პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

განათლება – მოხერხებული განტევების ვაცი

სოციალური ფაქტორების გავლენა განათლების ხარისხზე – მეოთხე ნაწილი
საქართველოში განათლების რეფორმის დაწყების დღიდან მიმდინარეობს უსასრულო დავა, რამდენად შეესაბამება განხორციელებული ცვლილებები ქვეყნის რეალობას. რას უნდა ეფუძნებოდეს გადაწყვეტილებები, რომლებსაც იღებს სახელმწიფო? სერიოზულ მეცნიერულ კვლევებს და მათ საფუძვლიან ანალიზს? საზოგადოების წევრთა უმრავლესობაში გავრცელებულ „ტრადიციულ” ხედვებს და თეორიებს აღზრდის შესახებ? რა როლს ასრულებს განათლების სისტემის ეფექტურობაში სოციალური ფაქტორები?

დანიელ ვ. როსიდესის ნაშრომი ამ საკვანძო საკითხებს ეხება. როსიდესი პროფესორ-ემერიტუსია ბოუდინის კოლეჯში, რომელიც აშშ-ის, მენის შტატის, ერთ-ერთი უძველესი სასწავლებელია (დაარსებულია 1794 წელს). ასევე ასწავლიდა ჰანტერის კოლეჯში, ნიუ-იორკის საჯარო უნივერსიტეტში (The City University of New York), იორკის უნივერსიტეტში (ტორონტო, კანადა); გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები სოციალურ თეორიებში, საზოგადოების სოციალურ ფენებად დაყოფის თეორიაში. ამჟამად მუშაობს ნაშრომზე „ამერიკული კაპიტალიზმის გააზრება”.
დღევანდელი რეფორმებისთვის მოძრაობა ძველი ისტორიაა. მითი იმის შესახებ, რომ სკოლაში წარმატებას კავშირი აქვს სკოლის გარეთ წარმატებასთან როგორც ცალკეული პირებისთვის, ისე მთელი საზოგადოებისთვისაც, ამერიკის მთელი ისტორიის განმავლობაში გამოიყენებოდა იმისთვის, რომ გადაედოთ სოციალური პრობლემების განხილვა, თავი აერიდებინათ სკოლებისა და ახალგაზრდობისადმი პასუხისმგებლობისთვის. მმართველი ჯგუფები განათლებისგან ითხოვდნენ თანაბრობის, მოქალაქეობის, ემიგრანტების ასიმილირების, დანაშაულის თავიდან აცილების, სიღარიბისა და უმუშევრობის უზრუნველყოფას, სურდათ, განათლებას ეშვა კვალიფიციური სამუშაო ძალა, ხელი შეეწყო რასების ინტეგრირებისთვის, გაეზარდა შრომის ნაყოფიერება.

განათლებამ ეს მოთხოვნები ვერ შეასრულა და ვერც შეასრულებდა ერთი უბრალო მიზეზის გამო: ის, რაც კლასში ხდება, ნაკლებად ახდენს გავლენას იმაზე, რაც ხდება განათლების სიტემის გარეთ.

1960-დან 1990 წლამდე ამერიკაში უამრავი რყევა მოხდა. ნაცვლად იმისა, რომ ყურადღება ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და თავიანთ ელიტაზე გაემახვილებინათ, ყველაფერი განათლებას დააბრალეს, რადგან განათლების რეფორმას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ სფეროებში თავიანთი მარცხის გადაფარვის საშუალებად განიხილავდნენ, თითქოს განათლებას შეეძლო ამერიკული საზოგადოების გაუმჯობესება.

თავიდათავი ამერიკული პრობლემებისა, სკოლებში დაბალი შეფასებების ჩათვლით, წინათაც და ახლაც არის რწმენა, რომ დაუგეგმავი კაპიტალდაბანდებები და არამიზანდასახული ეკონომიკა სწორი საზოგადოების ორგანიზებამდე მიგვიყვანს. მუდმივი სოციალური პრობლემების მეორე მიზეზია ჩვენი მოძველებული პლუტოკრატია და ქმედობაუუნარო პოლიტიკური და საკანონმდებლო სისტემები. ორივე ეს მიზეზი შეუმჩნეველი დარჩა განათლების კომისიათა უმეტესობისთვის, რომლებიც 1980 წელს რეფორმებზე მუშაობას იწყებდნენ. ქვეყნდებოდა ანგარიშები, რომ აუცილებელი იყო შეცვლა განათლების სისტემისა, რომელიც საფრთხეს უქმნიდა მთელ ნაციას.

ყველა ამ მოხსენებას ერთი საერთო ნაკლი აქვს: ისინი აზვიადებენ განათლების ძალას და მნიშვნელობას სოციალური პრობლემების გადაჭრის კუთხით. მათ ვერ შეძლეს განათლების პრობლემების მიზეზთა ამოცნობა. მათთვის დამახასიათებელია ფორმალიზმი; ყველა მათგანი წარმოადგენს ისეთი აზროვნების ნაყოფს, რომელსაც არაფერი აკავშირებს სისტემურ ემპირიულ მტკიცებულებებთან, მიზეზშედეგობრივ კავშირზე რომ მიგვითითებს. იგივე გულგრილობა, უცოდინრობა და ემპირიული მტკიცებულებების უგულებელყოფაა დამახასიათებელი დღევანდელი განათლების რეფორმის მოძრაობისთვისაც.

ისინი, ვინც განსაზღვრავენ კერძო და სახელმწიფო სკოლების პოლიტიკას, შორს არიან რეალური განათლებისგან. მათ მიაჩნიათ, რომ სკოლების რეფორმირება შესაძლებელია შიგნიდან, რომ სკოლებს შეუძლიათ დახმარება სოციალური პრობლემების მოგვარებაში, საჭიროა მხოლოდ მეტი თანხა, უნარები და საქმის უკეთესად კეთების დიდი სურვილი. მინიშნებაც კი არ არის საგანმანათლებლო კვლევების შედეგებზე ან იმ ფაქტზე, რომ ეკონომიკური და პოლიტიკური ელიტა პასუხისმგებელია სოციალურ პრობლემებზე, რომლებიც ზედაპირზე ძევს და რომლებსაც უეფექტო სკოლებამდე მივყავართ.

დაწყებითი და საშუალო სკოლების ძალისხმევა იმ უნარ-ჩვევების სწავლებისთვის, რომლებიც შეესაბამება რეალურ ცხოვრებას, სასტიკ წინააღმდეგობას აწყდება მშობლების, რელიგიური ორგანიზაციებისა და იმ ჯგუფების მხრიდან, რომელთაც პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები აქვთ. განსაკუთრებული წინააღმდეგობა მოდის კოლეჯებისა და უნივერსიტეტებისგან, რომლებიც განაგრძობენ სტუდენტების მიღებას იმ აბსტრაქტული უნარ-ჩვევების საფუძველზე, რეალურ ცხოვრებასთან საერთო რომ არაფერი აქვს. ამრიგად, ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც განათლება ვერ ახდენს დადებით გავლენას ერის ცხოვრებაზე, ის არის, რომ პროფესორები დაჟინებით ითხოვენ, სტუდენტები მათნაირები გახდნენ: ისწავლონ აბსტრაქციებით მანიპულირება, ატარონ უსარგებლო კვლევები და განივითარონ აბსტრაქტული კოგნიტური უნარ-ჩვევები, რომლებიც შემდეგ შეიძლება მიჰყიდონ დამსაქმებელს, რომელსაც გაურკვეველი მიზანი აქვს. განათლების კომისიები და კომიტეტები განიხილავენ მხოლოდ მეორეულ პრობლემებს და სთავაზობენ მცდარ გადაწყვეტილებებს. საბოლოო ჯამში განათლება ეკონომიკური და პოლიტიკური ელიტის „განტევების ვაცად” იქცა. დღევანდელი რეფორმებისთვის მოძრაობა იმავეს აკეთებს, ოღონდ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით – მის ფორმალიზმს სხვა მიზნები ამოძრავებს.
„საგანმანათლებლო რეფორმის” რეალური მიზნები

კონსერვატორებს თავიანთი კარგად ფინანსირებადი ინსტიტუტებით, ფონდებითა და ანალიტიკური ცენტრებით სჯერათ, რომ არსებობა შეუძლია მხოლოდ საბაზრო საზოგადოებას, რომელსაც სახელმწიფო იცავს. ისინი ვერ ამჩნევენ თავისუფალ ბაზარზე შექმნილი ამერიკის უუნარობას, ასწიოს ცხოვრების დონე და მოაგვაროს სოციალური პრობლემები. დღევანდელი რეფორმატორული მოძრაობის გაგებისთვის აუცილებელია, გამოვიდეთ ფორმალიზმის ჩარჩოებიდან და რეალური მიზნები და შედეგები განვიხილოთ. კონსერვატორებს სურთ, შეარყიონ სკოლებზე სახელმწიფო მონოპოლია და მათი პროფკავშირები და ჩაანაცვლონ ის ახალი სექტორით, რომელიც კაპიტალისტურ ნორმებსა და ფასეულობებს დაიცავს. მთავარი პოლიტიკური ამოცანაა, ხელი შეუშალონ დემოკრატიულ პარტიას, ქულები ჩაიწეროს სკოლების გაუმჯობესებისთვის და პედაგოგების, მშობლების, მომწოდებლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერისთვის.

კონსერვატორები ქულებს დაიწერენ, თუ მათი იდეები გათვალისწინებული იქნება. განსაზღვრულ მიმართულებებში ცოდნის მაღალი დონისა და მოსწავლეთა არათანაბარი დაფინანსების მხარდაჭერით ისინი უზრუნველყოფენ დისციპლინას და ავტორიტეტს, ვიწრო ერთგვაროვან სწავლებას, ნაკლებკონკურენტულ გარემოს საკუთარი შვილებისთვის და იაფ მუშახელს დასაქმების ყველა სფეროში. განათლება მათთვის „განტევების ვაცია” მმართველი კლასების შეცდომების გასამართლებლად.

კონსერვატორული ფილოსოფია საგანმანათლებლო კომპეტენციებში მხოლოდ ნაწილია იმ სამყაროსი, რომელიც მიიღება როგორც მოცემულობა, სადაც საშუალება იქცევა მიზნად, ხოლო მსხვერპლი – ბოროტმოქმედად. უძრაობასა და პრობლემებს, რომლებიც წარმოიშობა სასკოლო ოლქებში, სათავეს ამერიკული საზოგადოების ღრმა ცვლილებიდან იღებს. სკოლის პრობლემებს უკავშირებენ არაკლასობრივ საზოგადოებას, რომელიც წარმოშვა წარმოებისა და სოციალური მომსახურების ცვლილებებმა, გააღრმავა რასიზმმა და რომელიც დაცულია შემწეობათა სისტემით, არჩევითი ქველმოქმედებით და სხვა საშუალებებით. სკოლის პრობლემებში წვლილი მიუძღვის მოსწავლეთა რაოდენობის ზრდას, სკოლის ბიუჯეტების შემცირებას და კერძო ელიტური და რელიგიური სკოლების მომრავლებას, არასრული ოჯახების, ოჯახების, სადაც ორივე მშობელი მუშაობს, დევნილთა და არალეგალური მიგრანტების მომრავლებას და იმ ტვირთის ზრდას, რომელიც სკოლას დააწვა.

დღევანდელი განათლების რეფორმის მოძრაობა ეფუძნება მოძველებულ და ვერშემდგარ იდეებს: ბაზარს, კონკურენციას, პირად პასუხისმგებლობასა და შინაგან თვისებებს. აქცენტი ტესტირებაზე ნაკარნახევია კაპიტალიზმის სურვილით, იოლად მართოს იაფი სამუშაო ძალა და უგულებელყოს სამუშაო ძალისა და კომპეტენციის რეალური მოთხოვნები. კარგად მართვადი ეკონომიკა და პოლიტიკა ერთადერთი საშუალებაა განათლებაში უკეთესობის მისაღწევად. მოკლე საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ხაზს უსვამს დისციპლინას და რწმენას, ვერ გადალახავს დაბალი ფენების კლასობრივ გამოცდილებას. ცოდნისა და საბაზო უნარ- ჩვევების საფუძველთან დაბრუნება შესაძლოა კარგი აზრი იყოს, იმ პირობით, რომ ის ორიენტირებული იქნება სასიცოცხლო კომპეტენციებზე და არა ცალკეულ სასწავლო დისციპლინებზე, რომლებიც მოითხოვს უაზრო დაზეპირებას, მომავალში კი წარმოშობს მორჩილ ფუნქციონერებს, პასიურ მომხმარებელს, კანდიდატებს შემწეობათა მისაღებად, მორჩილ მოქალაქეებს და არაშემოქმედებით ლიდერებს.

სწორი განათლება

განათლებასთან დაკავშირებულმა შეშფოთებამ პირველად მაშინ იჩინა თავი, როდესაც საზოგადოებაში დაიწყო დაპირისპირება და პოლიტიკური უწესრიგობა. სასულიერო პირები, ფილოსოფოსები და პოლიტიკური მოღვაწეები ცდილობდნენ, აღეკვეთათ ეს დაპირისპირება და ითხოვდნენ, ყველას აეთვისებინა გარკვეული ჭეშმარიტებები. აქედან მოყოლებული, განათლება იშვიათად განიხილება სოციალურ-პოლიტიკური გაუგებრობების ან შრომის განაწილებისთვის მომზადებად, რომელსაც ის იწვევს. ყველა მაღალი დონის მოხსენება ხაზს უსვამს დისციპლინის აუცილებლობას აკადემიური საგნების შესწავლისას და ერთიანი საბაზო სასწავლო პროგრამის არსებობას. უამრავი საგანმანათლებლო კომისია და ავტორი ამბობს, რომ საზოგადოება ვერ იქნება ერთიანი და წარმატებული, თუ მოსწავლეებმა არ მიაღწიეს წიგნიერების მაღალ დონეს. ამ წარმოდგენათა ვარიაციებს აქვს საერთო ღერძი: საზოგადოება უკეთესი გახდება, თუ ახალგაზრდებს ვაიძლებთ, განივითარონ ერთნაირი უნარ-ჩვევები და აითვისონ აბსტრაქტული სიმბოლოები. ამ მოსაზრების უსუსურობა აშკარაა. კონგრესის წევრები, პოლიტიკური ფიგურები და სახელმწიფო მოხელეები, მსხვილი ბიზნესკომპანიების მფლობელები და აღმასრულებელი დირექტორები განა განათლებული ადამიანები არ არიან, განა ვერ შეძლებენ წიგნიერებაზე ტესტების ჩაბარებას? შეუძლია წიგნიერებას, არ დაუშვას უბრალო მოქალაქეებისთვის ყოველწლიურად ასეულობით მილიონი დოლარის უკანონოდ ჩამორთმევა მაღალი ფენის წარმომადგენელთა მიერ? რასაკვირველია, არა. 

ხომ არ შევთავაზოთ ელიტურ სკოლებს, გადახედონ თავიანთ წარმოდგენებს, მაგალითად, ასეთს: განათლება ნეიტრალურია და არავის ინტერესებს არ გამოხატავს; აშშ დემოკრატიული ქვეყანაა; ბაზარი არსებობს და ჩვენ შეგვიძლია ვაიძულოთ ის, იმუშაოს? იქნებ თავს ძალა დაატანონ და გვიპასუხონ კითხვებზე, რას მოვიგებთ, თუ სხვა შეხედულებებს დავეყრდნობით: სიმდიდრის შექმნის ჩვენეუი გზები სოციალური პრობლემებისა და საღარიბის მიზეზია; ეკონომიკური ზრდა თავისთავად ვერ გადაჭრის სოციალურ პრობლემებს და შეუთავსებელია ადამიანთა მოდგმის გადარჩენასთან და ა.შ. იქნებ ვიკითხოთ: ხომ არ წარმოადგენს ელიტური პროგრამები უვარგის მცდელობას, შექმნან ილუზია, რომ ჩვენი ელიტა უზადოდ განათლებულია და საუკეთესო ლიდერებს გვაძლევს? სტუდენტებმა, რასაკვირველია, უნდა მიიღონ ზოგადი ცოდნა და აითვისონ ზოგადი უნარ-ჩვევები, მაგრამ აქცენტი იმ მასალაზე უნდა დაისვას, რომელიც მათ არსებულის კრიტიკულად შეფასებაში დაეხმარება. რად გვინდა, ყველა სტუდენტმა იცოდეს უცხო ენა, თუ ის სხვა ქვეყნებზე ფართო ცოდნამდე არ მიიყვანს? მათემატიკის შესწავლა გაუმჯობესდება, თუ შესაძლებელი გახდება მისი გამოყენება ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრისას.

საგანმანათლებლო პროგრამების მიზიდულობის ცენტრად უნდა იქცეს ის ძირითადი ინტელექტუალური, მორალური და ღირებულებითი პრობლემები, რომლებსაც ეჯახება საზოგადოება. ჯორჯ ოროუელის „1984″-ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა ის არის, რომ საზოგადოების მართვის მონოპოლისტური სტრუქტურა ცდილობს განახორციელოს ტოტალური კონტროლი, რისთვისაც ართმევს მოქალაქეებს ძირითად საყრდენ იდეებს (მაგალითად, კრძალავს ისტორიას) და მათ გონებას უაზრო აბსტრაქციებით და უქმი მეტყველებით ავსებს. წიგნის მეორე აღმოჩენა კი ის გახლავთ, რომ ხელისუფლება ისე წარმატებულად ათავისუფლებას და ამრუდებს მასების ცნობიერებას, რომ ხელმძღვანელი ვეღარ ხვდება, რა ხდება მის გარშემო. ჩვენც იმავეს ხომ არ ვაკეთებთ? იმას, რომ განათლება აბსტრაქტული საგნებისა და უნარ-ჩვევების ათვისების საშუალებად ვაქციეთ, ხომ არ მივყავართ ნელი სოციალური კვდომის გზით?

აბსტრაქტული და, საზოგადოდ, ყოველგვარი განათლების ნაკლი ის არის, რომ ჩვენი პიროვნება ფორმირდება სოციალური გამოცდილების საფუძველზე, სკოლა კი არათუ წარსულის, არამედ აწმყოსა და მომავლის გამოცდილებასაც არ შეესაბამება. ამრიგად, აბსტრაქტული წიგნიერება არათუ ვერ აითვისება, არამედ მასზე მოთხოვნილება საერთოდ ქრება. აკადემიური განათლების იდეას საფუძვლად უდევს მითი რაციონალურ ინდივიდზე, რომელსაც შეუძლია გამოცდილების სინთეზი, ადაპტირება და ყველაფრის კეთება, ჩვენ კი ასეთები არ ვართ. თუ სინთეზირება და ცოდნის გამოყენება არ გვასწავლეს, ამას ვერ გავაკეთებთ. ჩვენ არათუ არ ვამჟღავნებთ სემინარებზე მიღებულ სპეციალიზებულ ცოდნას, არამედ სრულიად ვკარგავთ მას, რადგან ის არ შეესაბამება რეალურ ცხოვრებას. ვის უნდა ზოგადი განათლება და სად შეიძლება გამოვიყენოთ დარჩენილი იდეალიზმი, როცა ჩვენი განათლებული ახალგაზრდობა განათლებისთვის აღებული უშველებელი კრედიტების გადახდით და ოჯახური პრობლემების გადაჭრით დამძიმებული მუშაობს სტრუქტურულ ორგანიზაციებში, რომლებსაც 60 და 70 წლის ადამიანები ხელმძღვანელობენ?

სახელმწიფო საქმეებში ჩაურევლობა მკაფიო კომპონენტია კლასიკური განათლების სტრატეგიისა, სადაც ინდივიდი წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ინტეგრატორს. თუ გაუნათლებელთა შეცდომებს ითვალისწინებს „ჯადოსნური” ბაზარი, რომელიც საზოგადოებას წონასწორობაში იჭერს, მაშინ ისინი, ვინც ეუფლებიან სპეციალიზებულ აკადემიურ დისციპლინებს, ნებას აძლევენ სხვებს, დაკავდნენ თავიანთი სოციალური ფუნქციებით, მაშინ როდესაც თავად საკუთარი კარიერით არიან დაკავებული. არავინ აქცევს ყურადღებას იმ დაძაბულობას და დანაკარგს, რომელსაც საზოგადოების უმეტესი ნაწილი განიცდის. ასეთი წარმოდგენა შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო პროგრამას დაემატოს უამრავი არასისტემატიზებული სპეციალური კურსი, დისციპლინა, პროგრამა და სკოლა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, გასაგები ხდება, რატომ არსებობენ ძალიან გაუნათლებელი ან ზედმეტად განათლებული ადამიანები. თანამედროვე განათლების რეფორმის მოძრაობა რელურად status quo-ს იცავს.

ამერიკის ეკონომიკური ისტორიის ერთადერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი ის არის, რომ მან შეძლო, გამოეკვება და საცხოვრებელი მიეცა ამერიკელებისთვის, დაესაქმებინა და უზრუნველეყო მათი ჯანმრთელობის დაცვა და ა.შ. 1970 წლიდან დღემდე მთლიანმა ეკონომიკურმა ზრდამ ვერ შეძლო აეწია მოსახლეობის უმეტესი ნაწილის ცხოვრების დონე. ნაცვლად ამისა, მოხდა სიმდიდრის ყველაზე დიდი კონცენტრაცია და შემოსავლების ყველაზე დიდი უთანაბრობა ქვეყნის მთელი ისტორიის განმავლობაში. ამერიკული საზოგადოების დემოკრატიზაციისთვის მრავალი რეფორმაა საჭირო, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, აკადემიური განათლება ისე გადავამისამართოთ, რომ მან წარმოშვას უფრო განათლებული ელექტორატი, განსაკუთრებით – ჩვენს ახალგაზრდა მმართველ კლასებში. 
თარგმანი, რედაქცია და კომენტარები კახა ჟღენტისა 
გამოყენებული ლიტერატურა:

1.Knee-Jerk Formalism: Reforming American Education.Rossides, Daniel W., 1925-; The Journal of Higher Education, Volume 75, Number 6, November/December.2004, pp. 667-703 (Article) Published by The Ohio State University Press DOI: 10.1353/jhe.2004.0039. (https://www.bupedu.com/lms/admin/uploded_article/eA.1063.pdf)
2.Дэниел Россидис. БЕЗДУМНЫЙ ФОРМАЛИЗМ: РЕФОРМИРОВАНИЕ АМЕРИКАНСКОГО ОБРАЗОВАНИЯ. (https://ecsocman.hse.ru/data/2011/05/06/1268034294/03ros.pdf)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი