პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ჯიბის ფული და ხმის უფლება

სიტყვები, რომლებიც წერილის მკითხველისთვის ვთარგმნე, ფრანსუა ტრიუფოს იმ ინტერვიუდანაა, 1976 წელს გამოსულ მის შესანიშნავ ფილმს, „ჯიბის ფულს“ რომ ეხება: „ჩემს ფილმებს ხშირად აქვს რაღაც ისეთი, რასაც დიდაქტიკური ასპექტი შეიძლება დაერქვას. მე თვითონ არეულ-დარეულად ვსწავლობდი, ძალიან ადრე შევწყვიტე სწავლა… და, ალბათ, ცოტა არ იყოს, საკრალიზებას ვახდენ სკოლის ფუნქციის – პედაგოგიური ფუნქციის. ამის გამოა, გაკვეთილებს რომ არ ვატარებ. მირჩევნია, სადღაც, ჩემთვის, ფილმები გადავიღო და მერე ვაჩვენო“. ბავშვებს ფრანსუა ტრიუფოზე დიდი მეგობარი და გულშემატკივარი, ალბათ, არც ჰყოლიათ. გაუსაძლისად მძიმე ბავშვობა სხვებსაც ჰქონიათ და ეს გამოცდილება მათ ნამუშევრებშიც ოსტატურად ასახულა, მაგრამ აქ სხვა შემთხვევაა – ავტორი შემართებით იბრძვის ყველაზე უუფლებოების დასაცავად და ფილმებს იმ იმედით იღებს, რომ ეკრანზე ნანახი რაღაცას შეცვლის სხვების ცნობიერებაში – ვის ხელშიც ბავშვის დღევანდელი დღე და მომავალია.

„ჯიბის ფულის“ ნახვის შემდეგ ისღა დამრჩენოდა, ამ ფილმზე დამეწერა – სწორედ მათი ყურადღების მისაპყრობად, ვისაც ბავშვებთან ურთიერთობა ყოველდღიურად უხდებათ. მერე რა, რომ მისი გადაღებიდან ათწლეულებია გასული. უყურეთ და დარწმუნდებით, რომ ბევრი არაფერი შეცვლილა მშობლების, მასწავლებლების, უფროსების დამოკიდებულებაში. დღესაც ისევე არ ესმით ბავშვების, როგორც 70-იან წლებში. დღესაც ისევე იოლად შეიძლება იქცნენ ისინი უსამართლობის მსხვერპლად.

და თუ მისაბაძ მაგალითს ეძებთ, ისიც აქვეა: მესიე რიშე – ფრანსუა ტრიუფოს მთავარი აზრების გამხმოვანებელი, მასწავლებელი, რომელიც თითქმის ყოველთვის პოულობს სწორ სიტყვებს, სწორ გამოსავალს.

მეორე მასწავლებელი – მადმუაზელ პეტი უფრო ახლოსაა მათთან, ვისი სახეებიც სკოლის წლებიდან მახსოვს. უფროსები, რომლებიც უფრო მექანიკურად ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს, ვიდრე მოცემული სიტუაციისა და საკუთარი ამოცანის ბოლომდე გაცნობიერებით.

ბავშვობა კი ყველგან ბავშვობაა. ამ ფილმში ბევრი სიხარულიცაა, მხიარული თავგადასავლები, გადარჩენის დაუჯერებელი ისტორია, ცნობისმოყვარეობით გადაგმული ნაბიჯები, სიყვარული, სიახლოვის სურვილის პირველი ნიშნები, პირველი კოცნა… ეს არ არის სტერილური გარემო, რომელსაც ბავშვებზე გადაღებული ფილმისგან შეიძლება ველოდეთ. აქ მასწავლებელიც კი შეყვარებულთან ერთადაა მოსწავლეებითა და მშობლებით გადავსებულ კინოდარბაზში.

ყველა ამბავი თითქმის თანაბრად გტაცებს თვალს – ყოველი პატარა გმირის გამოჩენა გიხარია. თუმცა ორი ბიჭი მაინც გამოირჩევა: პატრიკი და ჟიულიენი. პატრიკი გაფართოებული თვალებით შესცქერის ქალებსა და გოგოებს, ნამდვილსა თუ დახატულს. ცნობისწადილით სავსე მზერა აქვს – საიდუმლოს ამოსახნელად მზადმყოფის. ჟიულიენი კი შემზარავ პირობებში ცხოვრობს: სახლი სახლს არ ჰგავს, ყოველდღე სცემენ, თავის გასატანად ქურდობისა და მაწანწალობის გზაზე დადგომას აიძულებენ. კლასში არაფერს იმჩნევს, არც სილაღე დაუკარგავს ბოლომდე. კარგი ბიჭია, გადასარჩენი. და, ალბათ, მადმუაზელ პეტივით დაბრმავებული უნდა იყო, რომ მისი გასაჭირი ვერ შეამჩნიო.

„ყველა იმ უსამართლობას შორის, რაც კი ამქვეყნად არსებობს, ყველაზე საშინელი და საზიზღარი ბავშვის მიმართ გამოვლენილი უსამართლობაა“, – ამას მესიე რიშე ამბობს ფილმის დასასრულს, როცა მთელ კლასს ესაუბრება ჟიულიენის შემთხვევაზე, საკუთარ ბავშვობაზე და ბევრ სხვა რამეზე. ამ დროს, არც მეტი, არ ნაკლები, მასწავლებლის მაგიდაზე ზის, მოსწავლეები კი სმენად არიან ქცეული. „მეც მძიმე ბავშვობა მქონდა, – ეუბნება მათ. – მართალია, ნაკლებად ტრაგიკული, ვიდრე ჟიულიენის, მაგრამ მაინც. მახსოვს, ერთი სული მქონდა, როდის გავიზრდებოდი, რადგან ვგრძნობდი, რომ უფროსებს ყველაფრის უფლება ჰქონდათ. შეეძლოთ ისე ემართათ საკუთარი ცხოვრება, როგორც სურდათ. თუ უფროსი უბედურია, შეუძლია ცხოვრება თავიდან დაიწყოს, უბედური ბავშვი კი ასე ვერ მოიქცევა“. გრძელი მონოლოგია – ისეთი სიმართლით, რომლის მსგავსსაც მშობლისა თუ მასწავლებლის პირიდან იშვიათად გაიგონებ. სწორედ იმიტომ, რომ ცუდი მოგონებები დამრჩა ბავშვობიდან და კიდევ იმიტომ, რომ არ მომწონს, როგორ ექცევიან ბავშვებს, გადავწყვიტე, იმ საქმისთვის მომეკიდა ხელი, რასაც ახლა ვაკეთებ – მასწავლებელი გავმხდარიყავიო. მესიე რიშე მოსწავლეებს არც იმას უმალავს, რომ ცხოვრება ადვილი არ არის – მძიმეა, მაგრამ ლამაზი – და რომ ბრძოლა მოუწევთ სამართლიანობისთვის, ხმის უფლების მოპოვებისთვის. საუბარს კი ასე ამთავრებს: „დრო სწრაფად გადის და ის დღეც მოვა, როცა თქვენც გეყოლებათ შვილები. თუ გეყვარებათ, მათაც ეყვარებით. თუ ვერ იგრძნობენ, რომ გიყვართ, მაშინ სიყვარულს, სითბოსა და სინაზეს სხვა ადამიანების მიმართ გამოავლენენ. ან რაღაც სხვის მიმართ… ასეთია ცხოვრება! ყველას, ყოველ ჩვენგანს გვჭირდება, რომ ვუყვარდეთ“.

ასეთია ცხოვრება. მძიმე, მაგრამ ლამაზი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი