პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ნეიროპედაგოგიკა სწავლების არსებული მეთოდების ვალიდაცია და ახალი მიდგომების დანერგვის პერსპექტივები

ნეიროფსიქოლოგიის სფეროში ტვინის ფუნქციისა და სტრუქტურის თანამედროვე კვლევების საფუძველზე სასწავლო მიდგომების შემუშავების ერთ-ერთი ცენტრალური მიმართულება ტვინის განვითარების ეტაპების შესაბამისი მეთოდების სწავლებაში ეფექტურად გამოყენებას, იგივე ნეიროპედაგოგიკის დანერგვას მოიცავს. ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევების ანალიზმა აჩვენა, რომ ბევრი თანამედროვე სასწავლო მიდგომა, მეთოდი თუ ტექნიკა შეესაბამება ნეიროპედაგოგიკის პრინციპებს, თუმცა არსებობს საჭიროებებიც, რომლებიც დამატებით კვლევას ან კვლევის არსებული შედეგების სასწავლო კონტექსტში გადმოტანას მოითხოვს. 
თანამედროვე სამყაროში ინფორმაციული ტექნოლოგიების ხშირი გამოყენების და ასევე, ბავშვის სოციალური გარემოს მკვეთრი ცვლილებების ფონზე ბავშვის ტვინის განვითარების პროცესში გარკვეული ცვლილებები შეიძლება აღინიშნოს, რაც სწავლა-სწავლების პროცესშიც უნდა აისახოს. ამასათან, ნეირობიოლოგების მიერ ტვინის განვითარების დინამიკის შესწავლამ აჩვენა, რომ ემოციები კოგნიტური განვითარების თანამდევი მოვლენაა და ფუნდამენტურ როლს ასრულებს ადამიანის მოტივაციის, თვითშეფასების, გადაწყვეტილებების მიღების და სწავლის უნარების განვითარებაში (Antonio Damasio and Joeph Ledoux, 2001). ამდენად, განათლების სისტემა და სწავლების მეთოდები არა მხოლოდ ინტელექტის განვითარებაზე უნდა იყოს ფოკუსირებული, არამედ მოზარდის ინტელექტუალურ და ემოციურ განვითარებაზეც, რადგან პიროვნების წარმატებული განვითარებისთვის ინტელექტისა და ემოციის დაბალანსებული და შერწყმული  გამოყენება უაღრესად მნიშვნელოვანია.
ზემოაღნიშნული საჭიროებების გათვალისწინებით, ნეიროპედაგოგიკა შეიძლება განვიხილოთ, როგორც პარადიგმული ცვლილება საგანმანათლებლო მიდგომებში, სადაც სწავლა-სწავლების ეფექტურობა სამ ჭრილში განიხილება: 1) მეთოდების შეჩევა, რომლებიც ტვინის განვითარების ეტაპის და ტვინის ფუნქციის შესაბამისია, 2) ტვინის განვითარების ცოდნა და ხელშეწყობა სასწავლო პროცესში და 3) მოსწავლის ემოციური განვითარების უზრუნველყოფა. 
ნეირობიოლოგიური კვლევების დასკვნა, რომ ტვინი მხოლოდ გონი არ არის, არამედ გონებისა და ემოციის კომბინაციაა, განათლების სრულებით ახალი პარადიგმის შემუშავების საჭიროებას ქმნის და სწავლების სფეროში მოღვაწე პირებს, მათ შორის მშობლებს და მოსწავლეებს, განსხვავებული გამოწვევების წინაშე აყენებს. 
სწავლებაში ემოციის როლი და მნიშვნელობა შესწავლილი ჯერ არ არის, თუმცა ნეიროპედაგოგიკაში ემოცია მიიჩნევა სწავლისა და მეხსიერების გაუმჯობესების მექანიზმად, ემოციების პოზიტიური აქტივიზაციის გზით, და არა გრძნობად, რომელიც უნდა დავთრგუნოთ და გავაკონტროლოთ, როგორც ამას ძველი ბერძნები ან სწავლების ტრადიციული მეთოდები ქადაგებდნენ.  
როგორც თანამედროვე მკვლევარი დამასიო (Damascio) აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან განვასხვავოთ ემოციები და შეგრძნებები. მისი შეხედულებით, ემოციები ინსტინქტური და ინტუიციურია, ხოლო გრძნობები/შეგრძნებები _ შეძენილი და გააზრებული, ადამიანის მეხსიერებაზე, ცოდნასა და პიროვნულ იდენტობაზე დამოკიდებული. განსხვავება რომ უფრო მარტივი დასანახი იყოს, რამდენიმე მაგალითი განვიხილოთ. დადებითი შეფასებით და მოსწავლის წახალისებით მასწავლებელი უზრუნველყოფს ემოციის პოზიტიურ აქტივიზაციას, დადებითი საკლასო კლიმატის შექმნას, თითოეული მოსწავლისთვის შესაბამისი ინტელექტუალური გამოწვევის შეთავაზებას და ტვინის რესურსის ეფექტურად გამოყენებას. საპირისპირო მაგალითის სახით შეიძლება მოვიყვანოთ სწავლების პროცესისთვის ასევე უაღრესად მნიშვნელოვანი სამართლიანი შეფასების პრინციპი. დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებში ზოგჯერ რთულია, გაავლო ზღვარი სამართლიან და ნეგატიურ შეფასებებს შორის. აღსანიშნავია, რომ ტვინის ფუნქციაზე დაფუძნებული სწავლების პრინციპების თანახმად, ნეგატიურმა შეფასებამ შესაძლოა გამოიწვიოს გარკვეული სტრესი მოსწავლეში, რაც ნეიროფსიქოლოგიის უტყუარი დასკვნების თანახმად, ბლოკავს მოსწავლის უნარს, მიიღოს, დაამუშაოს და გააანალიზოს ინფორმაცია. სტრესის გავლენით მოსწავლეს უვითარდება ნეგატიური ემოციური რეაქციები, მათ შორის აგრესია, ნიჰილიზმი, სწავლისგან დისტანცირება. ამდენად, დაბალი შეფასება მხოლოდ ინდივიდუალურად უნდა განიხილებოდეს და მოსწავლის ძლიერი მხარეებისა და პოტენციალის რეალიზებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.  
ამერიკელი მასწავლებელი და “ჯენსენ ლერნინგ” კორპორაციის ფუძემდებელი ერიკ ჯენსენი, ნეიროსამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით, მასწავლებლებს მოუწოდებს, ემოციები სწავლის განუყოფელ ნაწილად აქციონ; გამოიყენონ დრამატურგია, ხელოვნება, პირადი ისტორიები, თამაშები, ჩანახატები, ასევე, ფიზიკური რიტუალები, როგორიცაა მუსიკის თანხლებით მოძრაობის და სხვადასხვა დავალების შესრულება. მისი შეფასებით, შემეცნებისა და აზროვნების გათავისუფლება ემოციებისგან ადამიანის ტვინის არაბუნებრივი მდგომარეობაა და ამდენად, ემოციების სწორად მართვა და გამოყენება უფრო მართებულია, ვიდრე მათი დათრგუნვა. ჯენსენის აზრით, ემოციური უნარები საბაზისო უნარებია და ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კითხვითი და მათემატიკური უნარები. 
ნეიროპედაგოგიკის პრინციპების გამოყენებით მოსწავლის ემოციურ განვითარებაზე კიდევ ბევრი შეიძლება ითქვას, მათ შორის ის, რომ ბავშვის განვითარების მართვა, ემოციური თვალსაზრისით, ჩვილობის ასაკიდანვეა აუცილებელი. ახლა კი ნეიროპედაგოგიკის მეორე პრინციპის განხილვაზე გადავალ და ვისაუბრებ იმაზე, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ნეიროსამეცნიერო კვლევების შედეგები მოსწავლეებში საკუთარი თავის მართვის, თვითკონტროლის, რეფლექსიის უზრუნველსაყოფად, და შესაბამისად, ტვინის და შემეცნების შემდგომი განვითარებისთვის.
როგორც აღვნიშნეთ, ტვინის განვითარება ემოციის იმპულსების თვალსაზრისით ჯერ კიდევ ჩვილობის ასაკიდან იწყება. 2011 წლის საგანმანათლებლო სამიტზე NBC News-მა გაამჟღავნა კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც ბავშვის ტვინი დაბადებიდან 2000 დღის განმავლობაში ყველაზე სწრაფად ვითარდება. სხვადასხვა კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დაბადებიდან პირველი 1000-2000 დღის განმავლობაში მიღებულმა გამოცდილებამ ბავშვის შემდგომი განვითარებისას მის აკადემიურ მოსწრებაში 25%-იანი ცვლილება შეიძლება მოგვცეს. სკოლაში შესვლისას მოსწავლეთა ემოციური უმწიფრობა დისციპლინის პრობლემებს და კოგნიტური უნარების განვითარებაში დაბრკოლებებს იწვევს. ამდენად, თუ სკოლა არ აიღებს გარკვეულ პასუხისმგებლობას ბავშვების ემოციურ ზრდასა და ისეთი უნარების განვითარებაზე, როგორიცაა თანამშრომლობა, ნდობა, სირცხვილი, თავმდაბლობა, მოთმინება, პატიება, თანაგრძნობა და ა.შ., მოსწავლეები განაგრძობენ ქცევით დარღვევებს, ინსტრუქციების მოსმენის დროს ამჟღავნებენ დაბნეულობას, მასწავლებლის მიმართ უპატივცემულო ქცევას და ა.შ. 
ნეიროპედაგოგიკა გვირჩევს, მოსწავლეებს მივაწოდოთ ინფორმაცია ტვინის ფუნქციონირების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მათში საკუთარი თავის მართვის, თვითკონტროლის და რეფლექსიის უნარების განვითარებას; ასევე, სწავლის სტრატეგიების გააზრებულად გამოყენებას. სასურველია, მოსწავლეებს შევასწავლოთ ისეთი უნარების განვითარების სტრატეგიები, როგორიცაა ყურადღების კონცენტრაციის, ინფორმაციის დამახსოვრების და დამუშავების უნარები. 
ტვინის განვითარების ხელშემწყობი კიდევ ერთი მიდგომა ნეიროპედაგოგიკაში არის სიახლეზე ორიენტაცია. ტვინი სწრაფად ამოიცნობს ახალ/უცნობ ინფორმაციას, რომელიც წინარე ცოდნისგან ან ინფორმაციისგან განსხვავდება. ახალ ინფორმაციას ტვინი დადებითი ემოციის თანხლებით აღიქვამს და შესაბამისად, მასზე მოთხოვნა მაღალია. სიურპრიზი, გაკვირვება და სიახლე ყურადღების კონცენტრაციას ზრდის. ამდენად, ნეიროპედაგოგიკაში მიღებულია სასწავლო რუტინის ცვლილება და საინტერესო სიახლეების, სიურპრიზების, გაკვირვების ემოციის შეტანა სწავლებაში სხვადასხვა გზით, მათ შორის საველე გასვლებით, დებატებით, ვიზიტორების მოწვევით. 
ტვინის ფუნქციის განვითარებას ასევე ხელს უწყობს ხელოვნების შემსწავლელი პროგრამები და ფიზიკური აქტივობა. ხელოვნების პროგრამები მოსწავლეს ცნობისმოყვარეობას უვითარებს და აქტიურ ჩართულობას უზრუნველყოფს. ნეიროფსიქოლოგები ვარაუდობენ, რომ ხელოვნების სწავლება ავითარებს მოსწავლის მიერ ინტელექტუალური რისკების გაწევის და ექსპერიმენტების ჩატარების პოტენციალსაც. ფიზიკური ვარჯიში ტვინის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში დანერგილი იყოს ინკლუზიური ფიზიკური აღზრდის პროგრამა. ტვინის განვითარებისთვის ვარჯიშის გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხიბლი ისიცაა, რომ მისი დაგეგმვა და განხორციელება მშობლებსაც შეუძლიათ ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო პირობებში. 
სწავლა-სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია ტვინის მეტაკოგნიტური განვითარების ხელშეწყობაც. სასწავლო გეგმა, რომელიც შემოქმედებითი და ალტერნატიული მრავალმხრივი აზროვნების და კრიტიკული ანალიზის ინტეგრირებას ახორციელებს, ტვინის მეტაკოგნიტურ განვითარებას უზრუნველყოფს. ტვინის განვითარების სხვა მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორებია ჯანსაღი კვება, დიდი რაოდენობით წყლის მიღება და “მოცარტის ეფექტი”, ანუ მუსიკის გამოყენება სწავლის დროს.
ტვინის ფუნქციაზე დაფუძნებული სწავლება საგანმანათლებლო მეცნიერების ახალი მიმართულებაა, რომელიც დღითიდღე ვითარდება და სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ჰარვარდის უნივერსიტეტს უკვე აქვს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ამ სფეროში. არსებობს მრავალი სამეცნიერო ჟურნალი და ორგანიზაცია, რომელიც კვლევებზე, კონცეფციებზე, მიდგომებზე მუშაობს და ამ მიმართულებით საგანმანათლებლო განხილვებში მონაწილეობს. 
ნეიროპედაგოგიკაში მნიშვნელოვანია სწავლის ხარისხის განმსაზღვრელი სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინება. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სტრესის, შიშის, მღელვარების ფონზე ბავშვი ვერ სწავლობს, რადგან ამიგდალა (ტვინის ნაწილი, რომელიც ემოციებს ამუშავებს) ზემოაღნიშნულ საფრთხეებს ინფორმაციის დაბლოკვით პასუხობს. ნეიროპედაგოგიკაში რეკომენდებულია დილის შეხვედრების, განმავითარებელი დისციპლინის სისტემის, მოსწავლეთა ლიდერების გუნდების შექმნა ჯანსაღი სასწავლო კლიმატის უზრუნველსაყოფად. ასევე, მნიშვნელოვანია, მოსწავლეს შევასწავლოთ სტრესთან გამკლავების მეთოდები, რადგან რეალობა ისაა, რომ მიუხედავად იმისა, მასწავლებლები გაითვალისწინებენ თუ არა ნეიროპედაგოგიკის პრინციპს უსაფრთხო სასწავლო კლიმატის თაობაზე, ბავშვების 30-50% საშუალო ან დიდი დოზით განიცდის სტრესს ყოველდღიურად. სტრესის წყარო ბავშვისთვის შეიძლება იყოს თანატოლებთან ურთიერთობაც. ამდენად, ეცადეთ, ხელი შეუწყოთ ჯანსაღი სამუშაო თუ სოციალური ჯგუფების ფორმირებას კლასში, რაც, ერთი მხრივ, განაპირობებს დადებითი გარემოს შექმნას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელს უწყობს მოსწავლეებში სასიცოცხლო და ემოციის მართვის უნარების განვითარებას. 
ტვინის ფუნქციაზე ან ტვინის განვითარებაზე დაფუძნებული სწავლების მიდგომები მდიდარ სამეცნიერო მასალას ეფუძნება ნევროლოგიიდან, ფსიქოლოგიიდან, ტექნოლოგიების განვითარებიდან და სხვა მეცნიერებებიდან. დღეისთვის ნეიროპედაგოგიკაში განარჩევენ სწავლების მაკრო და მიკრო სტრატეგიებს. რეკომენდებული სასწავლო აქტივობები კი მოსწავლეებისთვის რელევანტური, სიახლის შემცველი, მულტისენსორული, სირთულის მართებული დოზის შემცველი სასწავლო პროცედურებია (მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ www.edutopia.og). 
ნეიროპედაგოგოკის მთავარი პრინციპია სწავლების ეკლექტური მეთოდების და ტექნიკის გამოყენება. რეკომენდებულია ისეთი მეთოდების კომბინირება, როგორიცაა გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლება, შესაძლებლობების მაქსიმალიზაციაზე დაფუძნებული სწავლება, სწავლის სხვადასხვა სტილის სწავლება, მრავალმხრივი ინტელექტის მიდგომა, პრაქტიკული სიმულაციები, თანამშრომლობითი სწავლება, დიფერენცირებული სწავლება, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება, კინესტეტიკური სწავლება. 
და ბოლოს, სწავლების უკვე ცნობილი და გავრცელებული მეთოდებიდან ნეიროპედაგოგიკაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სკაფოლდინგს და ინფორმაციის დანაწევრებას. ცნობილია, რომ ბავშვის ყურადღების კონცენტრაციის ხანგრძლივობა მისი ასაკის შესაბამისია. ამდენად, გასათვალისწინებელია, რომ თუ მე-10-მე-12 კლასების მოსწავლეებს შეგვიძლია ახალი ინფორმაცია მივაწოდოთ გაბმულად 15-17 წუთის განმავლობაში, მე-5-მე-6 კლასების მოსწავლეებთან ინფორმაციის გაბმული პრეზენტაცია 10-11 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. სკაფოლდინგი ინფორმაციის დანაწევრების და დამუშავების ეფექტურ მეთოდად მიიჩნევა. აღნიშნული მეთოდით, ჩვენ შევძლებთ ახალი ინფორმაცია “სამუშაო მეხსიერებიდან” “გრძელვადიან მეხსიერებაში” გადავიტანოთ. 
ტვინის ფუნქციაზე დაფუძნებული სწვალების ექსპერტი მარილი სპრენგერი სკაფოლდინგის შვიდსაფეხურიან პროცესს გვთავაზობს: 1. ყურადღების მოზიდვა, იგივე მოტივაცია; 2. გააზრება, იგივე წინარე ცოდნის ან გამოცდილების გააქტიურება; 3. კოდირება, ანუ მიღებული ინფორმაციის მოსწავლის მიერ გადმოცემა; 4. გამყარება, იგივე პრაქტიკა და შეფასების/შესწორებების გაზიარება; 5. დამუშავება, ანუ ინფორმაციის მრავალმხრივად გააზრება დამატებითი აქტივობების მეშვეობით; 6. გამეორება განმავითარებელი ტესტების, წერითი დავალებების, განხილვის, გათამაშების გამოყენებით და 7. გამოკითხვა, მათ შორის მოსწავლეების მიერ გამოკითხვის ფასილიტაცია ან მათ მიერ შედგენილი ტესტების გამოყენება შეფასების მიზნით. 
წერილში მოკლედ არის მიმოხილული ნეიროპედაგოგიკის სამი ძირითადი პრინციპი. საინტერესოა, რომ ტვინზე დაფუძნებული სწავლება დინამიკურად განვითარებადი მიმართულებაა, რომელიც, სავარაუდოდ, კიდევ მრავალ სიახლეს მოგვიტანს მომავალში როგორც მასწავლებლებს, ისე მოსწავლეებს და მშობლებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი