პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მედლის ორი მხარე

ჩემს მაგიდაზე მედალი დევს. მის ერთ მხარეს ქიმიური კოლბაა გამოსახული. კოლბიდან აირის ბუშტუკები ამოდის, კოლბაში კი ლამაზფოთლება მცენარე მოჩანს. მეორე მხარეს წარწერაა: „მოლდოვას ქიმიკოსთა საზოგადოება“. მედალი 2017 წელს კიშინიოვში, სამეცნიერო კონფერენციაზე, ქიმიის პოპულარიზაციისთვის გადმომცეს.

მხოლოდ მედალს კი არა, ყველაფერს ორი მხარე აქვს. საქმე ის არის, რომელი მხრიდან შეხედავ. მაგალითად, დღეს ქარიანი ამინდია, სამაგიეროდ, უკვე აპრილია. ამიტომ, დაე, იყოს ქარი – გაზაფხული თავისას გაიტანს. არადა, ხომ შეიძლებოდა, ზამთრის დამდეგი ყოფილიყო – უფრო საწყენი არ იქნებოდა?

გვერდით არაქისი მიდევს და ბეჯითად შევექცევი. სასარგებლო რამაა, გემრიელიც, მაგრამ მარილიანია… რა უშავს… იყოს ხანდახან არაქისი მარილიანი.

ამ საღამოს გეგმის მომდევნო პუნქტი ლიმონიანი ჩაია. ჩაი აუცილებლად ლიმონიანი უნდა იყოს, რადგან, არც მეტი, არც ნაკლები, ჯანი როდარის „ჩიპოლინოს“ გადაკითხვას ვაპირებ. ჰო, ზღაპარია, მაგრამ ზოგჯერ ზღაპრებში იმდენი სიმართლეა…

ჩიპოლინო ხახვისთავა ბიჭუნაა. მამამისს, მოხუც ხახვ ჩიპოლონეს, ციხეში სვამენ. მიზეზს არ იკითხავთ? – პრინც ლიმონს შემთხვევით ფეხზე ფეხი დააბიჯა. პრინცს კი კოჟრი ჰქონია და ძალიან გამწარებულა. ჩიპოლინო მამას გათავისუფლებას ჰპირდება, და-ძმებს სახლში ტოვებს და მამის დასახმარებლად მიდის. ქვეყანას გულქვა პრინცი ლიმონი და გრაფინია ალუბლები განაგებენ, რომლებსაც სასტიკი მოურავი სენიორ პომიდორი ემსახურება. ბიჭი ბევრ დაბრკოლებას გადააწყდება, თუმცა ბევრ ახალ მეგობარსაც შეიძენს. სწორედ მათი მეშვეობით პოულობს სამართალს და იმარჯვებს.

პრინცი ლიმონი ერთი გაზულუქებული ლიმონუკაა. კარგი ცხოვრება უნდა და ახალ-ახალ გადასახადებს აწესებს. ჯერ – ჰაერზე… ჰო, თუ ფული არ გაქვს, ამდენს ნუ სუნთქავ! მერე – წვიმაზეც: უბრალო წვიმა – 100 ლირა, ძლიერი წვიმა – 200 ლირა, კოკისპირული – 300 ლირა.

თუმცა ზოგჯერ ლიმონუკასაც უნათდება გონება და ამბობს:

– ღმერთო, მეგობრებისგან დამიფარე, მტრებს ისედაც გავუმკლავდებიო.

“მეგობრებში” უთუოდ ფარისევლებს გულისხმობს, მაგალითად, სენიორ პომიდორს.

 

ლიმონი გიყვართ?

ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჰერა ზევსზე რომ ქორწინდებოდა, მზისფერი ვაშლები მიართვეს და უთხრეს, რომ მათი არომატი გონებას ანათებდა, კანი და თესლი გულს აჯანსაღებდა, წვენი კი წყურვილს კლავდა.

ატლანტის ქალიშვილები, ჰესპერიდები, ზღაპრულ ბაღში ოქროს ვაშლებს დარაჯობდნენ. მეფე ევრისთევსმა ჰერაკლეს ამ ვაშლების მოტანა დაავალა. ჰერაკლემ ბაღი იპოვა, მაგრამ ვაშლების მოდარაჯე ურჩხულთან ჭიდილს ისევ ატლანტის მოთაფვლა ამჯობინა და დაიყოლია კიდეც, ვაშლები დაეკრიფა მისთვის. სანამ ტიტანი ვაშლების კრეფით იყო გართული, ჰერაკლეს მის ნაცვლად ეჭირა ცის თაღი.

სკანდინავიურ ლეგენდებშიც ახსენებენ „უკვდავების ოქროს ვაშლებზე“, რომლებიც ადამიანებს ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ანიჭებდა.

მიხვდით ალბათ – „ოქროს ვაშლი“ ლიმონია.

ჰოდა, რას ფიქრობთ ლიმონზე?

ლიმონი გემრიელია, შეიცავს C ვიტამინს, ლიმონიანი წყალი სასიამოვნო დასალევია და მეტაბოლიზმს აჩქარებს. ლიმონი წიდისგანაც ათავისუფლებს ორგანიზმს და იმუნიტეტს აძლიერებს.

აი, დაახლოებით ასეთი იქნება თქვენი პასუხები.

თუმცა მედალს ორი მხარე აქვს.

ლიმონი მართლაც გემრიელია და C ვიტამინსაც მართლა შეიცავს, თუმცა ეს უკანასკნელი ლიმონის კანში უფრო მეტია, ვიდრე რბილობში. ლიმონიანი ჩაიც ბევრს ვერაფერს შესძენს იმუნიტეტს, რადგან ადუღებულ წყალში მოხვედრილი C ვიტამინი მაშინვე დაიშლება და ლიმონისგან მხოლოდ სასიამოვნო გემო დარჩება, რომელსაც ჩაის ლიმონმჟავა მისცემს. ისე, თუ C ვიტამინის მიღებაზე მიდგა საქმე, ბულგარულ წიწაკაში ის გაცილებით მეტია. ერთი ბულგარული წიწაკა ამ ვიტამინის სამი დღის ნორმას შეიცავს. ლიმონს თუ უმად მივირთმევთ, ვიტამინი მართლაც მოხვდება ჩვენს ორგანიზმში, მაგრამ განა რამდენი ლიმონის ჭამას შევძლებთ? ცოტა ძნელია და… სახიფათოც.

ეს ამბავი ჩემს ბავშვობაში მოხდა. ერთ საავადმყოფოში გოგონა მიუყვანიათ ბრმა ნაწლავის მწვავე შეტევით. ეს ერთი შეხედვით მარტივი ოპერაცია პაციენტმა, წესით, იოლად უნდა გადაიტანოს, გოგონა კი საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა, სისხლდენა ვერ შეუჩერეს. რა აღარ სცადეს, მაგრამ ამაოდ. მიზეზი მოგვიანებით გაირკვა: გოგოს გახდომის მიზნით ბოლო ხანს 200 ცალი ლიმონი უჭამია… შედეგად სისხლმა შედედების უნარი დაკარგა. წესით, ექიმებს წინასწარ უნდა აეღოთ სისხლი და განესაზღვრათ ფიბრინოგენი, კოაგულოგრამა გაეკეთებინათ, რომ ოპერაციისთვის შესაბამისად მომზადებულიყვნენ… გოგოს კი აზრადაც არ მოსვლია, ლიმონის შესახებ ეთქვა – რა იცოდა, მისი ჭამა ასე ძვირად თუ დაუჯდებოდა.

რატომ მოხდა ეს ტრაგედია?

ლიმონი გლიკოზამინოგლიკან ჰეპარინს შეიცავს, რომელიც სისხლს ათხევადებს. გლიკოზამინოგლიკანები შემაერთებელი ქსოვილის ჰეტეროპოლისაქარიდებია. ეს ნიშნავს, რომ მათში მონომერების როლს დისაქარიდები ასრულებს, რომლებიც ორი მარტივი შაქრისგან შედგება. ერთ-ერთი ასეთი ჰეტერონახშირწყალი ჰეპარინია. მისი მოლეკულური მასა 5-15 კილოდალტონია. დიდი რაოდენობითაა შემაერთებელი უჯრედების გრანულებში, გვხვდება ღვიძლში, ფილტვებსა და კანში.

ჰეპარინი ბუნებრივი ანტიკოაგულანტია. თრომბინის ინაქტივაციას იწვევს და სისხლის შედედებას ამუხრუჭებს. მედიცინაში ჰეპარინი გამოიყენება როგორც სტაბილიზატორი სისხლის შენახვის დროს. კლინიკებში მას იყენებენ როგორც სამკურნალო საშუალებას სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად.

ესეც მედლის ორი მხარე. ლიმონი ზედმეტ წონას ვერ ამარცხებს. მისი ზომიერი მოხმარება თრომბის წარმოქმნისგან ბუნებრივად გვიცავს, გადაჭარბებამ კი შესაძლოა საგრძნობლად დააქვეითოს სისხლის შედედების უნარი.

ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, ლიმონი და სხვა ციტრუსები ფლავონოიდ ჰესპერიტინს შეიცავს. აღმოჩნდა, რომ ჰესპერიტინის ხშირი მოხმარება ცხოველებში ქოლესტერინის დონეს და ათეროსკლეროზის რისკს ამცირებს. თუმცა ჰესპერიტინიც და სხვა ფლავინებიც მხოლოდ ციტრუსების კანშია, შესაბამისად, მხოლოდ კანის შეჭმისას ამუშავდება.

შესაძლოა, ამით აიხსნებოდეს ტემსენის უნივერსიტეტის პროფესორის ბენასა ჰუსინის ჩანაწერი: „სხვადასხვა ტიპის მრეწველობაში ფართოდ იყენებენ სინთეზურ საღებრებს. ნარჩენები უმეტესად წყალში ხვდება, რაც ეკოლოგიას დიდ დარტყმას აყენებს. გამოსავალი ისევ ბუნებამ გვიკარნახა. ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა აღმოჩნდა, რომ ჩვეულებრივი ლიმონის და ფორთოხლის კანს შესწევს უნარი, აუვნებელყოს წყალში მოხვედრილი სინთეზური საღებრების ნარჩენები“.

ლიმნის რბილობში დიდი რაოდენობით ლიმონმჟავაა. რა შეიძლება გავაკეთოთ ლიმონმჟავათი გაკვეთილზე ან კლუბური მუშაობისას?

გავზარდოთ კრისტალი? რატომაც არა? დაგჭირდებათ ჭიქა, კოვზი, 250 გ ლიმონმჟავა, გამოხდილი წყალი და საკვები საღებავი.

ჭიქაში ჩავასხათ 100 მლ წყალი. გავხსნათ მასში ლიმონმჟავა. ჭიქა თბილი წყლით სავსე კონტეინერში მოვათავსოთ. ლიმონმჟავას ბოლომდე გახსნას დრო დასჭირდება, შედეგად კი ნაჯერ ხსნარს მივიღებთ. მასში კიდევ ცოტა ლიმონმჟავა ჩავამატოთ. ორი დღის შემდეგ ფსკერზე კრისტალები დაიწყებს წარმოქმნას. ხსნარი დოლბანდში გადაწურეთ. წარმოქმნილი კრისტალებიდან ყველაზე დიდი ამოარჩიეთ და ძუაზე დაამაგრეთ. გაფილტრულ სხნარს დაამატეთ საკვები საღებავი. ძუა, რომელზეც კრისტალია დამაგრებული, მუყაოს ნაჭერს მიამაგრეთ. მუყაო ჭიქას დაახურეთ, ისე, რომ მასზე დამაგრებული კრისტალი ხსნარში ჩაეშვას. მიაქციეთ ყურადღება: ჭიქაში არ უნდა მოხვდეს მტვერი. დროდადრო ხსნარი დოლბანდში უნდა გაიფილტროს და კრისტალი უკანვე, ხსნარში დაბრუნდეს. საკმაოდ დიდი ზომის კრისტალის გაზრდას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება.

შეიძლება უფრო სწრაფი ქიმიური ექსპერიმენტის ჩატარებაც: ავიღოთ ქაღალდი და ლიმონმჟავას წყალხსნარით ზედ რამე დავწეროთ. მერე ჯამზე ან პეტრის თეფშზე დავასხათ წყალი, გავხსნათ იოდი და ფურცელი სითხის ზედაპირზე დავდოთ. ნაწერი გამჟღავნდება.

იგივე ექსპერიმენტი სხვანაირადაც შეიძლება ჩატარდეს. წერილს კვლავ ლიმონმჟავას ხსნარით ვწერთ. შემდეგ ჩვეულებრივ ქაღალდის ხელსახოცს დავაფარებთ და ზემოდან ცხელ უთოს დავადებთთ (ფრთხილად, ცხელი უთო კანისთვის საშიშია!). საიდუმლო ნაწერი ყავისფრად გამჟღავნდება. 175 გრადუსზე მეტად გაცხელებისას ლიმონმჟავა იშლება და გამოყოფს ნახშირორჟანგს და წყალს, თავად ნაწერი კი მუქდება.

ეს წუთია, ჩემი საიდუმლო წერილის ნაწერი გამოჩნდა:

– მედალს ორი მხარე აქვს!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი