პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

თამაშისა და სწავლის ფსიქოლოგიური ბუნება უზნაძის მიხედვით

ცნობილი ქართველი ფსიქოლოგის დიმიტრი უზნაძის თეორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ბავშვის თამაშისა და სწავლის ფსიქოლოგიური ბუნება და ფუნქცია. მეცნიერის აზრით, ყველა ცოცხალი ორგანიზმის ბუნებრივი მდგომარეობაა მოძრაობა, აქტიურობა. დიმიტრი უზნაძის თეორიის თანახმად, თამაშის ძირითად არსს ბავშვის შესაძლებლობათა აქტივაცია წარმოადგენს. კერძოდ, ბავშვი მხოლოდ იმ ძალებით კი არ არის აღჭურვილი, რომლებიც ბიოლოგიურად მნიშვნელოვანია მისი განვითარების ამ ეტაპზე, არამედ იმ ძალებითაც, რომლებიც მან მემკვიდრეობით მიიღო და რომლებიც განვითარების მომდევნო ეტაპებზე იქნება მნიშვნელოვანი. ბიოლოგიურად აუცილებელი ფუნქციები მის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების იმპულსით მოქმედებს, ხოლო ძალების მეორე ჯგუფი მოქმედებს ფუნქციონალური ტენდენციის საფუძველზე. თამაში სწორედ ამ ძალთა მოქმედების გამოვლინებაა.
თამაშის საშუალებით ხდება იმ ძალებისა და შესაძლებლობების განვითარება, რომლებიც შემდგომ სერიოზული საქმიანობის განხორციელებას ედება საფუძვლად. სასკოლო ასაკში, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ცხოვრებაში სწავლა დიდ ადგილს იკავებს, არანაკლები დრო ეთმობა თამაშს, განსაკუთრებით კი ფიზიკურ თამაშებს. ამასთან, სასკოლო ასაკის ბავშვების თამაში სპეციფიკურ სახეს იძენს. ბავშვი მარტო აღარ თამაშობს, მას აუცილებლად ჰყავს პარტნიორი და, ამასთან, მისი თამაში მიზანდასახული ქცევების ფორმად იქცევა, რომელიც საკუთარი ძალების გამოცდის, თანატოლებთან შეჯიბრების ხასიათს იძენს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქცევითაც არავითარი პროდუქტი არ იქმნება, მისი მიზანი თვითგანვითარება, საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების გამოცდაა. სწორედ ამიტომ მოზარდი ზოგჯერ მარტოც აამოქმედებს საკუთარ მოტორულ აპარატს. იგი თითქოს თავის თავს ეჯიბრება და ცდილობს, უფრო და უფრო დახვეწილი და ძლიერი მოძრაობები შეასრულოს.
ამგვარად, ამ ასაკში თამაში მოძრაობათა განვითარებას, გაუმჯობესებასა და დახვეწას ემსახურება და იგი შეჯიბრების პირობებში ხორციელდება, რაც გულისხმობს გარკვეული წესებისა და პირობების დაცვას. შედეგად მოზარდი „ფიზიკური თამაშის” გზით გაითავისებს საზოგადოებაში არსებულ გარკვეულ წესებსა და ნორმებს, რაც მას პიროვნებათაშორისი ურთიერთობებისა და ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარებაში ეხმარება.
დიმიტრი უზნაძის მიხედვით, სწავლა ადრეული ბავშვობიდან იწყება, მაგრამ დასრულებულ შინაარსს სასკოლო გარემოში იძენს. ამ პერიოდში სწავლა ქცევის ძირითად ფორმად იქცევა. ის მხოლოდ რაიმე ცოდნის შეძენას კი არ გულისხმობს, არამედ შესაძლებლობების შეძენასაც, უნარების განვითარებასაც, ამიტომ სწავლის პროცესში მოსწავლე მხოლოდ კონკრეტულ ცოდნას კი არ იღებს ან ჩვევას კი არ ეუფლება, არამედ ივითარებს იმ უნარებსა და შესაძლებლობებსაც („ძალებს”), რომლებიც სწავლაში მონაწილეობს. უფრო მეტიც – უზნაძის აზრით, სწავლისას ძირითადი სწორედ ამ უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებაა. თუმცა, თამაშისგან განსხვავებით, სწავლის პროცესში ბავშვის ძალების აქტივაცია უფროსის (მასწავლებლის) მიერ მიწოდებული მასალის საფუძველზე ხორციელდება და ამ მხრივ სწავლა ქცევის გარდამავალი ფორმაა თამაშსა და შრომას შორის.
სასკოლო გარემოში სწავლა გარკვეულ სასწავლო მასალასთან ერთად მასწავლებელსაც, სწავლის პროცესში მის მონაწილეობასაც გულისხმობს. მასწავლებლის ფუნქცია მასალის უბრალოდ მიწოდება და გამოკითხვა კი არ არის, არამედ – სწავლება. მასწავლებელი ასწავლის მოსწავლეს, რისთვისაც სასწავლო მასალას მოსწავლის უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით გარდაქმნის და ისე აწვდის მას. მასალა, ერთი მხრივ, მოსწავლის ცოდნისა და უნარების („ძალთა”) აქტუალური დონის შესატყვისი უნდა იყოს, მეორე მხრივ კი – მისგან გარკვეულწილად დაშორებული, რათა ხელი შეუწყოს განვითარებას. მასწავლებლის ფუნქცია სწორედ ამ პირობების რეალიზაციაა: მოსწავლისთვის ახალი მასალის მისაწვდომად გადაცემა, „ახსნა”. „ახსნა” კი უცნობის ნაცნობზე, ახლის ძველზე დაყვანასა და ამით ნაცნობისა და ძველის უფრო მაღალ საფეხურზე აყვანას ნიშნავს.
ამრიგად, მოსწავლის განვითარების პროცესში მასწავლებელი შუამავალია მასალასა და მოსწავლეს (მის „ძალებს”) შორის. ახსნის შედეგად მანამდე პრაქტიკულად მოცემული განსაზღვრული ფაქტი ბავშვისთვის დაკვირვების ობიექტად იქცევა, მისი ცნობიერებისთვის მისაწვდომი ხდება. ესა თუ ის ფაქტი, მოვლენა თუ საგანი სწავლის შედეგად ბავშვისთვის არა მხოლოდ პრაქტიკულად მოცემულად არსებობს, არამედ ცნობიერებაშიც ინახება ცნებათა სახით.
ამრიგად, უზნაძის მიხედვით, სწავლის არსი ახსნა და ამ გზით მოვლენათა, ფაქტთა და საგანთა ცნობიერებაში ასახვა და მოზარდის ცნებითი აზროვნების განვითარებაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი