შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

თალ ბენ-შახარისასარგებლოა თუ არა ბავშვის კონტროლი

რით არის საშიში ქება და კრიტიკა
პერფექციონისტებად არ იბადებიან – ასეთები ხდებიან სკოლასა და ოჯახში, სადაც არავინ გაძლევს შეცდომის უფლებას და შენ ირგვლივ მყოფმა ზრდასრულმა ადამიანებმა ყოველთვის ყველაზე უკეთ იციან, როგორ მოიქცნენ, – ამგვარი დასკვნა გამოაქვს თალ ბენ-შახარს თავის ცნობილ წიგნში „პერფექციონისტის პარადოქსი”.
ღარიბი მდიდრები
განსაზღვრული პარადოქსები, რომლებსაც შეიძლება წავაწყდეთ მდიდარი ოჯახებიდან გამოსულ მოსწავლეებთან, კარგი გაკვეთილია, საზოგადოდ, განათლებასთან მიმართებით. მატერიალურად უზრუნველყოფილი ბავშვები ხშირად შინაგანად ღარიბდებიან. სტატისტიკურად ისინი უფრო მეტად არიან მიდრეკილი მსუბუქი ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის გამოყენებისკენ, დეპრესიისკენ. ფსიქოლოგმა სუნია ლუტარმა კოლეგებთან ერთად გამოიკვლია ე.წ. ღარიბი მდიდრების ფენომენი და გამოავლინა ორი მთავარი ფაქტორი, რომლებიც ამას განაპირობებს: წარმატების აუცილებლობა და იზოლაციის განცდა, – ხოლო თანმხლები ფაქტორი, რომელსაც გაკვრით განიხილავს ლუტარი, არის მშობლებისა და მასწავლებლების ზედმეტი ჩართულობა ამ ბავშვების ცხოვრებაში.

მდიდარი მშობლები შვილებს ხშირად გზავნიან კერძო ან საუკეთესო სახელმწიფო სკოლებში, რომლებიც აკადემიურ წარმატებაზე არიან კონცენტრირებული და საუკეთესო მოსწავლეთა სიებსაც კი აწარმოებენ. მერე ისინი პრესტიჟულ სასწავლო დაწესებულებებში აბარებენ.

ამრიგად, ასეთი ბავშვები განიცდიან ძლიერ წნეხს, რომელიც მათ კარგად სწავლას აიძულებს. ამ წრეში არცთუ დიდი ყურადღება ეთმობა სწავლისგან სიამოვნების მიღებას და საკუთარ შეცდომებზე სწავლას. ცხადია, ეს არის უმოკლესი გზა მიზნის მისაღწევად. ისმის კითხვა: რომელი მოსწავლე უფრო ადვილად ჩააბარებს პრესტიჟულ უნივერსიტეტში – ის, ვინც თავისით მოქმედებას ცდილობდა და ამის გამო ხშირად ხელიც  მოსცარვია, ის, ვინც ცდილობდა გაეგო, რა აინტერესებდა სინამდვილეში თუ ის, ვისაც მხოლოდ უმწიკვლო ატესტატი აქვს? უნივერსიტეტები ამ უკანასკნელთ იშვიათად ამჯობინებენ – მათთვის ხომ გაზომვადი შედეგია მნიშვნელოვანი.

მაგრამ მხოლოდ ბავშვები როდი განიცდიან ასეთ წნეხს – ნაწილობრივ ასეთივე აღზრდის პროდუქტები არიან მათი მშობლებიც, რომლებიც დროის უმეტეს ნაწილს სამუშაოს უთმობენ და ხშირად – იძულებით.

ამგვარ მშობლებს ცოტა დრო და ენერგია რჩებათ შვილებისთვის, რის გამოც ეს უკანასკნელნი თავს მარტოსულებად გრძნობენ. მშობლების მხარდაჭერას მოკლებული ასეთი ბავშვები ნაკლებად მომზადებული ხვდებიან სტრესის მომგვრელ სიტუაციებს და თანატოლებთან ურთიერთობის სირთულეებს.

კრიტიკა და ქება – ერთიც ცუდია და მეორეც

შესაძლოა, ასევე საზიანო აღმოჩნდეს მშობლების მხრივ ბავშვის ცხოვრებაში ზედმეტი მონაწილეობა. თუ, მაგალითად, გოგონა განუწყვეტელი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, მის ყოველ ნაბიჯს აკრიტიკებენ და გამუდმებით აძლევენ მითითებებს, მსითვის ერთადერთ გამოსავლად იქცევა მოკლე და მოხერხებული გზა, ანუ საქმის მიფუჩეჩება – აი, ეს არის გაკვეთილი, რომელსაც გოგონა იღებს. მშობლის მხრივ ამ გზიდან არავითარი გადახვევა არ დაიშვება. დროთა განმავლობაში ბავშვში იღვიძებს ხმა, რომელიც მის ყოველ ნაბიჯს აკრიტიკებს და გოგონას ის მაშინაც კი ჩაესმის, როდესაც მშობლები გვერდით არ ჰყავს.

ხშირად მშობლები და მასწავლებლები ცდილობენ, მკაფიო მითითებებით დააჩქარონ ბავშვის განვითარება. ბოლოს და ბოლოს, რატომ არ შეიძლება, მშობელი, რომელიც შვილზე გამოცდილია, ამ უკანასკნელს შეცდომების თავიდან აცილებაში დაეხმაროს? მაგრამ ხშირად ეს სრულიად ზედმეტია. ბავშვებს აუცილებლად უნდა დავრთოთ მათთვის უცნობ სამყაროში დამოუკიდებლად შესვლის ნება, მაშინაც კი, როდესაც ჩიხი გარდაუვალია. პერფექციონისტული მიდრეკილებების მქონე მშობლებს უჭირთ, თავი დაანებონ შვილის ყოველი ნაბიჯის კონტროლს, ამგვარი მოპყრობა კი ბავშვის განვითარებას აფერხებს. ვიდრე ბავშვი უსაფრთხო გარემოშია, მას უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს საკუთარი, თუნდაც არასრულყოფილი გადაწყვეტილებები, განიცადოს მარცხის სიმწარე, შემეცნების სიხარული და წარმატებით გამოწვეული ბედნიერება.

ზედმეტი ქება ისევე ვნებს ბავშვს, როგორიც ზედმეტი კრიტიკა. ფსიქოლოგთა რჩევით, ზოგიერთი მშობელი ცდილობს, დაეხმაროს შვილს დადებითი განწყობის შენარჩუნებაში, როდესაც ის სწორად იქცევა. მაგრამ ბავშვის ცხოვრებაში ისეთი მომენტებიც უნდა იყოს, როდესაც მას არც კრიტიკა ესმის და არც ქება. არ აქვს მნიშვნელობა, ამ დროს ის სწავლით არის დაკავებული თუ უბრალოდ ერთობა.

ლუტარმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ ალკოჰოლისა და მსუბუქი ნარკოტიკისებისადმი სწრაფვის, ასევე სტრესების ძირითადი მიზეზი სოციალურად უზრუნველყოფილ მოსწავლეებში – როგორც გოგონებში, ისე ვაჟებშიც –  იყო „მშობლების მკაფიო კრიტიკა და სკოლის მიღმა მეთვალყურეობის არარსებობა”. ერთი მხრივ, მშობლების უმეტესობა შვილების ცხოვრებაში დღეს აშკარად არასაკმარისად მონაწილეობს; მეორე მხრივ, იმ მცირე ხნის განმავლობაში, რომელსაც მშობლები შვილებთან ატარებენ, ისინი იჩენენ ზედმეტ მზრუნველობასა და შეშფოთებას, ზომაზე მეტად ცდილობენ შვილების ცხოვრებაში ჩარევას, ამას კი არცთუ პოზიტიურ შედეგებამდე მივყავართ.

ბავშვობიდან პერფექციონისტები?

გამოკვლევამ, რომელიც ჩატარდა ოჯახში, სადაც უფროსი შვილები ჰყავთ, კვლევის ავტორებს დამატებითი წარმოდგენა შეუქმნა ზედმეტ ყურადღებასა და ყურადღების დეფიციტს შორის არსებულ ოქროს შუალედზე. უფროს შვილს, დიდი ალბათობით, ნიჭიერად მიიჩნევენ და მართლაც, სტუდენტების განუზომლად დიდი წილი პრესტიჟულ უნივერსიტეტებში უფროსი შვილია. ეს ნაწილობრივ იმითაც არსი განპირობებული, რომ უფროს შვილებს მშობლები მეტ დროსა და ყურადღებას უთმობენ.

თუმცა სავსებით შესაძლებელია ისიც, და-ძმისგან განსხვავებით, უფროსი შვილი პერფექციონისტად იქცეს. ნაწილობრივ იმიტომ, რომ მას ცხოვრებაში მშობელთა კრიტიკისგან თავისუფალი სულ უფრო ნაკლები დრო აქვს. უნდა ითქვას, რომ მშობლების უყურადღებობას ვერ გაამართლებს შვილისთვის სამანევრო სივრცის მიცემის აუცილებლობა. თუ ოქროს შუალედის შესახებ არისტოტელეს სწავლების პერიფრაზირებას მოვახდენთ, ყველაფრის თავიდათავი ის არის, რომ მშობელმა შვილისადმი ინტერესი გამოხატოს სათანადო დროს, სათანადო ფორმით და სათანადო მოტივით.
რასაკვირველია, ყველა მშობელმა იცის, რომ ასეთი რჩევების მიცემა ადვილია, შესრულება კი ძნელი. ოქროს შუალედის პრაქტიკაში განხორციელების მარტივ მაგალითს ვიპოვით, მაგალითად, მონტესორის სკოლებში. საკლასო მეცადინეობის მიზანი, მონტესორის მეთოდიკის მიხედვით, მოსწავლეებისთვის „სტრუქტურირებულ გარემოში თავისუფლების სულის გაღვივებაა”. ინტერესის ნაკლებობა – ეს არის თავისუფლება, რომელსაც სტრუქტურა და საზღვარი არ გააჩნია; ზედმეტი ინტერესი კი სტრუქტურა ანუ საზღვრებია, რომელთა შიგნით თავისუფლება არ არის.

მონტესორის სკოლებში მასწავლებლის მიერ მოსწავლის საქმიანობაში ჩარევა მინიმუმამდეა დაყვანილი. მასწავლებელი უბრალოდ ქმნის უსაფრთხო გარემოს, რომელიც შეესატყვისება ბავშვის ასაკს. ასეთ გარემოში ბავშვს სრული თავისუფლება ენიჭება.

მიხეილ ჩიკსენთმიჰეიმ კევინ რატუნდთან ერთად განახორციელა კვლევა, რომელშიც ტრადიციული სკოლები მონტესორის სკოლებთან არის შედარებული. მათი დასკვნის თანახმად, ერთ-ერთი მთავარი განსხვავება ის გახლავთ, რომ ტრადიციული სკოლების მოსწავლეები დროის უდიდეს ნაწილს ატარებენ გაკვეთილის მოსმენასა და ჩაწერაში, ანუ დაკავებული არიან ე.წ. მაღალსტრუქტურირებული საქმიანობით, მონტესორის სკოლის მოსწავლეები კი, პირიქით, უმეტეს დროს ხარჯავენ დამოუკიდებელ პროექტებში, რომლებსაც ინდივიდუალური ან ჯგუფური ხასიათი აქვს. ამ სახის საქმიანობა გულისხმობს თავისუფლებისა და ორგანიზებულობის შერწყმას. შემთხვევითი არ არის, რომ მონტესორის სკოლის მოსწავლეები მეტად კეთილგანწყობილნი არიან თანაკლასელების, მასწავლებლებისა და, საზოგადოდ, სკოლის მიმართ. ისინი უფრო აქტიურად მონაწილეობენ სასკოლო ღონისძიებებში, უფრო ენერგიულები არიან და შინაგანი მოტივაციის მაღალ დონეს წარმოაჩენენ.

ახლა კი დავფიქრდეთ: ვუქმნით თუ არა სწავლისთვის ხელსაყრელ გარემოს ბავშვებს? გარემოს, რომელშიც, ერთი მხრივ, სულ უფრო ნაკლებად ისმის ჩვენი, უფროსების კრიტიკა მათი მისამართით, მეორე მხრივ კი ბავშვის ცხოვრებაში ზომიერად ვერევით?

წიგნიდან „პერფექციონისტის პარადოქსი”

თარგმნა დავით თინიკაშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი