ალბათ, ყველას გვქონია ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც გამუდმებით უკმაყოფილონი არიან, გამუდმებით წუწუნებენ და აცხადებენ, რომ გაცილებით მეტს იმსახურებენ, ვიდრე იღებენ; მარცხის შემთხვევაში ყოველთვის სხვას ადანაშაულებენ, თავს უსამართლოდ დაჩაგრულად წარმოაჩენენ და იშვიათად ეძებენ მარცხის მიზეზს საკუთარ თავში. თუმცა ისეთებიც გვხვდებიან, რომლებიც, მიუხედავად სათანადო შესაძლებლობებისა, ნებისმიერ საქმეს გაურბიან იმის შიშით, რომ ვერ დაძლევენ და თავს შეირცხვენენ. ასეთი ადამიანები ხშირად ისეთ წინადადებაზეც კი ამბობენ უარს, რომელსაც წარმატებით გაართმევდნენ თავს. ყოველივე ამის გამო ისინი ითრგუნებიან, ვერ იკმაყოფილებენ თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილებას, არარეალიზებულები არიან ცხოვრებაში, რაც უარყოფითი ემოციური განცდებისა და საკუთარ თავში ჩაკეტვის მიზეზად იქცევა. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში ადამიანის ქცევის განმსაზღვრელი ხდება თვითშეფასება, რომელიც შესაძლოა საკმაოდ ადრეულ პერიოდში იყოს ჩამოყალიბებული.
თვითშეფასება არის ადამიანის მიერ საკუთარი პიროვნების შეფასების უნარი, მისი დამოკიდებულება საკუთარი შესაძლებლობებისადმი, პიროვნული თვისებებისადმი, გარეგნობისადმი. ნებისმიერ ჩვენთაგანს გარკვეული თვითშეფასება აქვს და ჩვენი ქცევა ძირითადას ჩვენივე თვითშეფასებით არის ნაკარნახევი. თვითშეფასება დაახლოებით იგივეა პიროვნებისთვის, რაც ხერხემალი სხეულისთვის.
თვითშეფასების სწორად ჩამოყალიბების შემთხვევაში ბევრი სირთულის თავიდან აცილებას შევძლებდით. ამდენად, კარგი იქნება, თუ ნებისმიერი აღმზრდელი, პედაგოგი და მშობელი მიიღებს საჭირო ინფორმაციას თვითშეფასების, მისი სახეებისა და ჩამოყალიბების პირობების შესახებ.
თვითშეფასება პიროვნების ცენტრალური წარმონაქმნია და მისი ჩამოყალიბებისა და განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წრმოადგენს. იმ ფაქტორთა შორის, რომლებიც განსაზღვრავს პიროვნების ფორმირებას, თვითშეფასებას განსაკუთრებული ადგილი უკავია. ის, თუ როგორი პიროვნება დადგება ამა თუ იმ ბავშვისგან მომავალში, მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული იმაზე, როგორი თვითშეფასება გამოუმუშავდება მას. ბავშვებს ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში უყალიბდებათ და უვითარდებათ თვითშეფასება – საკუთარი შესაძლებლობებისა და თვისებების შეფასების უნარი, რაც, თავის მხრივ, განსაზღვრავს მათ ქცევას. ყველა ასაკის ბავშვისთვის ქცევის მოტივაციური მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ თვითშეფასებასა და შეფასებას შორის კონფლიქტის დროს ქცევის წამყვან მოტივად თვითშეფასება იქცევა.
თვითშეფასება შეიძლება იყოს ადეკვატური და არაადეკვატური. არაადეკვატური თვითშეფასება, თავის მხრივ, არადეკვატურად მაღალი ან არაადეკვატურად დაბალია.
არაადეკვატურად მაღალი თვითშეფასება
არაადეკვატურად მაღალი თვითშეფასების მქონე ბავშვი გაზვიადებით აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს, რის გამოც სისტემატურად განიცდის მარცხს, ხშირად მოსდის კონფლიქტი ირგვლივ მყოფებთან. ყოველივე ამის გამო ირღვევა ბავშვის პიროვნების განვითარების ჰარმონიულობა. განსვლა ბავშვის თვითშეფასებას, პრეტენზიების დონესა და მის რეალურ შესაძლებლობებს შორის ხშირად იწვევს მწვავე ემოციურ განცდებს. სხვადასხვა ბავშვი სხვადასხვანაირად რეაგირებს იმ დაბრკოლებებზე, რომლებიც ხვდება საკუთარი შესაძლებლობების არაადეკვატური შეფასების გამო.
ზოგიერთი გამოსავალს იმაში პოულობს, რომ თვითშეფასებასა და პრეტენზიების დონეს სხვა ადამიანებისგან მიღებული შეფასებისა და საკუთარი გამოცდილების საფუძველზე გარდაქმნის და თავისი პიროვნების შესაძლებლობებთან შესატყვისობაში მოჰყავს, მაგრამ გარკვეულ პირობებში შესაძლოა ისეთი ვითარება შეიქმნას, რომ, სისტემატური მარცხის მიუხედავად, ბავშვის პრეტენზიების დონე და თვითშეფასება არ შეიცვალოს, არ დაქვეითდეს და ბავშვიც არავითარ ღონეს არ ხმარობდეს წარმატების მისაღწევად, შესაძლებლობების, უნარების პრეტენზიის დონემდე ასამაღლებლად. ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ ბავშვს ჰქონდეს გარკვეული ნიჭი და უნარები, რომლებიც საკმარისია რომელიმე სფეროში მცირე მიღწევისთვის, მაგრამ არა დიდი მიღწევებისთვის, საკუთარი პრეტენზიების სავსებით დაკმაყოფილებისთვის. გაზვიადებული თვითშეფასება და პრეტენზიების დონე მყარია, როდესაც განმტკიცებულია დაუმსახურებელი ქებით. ამ შემთხვევაში ბავშვს მაღალი თვითშეფასების შენარჩუნება მოთხოვნილებად გადაექცევა. ეს მოთხოვნილება ბავშვმა შეიძლება დაიკმაყოფილოს საკუთარი პრეტენზიების იმ სფეროში გადართვით, რომელშიც უფრო მეტის მიღწევა შეუძლია. შეიძლება, სხვა გზასაც მიმართოს – სინამდვილეზე თვალი დახუჭოს. გაზვიადებული თვითშეფასების საფუძველზე ადამიანს უჩნდება არასწორი წარმოდგენა თავის თავზე, თავის პიროვნებაზე, შესაძლებლობებზე. ამ შემთხვევაში მისთვის საჭირო თვითშეფასების შესანარჩუნებლად ის უკუაგდებს, უარყოფს თავის მარცხს, ცდილობს მის ახსნას ნებისმიერი სხვა, მისგან დამოუკიდებელი ობიექტური მიზეზებით, რათა არ აღიაროს საკუთარი სისუსტე, უუნარობა. ასე აღმოცენდება არაადეკვატური განცდები, არაადეკვატური ქცევები, არაადეკვატური ხდება სინამდვილისადმი დამოკიდებულებაც, მახინჯდება აღქმა, იცვლება გარემოსადმი ემოციური დამოკიდებულება. მაგალითად, ასეთი ბავშვი სამართლიან შენიშვნას აღიქვამს როგორც უმიზეზო გამოდავებას. სინამდვილის ასეთი აღქმა განსაზღვრავს დამოკიდებულებას ყველაფრის მიმართ: ბავშვი ხდება მტრული, დაძაბული, ეჭვიანი, მუდმივად განაწყენებულია და დარწმუნებული გარშემო მყოფთა უსამართლობაში. მასწავლებელმა შესაძლოა სავსებით სწორად შეაფასოს ასეთი ბავშვის ქცევა ან ცოდნა და სამართლიანი მოთხოვნებიც წაუყენოს მას, მაგრამ ბავშვი ამ შეფასებებსა და მოთხოვნებს განიცდის როგორც უსამართლოს. როდესაც ასეთი ბავშვი მისთვის სასურველ შეფასებას ვერ იღებს, იწყებს მშობლებთან თავის მართლებას და ადანაშაულებს ყველას: მასწავლებელს, რომელიც თურმე გვიან შევიდა კლასში და ბევრი დრო მოანდომა დავალების დაფაზე დაწერას; მეგობარს, რომელიც მთელი გაკვეთილი „ხელს უშლიდა”, – მაგრამ არ აღიარებს, რომ იმ დღეს გაკვეთილი სათანადოდ არ იცოდა. მუდმივი უსამართლობის განცდის საფუძველზე ბავშვში აღმოცენდება არაადეკვატურობის აფექტი, რომელიც ეხმარება მას, დაიცვას თავი სინამდვილის არასასურველი ზემოქმედებისგან და შეინარჩუნოს დამაკმაყოფილებელი დამოკიდებულება თავისი თავისადმი. ამრიგად, ეს ერთგვარი დაცვითი რეაქციაა. გარდა ამისა, ის მეორე მნიშვნელოვან ფუნქციასაც ასრულებს – არა მარტო იცავს ადამიანს ტრავმის გამომწვევი ზემოქმედებისგან, არამედ აკმაყოფილებს კიდეც მის პრეტენზიებს, გარკვეული თვითშეფასების მოთხოვნებს; წყენისა და უსამართლობის განცდა საშუალებას აძლევს ადამიანს, მიიჩნიოს თავი კარგ პიროვნებად, დარჩეს საკუთარ წარმოსახვაში სათანადო სამაღლეზე, ირწმუნოს, რომ უსამართლოდაა დაჩაგრული. ყოველივე ეს უფრო ამაღლებს ადამიანს საკუთარ თვალში, რის შედეგადაც მაღალი თვითშეფასების მოთხოვნილება კმაყოფილდება, საჭირო აღარ ხდება მისი დაწევა და საკუთარ შესაძლებლობებთან შესაბამისობაში მოყვანა.
არაადეკვატურობის აფექტი პიროვნებას სინამდვილეს სწყვეტს. ის ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებს ხასიათის ისეთი თვისებების ჩამოყალიბებაში, როგორებიცაა ეჭვიანობა, უნდობლობა, აგრესიულობა, გულჩათხრობილობა, ფხუკიანობა და სხვა. ასევე შეინიშნება მიდრეკილება მწვავე ემოციური განცდებისა და აფექტებისადმი და პრეტენზიების მაღალი დონე. დადგენილია, რომ გაცილებით ადვილია არაადეკვატურობის აფექტის წარმოშობის თავიდან აცილება, ვიდრე უკვე წარმოშობილი აფექტისაგან თავის დაღწევა.
არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასება
არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასების შემთხვევაში ბავშვი სათანადოდ არ აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს. ასეთი თვითშეფასების მქონე ბავშვისთვის დამახასიათებელია გაუბედაობა, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, შემართების უქონლობა, რის გამოც განვითარების პროცესში შესაძლოა სრულად ვერ გამოამჟღავნოს საკუთარი შესაძლებლობები, ვერ მოახდინოს მათი სრული რეალიზება. ასეთი ბავშვი ძალიან ხშირად უარს ამბობს მასწავლებლის წინადადებაზე, მონაწილეობა მიიღოს ოლიმპიადაში, კონფერენციაში ან ნებისმიერ სხვა ღონისძიებაში იმ მოტივით, რომ თავს ვერ გაართმევს დავალებას. თუმცა უმეტესად ყოველგვარი მონაცემი აქვს აღნიშნულ საქმიანობაში წარმატების მისაღწევად. მაღალი შეფასების მიღებისას ასეთ ბავშვს ხშირად ჰგონია, რომ ნიშანი მოუმატეს. სინამდვილეში, არცთუ იშვიათად, ასეთ შემთხვევაში შეფასება სავსებით ობიექტურია.
ნებისმიერი პედაგოგისთვის საინტერესო იქნება იმის ცოდნა, როგორ ყალიბდება თვითშეფასება. ადრეულ ასაკში ბავშვის თვითშეფასება უმთავრესად აიგება უფროსების, უპირველეს ყოვლისა, მასწავლებლებისა და მშობლების მიერ მისი ქცევის შეფასების საფუძველზე. ამ ასაკის ბავშვებს ჯერ კიდევ არ შესწევთ საკუთარი თვისებების, საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერების უნარი. ისინი თავიანთ თავისებურებებზე საგანგებოდ არ ფიქრობენ. ყოველივე ამის გამო მათი თვითშეფასება ძალზე ლაბილურია, ის ადვილად იცვლება უფროსების მიერ მათი ქცევის, თვისებების, შესაძლებლობების შეფასების ცვლილებასთან ერთად. ზოგჯერ ამ პერიოდში ბავშვის თვითშეფასება ერთი დღის განმავლობაშიც კი იცვლება. ამ ასაკის ბავშვები თავის თავზე ფიქრის დროს არ არიან დამოუკიდებელნი, მათთან ეს პროცესი არ არის შინაგანი, მათი თვითშეფასება ჯერ კიდევ არ არის გაშინაგნებული, მას ძირითადად გარეგანი ფაქტორები განსაზღვრავს. ყოველივე ამის გამო ბავშვს ხშირად მოსდის შეცდომა საკუთარი თავის შეფასების დროს, გამოაქვს შემთხვევითი და ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნები, მერყეობს თვითშეფასებაში.
როგორც სკოლამდელ, ასევე პირველ სასკოლო პერიოდში, სანამ ბავშვი დამოუკიდებლად დაიწყებდეს საკუთარი თავის შეფასებას, თვითშეფასების ფორმირებაში მშობელს განსაკუთრებული როლი აკისრია, რადგან მისი გავლენა საკმაოდ ძლიერია. საყურადღებოა, რომ ყველა მშობელს აღზრდის საკუთარი სტილი აქვს. ბევრს მიაჩნია, რომ მომავალში ცხოვრების გზის იოლად გასავლელად, ასევე იმისთვის, რომ შვილი არ დაეჩაგროს, საჭიროა, ხშირად აქოს და გაუძლიეროს საკუთარი ძალების რწმენა. ასეთ მშობლებს, არცთუ იშვიათად, ნამდვილად სჯერათ, რომ მათი შვილი განსაკუთრებული ნიჭიერებით გამოირჩევა და ცდილობენ, ამაში სხვებიც დაარწმუნონ ბავშვის “ნიჭის დემონსტრირებით”. ხშირად ისინი აიძულებენ თავიანთ პატარას, სტუმრების წინაშე იმღეროს, იცეკვოს, წაიკითხოს ლექსი, აჩვენოს მათ თავისი ნახატები. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ბავშვს არავითარი მონაცემი არ ჰქონდეს აღნიშნული საქმიანობისთვის, მშობელი ისეა დარწმუნებული შვილის ნიჭიერებაში, რომ უცხო ადამიანს უჭირს და ერიდება აზრის გამოთქმა და საკუთარი პოზიციის გამოხატვა.
ვინაიდან თვითშეფასება შეფასებითი ურთიერთობის პროცესში ყალიბდება, დიდია ალბათობა, რომ ასეთ ბავშვს არაადეკვატურად მაღალი თვითშეფასება ჩამოუყალიბდეს.
გვხვდებიან სხვა კატეგორიის მშობლებიც, რომლებსაც ისე ეშინიათ, მათ შვილს ხასიათის არასასურველი თვისებები (ქედმაღლობა, ამპარტავნება, ყოყოჩობა, ზედმეტი თავდაჯერება) არ ჩამოუყალიბდეს, იშვიათად აქებენ, იშვიათად აღნიშნავენ მის წარმატებას, ცდილობენ, თავისი შეფასებებით გააუფასურონ მათი მიღწევები. ყოველივე ეს ხშირად არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასების მიზეზად იქცევა.
ადეკვატური თვითშეფასება ბავშვს უყალიბდება მაშინ, როდესაც აღმზრდელები და პედაგოგები ადეკვატურად აფასებენ მის შესაძლებლობებს. ადეკვატური თვითშეფასება, თავის მხრივ, თვითრწმენის, თვითკრიტიკულობის, მომთხოვნელობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
მიუხედავად იმისა, რომ ასაკის მატებასთან ერთად ბავშვი ბევრად უფრო დამოუკიდებელი ხდება საკუთარი შესაძლებლობების, საკუთარი პიროვნების შეფასებაში, მისი თვითშეფასება თავისუფლდება სხვათა მიერ შეფასებისგან, ადრეულ ასაკში ჩამოყალიბებული თვითშეფასება ხშირად იმდენად მყარია, რომ მისი შეცვლა ჭირს. საზოგადოდ, ცნობილია, რომ კორექცია საკმაოდ რთული პროცესია – გაცილებით იოლია ამა თუ იმ მახასიათებლის სწორად ჩამოყალიბება, ვიდრე არასწორად ჩამოყალიბებულის შეცვლა.
ვფიქრობთ, ნებისმიერი აღმზრდელი, პედაგოგი, მშობელი ზემოთ წარმოდგენილი ინფორმაციის გაცნობის შემდეგ საჭიროდ ჩათვლის, ბავშვის აღზრდის პროცესში ორიენტირებული იყოს ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბებაზე. ეს ბუნებრივია, რადგან ასეთი თვითშეფასება მომავალში უამრავი სირთულის თავიდან აცილების საშუალებას მოგვცემდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვის განვითარების ხელშეწყობისა და მისი შესაძლებლობების სრული რეალიზების მიზნით უკეთესი იქნება, ვიზრუნოთ მასში ადეკვატურზე ოდნავ მაღალი თვითშეფასების ჩამოყალიბებაზე. ცნობილია, რომ ბავშვის განვითარების ხელშეწყობისთვის სასწავლო პროცესში უნდა ვიყენებდეთ ისეთ დავალებებს, რომლებიც ბავშვის შესაძლებლობებს ოდნავ აღემატება და რომელთა შესასრულებლადაც მას დამატებითი ძალისხმევა და შესაძლოა მცირე დახმარებაც დასჭირდეს. როდესაც ჩვენ რაიმე დავალებას ვკიდებთ ხელს, უპირველესად იმაზე ვფიქრობთ, მოგვცემს თუ არა ჩვენი შესაძლებლობები მისი შესრულების საშუალებას. ასეთ დროს გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს დავალების სირთულისა და თვითშეფასების შესაბამისობა. თუ აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი შესაძლებლობები არ არის საკმარისი აღნიშნული დავალების შესასრულებლად, უარს ვამბობთ მასზე. ასევე იქცევა ბავშვიც. ამიტომ, თუ მას ადეკვატური თვითშეფასება ჩამოვუყალიბეთ, შესაძლოა, რთული დავალებების შესრულებაზე უარი განაცხადოს, მაშინ როდესაც ოდნავ მაღალი თვითშეფასების მქონე ბავშვი უყოყმანოდ შეეჭიდება ასეთ დავალებას და გარკვეული ძალისხმევის წყალობით წარმატებასაც მიაღწევს, რაც მისი განვითარების წინა პირობად იქცევა. ამდენად, სასურველია, ბავშვთან ურთიერთობისას ორიენტირებული ვიყოთ ადეკვატურზე ოდნავ მაღალი თვითშეფასების ჩამოყალიბებაზე. არ დავიშუროთ საქებარი სიტყვები, როცა ბავშვი ამას იმსახურებს, აღვნიშნოთ მისი მიღწევები და გავუჩინოთ მას წარმატებულობის განცდა.