პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილება – სურვილი, მიაღწიო იმას, რისი მიღწევაც შესაძლებელია

რას გულისხმობს თვითაქტუალიზაციის ცნება? ა. მასლოუსთვის ეს არის ადამიანის მოთხოვნილებათა იერარქიის უმაღლესი დონე – საკუთარი პოტენციალის რეალიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ თვითაქტუალიზაცია ადამიანის უმთავრესი მოთხოვნილებაა, მის მაღალ დონეს მოსახლეობის მცირე ნაწილი თუ აღწევს. რატომ? ა. მასლოუს აზრით, ამას განაპირობებს ბაზისური (ფიზიოლოგიური, უსაფრთხოების და სხვა) მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობა და ასევე ის, რომ ბევრი ვერ ხედავს თავის პოტენციალს, უფრო მეტიც – ბევრს ეეჭვება და აშინებს კიდეც თავისი შესაძლებლობები. ზრდის ეს პროცესი რისკებისადმი, შეცდომებისადმი მუდმივ მზაობას, სტერეოტიპებზე უარის თქმას გულისხმობს, რაც დიდ სიმამაცეს მოითხოვს. ა. ბანდურა იმოწმებს ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც მამაცი ადამიანები შთაგონებით ემსახურებოდნენ/ემსახურებიან თავიანთ მოწოდებას, ახორციელებენ სრულ თვითაქტუალიზაციას შიმშილის, მორალური თუ ფიზიკური ტანჯვის მიუხედავად. მისი აზრით, ეს გამონაკლისია, რომელიც წესს ადასტურებს და არა პირიქით. უმრავლეს შემთხვევაში თვითაქტუალიზაცია ზრდის მოტივაციაში, განვითარებისკენ სწრაფვის მუდმივი ტენდენციით, იმედით, სასურველის, მაგრამ ჯერ მიუღწეველისკენ ლტოლვით ვლინდება. ყოველი ადამიანი – მასწავლებელი, ექიმი, მშობელი, მუშა – მოკლე ხნით მაინც ხდება თვითაქტუალიზებული, როდესაც აკეთებს იმას, რაც მისი მოწოდებაა. რაც უფრო მაღალია თვითაქტუალიზაციის დონე, მით უფრო ეფექტიანია პროფესიული აქტივობა და პირიქით. ამდენად, მასწავლებლის პროფესიული აქტივობის, და, შესაბამისად, მისი განვითარების ერთ-ერთ არსებით ფაქტორს სწორედ თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილება წარმოადგენს. თვითაქტუალიზაციის არსის, მისი გზებისა და დინამიკის ცოდნა ადამიანს ეხმარება სწორად განსაზღვროს პროფესიული განვითარების პერსპექტივები. თვითაქტუალიზაცია ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსია, რომელიც იცავს მასწავლებელს პროფესიული გადაწვისგან. მრავალი ფსიქოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილება და მასთან დაკავშირებული ღირებულებები რეზისტენტულს ხდის პედაგოგს პროფესიული გადაწვის მიმართ. გადაწვის დონე კორელაციაშია თვითაქტუალიზაციის დონესთან – რაც უფრო დაბალია თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილება, მით ძლიერია პროფესიული გადაწვა.

როგორია თვითაქტუალიზებული ადამიანი? მასლოუს მიხედვით, მას ახასიათებს: 

1. სამყაროს ადეკვატური აღქმა. სამყაროს, მათ შორის – ადამიანებსაც, ის აღიქვამს სწორად და მიუკერძოებლად, ისეთებად, როგორებიც არიან და არა ისეთებად, როგორებიც სურთ იყვნენ. არიან ნაკლებად ემოციურები, ფუჭი ოცნებები და არარეალისტური შიშები გავლენას ვერ ახდენს მის წარმოდგენებზე. ასეთი შეფასება მას საშუალებას აძლევს, ადვილად შეამჩნიოს სიყალბე, იყოს საკმაოდ ტოლერანტული, არ ეშინოდეს პრობლემების, დილემების.

2. საკუთარი თავისა და სხვების მიმღებლობა. ის მომთმენი და შემწყნარებელია, არ არის ზედმეტად კრიტიკული სისუსტეების მიმართ, არ სჩვევია დანაშაულის განცდა, საზოგადოდ, ის ემოციური აღგზნებადობა, რაც ადამიანების ესოდენ დიდ ნაწილს ახასიათებს; პირიქით, ტკბება ცხოვრებით. მას არ აქვს სურვილი, სხვებს ასწავლოს, აკონტროლოს და „ჭკუა დაარიგოს”. ის ადვილად იტანს სხვის სისუსტეებს, იცის, ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ ადამიანები იბადებიან, წვალობენ, ბერდებიან და ბოლოს იხოცებიან.

3. უშუალობა, უბრალოება და ბუნებრიობა. მას არ ამოძრავებს ეფექტის, შთაბეჭდილების მოხდენის სურვილი. მისი შინაგანი ცხოვრება, აზრები და ემოციები პირობითობას მოკლებულია, ბუნებრივია, გულწრფელი და უშუალო. ის არ არის ტრადიციული, თუმცა ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ გამუდმებით უპირისპირდება ტრადიციებს, რათა გამორჩეული იყოს. უფრო მეტიც – ზოგჯერ ერთგვარ კომპრომისზეც მიდის, იცავს ფორმალობასა და რიტუალებს, რათა დაიცვას თავი და სხვა ადამიანებიც ტკივილისა და უსამართლობისგან. მაგალითად, ერთხანს აიტანს სასწავლო ორგანიზაციაში დანერგილ მოსაწყენ და არაფრის მომცემ სწავლების მეთოდებს, მაგრამ როდესაც სიტუაცია მოითხოვს (და ამ მომენტს ის ზუსტად გრძნობს), პროტესტს გამოხატავს – მისაღები ფორმით და საჭირო დროს.

4.პრობლემაზე ცენტრირება. თვითრეალიზებული ადამიანები არ არიან მე-ზე ცენტრირებულნი (ეგო-ცენტრირებულნი); ისინი საქმეზე, ცხოვრების მისიაზე არიან კონცენტრირებულნი, ცხოვრობენ, რათა იმუშაონ და არა მუშაობენ იმისთვის, რომ იცხოვრონ. მათ აინტერესებთ ფილოსოფიისა და ეთიკის საკითხები, არ ინტერესდებიან ტრივიალური, ყოველდღიური წვრილმანებით, რაც საშუალებას აძლევთ, გაარჩიონ, რა არის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი და რა – უმნიშვნელო, მეორეხარისხოვანი.

5. დამოუკიდებლობა – განმარტოების მოთხოვნილება. მოითხოვენ შინაგანი და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, მათ სჭირდებათ და უყვართ განმარტოება, სხვებზე არ არიან დამოკიდებულნი. მიუხედავად ამისა, მრავალფეროვანი მეგობრული ურთიერთობებით დიდ სიამოვნებას იღებენ. მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია საკუთარ თავთან ურთიერთობა, რის გამოც ხშირად “ნორმალური” (ჩვეულებრივი) ადამიანები მათ გულგრილ, ცივ პიროვნებებად მიიჩნევენ. განმარტოებისა და თავდაჯერების მოთხოვნილება სხვა ასპექტშიც ვლინდება. ისინი მაშინაც კი ამჟღავნებენ სიმშვიდეს, როდესაც პირადი უბედურება ან წარუმატებლობა ეწვევათ. მათ ამ მდგომარეობაშიც სიტუაციის საკუთარი ხედვა აქვთ, რომელიც შესაძლოა რადიკალურად განსხვავდებოდეს სხვა ადამიანების ხედვისგან.

6. ავტონომია – კულტურისა და გარემოსგან დამოუკიდებლობა. ავტონომიურობა მათ საშუალებას აძლევს, განვითარებისას საკუთარი თავის, პოტენციალის იმედად იყვნენ. მაგალითად, ნამდვილი სტუდენტი მაშინაც კარგად სწავლობს, როცა სტუდენტთა ქალაქში სწავლისთვის „სწორი” აკადემიური გარემო არ არის. ის ყველგან და ყველა პირობებში სწავლობს, რადგან „თვითკმარი” პიროვნებაა. ფიზიკური გარემო და სოციალური პირობები ვერ უზღუდავენ მას დამოუკიდებლობასა და არჩევანს. მაღალი სტატუსისა და პოპულარობისკენ არ ისწრაფვიან. რასაკვირველია, შინაგანი თავისუფლების ამ მდგომარეობის მიღწევა მაშინაა შესაძლებელი, თუ წარსულში ის უყვარდათ და დაცულობის განცდაც ჰქონდა.

7. აღქმის სიცხოველე. ისინი ჩვეულებრივ მოვლენებშიც კი ახალს და საინტერესოს ხედავენ. ტყეში სეირნობა, ცისარტყელა, ბავშვის ცქერა უზომო სიამოვნებასა და ექსტაზსაც კი ჰგვრის მათ. ისინი აფასებენ ბედის წყალობას, ჯანმრთელობას, პოლიტიკურ თავისუფლებას; იშვიათად ჩივიან მოწყენილ და უინტერესო ცხოვრებაზე. მიუხედავად მოუცლელობისა, ყოველთვის პოულობენ დროს, დატკბნენ მღელვარე მომენტებითა და მოვლენებით.

8. უმაღლესი განცდები (ექსტაზი, გატაცება, ნეტარება, სიხარული). ეს ვლინდება ისეთ ემოციებში, როგორებიცაა შემოქმედებითი წვა, გაცისკროვნება, ბუნებასთან შერწყმის განცდა და სხვა. ასეთი გრძნობებისთვის მათ არ სჭირდებათ ხელოვნური სტიმულატორები. ცოცხლები რომ არიან, ეს მათთვის უკვე სტიმულია. ჰარმონიაში არიან სამყაროსთან, თავიანთი არსით შესაძლოა მორწმუნენი იყვნენ, მაგრამ ამ განცდებს არ აქვს ზებუნებრივი საფუძველი.

9. საზოგადოებრივი ინტერესი. მაშინაც კი, როდესაც თვითაქტუალიზებული პიროვნება შეწუხებულია, გაბრაზებულია მთელ ადამიანთა მოდგმაზე, მის მიმართ მაინც საოცარ სიახლოვეს გრძნობს. აქვს მისი დახმარების სურვილი, ემპათიურია. ეს სიყვარული ჰგავს უფროსი ძმის ან დის მიერ უმცროსებისადმი გამოხატულ სიყვარულსა და მზრუნველობას.

10. ღრმა პიროვნული ურთიერთობები. ისინი ისწრაფვიან ღრმა და ახლო ურთიერთობებისკენ, მაგრამ უმეტესად იმათთან, ვისაც მათი მსგავსი თვისებები, ნიჭი და უნარები ახასიათებს, თუმცა მათი ემპათიურობა საზოგადოდ ადამიანებისადმი კეთილგანწყობით ვლინდება. ახლო მეგობარი ცოტა ჰყავთ, განსაკუთრებით უყვართ ბავშვები.

11. დემოკრატიულობა. ისინი პატივს სცემენ ადამიანებს, განურჩევლად კლასისა, რასისა, ნაციონალობისა, სქესისა, ასაკისა, პროფესიისა და სხვა. სიამოვნებით სწავლობენ სხვებისგან, არ ისწრაფვიან უპირატესობისკენ. ამავე დროს, ისინი თვითონ არიან „ელიტა” და მეგობრებს ირჩევენ ასეთივე ჯგუფიდან, მაგრამ ეს არის ხასიათის, ნიჭიერების ელიტა და არა რასისა, წარმომავლობისა, ოჯახისა და ა.შ.

12. მიზნისა და საშუალებების გამიჯვნა. ისინი იცავენ ეთიკურ და ზნეობრივ ნორმებს, მათ ახასიათებთ მიზნისა და საშუალებების გამიჯვნის ძლიერი გრძნობა, ამავე დროს, კმაყოფილებას ჰგვრით მიზნისკენ მიმავალი ინსტრუმენტული გზების ძიება და აღმოჩენა, ამ გზას დიდი მოთმინებით მიჰყვებიან, რაც მოუთმენელი ხასიათის ადამიანებს არ მოსწონთ. მათ ხშირად პროცესი უფრო აინტერესებთ, ვიდრე შედეგი.

13. იუმორის ფილოსოფიური გრძნობა. მათი იუმორი კეთილგანწყობილი ადამიანის იუმორია. ისინი ხუმრობენ მთელ კაცობრიობაზე და ნაკლებად – კონკრეტულ ადამიანებზე; ღიმილს იწვევენ და არა სიცილს. ამის გამო ისინი თავშეკავებული და სერიოზული ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ.

14. შემოქმედებითობა. ყველა თვითაქტუალიზებული ადამიანი შემოქმედებითი ბუნებისაა, მაგრამ მათი შემოქმედებითობა განსხვავდება გამოჩენილი მუსიკოსების, პოეტების, მეცნიერების შემოქმედებითობისგან. ა. მასლოუ ლაპარაკობს ბუნებრივ და სპონტანურ შემოქმედებითობაზე, როგორიც ახასიათებთ ბავშვებს (რომლებიც ცხოვრებას ჯერ არ გაუფუჭებია). ეს კრეატულობა თან ახლავს ყოვვლდღიურ ცხოვრებას, უბრალო ადამიანის დაკვირვებულობას, აღქმის სიცხოველეს. აუცილებელი არ არის, წერონ წიგნები, შექმნან მუსიკა და მხატვრული ტილოები – შეიძლება, მაგალითად, კერძის მომზადებაში ავლენდნენ მაღალი დონის შემოქმედებითობას, მასში პოულობდნენ არსებობის საზრისს.

15. არაკონფორმულობა. თვითაქტუალიზებული ადამიანები ჰარმონიაში არიან თავიანთ კულტურასთან: ჩაცმით, მეტყველებით, კვებით, ქცევის მანერებით ისინი არ განსხვავდებიან სხვებისგან, ენერგიას არ ხარჯავენ წეს-ჩვეულებებთან ბრძოლისთვის. ამავე დროს, ინარჩუნებენ შინაგან დამოუკიდებლობას. მათი აზროვნება და ქცევა ნაკლებად ექვემდებარება სოციალურ და კულტურულ ზეგავლენას, თუ ისინი ეწინააღმდეგებიან მის ღირებულებათა სისტემას. ეს არ გულისხმობს მათ ანტისოციალურობას ან არატრადიციულობას. ამავე დროს, არ მოითხოვენ დაუყოვნებლივ ცვლილებებს, იციან, რომ სოციალური ცვლილებები ნელა და თანდათან ხდება. 
რასაკვირველია, თვითაქტუალიზებული ადამიანები უნაკლოები არ არიან, ისინი შეიძლება იყვნენ ჯიუტები, ამაყები, სხვებისთვის მოსაწყენებიც კი.
გთავაზობთ ტესტს, რომელიც საშუალებას მოგცემთ გააცნობიეროთ, რამდენად ძლიერია თქვენში მიღწევის მოტივაცია.

შეაფასეთ თითოეული დებულება “დიახ” ან “არა”-თი
1. მიმაჩნია, რომ წარმატება ცხოვრებაში შემთხვევაზე უფროა დამოკიდებული, ვიდრე დაგეგმვაზე
2. თუ არ მექნება საყვარელი საქმე, ჩემი ცხოვრება დაკარგავს აზრს.
3. ნებისმიერ საქმიანობაში ჩემთვის პროცესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შედეგი.
4. მიმაჩნია, რომ ადამიანები საქმიანობაში ხელის მოცარვას უფრო მეტად განიცდიან, ვიდრე ახლობლებთან ცუდ ურთიერთობას.
5. ჩემი აზრით, ადამიანთა უმრავლესობა ცხოვრობს შორეული და არა ახლო მიზნებით.
6. ცხოვრებაში წარმატება მეტი მქონდა, ვიდრე წარუმატებლობა.
7. ემოციური ადამიანები უფრო მომწონს, ვიდრე საქმიანი.
8. ჩვეულებრივი საქმიანობის დროსაც კი ვცდილობ, გავაუმჯობესო მისი ელემენტები.
9. როდესაც წარმატებაზე ვფიქრობ, შესაძლოა, სიფრთხილე დამავიწყდეს.
10. ახლობლებს ზარმაცად მივაჩნივარ.
11. მიმაჩნია, რომ ჩემი წარუმატებლობა ვითარების ბრალი უფროა, ვიდრე ჩემი.
12. მოთმინება მეტი მაქვს, ვიდრე ნიჭი.
13. მშობლები მეტისმეტად მკაცრად მაკონტროლებდნენ.
14. განზრახვაზე უარს ხშირად სიზარმაცე მათქმევინებს და არა წარმატებაში დაეჭვება.
15. ვფიქრობ, თავდაჯერებული ადამიანი ვარ.
16. წარმატების გულისთვის მზად ვარ, გავწიო რისკი მაშინაც კი, როცა შანსი დიდი არ არის.
17. ბეჯითი ვარ.
18. როდესაც ყველაფერი დაუბრკოლებლად მიმდინარეობს, ენერგია მემატება.
19. ჟურნალისტი რომ ვიყო, ორგინალურ აღმოჩენებზე უფრო დავწერდი, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევებზე.
20. ახლობლები, წესისამებრ, არ იზიარებენ ჩემს გეგმებს.
21. მე უფრო ნაკლები მოთხოვნა მაქვს, ვიდრე ჩემს ამხანაგებს.
22. მეჩვენება, რომ დაჟინება უფრო მეტი მაქვს, ვიდრე უნარები.
კოდი: 

პასუხი “დიახ” კითხვებზე: 2, 6, 7, 8, 14, 16, 18, 19, 21, 22. (თითოეულ დამთხვევაზე – 1 ქულა)
პასუხი “არა”კითხვებზე 1, 3, 4, 5, 9, 10, 11, 12, 13, 15, 17, 20. (თითოეულ დამთხვევაზე – 1 ქულა)

შეაჯამეთ ქულები: 

2-11 – მიღწევის მოტივაციის დაბალი დონე
12-15 – მიღწევის მოტივაციის საშუალო დონე
16-19 – მიღწევის მოტივაციიის მაღალი დონე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი