პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სასკოლო ურთიერთობების ეთიკა

სანამ სასკოლო ურთიერთობებში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებზე დავიწყებდეთ საუბარს, გავიხსენოთ, რა არის ეთიკა. ეთიკა არის მოძღვრება მორალის, ზნეობის როგორც პიროვნული და საზოგადოებრივი შეგნების ერთ-ერთი ფორმის და ყოფაქცევის ნორმათა შესახებ. ის ასწავლის ადამიანს, როგორ მოიქცეს საზოგადოდ და/ან კონკრეტულ სიტუაციაში (სოციუმში): რა არის დაშვებული, რა – დაუშვებელი; რა არის “კარგი” და რა – “ცუდი”, რა არის “სიკეთე” და რა – “ბოროტება”, რა არის სათნოება და რა – მანკიერება…

ეთიკა ბერძნული სიტყვაა (ēthikē<ēthos) და “ზნეს”, “ჩვეულებას” ნიშნავს. როგორც ტერმინი, “ეთიკა” პირველად არისტოტელემ გამოიყენა თავის ფილოსოფიურ და პედაგოგიურ თხზულებაში “ნიკომაქეს ეთიკა”, რომელიც მან თავის ვაჟიშვილს მიუძღვნა. ეთიკა, როგორც სამეცნიერო დისციპლინა, ადამიანთა ქცევის ნორმებს სწავლობს. ამჟამად ფილოსოფია აღარ არის ერთადერთი მეცნიერება, რომლის შემადგენელ დისციპლინათა ჩამონათვალში ეთიკაც მოიაზრება; არსებობს ეთიკა როგორც თეოლოგიური დისციპლინა, ეთიკა როგორც პედაგოგიური დისციპლინა და ა.შ.

პედაგოგიკასა და ეთიკას შორის არსებული კავშირი აშკარაა, რადგან პედაგოგიკა ის სფეროა, სადაც აღზრდის ცნება, უპირველეს ყოვლისა, ზნეობრივ და სამოქალაქო ღირებულებათა ჩამოყალიბებას მოიაზრებს.
პედაგოგიური ეთიკის ამოცანაა, ეთიკური ნორმები აღწეროს და გააანალიზოს საკუთრივ პედაგოგიკის და არა, ვთქვათ, ფილოსოფიის ან თეოლოგიის პოზიციიდან.

პედაგოგიურ ეთიკაში არსებობს ასიმეტრიული და სიმეტრიული ურთიერთობები. ასიმეტრიულია ურთიერთობები ზრდასრულებსა და მოზარდებს (ბავშვებს), განსწავლულებსა და უსწავლელებს, გამოცდილებსა და გამოუცდელებს, შემფასებლებსა და შესაფასებლებს შორის, სიმეტრიული კი – მასწავლებელსა და მშობელს, მასწავლებელსა და მასწავლებელს, მასწავლებელსა და დირექციას შორის. ასიმეტრიული ურთიერთობები პედაგოგიური ეთიკის კანონებს უნდა ემყარებოდეს, რათა მზრუნველობა და პასუხისმგებლობა ძალაუფლებად არ გადაიქცეს. პედაგოგიური ეთიკის ფარგლებს სიმეტრიული ურთიერთობებიც არ უნდა სცდებოდეს. ეს ეთიკური ნორმები მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსშია თავმოყრილი. პროფესიული ეთიკის კოდექსის უმთარესი მიზანი იმის უზრუნველყოფაა, პედაგოგის სამუშაო ზედმიწევნით კეთილსინდისიერად და წარმატებით შესრულდეს.

რისთვის სჭირდებათ მასწავლებლებს პროფესიული ეთიკის კოდექსი და რა დახმარებას უწევს იგი მათ?
·მასწავლებელს, ბევრი სხვა პროფესიის წარმომადგენლისგან განსხვავებით, მოქმედების დიდი თავისუფლება ეძლევა. ეს განპირობებულია მისი პროფესიის განსაკუთრებულობით. იგი ვერ გამოიყენებს ერთსა და იმავე საშუალებას ყველა სიტუაციაში, სიტუაციები კი მუდმივად იცვლება; იგი ვერ მიუდგება ერთი და იმავე საზომით ყველა მოსწავლეს. როდესაც არჩევანის თავისუფლება მეტია, უფრო დიდია რისკიც და პასუხისმგებლობაც, ამიტომ პედაგოგისთვის განსაკუთრებით საჭიროა ეთიკური კოდექსი, რომელიც მას დაეხმარება, არ გადაუხვიოს დადგენილ ნორმას.

·მასწავლებელი მოსწავლისთვის მიბაძვის საგანს წარმოადგენს, იმისგან დამოუკიდებლად, თავად მასწავლებელს სურს ეს თუ არა. ბავშვი ყოველდღიურად რამდენიმე საათი მასწავლებელთა გარემოცვაშია, ამიტომ ის მათგან მარტო იმას კი არ სწავლობს, რასაც ასწავლიან, არამედ ხშირად იღებს მათ ქცევებსაც. საკმაოდ ძნელია იმის განჭვრეტა, რა გავლენას მოახდენს ამა თუ იმ მოსწავლეზე შთაბეჭდილებები, რომელთაც მასწავლებელი ნებით თუ უნებურად აღძრავს მასში. ნებისმიერ შემთხვევაში თითოეულმა მასწავლებელმა უნდა გააცნობიეროს, რომ არა მარტო მისი მიზანმიმართული აღმზრდელობითი ქმედება, არამედ გაუაზრებელი, სპონტანური საქციელიც დადებითად ან უარყოფითად მოქმედებს მოსწავლეზე. აქედან გამომდინარე, მასწავლებელს არ აქვს მორალური უფლება, ცუდი მაგალითი მისცეს აღსაზრდელს. მან უნდა აარიდოს მოსწავლეებს ყველაფერი ის, რაც მათ დადებით პიროვნებებად ჩამოყალიბებას შეუშლის ხელს. სწორედ პროფესიული ეთიკის კოდექსი განსაზღვრავს, მასწავლებლის როგორი საქციელი განაპირობებს აღსაზრდელთა ზნეობრივი და მოქალაქეობრივი თვალსაზრისით სასურველ პიროვნებად ჩამოყალიბებას.

·იმისთვის, რომ მასწავლებელმა დაკისრებული მოვალეობა შეასრულოს, მან უნდა მოიპოვოს მოსწავლეთა პატივისცემა და ნდობა. იგი თავის ცოდნასა და შესაძლებლობებს, ენასა და ჟესტიკულაციას, გულისხმიერებასა და ტაქტს, ცხოვრებისეულ გამოცდილებას იყენებს როგორც საშუალებას მოსწავლეთა ნდობის მოსაპოვებლად. პედაგოგი თავის მოვალეობას მხოლოდ მაშინ შეასრულებს ღირსეულად, თუ სისტემატურად იმუშავებს საკუთარ თავზე. „აღზარდე საკუთარი თავი!” _ ეს არის მნიშვნელოვანი მოთხოვნა თითოეული ადამიანისადმი და განსაკუთრებით – მასწავლებლისადმი. ამაში პედაგოგებს მასწავლებლის ეთიკის კოდექსი ეხმარება.
·მასწავლებელთა მიმართ მოთხოვნები ხშირად გადაჭარბებულია, პრეტენზიები კი არარეალური. მასწავლებლის ეთიკის კოდექსი მათთვის არის ერთგვარი დამცავი მექანიზმიც, რომელშიც ზუსტად არის გაწერილი, რა მოეთხოვება მასწავლებელს.

მასწავლებლის პროფესიული კომპეტენციის ერთი უმნიშვნელოვა­ნესი ასპექტი ის არის, რომ იგი იყოს ეთიკურ ღირებულებათა არა მარტო მატარებელი, არამედ დამნერგავიც თავის პროფესიულ გარემოში და მოსწავლეებს ეთიკური ღირებულებების ჩამოყალიბებაში დაეხმაროს, იმავდროულად დაუტოვოს მათ თავისუფალი არჩევანი, მისცეს ურთიერთპატივისცემისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ცხოვრებისეული გაკვეთილები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელი ამას აკეთებდეს თავისი პიროვნული მაგალითით. მასწავლებლის ეთიკურ ღირებულებათა სისტემა, უპირველეს ყოვლისა, ურთიერთობებში ვლინდება. ეს არის ურთიერთობა მოსწავლეებთან, ურთიერთობა მოსწავლეთა მშობლებთან და ურთიერთობა კოლეგებთან. თითოეულ ამ ასპექტს საკუთარი სპეციფიკა აქვს, რომელსაც მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი არეგულირებს. ეს გულისხმობს მასწავლებლის პროფესიული ქცევის ეთიკურ და სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას და შეიძლება დახასიათდეს როგორც მასწავლებლის პროფესიული გარემოს შემადგენელი კომპონენტები.

იქნება თუ არა სკოლის საქმიანობა წარმატებული, რა თქმა უნდა, მხოლოდ მასწავლებელზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ მისი ფუნქცია სკოლაში უმნიშვნელოვანესია. მასწავლებლი, რომელიმე საგნის რა კარგი სპეციალისტიც უნდა იყოს, რა მაღალ სტანდარტებსაც უნდა შეესაბამებოდეს მისი ცოდნა, ვერასოდეს გახდება ნამდვილი პედაგოგი და ვერ დაეხმარება სკოლას მიზნის მიღწევაში, თუ მისი საქმიანობა არ შეესაბამება მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსს.

ერთ-ერთ წინა სტატიაში ჩვენ მასწავლებლის კოლეგასთან ურთიერთობას შევეხეთ. მომდევნო სტატიებში ვისაუბრებთ მასწავლებლის ურთიერთობაზე მშობლებსა და მოსწავლეებთან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი