგეგმვა?
ეს ხელს უწყობს მოსწავლეს, თვითრეგულირებული სწავლის უნარი განივითაროს.

თვითრეგულირებული სწავლა 4 ფაზას მოიცავს. პირველია სასწავლო ამოცანის გაანალიზება. ბავშვი, სანამ დავალების შესრულებას შეუდგებოდეს, უნდა დაფიქრდეს იმაზე, რას ეხება იგი, რას ითხოვენ მისგან – ტექსტის მხოლოდ წაკითხვას, კითხვებზე პასუხის გაცემას თუ მცირე თხზულების დაწერას. თავდაპირველად თავად დაუსვით ეს კითხვები, იმსჯელეთ მასთან ერთად, გაარკვიეთ, გაქვთ თუ არა დავალების შესასრულებლად საჭირო რესურსები, მაგალითად, შესაბამისი წიგნი ან ლექსიკონი, რომელშიც უცხო სიტყვების განმარტებას მოიძებთ.

მეორე ფაზაა მიზნის დასახვა და გეგმის შედგენა. აქ უნდა დაანაწევროთ პროცედურები, რომლებიც საჭიროა დავალების სრულყოფილად შესსრულებისთვის და დრო, რომელიც, სავარაუდოდ, დაიხარჯება. მეცნიერები ფ. ვინი და დ. ჰედვინი მიიჩნევენ, რომ თვითრეგულირებადი სწავლის უნარის განვითარებას დიდად ეხმარება შემდეგი ტიპის კითხვების დასმა: 


პიროვნულ ნიშან-თვისებებთან დაკავშირებული:

▪ რა ცოდნის გამოყენება შემიძლია შემიძლია დავალების შესასრულებლად?
▪ როგორია ჩემი თვითეფექტიანობა? (მჯერა, რომ დავალების შესრულებას შევძლებ?)
მიზნების დასახვა:
▪ რაზეა ორიენტირებული ჩემი სასწავლო მიზნები (რა ნაბიჯები არის შესასრულებელი?)
▪ რა საბოლოო შედეგი მოჰყვება თითოეულ ნაბიჯს?
▪ რა სახის ძალისხმევაა საჭირო?
გეგმის შემუშავება:
▪ მაქვს თუ არა მსგავსი დავალების შესრულების გამოცდილება?
▪ როგორ მოვახდინო პროცესის მონიტორინგი?
▪ შესაძლებელია თუ არა უკუკავშირი მუშაობის პროცესში?
მესამე ფაზაში მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ ბავშვს იმის გაცნობიერებაში, როგორ შეიძლება მეცადინეობის პროცესის მონიტორინგი.
რამდენად ეფექტურია თქვენ მიერ დასახული გეგმა:
▪ აღწევს ბავშვი დასახულ მიზანს?
▪ საკმარისია მუშაობის ტემპი?

მეოთხე ფაზაში ხდება სწავლის რეგულირება. თვითრეგულირების ამ დონეზე მოსწავლეები წყვეტენ, საჭიროა თუ არა ცვლილებების შეტანა 3 ზემოხსენებულ საფეხურზე. მაგალითად, წინა მასალის გადახედვა, დამატებითი ლიტერატურის მოძიება და ა.შ.

ჩვევის განმტკიცება ან მოდიფიცირება რთული, თანმიმდევრული სამუშაოა, სადაც შედეგის მისაღწევად აუცილებელია სწორი წახალისება. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ პირველი შედეგი 21 დღის შემდეგ გახდება თვალსაჩინო. აქ გასათვალისწინებელია, რომ ყველა ბავშვს სხვადასხვა შესაძლებლობები და განვითარების ტემპი აქვს, ამიტომ, როდესაც ახალი ჩვევის ჩამოყალიბებაზე ვზრუნავთ, მნიშვნელოვანია დაკვირვება ბავშვის ქცევაზე, მის ძლიერ და სუსტ მხარეებზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი