შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

რა არის storytelling და როგორ შევქმნათ ის?

რატომ გახდა აქტუალური თანამედროვე სამყაროში storytelling-ები? ისტორიების, ამბების შეთხზვა და მოყოლა ერთნაირად აქტუალურია ბიზნესსა და მხატვრულ ლიტერატურაში. თითქოს სამყაროს არ აკლია „ამბები“, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენ უბრალო და მარტივ ამბებზე კი არა, ისეთ ამბებზე ვსაუბრობთ, რომლებიც აღვიძებს შთაგონებას, აღძრავს ქმედებას, გვაძლევს მოტივაციას…

ბავშვობის ყველაზე მძაფრი განცდა უკავშირდება იმ ამბებს, რომლებსაც ბებიები და ბაბუები გვიყვებოდნენ ხოლმე. შეიძლება, ის ამბები არც არსებობდა და სპეციალურად ჩვენთვის იგონებდნენ, ან გაგონილს ამატებდნენ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, ჩვენ მაინც სიამოვნებით ვისმენდით. ზეპირადაც ვიცოდით ეს ამბები, მაგრამ მაინც, კვლავ და კვლავ, მოყოლას ვთხოვდით. იყო ამ თხრობაში რაღაც მაგიური… ბავშვური ფანტაზიები ამდიდრებდა ამ მონაყოლს და სადღაც, სხვა სამყაროში გადავყავდით. განსაკუთრებით, თუ რაიმე დაუჯერებელი იყო თხრობაში, აი, სწორედ ის ხდებოდა ყველაზე დასამახსოვრებელი. მეც ვეხვეწებოდი ჩემს ბაბოს ზამთარში, ღუმელთან:

– ბაბო, ბაბო, აი, ის ამბავი მომიყევი რა, ჭინკებზე… სოფლის ბოლოში რომ ხვდებოდა მთვრალ კაცებს…

ბაბოც დაუღალავად მიყვებოდა და მიყვებოდა… მე ყველაფრის მჯეროდა… ახლაც რომ მახსენდება, ცხადად ვხედავ, ამბების მოყოლის დროს როგორ ვხედავდი სიუჟეტს… როგორ ხარხარებდნენ ჭინკები და გარბოდნენ მერე… ჰოოო, ეგ ამბავი მართლა მოხდა, – დააყოლებდნენ შემოსწრებული მეზობლის ქალები და მეც მეტი რა მინდოდა… თვალებში სულ ჭინკები ამითამაშდებოდა ხოლმე.

შესაძლოა, ამბების სიყვარული დიდობაშიც იმ ბავშვურ და ჯადოსნურ სამყაროსთან გვაკავშირებს, სულს რომ სასწაულებით კვებავდა… კეთილები რომ იმარჯვებდნენ, ზღაპრის გმირები რომ შინ ბრუნდებოდნენ, ყველაფერი რომ კარგად სრულდებოდა… ჭირი რომ იქ იყო და ლხინი სულ აქ… აი, ამაზე კი ბევრი მიფიქრია: ნეტა ეს „იქა“ სად არის მეთქი…? ამდენი ჭირი და ქატო როგორ ეტევა ნეტავ-მეთქი? მიფიქრია, მაგრამ ახლაც არ ვიცი და ახლაც არ მაქვს პასუხი…  ასეა თუ ისე, ახლა ის მინდა, რომ ყველგან ლხინი იყოს – იქაც და აქაც და ადამიანმა ისწავლოს სიხარული.

ბავშვობის ამბებმა ახლა შორს რომ არ წამიყვანოს, ისევ აქ და ახლა დავბრუნდები და გავაგრძელებ. ჰოდა, როგორც ჩანს, ეს storytelling-ებს ახლა რასაც ვეძახით, სწორედ ეგაა, რაც ჩვენს ბავშვობაში სულ ხდებოდა და გვამახსოვდებოდა.

დღეს კი ყველაფერში ასე გავრცელებულ storytelling-ის მეთოდს იმას ვუკავშირებ, რომ ადამიანთა ცხოვრებიდან გაქრა ნამდვილი ემოციები და დარჩა უბრალოდ ფაქტები და მოვლენები, თეორიები, აბსტრაქციები და ცხოვრება თითქოს ხელიდან გვეცლება. რატომ…? იმიტომ რომ, ისეთი მექანიკური გახდა ადამიანი, ცოცხალი ემოციების ადგილი აღარ რჩება, არადა, ნამდვილად აკლია. მხოლოდ ემოციებია ის, რაც დასამახსოვრებელს ხდის მოვლენას ან ფაქტს და არა თავისთავად ფაქტი.

ერთმა ინგლისელმა პროფესორმა თავის ლექციაზე ათ სტუდენტს ერთწუთიანი სიტყვის/მოხსენების მომზადება სთხოვა. ათიდან ცხრამ თავის მოხსენებაში ციფრები, კვლევების შედეგები და მეცნიერული მტკიცებები გამოიყენა. მხოლოდ ერთმა თემის შესახებ პატარა ისტორია შეთხზა და აუდიტორიას წარუდგინა. პრეზენტაციის შემდეგ პროფესორმა აუდიტორიას სთხოვა დაესახელებინა, ვისი გამოსვლა დაამახსოვრდათ ყველაზე მარტივად. ყველამ იმ ერთი სტუდენტის ისტორიაზე გაამახვილა ყურადღება.

ამდენიც იმიტომ ვილაპარაკე, რომ აქამდე მივსულიყავი, რა მნიშვნელოვანია სწავლებაში ასეთი ამბების შეთხზვა.

ლიტერატურის გაკვეთილზე მოსწავლეებს მხოლოდ ერთი ტიპის წერას ვასწავლით, ე.წ. განხილვებს და ეს განხილვებიც ერთგვარ სტერეოტიპად იქცევა ხოლმე. ამ ჟანრის გვერდით კარგი იქნება storytelling-ის მეთოდის გამოყენება: ამბის შეთხზვა რომელიმე ლექსით მიღებულ ემოციაზე, ან ახალი ამბის დაწერა უკვე ნაცნობ სიუჟეტზე. ბევრი რამ შეიძლება მოიფიქროს მასწავლებელმა, რომ გაკვეთილი ასეთი მეთოდით უფრო საინტერესო გახადოს.

რომელიმე თეორიის ან მოვლენის მხოლოდ ვერბალური გადმოცემა განწირულია მალე დასავიწყებლად. ამიტომ არის, რომ გამოცდების საკითხებს მოსწავლეები ან სტუდენტები 3 დღეში იზუთხავენ და ჩაბარებისთანავე ავიწყდებათ; ამიტომ არის, რომ გამოცდებმა დაკარგა თავისი ძირითადი ფუნქცია: შეამოწმოს ცოდნა. ის ამოწმებს ინფორმაციას, რომელიც წინა დღით დაისწავლა მოსწავლემ ან სტუდენტმა.

გააზრებული და გაცნობიერებული სწავლა ყოველთვის დაკავშირებულია ემოციურ დამახსოვრებასთან. ემოციას კი ქმნის ჩვენი შინაგანი დამოკიდებულება რაიმეს მიმართ. თუ ეს ის კითხვაა, რომელზეც დიდხანს ფიქრობდა მოსწავლე და კონკრეტული ცოდნით მიიღო პასუხი ამ კითხვაზე, მაშინ ასეთი ცოდნა მას არასდროს დაავიწყდება.

მოსწავლეს შეუძლია, ფიზიკის ან ქიმიის რომელიმე თეორიაზეც კი  დაწეროს პატარა მოთხრობა; მთავარია, შექმნას ემოციური ამბავი.  მხოლოდ აბსტრაქტული ცნებებით გადმოცემა სუსტი ცოდნაა. ამბავი უნდა იწვევდეს ნამდვილ განცდებს, შეიძლება იყოს რეალურიც და გამოგონილიც, მთავარია, ემოცია იყოს ნამდვილი!

ამბის მოსმენისას უნდა ხედავდე, ვიზუალური კადრები უნდა ჩნდებოდეს თვალწინ, იმდენად რეალური და კონკრეტული უნდა იყოს აღწერა. ამაზე აქვს ერთი ძალიან საინტერესო წერილი ამერიკელ მწერალს, მოკლე მოთხრობების დიდოდტატს, ფლენერი კონორის – „როგორ დავწეროთ მოკლე მოთხრობა“ (თარგმნა ნანა ბაღათურიამ). მწერალი ერთგან წერს:

ჩემი ერთი მეგობარი სამსახიობო ხელოვნების კურსებზე დადის ნიუიორკში ერთ ქალბატონთან, ვისზეც ამბობენ, რომ ძალიან კარგი მასწავლებელიაო. ჩემმა მეგობარმა მომწერა, რომ პირველი თვე მათ ერთი ფრაზაც არ წარმოუთქვამთ და მხოლოდ დანახვას სწავლობდნენ. დანახვის სწავლა, მუსიკის გარდა, ხელოვნების ყველა დანარჩენი დარგის შესწავლის საფუძველია. საკმაოდ ბევრ მწერალს ვიცნობ, რომლებიც ხატავენ არა იმიტომ, რომ ხატვა ეხერხებათ, არამედ იმიტომ, რომ ეს მათ წერაში ეხმარება, რადგან აიძულებს ხედავდნენ საგნებს. მოთხრობის წერა რაღაცის თქმას კი არა, ჩვენებას ნიშნავს“.

ამიტომ არის მეტაფორული ამბების შეთხზვა ბიზნესშიც ძალიან აქტუალური.   სწორედ იმის გამო, რომ ამბავი, storytelling, არის ვიზუალური, ემოციური და აღძრავს ისეთ მოქმედებას, რომელიც სასურველია კომპანიისთვის. პროდუქტი, რომელიც საინტერესო ისტორიით წარადგინეს, წარმატებით იყიდება.

დიდი კოპირაიტერები წერენ, რომ „კოსმეტიკა ქარხანში მზადდება, ხოლო მაღაზიაში იყიდება იმედი“.

სტივ ჯობსიც იმ აზრის იყო, რომ ის ჰყიდდა არა პროდუქტს, არამედ შთაბეჭდილებას და ემოციას ამ პროდუქტზე.

და მაინც, რატომ ჰყვები? იმიტომ რომ, უბრალოდ აზრის გამოხატვა არაფერია, ის უნდა ახსნა და განამტკიცო ემოციით.

„ჰყვები მოთხრობას იმიტომ, რომ მისი მთავარი აზრის თქმა საკმარისი არ იქნებოდა. როდესაც ვინმე გეკითხება, თუ რის შესახებაა მოთხრობა, ერთადერთი შესაფერისი პასუხი იქნება ურჩიო, წაიკითხოს ის. მოთხრობის აზრი აბსტრაქტული არ არის, ის უნდა განიცადო და მისი თქმის მიზანი მხოლოდ ის არის, რომ დაგეხმაროს ამ აზრის უფრო სრულყოფილად გაგებაში“. (ფლენერი კონორი– „როგორ დავწეროთ მოკლე მოთხრობა“).

სამყარო კი თქვენგან თქვენს ამბავს ელოდება, მკითხველო!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი