შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

„ესტაფეტა“

მასწავლებლის გამოცდილება

სასწავლო პროცესის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ინტერაქტიული სწავლება, რაც გულისხმობს მოსწავლეებისთვის სასიამოვნო და ხალისიანი განწყობის შექმნას და გაკვეთილის მსვლელობაში აქტიურად ჩართვას სასწავლო მიზნების მისაღწევად. მოსწავლეები ერთმანეთისგან განსხვავდებიან შესაძლებლობებით, აღქმის ტემპით, სწავლის სტილით, ამიტომ აუცილებელია სასწავლო პრაქტიკის მრავალფეროვნება, ხერხების, მეთოდების მონაცვლეობა.

ყველა მასწავლებელმა კარგად იცის, რა დიდი მნიშვნელობა აქვს თანატოლებისგან სწავლის პრინციპის გამოყენებას განათლების თანამედროვე სისტემებში. დ. პერკინსის აზრით, ბავშვებს, ისევე როგორც ზრდასრულებს, ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ ერთმანეთისგან და მასწავლებლის ვალია, ზედმიწევნით შეუწყოს ხელი ამ ბუნებრივი პროცესის ეფექტურ განხორციელებას.

 

წარმოგიდგენთ ჩემ მიერ დანერგილ სასწავლო მეთოდს, რომელსაც ჩემმა მოსწავლეებმა „ესტაფეტა” დაარქვეს. ეს არის მეთოდი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ ყველა მიმართულების საგნის სწავლების დროს. იგი ხელს უწყობს მოსწავლეებს, გაიგონ მიწოდებული ინფორმაციის შინაარსი და ეფექტურად დაუკავშირონ ის მანამდე მიღებულ ცოდნას.

 

მეთოდის არსი ასეთია: თითოეული მოსწავლე გაკვეთილიდან რიგრიგობით წარმოთქვამს თითო წინადადებას. მომდევნომ წინას ნათქვამი არ უნდა გაიმეოროს.ყოველი ახალი წინადადება აზრობრივად გამართული უნდა იყოს და ებმოდეს წინას. არ შეიძლება პასუხზე 15-20 წამზე მეტხანს ფიქრი. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსწავლე თამაშს გამოეთიშება და თხრობას მომდევნო გააგრძელებს. შეიძლება თემის შესახებ საკუთარი მოსაზრების, ვარაუდის გამოთქმა, მის მიზეზებზე საუბარი, მისი დაკავშირება ნაცნობ, მსგავს ან განსხვავებულ მაგალითებთან, არგუმენტების მოყვანა, მოვლენის, ფაქტის შეფასება. მოსწავლეები პასუხობენ ადგილიდან, ფეხზე აუდგომლად. თამაშში რჩება ჯერ 3 ნახევარფინალისტი, შემდეგ – 2 ფინალისტი, საბოლოოდ კი ვლინდება ერთი გამარჯვებული, რომელსაც კლასი – აპლოდისმენტებით, ხოლო მასწავლებელი მაღალი ქულით აჯილდოებს.

 

გამოკითხვის მეთოდი „ესტაფეტა” ყველა მოსწავლეს აძლევს თავისი შესაძლებლობების გამომჟღავნების საშუალებას. ამასთან, ზრდის მოტივაციასაც, რადგან კონკურენტული გარემო ერთ-ერთი მთავარი მასტიმულირებელი ფაქტორია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ასამაღლებლად. მოსწავლე, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობები ვერ გამოამჟღავნა, ცდილობს, თავადაც მიაღწიოს წარმატებას და მომდევნო გაკვეთილზე ლიდერი გახდეს.

 

„ესტაფეტა” საშუალებას იძლევა, მოკლე ხანში გამოიკითხოს მთელი კლასი, შემოწმდეს და შეფასდეს ყველა მოსწავლე. მისი მეშვეობით მასწავლებელი ახერხებს, თავისუფლად მართოს რეგლამენტი და საკმარისი დრო დაიტოვოს ახალი მასალის ასახსნელად. სხვაგვარად გაკვეთილზე 28-30 მოსწავლის შეფასება წარმოუდგენელია.

 

„ესტაფეტა” ზრდის მოსწავლეთა მობილიზებას, ორგანიზებულობასა და ჩართულობის ხარისხს, აიძულებს მათ ყურადღების კონცენტრაციას კონკრეტულ თემაზე, რადგან თუ მოსწავლემ წინამორბედთა ნათქვამი გაიმეორა, თამაშს ეთიშება. მეთოდი მოსწავლეებს იმის გააზრებაშიც ეხმარება, როგორ შეუწყონ ხელი თავიანთ განვითარებას, როგორ მართონ საკუთარი სწავლის პროცესი.

 

ამ მეთოდით მუშაობისას მოსწავლეები მასწავლებლის მითითების გარეშე, თავად ხვდებიან შეცდომას და თავადვე უსწორებენ მეგობარს. ასეთი ჩარევა არავის სწყინს, ის ყველასათვის მისაღებია, რადგან თამაშის წესების ნაწილია. გამორიცხულია დაცინვა, სარკაზმი. მოსწავლეებს, თამაშის წესებიდან გამომდინარე, ამის არც დრო აქვთ და არც უფლება.

 

„ესტაფეტა” უვითარებს მოსწავლეებს ლოგიკურ აზროვნებას, ხელს უწყობს აზროვნების განვითარებას მაღალი სააზროვნო დონეების მიხედვით. ამგვარი გამოკითხვა მოხერხებულია ნასწავლი მასალის განმტკიცების დროს, შემაჯამებელ გაკვეთილზე, ან ჩვეულებრივი გაკვეთილის რეფლექსიის ეტაპზე. ის მოსწავლეებს ნასწავლი მასალის დამახსოვრებასთან ერთად მის მთლიანობაში აღქმასაც უადვილებს. „ესტაფეტა” ასევე შეიძლება გამოვიყენოთ გაკვეთილის დასაწყისში ახალი თემის ახსნის დროს, როცა რაიმე მასალის გახსენება და წინარე ცოდნაზე ახლის დაშენება გვინდა.

 

ამ მეთოდის წყალობით მოსწავლეები კომპლექსებისგანაც თავისუფლდებიან. ბევრს ეძნელება თხრობა. ეს განსაკუთრებით მტკივნეულია გარდატეხის ასაკში მყოფი მოსწავლეებისთვის. ხმის ტემბრი, მეტყველების მანერა ასაკთან ერთად იცვლება. მრავალი მოსწავლე, განსაკუთრებით – ვაჟები, საერთოდ უარს ამბობს საგაკვეთილო თემაზე საუბარზე. ამას ერთვის საყოველთაოდ აღიარებული სახელმძღვანელოების სირთულე. მოსწავლეებს უჭირთ ვრცელი ტექსტის გადმოცემა, მოკლე წინადადებებით თხრობის წყალობით კი ისინი თანდათან ძლევენ ბარიერს, თავისუფლდებიან კომპლექსებისგან, უჩნდებათ საკუთარი თავის რწმენა.

 

აღსანიშნავია, რომ თამაშის დასრულების შემდეგ თამაშს გამოთიშულ მოსწავლეებს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა ეუფლებათ. საზოგადოდ, ბავშვების უმრავლესობას საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს. მათ მიაჩნიათ, რომ ბევრი რამ იციან და მეტი კითხვა არ სჭირდებათ, გამოკითხვის პროცესში კი აღმოაჩენენ, რომ ვიღაცას მეტი შეუძლია, მეტი იცის და ეს ვიღაცა მათი თანატოლია, მათი მეგობარი, რომელიც იმავე პირობებში ცხოვრობს და სწავლობს, როგორშიც ისინი, იმავე წიგნით მუშაობს და იგივე მასწავლებელი ჰყავს. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ მათ ნაკლები წაიკითხეს, ნაკლები დრო დაუთმეს შესასწავლ მასალას და შედეგიც მაშინვე მოიმკეს და არა წლების შემდეგ, რაზეც მოზარდები, ჩვეულებრივ, არ ფიქრობენ; მათ კონკურენცია ვერ გაუწიეს თანატოლს.

 

„ესტაფეტა” მოსწავლეთა გარეგანი მოტივაციის ამაღლების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. თამაში აზარტულია, მარტივი და სახალისო. ასეთ გაკვეთილზე დისციპლინური პრობლემებიც ნაკლებია, მოსწავლეები ემორჩილებიან წესებს, რომლებიც მასწავლებელმა თამაშის წესებად შესთავაზა. იქმნება ატმოსფერო, სადაც სწავლა სასიამოვნო და უწყვეტი პროცესია. ამის წყალობით მოსწავლეები გაკვეთილს რუტინად აღარ აღიქვამენ. ისინი ახდენენ თავიანთი ცოდნის აქტიურ კონსტრუირებას იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მიიღეს მასწავლებლისგან, თანაკლასელებისგან. ამგვარი სწავლება გულისხმობს მოსწავლეთა დახმარებას არა მარტო სწორი პასუხის გაცემაში, არამედ საკუთარი აზრის ჩამოყალიბებაშიც. მოზარდი სწავლობს არა აბსტრაქტულად, არამედ მიღებულ ინფორმაციას უკავშირებს იმას, რაც უკვე იცის.

 

„ესტაფეტა” იმითაც არის საინტერესო, რომ წაახალისებს აქტიურ მოსმენას. ყურადღების დეფიციტი სერიოზული პრობლემაა არა მარტო ბავშვებსა და მოზარდებთან, არამედ ზრდასრულ ადამიანებთანაც კი. მოსწავლეს აქ მხოლოდ მასწავლებელი კი არ უსმენს ყურადღებით, არამედ თანაკლასელებიც. როდესაც მოზარდი გრძნობს, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია და ყურადსაღები, ის უფრო მოტივირებულია, პასუხისმგებლობიანი და, შესაბამისად, წარმატებულიც.

 

მასწავლებელი ამ მეთოდით ეხმარება მოსწავლეებს მათდამი მაღალი მოლოდინის გამართლებასა და სათანადო აკადემიური მოსწრების მიღწევაში. მოსწავლეები ფოკუსირებული არიან ერთ საკითხზე. ისინი ხვდებიან, რომ პროცესის სწორად წარმართვისთვის სახელმძღვანელო არ არის საკმარისი და ბევრ დამხმარე მასალას იყენებენ გაკვეთილის მოსამზადებლად: არასაპროგრამო ლიტერატურას, ინტერნეტს, ამხანაგისგან მიღებულ ინფორმაციას, ასევე – საკუთარ დამოკიდებულებებსა და გამოცდილებას. მეთოდი ხელს უწყობს მეტყველების რედაქტირებას, ფაქტებისა და მოვლენების ანალიზსა და შეჯამება-შეფასებას. მოსწავლეებისთვის უმნიშვნელოვანესია კრიტიკული აზროვნების განვითარება. კრიტიკული აზროვნება მოითხოვს შესაბამისი ან საუკეთესო პასუხის პოვნას, ახსნას, ლოგიკურ დასაბუთებას, შედარება-შეპირისპირებას, კანონზომიერების დანახვას, პარალელების გავლებას, კავშირების მიგნებას, ვარაუდის ფორმულირებას, „ესტაფეტა” კი სწორედ ის მეთოდია, რომელიც ყოველივე ზემოთჩამოთვლილის განმტკიცებას ემსახურება და, ამასთან, პრობლემის გადაჭრისას არასტანდარტული გზის მიგნების შესაძლებლობას იძლევა; ახასიათებს იდეების სიმრავლე, მრავალფეროვნება (მოქნილობა, საკითხის სხვადასხვა კუთხით დანახვა), სიახლე (ორიგინალობა) და გარდაქმნის უნარი (ძველი იდეების საფუძველზე ახლის შექმნა).

 

„ესტაფეტის” გამოყენებისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს ხელის შემშლელი ფაქტორებიც, ყურადღება მიაქციოს ნიუანსებს, რომლებმაც შესაძლოა დაააბრკოლოს მიზნისკენ სვლა, უპირველესად, გაითვალისწინოს რისკები, რომლებიც შესაძლოა ახლდეს თან არასწორად დაგეგმილ კონკურენტულ სწავლებას.

 

საყოველთაოდ ცნობილია, რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმაციის წარდგენა. შეუძლებელია, მოსწავლეებმა დაიმახსოვრონ მთელი ის ინფორმაცია, რომელსაც მათ მასწავლებელი აწვდის. ხშირად ტექსტშიც უძნელდებათ არსებითი ინფორმაციის ამოცნობა და მეორეხარისხოვანზე ამახვილებენ ყურადღებას. ასეთი რამ შეიძლება განმეორდეს „ესტაფეტის” მსვლელობის პროცესშიც, მაგრამ მასწავლებელს შეუძლია, მიზანმიმართულად დაეხმაროს მათ, ისე, რომ ეს ხარვეზად არ იქცეს.

 

მეთოდის გამოყენების საჭიროება უნდა შეესაბამებოდეს გაკვეთილის მიზნებს. ასევე აუცილებელია მასალის ცოდნა, დროის მართვა და სივრცის იმგვარად ორგანიზება, რომ ყველა მოსწავლეს შეეძლოს ერთმანეთის მოსმენა. ამისთვის სასურველია, მოსწავლეები წრიულად ისხდნენ, რაც ქმნის თანაბარი მონაწილეობის განცდას და სურვილს.

 

მეთოდის გაცნობისას მნიშვნელოვანია მისი თვალსაჩინო მოდელირება, რაც მოსწავლეებისთვის პროცედურის დემონსტრირებას გულისხმობს. სწავლების ამ სტრატეგიის რამდენიმეჯერ გამოყენების შემთხვევაში მოსწავლეები სწრაფად აითვისებენ თამაშს. შეიძლება, თამაშის წესები რამდენჯერმე შევახსენოთ მათ, გამოვაკრათ ოთახში ან ჩამოვუწეროთ დაფაზე. არ არის გამორიცხული, ეს ვინმეს დროის დაკარგვად მოეჩვენოს, მაგრამ აუცილებელია. მასწავლებელმა სწავლების სტრატეგიების მოსწავლეებისთვის ახსნას საკმაო ხანი უნდა დაუთმოს და არ მიიჩნიოს, რომ ეს სამუშაო მას დროს აკარგვინებს.

 

მიმაჩნია, რომ დაინტერესებული თვალი უკეთ შეამჩნევს „ესტაფეტის” დადებით და უარყოფით მხარეებს, რაც მეტად სრულყოფს მას და აქცევს მოსწავლეთათვის საყვარელ მეთოდად, რომელიც სწავლება-სწავლის პროცესს საინტერესოს, ეფექტურს და წარმატებულს გახდის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი