შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ფრენკ აისლამი, ედ ქრეგო – დამოუკიდებელი (ჩარტერული) სკოლები: ხსნა თუ წყევლა?

ინფორმაცია: ჩარტერული სკოლები/Charter Schools. ამერიკაში ე.წ. ჩარტერული სკოლები მოსწავლეებს სთავაზობენ დაწყებით და მეორეული საფეხურის განათლებას სწავლის გადასახადის გარეშე და გამოცდებს ატარებენ შტატის მიერ მანდატირებული პროგრამის მიხედვით. ეს სკოლები ნაკლებად რეგულირდებიან საჯარო სკოლებისთვის აუცილებელი წესებით, აქტებითა და რეგულაციებით და საჯარო სკოლებთან შედარებით ნაკლებ საჯარო დაფინანსებას იღებენ ერთ მოსწავლეზე. მათ მინიჭებული აქვთ არაკომერციული (არამომგებიანი) ორგანიზაციების სტატუსი და უფლებები და შეუძლიათ მიიღონ შემოწირულობები კერძო პირებისგან ან ორგანიზაციებისგან. ამ სკოლების დამაარსებლები შეიძლება იყვნენ მასწავლებლები, მშობლები ან აქტივისტები, თუმცა სკოლის განაწესს უთანხმებენ შტატის ან საგრაფოს განათლების საბჭოს. განაწესი შესაძლოა შეიქმნას არამომგებიანი ორგანიზაციების, უნივერსიტეტების ან სახელმწიფო ერთეულების მიერ. საგრაფოს, ოლქის ან შტატის განათლების განყოფილებამ ან ერთეულის საჯარო სასკოლო ადმინისტაციამ შესაძლოა კერძო კორპორაციებს, არამომგებიან ორგანიზაციებს მისცეს რამდენიმე ჩარტერული სკოლის მართვის უფლება. დღეს აშშ-ის 50 შტატიდან 41-ში არსებობს ჩარტერული სკოლები და მათთან დაკავშირებული კანონმდებლობა. პირველი ჩარტერული სკოლა შეიქმნა და დარეგისტრირდა მინესოტის შტატში 1991 წელს.

 

სტატისტიკური ინფორმაცია:

▪ აშშ-ში დაახლოებით 56 მილიონი სკოლის მოსწავლეა, რომლებიც სხვადასხვა ტიპის 132 000 სკოლაში დადიან.

▪ მოსწავლეთა 88% ტრადიციულ საჯარო, ჩარტერულ, სპეციალიზებულ (მაგნეტ) სკოლებში სწავლობს, 9% – კერძო სკოლებში, ხოლო დაახლოებით 3% განათლებას შინ იღებს.

– აშშ-ში ყოველგვარი ტიპის სკოლებში: საჯაროში, ჩარტერულში, მაგნეტ-სკოლებში, კათოლიკურში – დაახლ. 3, 8 მილიონი მასწავლებელი მუშაობს.

▪ ჩარტერული და მაგნეტ-ტიპის სკოლების რაოდენობა აშშ-ში დაახლოებით 8 000-ია (2010 წლის მონაცემებით).

ეს წერილი გახლავთ გაგრძელება ჩვენი ბლოგების სერიისა, რომლებიც აშშ-ის განათლების დღევანდელ მდგომარეობას და მის პრობლემებს ეხება. წინა წერილებში ჩვენ წარმოვადგინეთ კონცეფცია – სამკუთხედი, რომლის ცენტრშიც მოსწავლეა, წვერში – ოჯახი, ხოლო ფუძეში – სკოლა და თემი. ჩვენ სამკუთხედის წვერებს განვიხილავთ როგორც განათლების სისტემისა და მისი მდგომარეობის გაუმჯობესების უმთავრეს (ღერძულ) პუნქტებს.

დღევანდელ წერილში ჩვენ მთავარ ყურადღებას დავუთმობთ საჯარო და დამოუკიდებელ (ჩარტერულ) სკოლებს. ამჟამად არსებული ვითარების გათვალისწინებით, მაშინ როდესაც ბევრ ქალაქში ამდენი საჯარო სკოლა იხურება, დარწმუნებული ვართ, რომ აუცილებელია საუბარი ამ პროცესზე ჩარტერული (დამოუკიდებელი) სკოლების გავლენაის შესახებ, საგანმანათლებლო სისტემასა და იმ შედეგებზე, რომლებიც დღეს შეიძლება გაანალიზდეს დამოუკიდებელ სკოლებთან მიმართებით.

ფაქტია, რომ ჩარტერული სკოლების მოძრაობა ნელ-ნელა ცვლის აშშ-ის სასკოლო განათლების სივრცეს. როგორია ეს ცვლილებები? აუმჯობესებს თუ აუარესებს განათლების მდგომარეობას? აღმოჩნდა, რომ ამ კითხვებზე პასუხი მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული იმაზე, საით იყურები და ვის ესაუბრები მათ შესახებ.

2013 წლის 23 თებერვალს „ნიუ-იორკ ტაიმსის” სარედაქტორო სტატიაში აღწერილ იქნა საინტერესო სურათი „უკეთეს ჩარტერულ სკოლებზე ნიუ-იორკში”, თუმცა იმავე სტატიაში ითქვა, რომ „ეროვნული მასშტაბით ჩარტერულმა სასკოლო მოძრაობამ ვერ გაამართლა”. ნინა რისი, „საჯარო სკოლების ეროვნული ალიანსის” (აშშ-ის მასშტაბის არამომგებიანი ორგანიზაცია – ლ. ა.) პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, „ნიუ-იორკ ტაიმსის” სტატიას პასუხობს, რომ ჩარტერულმა მოძრაობამ ბოლო 5 წლის განმავლობაში 1 700-ზე მეტი ახალი სკოლა შეიერთა მილიონამდე მოსწავლით; 610 000-ზე მეტი მოსწავლე აშშ-ში ელოდება თავისუფალ ადგილებს ჩარტერულ სკოლებში ჩასარიცხად; 2009-დან 2013 წლამდე დაიხურა 500-მდე ასეთი სკოლა, რამაც მათი ეფექტურობის სხვადასხვაგვარი შეფასება გამოიწვია; დღეს ქ. ნიუ-ორლეანში (ლუიზიანის შტატი) მოსწავლეთა 75 პროცენტი ჩარტერულ სკოლებში სწავლობს და ქარიშხალ კატრინას შემდეგ საჯარო სკოლებში მოსიარულე მოსწავლეთა რაოდენობა 3-ჯერ (!) შემცირდა.

ამგვარივე თემატიკის სარედაქციო წერილი დაიბეჭდა „ვაშინგტონ პოსტის” 2013 წლის მარტის ნომერშიც. იგი „ცოდნა ძალაა” პროგრამის (Knowledge is Power Program) შესახებ მოუთხრობდა მკითხველს და აღწერდა ეროვნული ჩარტერული სკოლების ქსელის ზრდას. გაზეთში მოყვანილი იყო დამოუკიდებელი კვლევითი კომპანიის, „მათემატიკა პოლისი რისერჩის (Mathematica Policy Research)” მიერ 43 ჩარტერულ სკოლაში ჩატარებული გამოკვლევის შედეგები – კვლევამ აჩვენა, რომ ამ ტიპის სკოლებში მოსწავლეებს გაცილებით უეკთესი შედეგები ჰქონდათ მათემატიკაში, ფუნდამენტურ მეცნიერებებში, კითხვასა და საზოგადოებრივ დისციპლინებში, ვიდრე ტრადიციული საჯარო სკოლებისას. კვლევამ ისიც დაადასტურა, რომ ეს არ იყო „შერჩევით” შელამაზებული შედეგი, რომელიც მხოლოდ კარგ მოსწავლეებს და მათ შედეგებს აღწერდა – კარგი შედეგები აჩვენებს დაბალშემოსავლიანი ოჯახებიდან მოსულმა მოსწავლეებმაც. „მათემატიკა რისერჩის” ერთ-ერთი მთავარი შედეგი ის გახლდათ, რომ „ცოდნა ძალაა” პროგრამის მიხედვით განსაზღვრული სასწავლო გრაფიკით, ჩარტერული სკოლების მოსწავლეები დღეში საშუალოდ 9 საათს სწავლობდნენ (სასწავლო წლის 192 დღის განმავლობაში), ხოლო საჯარო სკოლებში იგივე მაჩვენებელი დღეში მხოლოდ 6.6 საათს შეადგენდა.

ელექტრონული ჟურნალის, „სქულ ფაინანსის” („სკოლების ფინანსების”) გვერდზე ანალიტიკოსი, რუტგერსის უნივერსიტეტის პროფესორი ბრუს ბეიკერი, ყურადღებას ამახვილებს „მათემატიკა რისერჩის” კვლევის შედეგების სხვაგვარ ინტერპრეტაციაზე. კერძოდ, იგი აღნიშნავს, რომ ჩარტერული სკოლების პროგრამა „ცოდნა ძალაა” კონცენტრაციას ახდენს არა საქმის „უკეთ კეთებაზე”, არამედ იმავე საგნების უფრო ხანგრძლივ შესწავლაზე. ბეიკერის სიტყვებით, ჩარტერულ სკოლებში ერთ მოსწავლეზე გადათვლილი ხარჯი გაცილებით მაღალია: „ცოდნა ძალაა” პროგრამის ფარგლებში ამ პროგრამით მომუშავე სკოლა, მისი მდებარეობის გათვალისწინებით, ერთ მოსწავლეზე ხარჯავს წელიწადში დაახლ. 4 800-5 000 აშშ დოლარს, რაც საჯარო სკოლებში დახარჯულ სახსრებზე ბევრად მეტია (მაგალითად, 4 300 აშშ დოლარი ნიუ-იორკში და 2,000 დოლარი – ჰიუსტონში).

სტენფორდის უნივერსიტეტის გავლენიან მკვლევართა გამოკვლევამ (CREDO/„კრედო” – ჩარტერული სკოლების ეროვნული კვლევა, 2013)წარმოაჩინა რამდენიმე საინტერესო ტენდენცია, რომლებიც ჩარტერული სკოლების მოსწრებაში შეინიშნება – სკოლები, რომლებმაც ძლიერად დაიწყეს, ასევე ძლიერად აგრძელებენ, ხოლო სკოლები, რომლებსაც დაბალი მაჩვენებლებიდან მოუწიათ პროგრამის დაწყება – სუსტად. „კრედოს” ანგარიშის მიხედვით, ყველაზე დაბალი მოსწრების ჩარტერული სკოლების 80%-ის მოსწრება დაბალივე რჩება პროგრამაში მათი მონაწილეობის მეხუთე წელსაც. „კრედო” მოიცავდა როგორც ჩვეულებრივ საჯარო, ისე ჩარტერული სკოლების მმართველორგანიზაციებს (ჩსო). ეს ორგანიზაციები არიან ოპერატორები, რომლებიც მართავენ სამ ან მეტ ჩარტერულ სკოლას.

მოვიყვანთ რამდენიმე საინტერესო დასკვნას კვლევის ანგარიშიდან:

▪ საშუალოდ, ჩსო-ები საშუალო შედეგებს აჩვენებენ. მათი უპირატესობა დამოუკიდებელი ჩარტერული სკოლების მოსწავლეთა მოსწრებასთან შედარებით სტატისტიკურად უმნიშვნელოა.

▪ ჩსო-ები აქვეყნებენ მაღალ შედეგებს ისტორიულად ხელმოკლე მოსწავლეთა ქვეჯგუფების შესახებ.

▪ ჩსო-ების შესახებ რეალობა მათ ხარისხობრივ განსხვავებებში იკვეთება. 167 ჩსო-დან 43% პროცენტში კითხვაში მოსწრების მაჩვენებელი უკეთესია, ვიდრე ტრადიციულ საჯარო სკოლებში, ჩსო-ების სკოლების მოსწავლეთა 37%-ის მოსწრება მათემატიკაში ისეთივეა, როგორიც ტრადიციულ საჯარო სკოლებში. ჯამში, ეს მაჩვენებელი ყველა ჩარტერული სკოლისათვის 17%-ით უკეთესია ტრადიციულ სკოლებთან შედარებით.

▪ ჩსო-ში გაერთიანებული ახალი სკოლები დამოუკიდებელ (გაერთიანების გარეთ მყოფ) ჩარტერულ სკოლებთან შედარებით უკეთეს მოსწრებას აჩვენებენ, თუმცა საშუალო ჯამური მაჩვენებლებით ორივე ჩამორჩება ტრადიცულ საჯარო სკოლებს.

▪ აღმოჩნდა, რომ „ახალი სკოლის” ცნება (ჩარტერულ სკოლებთან მიმართებით) წლების განმავლობაში სტრუქტურულად არაფრით განსხვავდება „ძველისგან” და პირველი წლის სუსტი მონაცემები ვერაფრით ბათილდება.

„კრედოს” მიერ 2013 წელს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები გახლდათ 2009 წლის მსგავსი კვლევის ოფიციალური გაგრძელება და კვლევის პრესრელიზში აღინიშნა, რომ „ჩარტერული სკოლები, აშშ-ის 26 შტატის მონაცემებით, უკეთეს მოსწრებას აჩვენებენ”, თუმცა ამ „უკეთესობის” შესახებ საინტერესო მონაცემებს გვთავაზობს მკვლევარი ტომ ლავლესი (ბრუკინგსის მთავრობის კვლევის ინსტიტუტი): „ახალმა კვლევამ (ნაგულისხმებია „კრედოს” ანგარიში) გვიჩვენა, რომ ჩარტერული სკოლები საჯარო სკოლებზე უკეთ მუშაობენ, თუმცა მათი მოსწავლეების უპირატესობა კითხვაში სტატისტიკურად ძალზე უმნიშვნელოა, ხოლო მათემატიკაში ორივე ტიპის სკოლა დაახლოებით ერთ დონეზეა”. საბოლოო შეფასებაში ტომ ლავლესი წერს, რომ „კრედოს” 2009 წლისა და 2013 წლის კვლევების შედეგების შედარებისას ჩარტერულ სკოლებსა და ტრადიციულ საჯარო სკოლებს შორის იმდენად მცირე განსხვავება იქნა აღმოჩენილი, რომ, შეიძლება ითქვას, ორივე სექტორი თითქმის თანაბარ შედეგებს გვაძლევს მოსწრების თვალსაზრისით”.

ზემოთქმულიდან შეიძლება რამდენიმე დასკვნის გამოტანა. პირველი: ჩარტერული, დამოუკიდებელი სკოლები ნამდვილად არ არის განათლების სისტემის ხსნა. ჩვენი აზრით, გამოსავალი საჯარო სკოლების ჩარტერულად გადაკეთებაში კი არა, არამედ ამ ორი ინსტიტუტის თანამშრომლობაში უნდა ვეძებოთ, რამაც შესაძლოა უკეთესი შედეგები გამოიღოს სკოლების მოსწავლეთათვის.

2012 წლის დეკემბერში ბილ და მელინდა გეიტსების ფონდმა აშშ-ის შვიდ ქალაქს გადასცა 25-მილიონიანი გრანტი „საჯარო და ჩარტერული სკოლების თანამშრომლობისთვის” მოსწავლეთა მოსწრებისა და უკეთესი სწავლის კონცეპტუალური სქემის შესაქმნელად. ნიუ-იორკში (ნიუ-იორკის შტატი) ოთხი საჯარო და ოთხი ჩარტერული სკოლა ერთად იმუშავებს წერა-კითხვის გაუმჯობესების პროგრამის შესამუშავებლად, რომელიც დაეყრდნობა განათლებისა და ძირითადი სასწავლო საგნების ძირეულ სტანდარტებს. დენვერში (კოლორადოს შტატი) მაღალი მოსწრების ჩარტერულ და საჯარო სკოლებს მიეცემათ შესაძლებლობა, მიმართონ ფონდს სადემონსტრაციო პროგრამის გრანტებისთვის. სუსტი შედეგების მქონე სკოლების მასწავლებლებს და ადმინისტრატორებს შეეძლებათ მოინახულონ მაღალი მოსწრების სკოლები და იმუშაონ იქ მენტორებად გარკვეული ხნის განმავლობაში.

გეიტსის ფონდის საქმიანობა მიმართულია საგანმანათლებლო პროგრამების გაუმჯობესებისკენ და ბავშვების სწავლების ხარისხის ზრდისკენ. ფონდი ხელს უწყობს პრობლემების გადაჭრისთვის მუშაობას. გეიტსის ფონდის მიდგომა ხაზს უსვამს ჭეშმარიტებას, რომ ახალი ყოველთვის არ ნიშნავს უკეთესს, ხოლო ძველი – უარესს. ფონდის საგრანტო პროგრამა საშუალებას იძლევა, დისკუსია „შენიდან” და „ჩემიდან” „ჩვენის” განზომილებაში გადავიყვანოთ.

„ჰაფინგტონ პოსტი” (აშშ), 2013 წლის 10 სექტემბერი

https://www.huffingtonpost.com

ინგლისურიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო ლევან ალფაიძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი