პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ეკონომიკური კრიზისი, რომელიც საჯარო განათლების სისტემას ანადგურებს

რიჩარდ ვოლფი – ეკონომიკის ამერიკელი პროფესორი; ცნობილია მემარცხენეობით. წარსულში – იელის, მასაჩუსეტსის, ამჰერსტის, სორბონისა და ნიუ-იორკის საქალაქო (CUNY) უნივერსიტეტების პროფესორი; ამჟამად მოწვეული პროფესორის რანგში ასწავლის ნიუ-იორკის ნიუ სქულის უნივერსიტეტში (New School University).
კაპიტალისტური კრიზისები, განსაკუთრებით კი მწვავე კრიზისები, წარმოადგენენ ამ სისტემის სოციალურ საფასურს. ვინაიდან კონსერვატიული ეკონომიკური მეცნიერება იშვიათად აანალიზებს ასეთ შემთხვევებს, ვცადოთ შეფასება, რა გავლენას ახდენს მიმდინარე კაპიტალისტური კრიზისი აშშ-ის საჯარო განათლების სისტემაზე. სამწუხაროა, მაგრამ დეგრადირებადი საჯარო სკოლები ქვეყნის სხეულზე მრავალწლიან მოუშუშებელ იარებს ტოვებენ – სკოლებში „მიღებული” უხარისხო განათლების გამო კურსდამთავრებულებს აკლიათ ცხოვრებისა და შრომისათვის აუცილებელი ცოდნა და უნარები და, რაც მთავარია, ქვეყანა იღებს მომავალი თაობის სპეციალისტებს, მუშებს, მოქალაქეებს, კოლეგებს, რომლებიც უფრო ნაკლებად არიან მომზადებულნი შრომისა და ცხოვრებისთვის, ვიდრე წინა თაობები. შეიძლება ითქვას, რომ სასწორზე ერის მომავალი განვითარების პერსპექტივა დევს.

აშშ-ის დასავლეთ კიდეზე, კალიფორნიაში, მისი რესპუბლიკელი გუბერნატორი (არნოლდ შვარცნეგერი – ლ.ა.) მილიარდობით დოლარით ამცირებს საჯარო სკოლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ბიუჯეტს, რათა რაიმე მოუხერხოს შტატის 12%-იან უმუშევრობას… 2009 წლის ნოემბერში კალიფორნიის შტატის რეგენტთა საბჭომ ხმა მისცა კალიფორნიის უნივერსიტეტში (აშშ-ის უდიდესი სახელმწიფო უნივერსიტეტი – მთარგმ.) სწავლის საფასურის გაზრდას. გაიზარდა სამაგისტრო და პროფესიული სკოლების გადასახადებიც. ამ გადაწყვეტილებებმა ათიათასობით სტუდენტს წაართვა საჯარო განათლების უმაღლეს სკოლებში სწავლის გაგრძელების შანსი.

გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო სტუდენტების ნაწილმაც მიატოვა სწავლა, რაც ასევე გაზრდილი ან არსებული გადასახადის ბრალია. შტატის სათემო კოლეჯებშიც კი სწავლის საფასურმა 30%-ით მოიმატა. ნაცვლად იმისა, რომ შტატის ბიუჯეტის შესავსებად ყველაზე მდიდარი კალიფორნიელებისთვის მიემართათ, რომლებსაც ყველაზე ადვილად შეუძლიათ გაუკლავდნენ მიმდინარე ეკონომიკურ კრიზისს, შტატის კანონმდებლებმა საჯარო განათლების სისტემის განძარცვა არჩიეს.

ამ მდგომარეობის ახსნა შეუძლებელია აშშ-ის პოლიტიკის ძირეული პრობლემების გაუთვალისწინებლად. პოლიტიკოსები დამოკიდებულნი არიან კორპორაციებზე და, უბრალოდ, მდიდრებზე, მათთან კონტაქტებზე, არჩევნების დროს. ნებისმიერი ადგილობრივი, რეგიონული და ეროვნული საარჩევნო კამპანიის წარმატება მეტწილად ძვირ სარეკლამო და საეთერო მომსახურებაზეა დამოკიდებული. პოლიტიკურ კანდიდატთა კამპანიები ძირითადად აგებულია ისეთი „უბრალო” და „ხალხისთვის მისაღები” იდეების გაჟღერებაზე, რომლებიც „გადასახადების გაზრდის”, „სახელმწიფოს კერძო საქმეებში ჩარევის” სიავეზე მიუთითებს. ეს იდეები სკრუპულოზურად არის დამუშავებული ანალიტიკურ ორგანიზაციებში (ე.წ. think tank-ებში), ფონდებში, საუნივერსიტეტო ინსტიტუტებში, რომლებიც, თავის მხრივ, კორპორაციებისა და მდიდრების მიერ ფინანსდება.

პოლიტიკოსებს, რომლებიც ზრუნავენ თავიანთ პოლიტიკურ კარიერაზე, ნაკლებად ადარდებთ საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა კორპორაციების ან მდიდრების ზედმეტად დაბეგვრის ხარჯზე. პირიქით, ამ პოლიტიკოსებს ურჩევნიათ, ის სახელმწიფო სერვისები გააუქმონ ან შეამცირონ, რომელთა არსებობაც მათ კორპორატიულ „პატრონებს” გულზე არ ეხატებათ. ვინაიდან მდიდრების შვილები ძირითადად კერძო, პრესტიჟულ ან „ელიტურ” საჯარო სკოლებში დადიან, პოლიტიკოსები საბოლოოდ იმ საბიუჯეტო შეკვეცებს უჭერენ მხარს, რომლებიც ეხება საჯარო საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც, თავის მხრივ, ნაკლებად შეძლებული ამერიკელების შვილებს ემსახურება. აშშ-ის კორპორაციები მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებს უკვე დიდი ხანია საზღვარგარეთ პოულობენ, შესაბამისად, კორპორაციებს უკვე ნაკლებად სჭირდებათ მაღალი კვალიფიკაციის ამერიკელი მოსამსახურეები, რომლებსაც გასამრჯელო „ამერიკული ნიხრით” უნდა გადაუხადონ.

აშშ-ის მეორე კიდეზე, ატლანტიკურ აღმოსავლეთში, მჭიდროდ დასახლებულ ნიუიორკულ ლონგ-აილენდზე ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც პირველი და მეორე საფეხურის საჯარო სკოლებს შეეხო, დოკუმენტურად დაადასტურა, რომ ეკონომიკური უთანასწორობა ღრმად არის აღბეჭდილი ამერიკულ საჯარო განათლების სისტემაში. კერძოდ, ასეთი სკოლების დაფინანსება პირდაპირ არის დამოკიდებული მიწის ადგილობრივ გადასახადზე და სახელმწიფოს (შტატის) მიერ გამოყოფილ დახმარებაზე: მდიდარ უბნებში განლაგებულ სკოლებს შეუძლიათ, გაცილებით უკეთესი განათლება მისცენ ბავშვებს, ვიდრე ნებისმიერ სხვას. კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ემი ს. უელსი წერს: „ღარიბ სკოლებში მთავარი ამოცანაა შტატის მიერ დაწესებულ კრიტერიუმებთან მიახლოება; უფრო წარმატებულ სკოლებში მასწავლებლების აკადემიური ხარისხი გაცილებით მაღალია – ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მდიდარ უბნებში მასწავლებლის ადგილზე ასობით განცხადება იყო შესული, მაშინ როდესაც ღარიბი უბნების სკოლები ერთ კანდიდატსაც კი ვერ პოულობენ მასწავლებლის ვაკანტური ადგილის შესავსებად”.

ამ კვლევის ძირითად დასკვნაში წერია, რომ „ერთ მოსწავლეზე დახარჯული თანხის მიხედვით სხვადასხვა რაიონის სკოლებს შორის წარმოუდგენელი სხვაობაა. შტატის მიერ დადგენილი ხარჯვის ფორმულაც კი, რომლებიც რაიონების სკოლებს შორის არსებული უთანაბრობის გასაწონასწორებლად არის შექმნილი, ვერაფრს ხდება ამ მასშტაბურ უთანაბრობასთან”.

ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო ამძიმებს ნიუ-იორკის შტატის საჯარო სკოლებში არსებულ უთანასწორობას. საშუალო და მცირე შემოსავლების მქონე რაიონებში მაღალია უმუშევრობის ან ვალების გამო სახლებიდან გამოსახლების მაჩვენებელი. ეს, თავის მხრივ, იწვევს ამ უბნებში მიწისა და სახლების ფასის მკვეთრ ვარდნას, ოჯახის შემოსავლების შემცირებას. ასეთ გაღარიბებულ რაიონებში საზოგადოების წნეხი ადგილობრივ კანონმდებლებზე, მიწის გადასახადების შემცირებაზე, ბუნებრივია, უფრო მაღალია. შესაბამისად, მცირდება სკოლების დაფინანსება, რომელიც პირდაპირ არის დამოკიდებული რაიონში მიწის გადასახადის აკრეფაზე. უთანასწორობა საჯარო განათლების სისტემის შიგნით, სამწუხაროდ, ხელს უწყობს უთანასწორობას კვალიფიკაციაში, დასაქმებასა და შემოსავლებში, რომელიც უკვე ახალ თაობას შეეხება.

ნიუ-იორკის მთავარობა არათუ ხელს არ უწყობს, გათანაბრებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ამ სირთულის მოგვარებას, არამედ საპირისპიროდ იქცევა – დემოკრატმა გუბერნატორმა პატერსონმა მიმდინარე დეკემბერს (საუბარია 2009 წელზე – ლ.ა.) 750 მილიონი აშშ დოლარით შეუკვეცა ასიგნება სკოლებს და დასძინა, რომ 2010 წლის ბიუჯეტში სასკოლო საჯარო თანხების კიდევ 700 მილიონით შეკვეცა იგეგმება. გარდა ამისა, შტატის მთავრობა აპირებს მსუბუქ სასმელებზე (რომლებიც სკოლებში იყიდება) 18%-იანი გადასახადის დაწესებას (მიზეზი: „სიმსუქნესთან საბრძოლველად”), სავაჭრო გადასახადის აღდგენას ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, რომელიც 100 დოლარზე ნაკლები ღირს და გადასახადების დაწესებას საკაბელო და სატელიტურ რადიოზე (აშშ-ში დღგ-ს ნაცვლად არის ე.წ. „სავაჭრო გადასახადი”, ადგილობრივი გადასახადი, რომლესაც შტატი ადგენს და რომელიც საქონლის ფასის პროცენტს შეადგენს. მას მყიდველი იხდის საქონლის შეძენისას, – ლ.ა.). სასკოლო თანხების ასეთი შეკვეცა და ახალი გადასახადების შემოღება პირდაპირ აისახება მიწის გადასახადების გადამხდელთა ჯიბეზე, რომლებიც, თავის მხრივ, მიწასა და ქონებაზე გადასახადების შემცირებას მოითხოვენ პოლიტიკოსებისგან. პოლიტიკოსები კი, თავის მხრივ, იძულებულნი არიან, არჩევნების წინ დასწიონ მიწის გადასახადი, რათა ამომრჩეველთა ლოიალობა დაიმსახურონ. მიწის გადასახადებიდან მობილიზებული თანხების შემცირება კი სკოლებისთვის ასიგნების შემცირებას იწვევს. 

სამწუხაროდ, ორივემ, ბუშისა და ობამას ადმინისტრაციებმა, დაუშვეს შესაძლებლობა, რომ შტატებისა და ადგილობრივ მმართველობათა მიერ საჯარო სკოლების დაფინანსება და მხარდაჭერა მთელი ქვეყნის მასშტაბით შემცირებულიყო. განათლების შესაძლებლობები მცირდება, ხოლო ხარისხიანი განათლების მიღების უფლება, რომელიც თანაბარი უნდა იყოს ყველასთვის – იზღუდება. ატლანტიდან წყნარი ოკეანის ნაპირებამდე მოსწავლეთა უმრავლესობისთვის (მდიდართა შვილების გარდა) უარესდება სამუშაოს შოვნის, ადეკვატური შემოსავლის მიღებისა და ნორმალური ცხოვრების აწყობის პერსპექტივა. საჯარო განათლებასთან მიმართებით აშშ-ის მთავრობის პროგრამას ირონულად შეიძლება დავარქვათ „არც ერთი ბანკირი არ დაგვავიწყდეს” (პროფესორი ვოლფი გულისხმობს ჯორჯ ბუში-უმცროსის დროს მიღებულ სახელმწიფო პროგრამას და ამერიკულ კანონს „No Child Left Behind” – „არც ერთი ბავშვი არ დარჩეს განათლების გარეშე”, – ლ.ა.).

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი საზოგადოების მომავლისთვის საჯარო განათლების კოლაფსთან მიახლოებული მდგომარეობა არანაკლებ სახიფათოა, ვიდრე დღევანდელი, უკვე კოლაფსურ მდოგომარეობაში მყოფი საკრედიტო ბაზარი. 

პრეზიდენტი, რომელიც საპრეზიდენტო ოფისში „იმედის” კამპანიით მივიდა (იგულისხმება პრეზიდენტ ობამას საპრეზიდენტო სლოგანები – „ცვლილება” და „იმედი გვაქვს”, – ლ.ა.), დღეს თავის პრეზიდენტობას, ბავშვებისთვის ამ იმედის აორთქლების ფონზე აგრძელებს.
ავტორი: რიჩარდ ვოლფი
ინგლისურიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო ლევან ალფაიძემ
გამოყენებული რესურსი:
ECONOMIC CRISIS SAVAGES PUBLIC EDUCATION. from MRzine, 12/18/2009
by Rick Wolff. https://brechtforum.org/economic-crisis-savages-public-education

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი