პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

შიში, როგორც პერსონაჟი

„სიცოცხლე იმად არ ღირს, რომ შიშს მონად გაუხდე“,_წერს  ჯემალ ქარჩხაძე. არ ღირს, მაგრამ სწორედაც შიშს ემონებიან ადამიანები ყველაზე მეტად. ათასგვარ შიშთაგან სიკვდილის შიში რთულად დასაძლევია, რომელსაც დიდი ნებისყოფის ადამიანები,  გაღვიძებულნი, სინათლეს ზიარებულნი თუ ახერხებენ. შიში ადამიანის ყოფიერების განმსაზღვრელ-განმაპირობებელია. ამქვეყნად მოსვლასა თუ წასვლასაც უპირველესად შიში ახლავს თან. იგი ეგზისტენციალური ფენომენია, ამიტომაც მრავალგზის და მრავალგვარად ახსნილ-დახასიათებული ფილოსოფიაში, რელიგიაში, ფსიქოლოგიასა თუ ხელოვნებაში. შიში ჩრდილივით დაჰყვება ადამიანს და მის ქცევას, განზრახვასა თუ ფიქრს განაპირობებს. შიში, თავისი პოლიტიკური, სოციალური თუ ფილოსოფიური კონტექსტებით, მწერალთა საყვარელი თემაა. თამაზ ბიბილურსაც აინტერესებს, რა ემართება შეშინებულ ადამიანს,  როგორ კარგავს თავისუფლებას და ქვენა გრძნობებისა თუ სურვილების მონად იქცევა. შიში მწერლისთვის სიბნელეა და იგი მხოლოდ სინათლით, რწმენით დაიძლევა. ადამიანმა სიყვარულით უნდა გადალახოს შიში და გათავისუფლდეს, მხოლოდ მაშინ თუ შეიგრძნობს ღვთაებრივს.

თამაზ ბიბილური რომანში „ჟამი კითხულისა“ მოგვითხრობს შიშის ლაბირინთში ჩაკარგულ ადამიანებზე, რომელთაც დახშვიათ სულიერი თვალ-ყური  და მატერიალურ სამყაროს მიჯაჭვულნი ბრმად მიჰყვებიან გზას უფსკრულისაკენ. „გზაი მშვიდობისაი არა იცნეს. არა არს შიში ღმრთისაი წინაშე თუალთა მათთა“(რომ. 3. 10_18). ძველი აღთქმის (დაბადება, სოლომონის იგავნი, ფსალმუნები) წიგნებიდან გამოკრებილი ციტატებით  პავლე მოციქული წარმოაჩენს ადამიანებს, რომელთაც ღვთის შიში დაუკარგავთ. ეს იწვევს არა მხოლოდ მათ სულიერ გაპარტახებას, არამედ ქვეყნის (და სამყაროს)  დაშლასა და დანგრევას. ღვთის შიში „სიცოცხლის წყაროა“(იგავნი, 10. 27), სიცოცხლე კი გამუდმებული სწრაფვაა სულის სისრულისა და სრულყოფილებისაკენ. ღვთის შიში ღვთის სიყვარულს წარმოშობს და ათავისუფლებს ადამიანს კერპების (ხორციელი თუ სულიერი) მონობისაგან. თუ არ არის ეს შიში და სიყვარული, მაშინ ადამიანი დაიკარგება სხვაგვარი შიშის ლაბირინთში. ამ შიშს ახლავს არა სიყვარული, არამედ ბოროტება, სულიერი სიძაბუნე, სიცარიელე და სიკვდილი.

ამ რომანში „ჟამი კითხულისა“ შიში ყველაზე ძლიერი და სახიერი პერსონაჟია, რადგან იგი ცალკეც, ხორცშესხმული სახითაც იხატება, როგორც ხირჩლა ან ხეჩინა და თან ყველა გმირს თან ახლავს, როგორც ჩრდილი. მწერალი ქმნის მთხრობლის ნიღაბს _ ეს არის გარეჯელი ბერი ზოსიმე (ერობაში მათე), რომელიც გვიყვება ერთ სოფელში (სიმბოლურად, რა თქმა უნდა, წუთისოფელში) მომხდარ ამბებს. რომანის დრო  ჰორიზონტალზე მაქსიმალურად შეზღუდულია. ზოსიმე ბერი, სოფლიდან დიდი ხნის წინათ წასული, შინ ბრუნდება, სოფელში კი ჟამია გაჩენილი. ხალხი სოფლის კითხულს უპირისპირდება, რადგან აღარ სჯერა მისი   და მის ჩაქოლვას მოიწადინებს. ზოსიმე ბერი გიორგი ბალიაურს, თავის ბავშვობისდროინდელ მეგობარს, წინ გადაეფარება. ხალხი ქვებს დაყრის. კითხული კი, ხალხისაგან ზურგშექცეული, სოფელს ხმაამოუღებლად ტოვებს.  ამ მოკლე დროით ჰორიზონტალს აქვს „ვერტიკალური ჩაღრმავებები“. ზოსიმე ბერი იხსენებს ამბებს, რომლებიც თავს გადახდენია  მეგობართან ერთად. მთავარი კი ისაა, რომ ადამიანი ღვთის წინაშე ბოლოს მაინც „შიშველი“ წარსდგება. სწორედ ამაზე მიანიშნებს რომანის ეპიგრაფად წამძღვარებული სტრიქონები დავით აღმაშენებლის ჰიმნიდან: „გალობანი სინანულისანი“: „ჟამი რაი წუხილთაი და ავთა აღმოფშვნათაი წარმოდგეს, /ზარი მეფობისაი წარხდეს და დიდებაი დაშრტეს, /შუებანი უქმ იქმნენ, ყუავილოვნებაი დაჭნეს, /სხუამან მიიღოს სკიპტრაი, სხუასა შეუდგნენ სპანი,/ მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო!“.

ზეციურ სამსჯავროზე წარდგომამდე კი ადამიანს დიდი გზა აქვს გასავლელი. გზა შიშის ტყვეობისა და მისი დაძლევისა. ეშინიათ რომანის პერსონაჟებს, მაგრამ ყველას შიში განსხვავებულია, რადგან სხვადასხვა მიზეზითაა განპირობებული. სოფელს ერთიანად თავისი შიში ამოძრავებს, ცალკეულ ადამიანს და, მათ შორის, კითხულსაც _ თავისი. თვითონ მწერალიც „აღიარებს“, რომ „ფიქრში შეთხზული ამბავი უფრო ძვირფასია, ვიდრე თავად სინამდვილე, როცა შეთხზული ამბავი გვამშვიდებს, სინამდვილე კი გვაშინებს“, რადგან „შიში, რომელსაც არც ფერი  აქვს, არც ხორცი, მაგრამ ძეხორციელზე უფრო დიდხანს ცოცხლობს, დაძრწის, კუთხე-კუნჭულებს ეფარება“.

სულხან_საბა ორბელიანი შიშს თავისებური გამოწვლილვით ამგვარად განმარტავდა: „ხოლო შიშიცა განიყოფების ექვსად: მცონარებად, კდემულებად, სირცხვილად, განკვირვებად, განცვიფრებად და უღონოებად“. მწერალი  ყოველ „შიშს“ ცალ-ცალკე ახასიათებს: „მცონარება, ვიდრემდე არს შიში ყოფადისა მოქმედებისა, ხოლო კდემულება _ შიში მოლოდებითა ძაგებისათა და კეთილ არს ესე ვნებაი. ხოლო სირცხვილი _ შიში ბილწებისა რასამე საქმესა ზედა და არცა ესე უსასო არის ცხოვრებისაგან, და განკვირვება _ შიში დიდისა ოცნებისაგან, ეგრეთვე განცვიფრება _ შიში უჩვეულოსა საოცისაგან, ხოლო უღონოება _ შიში განვრდომილებისა, რამეთუ შეგვეშინის რაი, ხვებულ ყოფასა უღონოებითა“.

რომანში ექვსივე სახის შიში გვხვდება, სხვადასხვა ვითარებაში განსხვავებულად გამოვლენილი. უპირველეს ყოვლისა, კი იხატება თავზარდამცემი შიში კითხულისა, რომელსაც სოფლის წინაშე პასუხისმგებლობის ტვირთი აწევს. აქვე შევნიშნავთ, რომ ამ უცნაურ სიტყვა „კითხულს“ მწერალმა შემთხვევით მიაგნო. ამის შესახებ აღნიშნავს იგი ერთ ინტერვიუში: „ეს სიტყვა ვიპოვე ექიმ თევდორაძის წიგნში, რომელიც ავტორმა ოციან წლებში გამოსცა და ხევსურეთში მის დასტაქრობას აღწერს. ამ წიგნში ერთადერთი, სულ ერთაბზაციანი ეპიზოდია, ვინმე კითხულ კაცზე, რომელიც სოფლის ბედ-იღბალს განაგებდა, იყო ყველას მრჩეველი და განმკითხავი, მოსამართლე და მოწყალე“. შემთხვევით ნაპოვნი სიტყვა მარჯვე და ზუსტი აღმოჩნდა სოფლის თავკაცის ზედწოდებად. ამ სიტყვას თითქოს ქვეტექსტური ინფორმაცია ახლავს თან, რაც მკითხველს თავიდანვე განაწყობს ამ კაცის მიმართ, რომელიც რაღაც იდუმალების ბურუსშიც ეხვევა, იმავდროულად. მწერალს ნაკლებად აინტერესებს გარეთ მომხდარი ამბები. უფრო ზუსტად, მხოლოდ ის, რაც ადამიანის სულში ტოვებს კვალს. ამიტომაც არის, რომ ზოსიმეს ბავშვობიდან მხოლოდ ის ახსენდება, თანაც ძალიან მძაფრად და დეტალურად, როდესაც გიორგისთან ერთად პირველად გასცდა სოფელს და თავისუფლება შეიგრძნო, თანვე, შიში მშობლიურ სანახებს დაშორებისა.

რომანში იმდენი შიშია, რომ უნებურდა ფიქრობ მასზე, როგორც ყველაზე არსებითზე. სოფელს შიში ეუფლება ჟამის გამო. კითხულის კოშკიდან შიში იმზირება და სოფელში დაბრუნებულ ზოსიმესაც შიში იპყრობს. მონასტრის სენაკში განმარტოებული ბერი ზოსიმე განვლილ ცხოვრებას იხსენებს და სჯერა, რომ ერთი პატარა სოფლის ამბების გახსენებით მთელ სამყაროს კანონზომიერებას განსჯის, რადგან „ერთ პატარა სოფელში თავს იყრის მთელი ქვეყნიერების ვნებათაღელვა. სოფელი ერთ მუჭად შეკრული და დაპატარავებული ქვეყნიერებაა _ თავისი ხალხითა და ჯამაათით, ერითა და ბერით. მეფით და ერისკაცებით, აღზევებულნით და დამცირებულნიც, სიკეთითა და ბოროტებით… გაუხსენ ხელ_ფეხი, გაუფანტე სიპატარავის შიში, მიანიჭე თვითრწმენა და იგი ერთ მუჭად შეკრული, თითქოსდა ერთი ბეწო, განივრცობა, უკიდეგანო ქვეყნიერება გახდება“.

ზოსიმეს ფიქრებში შიშს ყველაზე დიდი ადგილი უკავია. ის პატარაობიდანვე თან სდევს. ხშირად ახსენდება შიში, რომელიც მონასტერში შესვლისთანავე დაეუფლა: „შიში ყველაფრისა! პირქუში კედლებისა, ჯვარზე გაკრული ქრისტესი, მარიამ ღვთისმშობლის გაქვავებული თვალებისა. ნესტიანი სენაკისა, სამლოცველოს ჩაბნელებული კუნჭულებისა, შიში ადამიანებისა“. და  ჩნდება უცნაური პიროვნება ხეჩინა_შემდეგ ხირჩლა, ერთი „სახის“ ორი ნიღაბი, იგივე ეშმაკისა.

შიში სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადამიანში განსახიერდება და სწორედ ამ „მარადიულ“ შიშს სცნობს ბერი ზოსიმე, როდესაც დროში ერთმანეთისაგან დაშორებული ამბები ახსნდება. ზოსიმე ერთ დღეს, ჯერ კიდევ ყმაწვილობაში, შეესწრო, სოფელი როგორ დევნიდა, ლანძღავდა და ამათრახებდა ობოლ გოგოს, რომელსაც შიმშილის გამო პური მოეპარა. მონასტრიდან ხმაურზე გამოვარდნილ  ზოსიმეს თვალწინ შემზარავი სურათი გადაეშლება. ერთი მხრივ, ჩამოკონკილი, სიფრიფანა გოგო, მეორე მხრივ, დუჟმორეული, ჯან-ღონით სავსე სოფელი, სამართლიანი განმსჯელისა და უცოდველის ნიღბით. უნებურად სახარებისეული ეპიზოდი გვახსენდება, მეძავის ჩასაქოლად გამზადებულ ხალხს ქრისტე რომ შეაჩერებს, თქვენ შორის უცოდველმა პირველმა ესროლოს ქვაო. იმ ძველი ამბიდან კი ზოსიმეს განსაკუთრებით ის ბიჭი დაამახსოვრდა, თვალამღვრეული რომ იძახდა საცოდავ გოგოზე, გაატიტვლეთო. სოფელს, როგორც თამაზ ბიბილური წერს: „თავის გამოჩენის, სხვისი დამცირების და ამ დამცირების ხარჯზე საკუთარ წვრილმან ცოდავთაგან  განწმენდის დაუფარავი სურვილი ჰკლავდა. ეს იყო შურისძიებით აცახცახებული სოფელი, მღვრიე მდინარე სიძულვილისა“. იმ ბიჭში დანახულ სივერაგეს კიდევ ერთხელ შეხვდა ზოსიმე, როდესაც სალაშქროდ მიმავალ გაავებულ სოფელს განუდგა, სწორედ მაშინ მისი სახლის გალავანზე ამოხტა ის ბიჭი, „უდაბნოს ხვატიდან წამოსული, ლაშქარს ადევნებული, დამშეული და გაავებული“. თუ მაშინ უმწეო გოგოს გატიტვლებას მოითხოვდა, ახლა მღვდელს უყვიროდა, ანაფორა გაიხადეო. „ბიჭის თვალებში კვლავ დავინახე ის გატანჯული და დამშეული ვნება“. ზოსიმემ ამჯერად „ხელი გამოიღო“ და თავხედ ბიჭს სილა გააწნა. ბიჭის სახით მთელმა სოფელმა უკან დაიხია. სახეზე ხელებაფარებული მღვდელი ზოსიმე ელის გაცოფებული სოფლის შურისძიებას, თანვე „შიში არფრისა მქონდა, მე აღარ ვიცოდი, რა იყო შიში. საკუთარი თავის გარდა უკვე აღარავისა მეშინოდა და ახლაც მხოლოდ ჩემი თავისა შემეშინდა“. ზოსიმემ იცის, რომ მან ბიჭის თვალებში „ბოროტისაკენ მიდრეკილ ვნებას გაარტყა“. სოფელი ვერ ითმენდა, რომ ვიღაცა, ამ შემთხვევაში, მღვდელი, „ყველას წინააღმდეგ ფიქრს ბედავდა“. სოფელს სატანა დაპატრონებოდა და ხეჩინას ხელით ბოროტებას ამრავლებდა. ამიტომაც იყო, რომ სოფელს ეშინოდა ფიქრისა, მის ნაცვლად კითხულს უნდა ეფიქრა, მაგრამ კითხულსაც ეშინოდა. ეშინოდა ამ თავზეხელაღებული სოფლისა, რომელიც ცოდვას ცოდვაზე ამრავლებდა. სოფელი საკუთარ შიშს სხვათა დალაშქვრითა და აწიოკებით თრგუნავდა, მაგრამ ის მაინც აქვე იყო, დაძრწოდა და უნდობლობასა და სიძულვილს თესავდა.

სოფლის შიშით კითხულმა კარგად დაცული კოშკი ააგებინა, მაგრამ შიშმა აქაც შემოაღწია, ციდან ჩამოვარდნილი, არსაიდან მოსული ხირჩლა მის გარშემო „ერთგულების სახელით წრეს ავიწროებდა. ერთ დღეს კითხულს ცოლმა გაუბედა და უთხრა: „მე მეშინია მაგ კაცისა… ხირჩლაა თუ ვიღაცა“. თუმცა, ეს გაბედული გამხელა ქალს თვითმკვლელობად დაუჯდა. შიშმა სოფელში მოღალატე გააჩინა, მოღალატეს კი დამნაშავეთა ძიება და მათი დასჯა მოჰყვა. ასე დასაჯეს სოფელში და ჩაქოლეს უდანაშაულო ახალგაზრდები, რომელთაგან ერთ-ერთის დამარხვას ვერ ბედავდა მოხუცი და უკვირდა ზოსიმეს: „ნუთუ შიში თრგუნავს ადამიანს, დაგვაკნინებს, გაგვაცამტვერებს და არარობად გვაქცევს? რატომ ვერ ჯაბნის სიკვდილის შიშს არარაობად ქცევის შიში?“. კითხულ გიორგი ბალიაურს „ჯიუტად არ სურდა ხირჩლას სულში სადღაც ზესკნელიდან მოსული სატანა დაენახა“, რადგან იგი გვერდში ედგა და ხელს უწყობდა, შიშით ემართა სოფელი. ხოლო როდესაც ხირჩლა თვით კითხულს აუმხედრდა, გვიან  იყო. „მოხუცი კითხული უკვე ზედმეტი გახდა და სწორედ ზედმეტი კაცის ჩამოშორების დღე დადმდგარიყო: ეს დღე დიდი ხანი მზადდებოდა, ან სწორედ იმ დღიდან, რა დღესაც ეს კაცი არსაიდან აქ ჩამოსახლდა, ან უფრო ადრეც, როცა ხირჩლას სულსა და ხორცში მანამდე უთვალავ სულსა და ხორცში გამოვლილი და გამოწრთობილი სატანა ჩასახლდა: სატანა არ ისვენებდა, ბორგავდა, ძალას იკრებდა“. და სწორედ იგი აქცევს ხალხს ბრბოდ, რომელიც მზადაა, ცხოველური ინსტიქტით შეპყრობილმა, დაგლიჯოს, დაფლითოს და გააცამტვეროს ყოველივე, რაც მის ბნელ განზრახვას წინ გადაეღობება. ბრბოდ გადაქცეულმა ხალხმა კითხულის შიში დაკარგა. თუ აქამდე მრავალსახოვანი სოფლისთვის მუდმივი მხოლოდ შიში იყო, ახლა ვითარება შეიცვალა. შიშმა თვითონ კითხული შეიპყრო და მიხვდა: „ადამიანებს თურმე მარტო სიყვარული კი არ აახლოვებდა, არამედ სიძულვილიც. ამ სიძულვილით იყო დაახლოებული ხირჩლასთანაც“. მის წინააღმდეგ შემართულმა სოფელმა ქვები დაყარა. რა მოხდა? ზოსიმე ფიქრობს. რომ „მაშინ, ალბათ, მე და ჩემი მეგობარიც სოფელი ვიყავით და სოფელს საკუთარი თავისა შეეშინდა“. სოფელმა კითხული გასწირა, სოფელმა ხირჩლა ირჩია, მაგრამ ყმაწვილ გიორგი ბალიაურის ტყვიამ მას სიცოცხლე მოუსწრაფა. იმ ადგილზე, სადაც ხირჩლა მოკვდა, „ნახშირსა და ნაცარში, განგმირული გვამის ნაცვლად ერთი ნაბდისძველა ეგდო… ხირჩლა თითქოს არცა ყოფილა. და თითქოს მის ნაცვლად სატანა დაძრწოდა აჩრდილივით და იქაურობას თავის ნებაზე დაატარებდა, თითქოს არც სახე ჰქონდა, არც ფერი, არც წარსული, არც მომავალი, ეს არსაითგან მოსული აჩრდილი ისე გაქრა, როგორც მოვიდა“. ჟამმა თითქოს სოფელი განწმინდა. კითხული კი სიკვდილის შესახვედრად გაემართა,

ზოსიმე მღვდელი, როგორც სინათლის სიმბოლო, ერთადერთია,  სოფლისგან გამორჩეული და განმარტოებული. მას ზეციური დაცვა სჭირდება და ამჯერად მოევლინება კიდევაც წმ. გიორგი ყმაწვილი გიორგი ბალიაურის სახით. ამიტომაც არის, რომ „გიორგი ბალიაური და ზოსიმე მღვდელი დღესაც მიდიან წუთისოფლის გზაზე, დღესაც ეძებენ ერთმანეთს და ვერ უპოვიათ. ხირჩლა სადღაც არის მიმალული და არავინ უწყის, ხვალ რომელ სოფელში გამოჩნდება, ან ვის სულში ჩასახლდება…“.

ეს არის მარადგანახლებადი წარსული, მითოლოგიური ციკლური დრო. წარსული, მწერლის აზრით, „მიწაში იმარხება, მაგრამ ჩვენ ამ მიწაზე ვცხოვრობთ და მიწიდან გვესმის ყრუ გუგუნი… ეს წარსული გუგუნებს და თავის თავს გვახსენებს“. ადამიანებს არ უნდა ეშინოდეთ ამ გუგუნისა, რადგან ის ერთადერთია, რომელიც მათ არსებობას ამართლებს და აზრს ანიჭებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი