შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ნეიროლინგვისტური პროგრამირება – ადამიანთა ქცევისა და კომუნიკაციის ახალ მოდელი

რა არის ნლპ _ ნეიროლინგვისტური პროგრამირება?
 
მინდა გესაუბროთ ნეიროლინგვისტურ პროგრამირებაზე _ როგორც მეცნიერები უწოდებენ, ადამიანთა ქცევისა და კომუნიკაციის ახალ მოდელზე. 

შემოვლით გზებს ავირჩევ აქამდე მისასვლელად. 

რა არის ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება? მეცნიერების ეს ახალი დარგი შეიძლება განიმარტოს, როგორც ნევროლოგიის, ლინგვისტიკისა და კიბერნეტიკის ურთიერთკავშირი; ყველაფერი, რაც ადამიანის ცხოვრებაში ხდება, „იწერება” მის ნერვულ ქსოვილებში, ვლინდება მეტყველებაში და ექვემდებარება პროგრამირებას. ვფიქრობ, ძალიან მარტივად განვმარტე, შემეძლო დამეწყო რთული ახსნებითაც.

კიდევ უფრო გავამარტივებ:

ჩვენ ვუყურებთ ერთსა და იმავე სამყაროს… ერთი შეხედვით, ერთსა და იმავეს… თუმცა თითოეული ჩვენგანის აღქმა განსხვავებულია… მაშასადამე, ჩვენ უნიკალურ სამყაროებში ვცხოვრობთ. ამის გასაცნობიერებლად ნეიროლინგვისტები (გარი ოლდერი და ბერილ ხეზერი) გვთავაზობენ ძალიან მარტივ გაკვეთილს:
აიღეთ რაიმე საგანი, მოათავსეთ თქვენ წინ მაგიდაზე და კონცენტრირდით ამ საგანზე. ნუ შეაკავებთ აზრებს, გამოვლენის საშუალება მიეცით ნებისმიერ ასოციაციას. საგნის ფერმა შეიძლება დაგაბრუნოთ ბავშვობაში, ფორმამ კი _ გამოიწვიოს წარმოსახვათა თამაში, ისეთივე, თითქოს ღრუბლებს ან  ცეცხლს უყურებდეთ. როგორც კი შეწყვეტთ საგნის „ობიექტურ” განხილვას და საშუალებას მისცემთ არაცნობიერს განმარტოს დანახული, წარმოიქმნება გარკვეული შინაარსები. 

საგნის ჭვრეტისას „თავში ჩნდება ახალი აზრები”. დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ ეს საგანი. ერთ შემთხვევაში, თქვენ აღმოაჩენთ კავშირს საგანსა და იმ აზრებს შორის, რომელსაც ეს საგანი იწვევს; „ლოგიკური” ახსნა მოეძებნება  წარმოქმნილ ასოციაციებს, როგორი ბუნდოვანიც არ უნდა იყოს და, სხვა შემთხვევაში, თავში გაელვებული აზრი შეიძლება, სრულიად არალოგიკური მოგეჩვენოთ, თუმცა, ეჭვი არ არის, რომ მას აუხსნელი ვითარებით კავშირი აქვს ამ საგანთან.

კითხვა მდგომარეობს შემდეგში: რა მოხდება, თუ 100 ადამიანი ამგვარად შეხედავს ერთსა და იმავე საგანს. 
ამ გამოცდილების თანახმად, ისინი დაინახავენ 100 განსახვავებულ „შინაარსს”, განიცდიან სრულიად განსხვავებულ გრძნობებს. ეს ადასტურებს იმას, რამდენად სუბიექტურია ეგრეთ წოდებული ობიექტური მატერიალური სამყაროს აღქმა, როდესაც რაიმეს ვხედავთ, გვესმის ან შევიგრძნობთ. 
ეს აზრია გამოხატული მუხრან მაჭავარიანის შემდეგ ლექსში:

“სხვას რომ არ ესმის შენი ლექსი,
  შენ როგორც გესმის! _
  სისულელეა, _
  ამის გამო უკეთუ ბორგავ:
  სისულელეა, _
  ვინაიდან,
  არამცთუ ლექსი,
  სიტყვაც კი ერთი
  ერთნაირად არ ესმის ორ კაცს”.

ლექსს თუ განსხვავებული ინტერპრეტაციები ექნება, ამის გამო დიდ წინააღმდეგობაში არ ჩავცვივდებით, რადგან ხელოვნებაში განსხვავებული აღქმები ბუნებრივია, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ცხოვრებას… აი, აქ ხელს გვიშლის განსხვავებული გაგება და აღქმა.

მთავარი იდეა მდგომარეობს შემდეგში:

რეაქცია, რას ვგრძნობთ და განვიცდით, დომინირებს ჩვენს ქცევაზე _ რას ვაკეთებთ. 

თითოეული ადამიანის მიერ გარესამყაროს ხედვა უნიკალური, იდუმალი და სრულიად სუბიექტურია, რაც განაპირობებს კონკრეტული ადამიანის ქცევებს.

ჩვენ შეიძლება ვხედავთ ერთსა და იმავეს, მაგრამ განსხვავებული აღქმების გამო სხვადასხვაგვარად ვიქცევით. გამოდის რომ, ჩვენი ქცევა, და, მაშასადამე, ჩვენი წარმატება-წარუმატებლობა (და არა მხოლოდ) განისაზღვრება სუბიექტური განცდებით.

ენა ხდება ადამიანთა შორის არა გაგებინებისა და აზრთა გაცვლის, არამედ გაუგებრობების წყარო.

რას აკეთებს ამ შემთხვევაში ნეირო-ლინგვისტიკა? 

ის სწავლობს და ავლენს მეტყველებაში აზროვნების შტამპებს, რომელიც ხელს უშლის ადამიანს კომუნიკაციაში და შლის მეხსიერების მყარი დისკიდან, შემდეგ კი ახდენს ახალი პროგრამის ჩაწერას…

ეს წინადადება მეტაფორაა, მაგრამ ზუსტად ასახავს ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების არსს.

ერთი სიტყვით, ჩვენ ვსწავლობთ, როგორ ქმნის და აგებს ჩვენი აზროვნება შაბლონებს და შტამპებს და როგორ შეიძლება მათი ჩანაცვლება ახალი სისტემით, რაც საბოლოო ჯამში აფართოებს ჩვენს ცნობიერებას და მასში მეტი ჟანგბადი შემოაქვს.

საინტერესო ის არის, რომ ჩვენ ვსწავლობთ მოდელების აგების მექანიზმებს და ჩვენს აზროვნებას, როგორც მექანიზმს და ამასობაში აღმოვაჩენთ ამ პროცესში ენის მაგიურ ფუნქციას, რადგან მოდელების ამოცნობა და ჩანაცვლება სწორედ მეტყველების მეშვეობით ხდება.

ეს ფუნქცია _ ზეგავლენის ფუნქცია _ ენას ყოველთვის ჰქონდა და დღემდე ბუნებრივად აქვს. 

ვმეტყველებ, ნიშნავს, ვახდენ ზეგავლენას… 

სხვა საკითხია, როგორ ზეგავლენას ახდენს ერთი ადამიანის მეტყველება მეორეზე ან ადამიანთა ჯგუფზე, თორემ ისე  გავლენა ყოველთვის არსებობს!

სანამ წინ წავიწევდეთ და ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების სხვა ასპექტებზე ვისაუბრებდეთ, გადავწვდეთ წარსულს.

ჩემი დაკვირვებით, ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების უძველესი ფორმები ფოლკლორში უნდა ვეძებოთ. ასეთად შესაძლოა განვიხილოთ, მაგალითად, ხალხური შელოცვები.

„გულო, ჩადექ საგულესა…”

შელოცვების ენა განსაკუთრებული სემიოტიკური სისტემაა. ენობრივი ნიშანი აქ არაკონვენციურ ხასიათს ავლენს, რაც იმას ნიშნავს, რომ სიტყვა საგნის პირობითი აღმნიშვნელი კი არ არის, არამედ მისი უშუალო ნაწილია. სიტყვის არაკონვენციური გაგება დამახასიათებელია ბავშვთა ფსიქოლოგიისთვის _ „სიტყვა იგივდება საგანთან”. მაგალითად, პირველკლასელმა შეიძლება ჩათვალოს, რომ წინადადებაში: „აქ დგას ორი სკამი და ერთი მაგიდა” _ სულ სამი სიტყვაა, ან რომ სიტყვა „კანფეტი”_ ტკბილია. არაკონვენციურობა ნიშნისა და აღსანიშნის, სიტყვისა და საგნის, საგნის სახელისა და საგნის არსის იგივეობრიობაა. სწორედ ასეთი იყო პირველყოფილი ადამიანის აზროვნება. 

იაკობსონი ენის მაგიურ ფუნქციას ენის პოეტურ ფუნქციასთან ანათესავებს. ჩემი აზრით, პოეზია მსმენელზე ზეგავლენას ძალდაუტანებლად, უშუალოდ ახდენს… ხოლო შელოცვა, ადრესატის თანხმობის მიუხედავად, მაინც ერთგვარი „ძალადობაა” ფსიქიკაზე.

შელოცვები „რწმენას უნერგავს” ადამიანს და ამ რწმენის ხარჯზე აჯანმრთელებს. ეს იგივე ნეირო-ლინგვისტური პროგრამირებაა, ოღონდ გაცნობიერების გარეშე. აქ ადამიანს არ აინტერესებს, რა მექანიზმებით მოქმედებს მასზე ენა. 

ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების შესწავლით ჩვენ შეგვიძლია გამოვიკვლიოთ, როგორ მუშაობს ჩვენი აზროვნება და შეგვიძლია თვითონ შევცვალოთ „პროგრამები” და თავიდან ავიცილოთ სხვების მიერ ჩვენი დაპროგრამება. (გაგრძელება იქნება…)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი