პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ოთხი რვეულის მეთოდი წერითი უნარების განვითარებისთვის

წერითი უნარების განვითარებისთვის ზრუნვა საკმაოდ შრომატევადია. კვლევები ცხადყოფენ, რომ კითხვა და წერა ერთმანეთისგან გამოცალკევებულ პროცესად არ უნდა აღვიქვათ. კითხვის შესწავლას წერა კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს. მხოლოდ „დავალებისთვის“  წერა უსიამოვნო მოვალეობად იქცევა ხოლმე. ამგვარი მოცემულობის გააზრებისას იწყებ ფიქრს, რომ პატარა ადამიანებისთვის წერა სასიამოვნო პროცესად აქციო.   ამჯერად გამოსავალს კოლეგის გამოცდილების გაზიარებისას მივაგენი.

ოთხი რვეულის პრაქტიკაში დანერგვის შესახებ ხათუნა მასწავლებლისგან შევიტყვე. ხათუნა რამდენიმე წლის წინ კითხვის ეფექტური მეთოდების  ვიდეორგოლებიდან აღმოვაჩინე. დამწყები მასწავლებლისთვის მიუღწევლად მეჩვენებოდა კლასის მისეული მართვა, საუბრის ტონი, ერთი გაკვეთილისთვის მრავალფეროვანი რესურსების დამზადება. ასე შორიდან შემიყვარდა. შარშან სკოლის დერეფანში დავინახე თუ არა, მაშინვე ვიცანი. ისე მოხდა, რომ დროსა და სივრცეში გადავიკვეთეთ. დატვირთული რეჟიმი არ აღმოჩნდა ხელისშემშლელი  გამოცდილების გაზიარებისთვის. მე პირველად მიწევდა პირველკლასელებისთვის წერა-კითხვის სწავლება. ხათუნა კი დაუზარლად, გულისხმიერად მიზიარებდა მრავალწლიან გამოცდილებას. ერთ-ერთი ასეთი საუბრისას ოთახის რაფაზე ჩამწკრივებული პლასტმასის კალათები შევნიშნე და დავინტერესდი. ხათუნამ მიამბო, რომ თითოეულში ეწყო სამუშაო რვეულები კონკრეტული მიზნისთვის და განსხვავებული სათაურით.

ვუსმენდი და რთულად მეჩვენებოდა მეორე კლასელების ყოველდღიურობაში ოთხი რვეულის პრაქტიკის დანერგვა. მერე მაინც ვცადე. როგორც წესი, ნებისმიერი სიახლე თავდაპირველად ქაოსს, დაბნეულობას იწვევს და როგორც ხშირად ხდება, ამგვარი მოლოდინი გვაშინებს. მე შიშებს ომი გამოვუცხადე და ნაბიჯ-ნაბიჯ ქმედება დავიწყე. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ხათუნას ნებართვითა და მისი კეთილი ნებით, გადავწყვიტე, ოთხი რვეულის მეთოდი თქვენც გაგიზიაროთ.

რა თქმა უნდა, ნებისმიერ მეთოდს ინდივიდუალიზმით ვამდიდრებთ და ვითვალისწინებთ კლასის ხასიათს, ბავშვების ასაკს, ინტერესებს. სახელწოდებებიც და რაოდენობაც პირობითია.

საშინაო დავალების რვეული

საშინაო დავალების რვეული თავის ფუნქციას ინარჩუნებს. მას სხვადასხვა ტიპის დავალებისთვის ვიყენებთ, მაგალითად, სახელმძღვანელოს ტექსტებს ვამუშავებთ, ქცევის წესებს ვიწერთ, თვითშეფასების კითხვარიც შეგვიდგენია, კითხვაზე პასუხიც გაუციათ და კარნახიც დაგვიწერია.

ერთი რამ, რაც განსაკუთრებულად მოგვწონდა „საკლასო წერის“ ნაცვლად ჩვენი კლასის ამბებს ვწერდით, მაგალითად: მზე ანათებს, თოკო დაგვიბრუნდა, შემოდგომის ბოლო დღე, მზე კაშკაშებს, მე დავბრუნდი, წვიმიანი დღე, მოღრუბლული დღე, გამარჯობა, ნოემბერო – ყოველივე ამას ერთ-ერთი მეორეკლასელი მოსწავლის საშინაო დავალების რვეულიდან თქვენთვის ვიწერ და თვალწინ ჩაირბინა პირველმა სემესტრმა. გამახსენდა, როგორ უხაროდათ, როგორ ვარჩევდით ერთად, როგორ ვიღებდით გადაწყვეტილებას. ამგვარად უბრალო დღეებით გახარებას და წვრილმანებზე დაკვირვებას ვასწავლით. თანაკლასელის სკოლაში დაბრუნება რომ უნდა უხაროდეთ, ამასაც სწავლა უნდა.

 

სიტყვის კონა

სიტყვის კონა – ახსენა თუ არა ხათუნა მასწავლებელმა, მაშინვე მოვიხიბლე. ეს არის რვეული, რომელსაც ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად ვიყენებთ. ახალი ტექსტის წაკითხვას ვაპირებთ? შეგვიძლია, მანამდე უცნობი ან მთავარი სიტყვები დაფაზე ჩამოვწეროთ და ბავშვებს მათი სიტყვის კონაში ჩაწერა ვთხოვოთ. თითოეულზე სიტყვის რუკის აგება კიდევ უფრო გასაგებს გახდის ახალი სიტყვების მნიშვნელობას. ხმამაღალი კითხვისას მოსმენის პარალელურად საინტერესო სიტყვებსაც სიტყვის კონაში იწერენ.

ერთი სიტყვით, ყოველდღიურად ვაგროვებთ სიტყვებს, ვაკვირდებით ასო-ბგერებს და მუდმივად ვთამაშობთ,  ვიგონებთ ახალ სიტყვებს. მაგალითს ისევ მეორეკლასელის რვეულიდან შემოგთავაზებთ:

ციცხვი -> ცაცხვი -> ხის მოსარევი.

კონწიალობენ – > კოპწია – > ქანაობდნენ.

სურნელოვანი -> სუნამო -> სასიამოვნო სუნი.

 

ხმამაღალი კითხვისას ჩაწერილი სიტყვებიც უნდა გაგაცნოთ. ერთხანს ნორვეგიელი მწერლის, თუბიორნ ეგნერის „ილის ქალაქს“ ვუკითხავდი. ერთ-ერთ სიტყვის კონას კი 7 წლის ადამიანის მიერ მოწონებული შემდეგი სიტყვები შემოუნახავს:

„კოშკურა, შეჰყურებს, ავდარი, მოფუსფუსე, ლეგა, ნესტიანი, ფაციფუცი…“

სიტყვათა ამგვარი დაგემოვნებით  ბავშვებს უმახვილდებათ თვალი, დაკვირვებულები ხდებიან, იყვარებენ მშობლიურ ენას და მათი გონება ივსება მრავალფეროვანი სიტყვებით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ძლიერი ფუნდამენტისთვის. იაკობ გოგებაშვილის  წერილი „ბურჯი ეროვნებისა“ მახსენდება, სადაც დაწვრილებით გვიხსნის ავტორი მშობლიური ენის სწავლების ასაკობრივ თავისებურებებს. უმთავრესი კი ის არის, რომ ბავშვი ნაადრევ ასაკში რაც უფრო თევზივით ილივლივებს მშობლიური ენის სამყაროში, მით უფრო განავითარებს საკუთარ ნიჭსა და შესაძლებლობებს.

 

მწერლის რვეული

ხათუნა მასწავლებელი თვლის, რომ მწერლის რვეული არის ბავშვის თავისუფალი ნების გამოვლენისა და შემოქმედებითი წერის სწავლების საუკეთესო გზა. ჩემი უფროსი მეგობრის რჩევა გავითვალისწინე და არცერთ შეცდომას არ ვასწორებდი, რადგან შეცდომებზე ყურადღების გამახვილებამ შეიძლება ლოკოკინის ეფექტი გამოიწვიოს და სამზეოზე ძლივს გამოტანილი საკუთარი სამყარო ისევ ნიჟარაში გამოკეტოს.

ამჯერად მხატვრულ ხერხს გაპიროვნებას მივმართე და გავასულიერეთ ყველაფერი: ჩანთები, მაისურები, შარვლები, ფეხსაცმელები, კაბები, დაფა, საკლასო ოთახის კარადა, მთვარე… ჩემი დაკვირვებით, დავალების მიზანი პატარა ადამიანებისთვის კიდევ უფრო გასაგები ხდება, როდესაც თავად ვუამბობ ჩემი კუთვნილი ნივთების შესახებ. ყველასთვის ნაცნობია, როგორ უყვართ ამბების მოსმენა. ამიტომ მეც დავეუფლე გამომსახველობითი თხობის უნარს. ერთხელ ხელი დავავლე ჩემს ყავისფერ ჩანთას და პირველ პირში ვალაპარაკე: როგორ აღმოაჩინა ლელამ, რას დაატარებს, სად დადის, რა უყვარს, როგორია მისი პატრონი. თვალებგაფართოებულები ხომ ისმენდნენ, დროდადრო გულიანად ხითხითებდნენ და მეორე დღეს ყველა მოსწავლის მწერლის რვეული სასკოლო ჩანთების ამბებს ჰყვებოდა. პირადი მაგალითის ძალის გავლენით ჯერ მე „ვალაპარაკებდი“ ნივთებს, რაც აღვივებდა ბავშვების ინტერესს, გასაგებს ხდიდა დავალების ინსტრუქციას და წერისკენ უბიძგებდა მათ.

ნაწერის ბოლოს დახატვას ვთხოვდი, რაც კიდევ უფრო ალამაზებდა რვეულებს და  ინდივიდუალიზმს მატებდა. შეცდომების აღმოჩენისას ასეთ ხრიკს მივმართე – განმავითარებელ კომენტარებს ვუწერდი და ვცდილობდი არასწორად გამოყენებული სიტყვა სწორად დამეწერა.

განმავითარებელ კომენტარებზე კიდევ უნდა ვთქვათ რამდენიმე სიტყვა. ყოველი გასულიერებული ნივთის ბოლოს ვცდილობდი უკუკავშირი კომენტარებით გამომეხატა, რაც სულაც არ არის მარტივი და კარგად განვითარებული ფანტაზია სჭირდება. ნელ-ნელა მიმოწერაც გაიბა. ვუტოვებდი შეკითხვებს და ისინიც მპასუხობდნენ ან თავადაც კითხვას მიბრუნებდნენ.  ზოგჯერ თანაკლასელის მწერლის რვეულში გადავამისამართებდი ხოლმე. ყველაფერთან ერთად ერთმანეთის ხელნაწერის ცნობაც უნდა ისწავლონ.

განმავითარებელი კომენტარებიდან:

 

„რა კარგი ამბავია! – მე წრვილანა ასოებით.

ასე გგონია? – ის ბუთქუნა ასოებით“.

 

„უყურე შენ, როგორი მელაკუდა ყოფილა ჩვენი დაფა! – მე.

ასე გამოდის! – ის“.

 

„ფიფქო, მიამბე შენი სახლის – ცის – შესახებ! – მე.

ჩემი ცა ძალიან უცნაურია და ბევრი საინტერესო ამბები ხდება, -ის“.

 

„იცი, სოფელში რომ ვცხოვრობდი, მთვარე მთის წვერზე ცხოვრობდა. ყოველღამ ველოდი მის გამოჩენას, – მე.

მართლა? – ის.“

 

პოეზიის რვეული

პოეზიის რვეულში ლექსებს ვწერთ – ერთ ან რამდენიმე სტროფს. თუ მწერლის რვეულში თავისუფლები არიან და  გამოუცდელობის გამო ხან სივრცის აღქმა უჭირთ, ბევრ შეცდომას  უშვებენ, პოეზიის რვეულში წერა არაჩვეულებრივი მეთოდია დაფიდან გადაწერის გზით სივრცითი აღქმის განსავითარებლად, სუფთად, კოხტად და ფაქიზად წერისთვის.

ვუკითხავთ რომელიმე ლექსს, ვსაუბრობთ, გაუგებარი სიტყვების მნიშვნელობას ვუხსნით, შემდეგ რომელიმე სტროფს დაფაზე ვწერთ, ბავშვები კი პოეზიის რვეულებში იწერენ. ბოლოს კონკრეტული სტროფის შინაარსი ნახატის სახით გადააქვთ ფურცელზე.

სახლში შიო მღვიმელის ლექსების კრებული აღმოვაჩინე. ჩემი ლექტორის, ქალბატონ რუსუდან ნიშნიანიძის ხელმძღვანელობით, 2007 წელს გამოიცა და სტუდენტებს გვაჩუქა. მანვე გაგვაცნო პოეტის ქალიშვილი, ქეთევან ქუჩუკაშვილი – ღრმად მოხუცებული  იჯდა წიგნებით გადავსებულ ოთახში და გვიამბობდა თავისი ცხოვრების შესახებ.

გადავწყვიტე, შიო მღვიმელის პოეზია ჩემს მოსწავლეებთან ერთად უფრო კარგად გამეცნო. პირველივე ლექსმა დაუვიწყარი ამბები დაატრიალა. „ნაძვები“ ხუთ და-ძმაზეა, რომელთაც დედა ერთ ტყის ფერდობზე ნებივრად ზრდის და აყვარებს სამყაროს. ჰარმონიას ადამიანი არღვევს ცულითა და წალდით. აკაფულ და-ძმებს ქალაქში წაიყვანს, სადაც  საახალწლოდ ტკბილეულს და სათამაშოებს გამოიბამენ.

ბავშვებმა შესაშური გულისხმიერებით იმსჯელეს ხეების მნიშვნელობაზე, რამდენიმე დღის მოჭრილ ნაძვებზე. ერთ-ერთი სტროფის ირგვლივ მრავალფეროვანი ნახატებიც შექმნეს. 7 წლის მართას შთაბეჭდილებები სახლში გაუყოლებია და მშობლებისთვის შიო მღვიმელის ლექსების კრებულის ყიდვა უთხოვია. მართას მამას წიგნის მაღაზიაში რომ ვერ უპოვია, ძებნა ბუკინისტებთან გაუგრძელებია და იქ უყიდია, თუმცა, ლექსი, რომელმაც პატარა მართას ოჯახში შიო მღვიმელი აქტუალური გახადა, იმ კრებულში არ აღმოჩენილა.

შიომ მღვიმელის ლექსები XXI საუკუნის ბავშვებმა ძალიან შეიყვარეს. მისმა ჰუმანურმა, სიკეთით სავსე ლექსებმა, ლამაზმა სიტყვებმა, ასახულმა სამყაროს მშვენიერებამ პატარა ადამიანების გულებამდე ადვილად გაიკვლია გზა.

 

რამდენიმე რჩევა:

  • შეიძლება იფიქროთ, ოთხი რვეული მეორეკლასელებს თავგზას აუბნევსო, მაგრამ პირიქით, მალე გაიწაფებიან და ერთ გაკვეთილზე მიზნის შესაბამისად შესაძლებელი ხდება გამოვიყენოთ სიტყვის კონაც, საშინაო/საკლასო დავალების, პოეზიის რვეული. მწერლის რვეულის ჩანაწერებით კი დღის ბოლოს დავტკბეთ და განმავითარებელი კომენტარებით მიმოწერაც გავაბათ;
  • ამგვარად სწავლობენ რამდენიმესაფეხურიანი ინსტრუქციის შესრულებას. ეს არის უნარი, რომლის განსავითარებლად მიზანმიმართული მუშაობაა საჭირო;
  • რვეულის ყდას ვაფორმებთ და შესაბამის სათაურს ვაწერთ;
  • ოთხი რვეულის მეთოდი არა მარტო დაწყებით საფეხურზე, არამედ ზედა კლასებშიც შეიძლება დავნერგოთ;
  • ოთხმა რვეულმა ჩემს მეორე კლასში წერითი აქტივობებისადმი ყურადღება გაზარდა და პროცესში ყველა მოსწავლე ჩართო.

როგორც წერილის დასაწყისში აღვნიშნე, ხათუნა მასწავლებელი კითხვის ეფექტური მეთოდების სასწავლო ვიდეორგოლებიდან აღმოვაჩინე და შევიყვარე. მაშინ ვერასდროს წარმოვიდგენდი, ერთ სივრცეში თუ მოგვიწევდა მუშაობა, თუმცა, კიდევ უფრო წარმოუდგენელი რამ მოხდა: დეკრეტულ შვებულებაში გასვლის შემდეგ ჩემს მოსწავლეებთან მუშაობა ხათუნა მასწავლებელმა გააგრძელა. ახლა წერილებს აწერინებს ჩემთვის ბავშვებს და სათუთად შეკოწიწებულს სახლში მიგზავნის. წერილებს ოთხ რვეულში მუშაობის კვალი ატყვია. ერთ-ერთი მათგანი ასე მთავრდება:

„ლელა მას, როგორ ფიქრობთ, დაგვიბრუნდებით?“

სათითაოდ უნდა მივწერო და პასუხები ფოსტით გავუგზავნო.

 

თქვენ კი ფოტოებს გიტოვებთ, რათა უფრო ადვილად აღსაქმელი გახდეს ოთხი რვეულის მეთოდი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი