შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ათი ფერი ”ვეფხისტყაოსანში”

ფერი მხატვრულ ტექსტებში უმნიშვნელოვანესი ესთეტიკური კატეგორიაა. სიმბოლიკაში მას საინტერესო დატვირთვას აკისრებენ მწერლები. ფერით შესაძლებელია ისეთი ქვეტექსტის მინიჭება ავტორის სათქმელისთვის, რაც ნაწარმოების უმთავრესი იდეური აქცენტების ამოხსნაში დაგვეხმარება. შესაძლოა, მკითხველისთვის გარკვეულ სირთულეს წამოადგენდეს მწერლის ჩანაფიქრის ამოცნობა, მაგრამ ამ საკითხების შესწავლა, დეკოდირება და ანალიზი შესაძლებელია. ლიტერატურათმცოდნეები საკმაოდ დამაჯერებლად ხსნიან ფერთა სიმბოლიკის საკითხებს და არსებობს მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტშიც კი მიღებული და საყოველთაოდ გაზიარებული ახსნები. მაგალითისთვის ცისფრისა და ლურჯის სიმბოლიკაც იკმარებდა. მხატვრობასა და ლიტერატურაში ეს ფერი იდეალის, რომანტიკული ოცნების, სასურველის, შეუცნობლის, მისტიკურის სიმბოლოდ ითვლება. სხვა დატვირთვა აქვს ლურჯ ფერს ”ვეფხისტყაოსანში”.

რუსთველი, როგორც სიმბოლოთა დიდოსტატი, ”ვეფხისტყაოსანში” ფერებს განსაკუთრებულ მხატვრულ ფუნქციას სძენს. ერთი ფერი პოემის მთელ სიუჟეტში ერთ კონკრეტულ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს და არ არის რთული ამოსაცნობი მისი დანიშნულება. პოემის სამყარო ისედაც მრავალფეროვანია, ხოლო ფერები პოეტს ეხმარება თავისი საიდუმლოებების მკითხველისთვის დამაინტრიგებლად მიწოდებაში. პოემა მთლიანად ლიტერატურულ მისტიფიკაციად უნდა ჩავთვალოთ. აქ საიდუმლოა ავტორის ვინაობა, პოემის ფაბულა და სიუჟეტი, გმირთა ვინაობა, ქვეყნები და ქალაქები, დრო და სივრცე (ქრონოტოპი), მაგრამ რუსთველოლოგია ამ საიდუმლოებებს თავისებურად ხსნის და მომზადებულ მკითხველსაც შეუძლია ნაირგვარი ინტერპრეტაციებით ტექსტის აღქმა.

პოემის ფერთა სამყარო პირობითად ამგვარ პალიტრას გვთავაზობს (ძირითადად დომინირებს ათი ფერი):

  • შავ-თეთრ-წითელი ფერების სიმბოლიკა (სამი სკნელი, სამი რაინდი და სამი ფერის ცხენი – მითოსური პარადიგმა);
  • ოქროსფერი, ძოწისფერი და ჭრელი;
  • მწვანე და ნარინჯისფერი;
  • ლურჯი და ყვითელი, როგორც ნეგატიური ფერები.

შავ-თეთრ-წითელი ფერების სიმბოლიკა

ქართულ მითოსსა და ჯადოსნურ ზღაპრებში კოსმოსის აღქმა ყოველთვის ასეა შემოთავაზებული: სამყარო იყოფა სამ სკნელად – ზესკნელი-შუასკნელი-ქვესკნელი. უძველეს მსოფლაღქმაში ზესკნელი უფლისა და ანგელოსების საუფლოა და მას თეთრი ფერი შეესაბამება, შუასკნელი – ადამიანთა სამყოფელია, მიწიერება, რომლის სიმბოლო წითელი ფერია, როგორც ფერი სიცოცხლისა, სისხლისა და სიყვარულისა, ხოლო ქვესკნელი ანუ სულეთი მიცვალებულთა საუფლოა და მისი შესაფერისია შავი ფერი, თუმცა აქ სიკვდილთან ერთად ახალი სიცოცხლის დასაბამიც არის, ვინაიდან მიწის წიაღში ჩადის თესლი, ღვივდება და ახალი სიცოცხლე იბადება. მითოსური წარმოდგენით ასევე არსებობს კულტი სამი მესია-გმირისა, რომლებიც ამ სამი სკნელის ფერების ცხენებზე არიან ამხედრებულნი. რუსთველი ზუსტად მისდევს ამ მითოსურ წარმოდგენებს. ავთანდილი, ტარიელი და ფრიდონი ხსენებული მითოსური არქეტიპების „რეინკარნაციად“ გვევლინებიან. ავთანდილი, როგორც უფალთან მიახლოებული, ნათელი გმირი, თეთრ ცხენზე ზის; ტარიელი, როგორც სატრფოს დამკარგავი, ქვესკნელში ჩასული, განმარტოებული, სევდიანი გმირი – ფრიდონის ნაჩუქარ შავ ცხენზე ზის; ხოლო ფრიდონი ნამდვილი შუაკაცია, მიწის კაცი, ის რჩეული რაინდია, მაგრამ ავათანდილს და ტარიელს ვერ შეედრება. როცა სამნი ერთად მიდიან, რუსთველი მათზე ამბობს: ”ორნი მზენი, ერთი მთვარე”. ფრიდონის ცხენის ფერზე ”ვეფხისტყაოსანში” მითითება არ არის, მაგრამ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ის, როგორც წითელი სკნელის გმირი, წითელ ცხენზე ზის.

საინტერესო დატვირთვა აქვს წითელ ფერს ავთანდილის გულანშაროში ყოფნის ეპიზოდში, ჭაშნაგირის მოკვლის სცენაში. ჭაშნაგირის სახლი სანაპიროზე ასეთი იყო: ”ზღვის პირსა სახლი ნაგები დგა ქვითა წითელ-მწვანითა”… სახლი ძალიან მდიდრული იყო, მაგრამ წითელი და მწვანე უგემოვნო ფერთა შეხამებაა, რაც ჭაშნაგირის მდაბიო ბუნებაზე უნდა მიგვანიშნებდეს.

1953 წელს ბუენოს-აირესში გამოიცა ცნობილი ემიგრანტი რუსთველოლოგის, ვიქტორ ნოზაძის წიგნი ”ვეფხისტყაოსნის” ფერთამეტყველება”, სადაც თეთრი ფერი პოემაში მიჩნეულია სიმშვიდის, სიკეთის, სინათლის, სიახლის, ძიების და აღმოჩენის ფერად. თეთრი, ბროლ-ფიქალი, ასევე თეთრი ფერის ქვები, სადაფი და მარგალიტი ითვლება გონებისა და სულის სინათლის ფერებად. წითელი ფერი სიყვარულის და, ამასთან, სისხლის, შურისძიების ფერია. ტარიელმა წითელი ატლასით მორთო სასიძოს, ხვარაზმელი უფლისწულის, კარავი, როგორც მოსალოდნელი სისხლისა და შურისძიების სიმბოლო. ტარიელის შავი ცხენი მას თან ახლავს განუყრელად, მისთვის მხსნელი და მშველელია, ქაჯეთის ციხის აღების დროსაც ფრიდონი გაეხუმრა ტარიელს (”ვეფხისტყაოსანი” ნოდარ ნათაძის რედაქციით, თბილისი, 2014, სტროფი 1414): ”მაგა ცხენსა ჩემეულსა მოასწრებენ კართა ვერა, / ოდეს გიძღვენ, არ ვიცოდი, ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა, / თვარა ყოლა არ გიძღვნიდი, ჩემი გითხრა სიძუნწე რა”…

შავის და თეთრის სიმბოლიკას უკავშირდება ვეფხის ტყავიც, როგორც პოემის უმთავრესი სიმბოლო. ნათელი (იგივე თეთრი) და შავი ზოლების მონაცვლეობა ტარიელის ვეფხის ტყავზე სიმბოლოა სამყაროში ბოროტისა და კეთილის, ორი ანტაგონისტური ენერგიის,  ჭიდილისა.

ძოწისფერი, ოქროსფერი და ჭრელი

ძოწისფერი წითლის ელფერია, ”გამუქებული” წითელი, და მას პოემაში საინტერესო ფუნქცია აქვს. ძოწეულით მოსილია ავთანდილი, როცა სანადიროდ მიდიან. ნადირობა შუასკნელის საქმეა, მიწიერი ძიება, სარჩოს მომპოვებლობა, ნადირის სისხლის ღვრა, რაც წითელ ფერთან ასოცირდება და წითლის ზემოაღნიშნულ სიმბოლიკასთან არის კავშირში.

საინტერესოა ოქროსფერის სიმბოლური დატვირთვა. ოქროსფერი ”ვეფხისტყაოსანში” მეფური დიდების ფერია და ავთანდილსაც ოქროსფერი რიდე (”პირ-ოქრო რიდე ებურა”…) მოსავს, როგორც მომავალ მეფეს, მიწიერ დიდებაში მყოფ გმირს, ძალაუფლებით აღჭურვილს, ფიზიკურად და მორალურად ძლიერ, მშვენიერ არსებას, რენესანსული აზროვნების იდეალური გმირის განსახიერებას. ოქროსფერი რიდე ასევე შეიძლება დავუკავშიროთ შარავანდედს, რომელიც წმინდანებს ჰმოსავთ ხატებზე.

ასევე ავთანდილთან არის დაკავშირებული ჭრელის სიმბოლიკა. როცა ახლადგამეფებულმა თინათინმა პირველად იხმო თავისი სპასპეტი, იოლი წარმოსადგენია ავთანდილის სიხარული. მას თინათინის გამეფება ხომ სწორედ ამის გამო აბედნიერებდა, ფიქრობდა, ”ზედა-ზედა მომხვდების ნახვა მის ბროლ-ფიქალისაო”… მეფესთან პირველ შეხვედრაზე ავთანდილი ასე შეიმოსა: ”ადგა და კაბა ჩაიცვა, მჯობი ყოვლისა ჭრელისა, უხარის ნახვა ვარდისა, არ ერთგან შეუყრელისა”… ჭრელი კაბა აქ ზუსტად ეხმიანება გმირის ამაღლებულ განწყობას, ბედნიერებასა და სიხარულს, ის მდიდარი სულიერების და სამყაროს მრავალფეროვნების სიმბოლოც არის.

მწვანე და ნარინჯისფერი

როგორც მკვლევრები აღნიშნავენ (ვიქტორ ნოზაძე), მწვანე ფერი ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში დაკავშირებულია იმედთან, სიკეთესთან, მოლოდინთან და ძიებასთან და სწორედ ამას გამოსახავს ის ”ვეფხისტყაოსანშიც”. ნოზაძე აღნიშნავს, რომ ქრისტიანობაში მწვანე სამებისა და ეპიფანიის ფერია. პოემის მთავარი სიმბოლოა ნესტანის მწვანე კაბა, რომელიც მას ტარიელთან შეხვედრის დროს ემოსა და შემდეგ ქაჯთა ხელში ხანგრძლივი ტყვეობის მანძილზე გაუხდელად ეცვა. მართალია, უნუგეშო იყო ნესტანის მდგომარეობა ქაჯთა ტყვეობაში, მაგრამ მას იმედი მაინც არ დაუკარგავს. მისი მწვანე კაბაც სწორედ ამ იმედის განსახიერებაა.

ნესტანის კაბის ფერია აგრეთვე ნარინჯისფერი, რომელიც მას მაშინ მოსავს, როცა პირველად წარადგენენ სასახლის კარზე, ტარიელის ხატაეთის ომიდან ტრიუმფით დაბრუნების დღეს. ხატაელთა დამორჩილება ნესტანის საგმირო დავალება იყო და მიჯნურები ხარობენ იმით, რომ ტარიელმა ასეთი გამარჯვება მოიპოვა, გააძლიერა ინდოეთი, შემოიმტკიცა მოხარკე ქვეყანა.

ნესტანი პოემის უმთავრესი მისტიფიკაციაა. ის არა  ჩვეულებრივი ქალი, არამედ კოსმიური, ეზოთერული სიბრძნის განსახიერებაა (ზვიად გამსახურდია, ”ვეფხისტყაოსნის” სახისმეტყველება, თბილისი, 1991). ამიტომაც ნესტანის მწვანე და ნარინჯისფერი კაბები მისი სახის გახსნაში გვეხმარება. გავიხსენოთ ნესტან-დარეჯანის სახელის ეტიმოლოგიაც – რომლის მსგავსიც არავინ ყოფილა…

 

ლურჯი და ყვითელი, როგორც ნეგატიური ფერები

 

პოემის ფერად სიუჟეტში მკითხველი მრავალგზის წააწყდება ლურჯ და ყვითელ ფერებს, როგორც პოემის ნეგატიურ სიმბოლოებს. ყველაზე ხშირად სწორედ ეს ფერები იხსენიება. ისინი ბევრი ტონითა და ელფერით გვხვდებიან. ყვითელი წარმოდგენილია, როგორც: ქარვისფერი, ამარტისფერი, ნარგისისფერი, ზაფრანისფერი, ხოლო ლურჯი, როგორც: ლაჟვარდისფერი,  ლები.

ორივე ეს ფერი დაკავშირებულია სევდასთან, დეპრესიასთან, სულიერ ტკივილთან, სნეულებასთან, დაცემასთან, უბედურებასთან, ტანჯვასთან. მაგ: ”ამარტისფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან” …

მე-19 საუკუნის რომანტიკულ პოეზიაში ლურჯმა და ცისფერმა მიუღწეველი, მაგრამ სასურველი ოცნების, იდეალის, მისტიკურის, შეუცნობლის დატვირთვა შეიძინა (გავიხსენოთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ცნობილი ლექსი „ცისა ფერს, ლურჯსა ფერს“…) ან თუნდაც ამ ფერის გამოსახვა იმპრესიონისტულ მწერლობასა და მხატვრობაში, თუმცა „ვეფხისტყაოსანი“ ლურჯისა და მისი ტონების ამგვარ სიმბოლიკას არ იზიარებს. ეს ფერი რუსთველის პოემაში დაკავშირებულია ცემასთან, ტკივილთან, დეპრესიასთან. გავიხსენოთ დავარ ქაჯის მიერ ნესტანის ცემის ეპიზოდი, რომელსაც ტარიელს ასმათი უყვება:

„ხელი მიჰყო, წამოზიდნა, თმანი გრძელნი დაუფუშნა,

დაალება, დაალურჯა, მედგრად პირნი მოიქუშნა“…

 

ფერებს ”ვეფხისტყაოსანში” უმნიშვნელოვანესი სიმბოლური დატვირთვა აქვთ. მათი მეშვეობით რუსთველი გამოხატავს გმირების სულიერ მდგომარეობას, იდეურ და მსოფლმხედველობრივ მიმართულებებს, მკითხველს ნათელ წარმოდგენას უქმნის დროსა და სივრცეზე, პერსონაჟების განწყობებზე, საკუთარ დამოკიდებულებაზე გმირებისადმი.

პოემის სწავლების პროცესში მასწავლებელს შეუძლია რუსთველისეული ფერთა სიმბოლიკის თემაზე საგანგებო საგაკვეთილო აქტივობები მოამზადოს, მოსწავლეები აქციოს მკვლევრებად, დააძებნინოს ტექსტში ფერთა სიმბოლიკის გამომხატველი ტაეპები და დაგეგმოს სხვადასხვა ტიპის სახალისო აქტივობა ამ სიმბოლიკის დეკოდირებისთვის.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი