პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მარტოდ დარჩენილი მშობელი

ამას წინათ სამარშრუტო ტაქსიში მგზავრობისას ძალიან სევდიან ამბავს შევესწარი. ჩემ წინ სავარძელზე დედა და შვილი ისხდნენ, დედა ოცდაათ წლამდე იქნებოდა, შვილი – ოთხი-ხუთი წლის. ბავშვი გაუთავებლად რაღაც კითხვებს სვამდა, დედა ხან პასუხობდა, ხან – არა. გზა გაიწელა. საცობი იყო. ბავშვი დაიღალა და როგორც აღგზნებულ ფსიქიკას სჩვევია ხოლმე, წრიალს მოუმატა, დედა კიდევ უფრო მეტად შეწუხდა და სავარძლებს შორის ვხედავდი,  „დაწყნარდისთან“ ერთად, როგორ უჭერდა ბიჭს ხელს მკლავზე. ბიჭი ერთი-ორი წუთი ჩერდებოდა და ისევ იწყებდა წრიალს, წუწუნს, შეკითხვებს!

ნელ-ნელა სიტუაცია დაიძაბა და ბავშვმა მშობლის ლანძღვა დაიწყო:

  • არ მიყვარხარ, დებილო! ცუდი დედა ხარ! – იმეორებდა ისტერიულად.

მათ უკან ვიჯექი, მარშუტკაში თითქმის ჭყლეტა იყო, სავარძელი მეფარებოდა და გამოლაპარაკების ან ბავშვის გართობა-დამშვიდების საშუალება არანაირად არ მქონდა. სავარძლებს შორის ღრიჭოდან ისევ ვხედავდი, როგორ უჭერდა ხელს დედა შვილს.

  • გაჩერდი, გაჩერდი, გაჩერდი! – უმეორებდა ცუდად დამალული აგრესიით.

გარტყმით ვერ გაარტყამდა, შეიძლება შერცხვენოდა კიდევაც, შეიძლება შეშინებოდა, კანონი დიდად არ კანონობს, მაგრამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე მაინც უფრო ერიდებიან ბავშვის ფიზიკურ დასჯას. შეიძლება სახლში არც ურტყამდა და ეს ნერვიული ხელის მოჭერა ყველაზე მეტი იყო, რითაც დედა თავისი ფიზიკური უპირატოსების ჩვენებას, ამით დაშინებასა და შვილის გაჩერებას ცდილობდა, თუმცა არა მგონია. იმდენად ნერვული იყო ეს ხელის მოჭერა, იმდენად უმწეო და სუსტი ჩანდა ორივე ხელი, მშობლისაც და შვილისაც, რომ ამ უმწეობით გაბრაზებული, ვფიქრობ, რომ არა მოწმეები, აუცილებლად გაარტყამდა. თუმცა დედის ბრაზის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ჩვენ ვიყავით: მისი შვილის უსაქციელობის შემსწრეები, რომელთა წინაშეც იჯდა შერცხვენილი, დაღლილი, სუსტი და თავისზე უფრო სუსტზე ცდილობდა ძალადობას.

ამასობაში სამარშრუტო ტაქსიში შუახანს გადაცილებული, ნატურალურბეწვისქურქიანი, მკაცრი და ლამაზი შესახედაობის ქალი ამოვიდა. ასაკის გარეშეც მთელი მისი ამაყი პერსონა გამცნობდათ, რომ უნდა ამდგარიყავით და ადგილი დაგეთმოთ. ასეც მოხდა და ეს ქალი ამ ბავშვისა და დედის გვერდით აღმოჩნდა.

ბავშვმა, რა თქმა უნდა, წრიალი და წუწუნი განაგრძო, კარგად ვერ ვხედავდი, მაგრამ მგონი, დედაზე ხელითაც იწევდა.

  • მე იცი, ვინ ვარ?! პედიატრი ვარ! ბავშვთა ექიმი, გაჩერდი თორემ გაგიკეთებ ნემსს! დაემუქრა სასწრაფოდ ეს მედიდური იმ პატარას. მუქარა რომ ძალადობაა, ბავშვს რომ მართლა შეიძლება დასჭირდეს ნემსის გაკეთება, ეს რომ მერე მისთვის გაცილებით მტკივნეული იქნება, როგორც სასჯელს ისე რომ აღიქვამს, რაღა თქმა უნდა, ამ პედიატრს არაფრად ანაღვლემდა. მთელ საზოგადოებას გვამცნო, ექიმი ვარო და თავისი ჭკუით ბავშვის უსაქციელობაც შეაკავა.

დედას კი ლაპარაკი სჭირდებოდა, გაზიარება, თავის მართლება, ამბის მოყოლა. მისი დაძაბული არსება ამდენს ვეღარ იკავებდა და როგორც კი ეს ქალი გამოელაპარაკა, მაშინვე დაიწყო:

  • ადრე არ იყო ასეთი! ბაღში მოიყვანეს ერთი საშინელი ოჯახის შვილი, დედა მესამედაა გათხოვილი, მამინაცვალი ლოთია, იმ ბავშვისგან გადაიღო, იმას ბაძავს. ვეუბნები, ნუ მეგობრობ მაინცდამაინც მაგ ბიჭთან-მეთქი, არ მიჯერებს, რაც ის მოიყვანეს ბაღში, იმის მერეა ასეთი.

და აქ მოხდა ყველაზე დამზაფვრელი რამ. ბავშვმა  ისტერიულად დაიწყო  ერთი და იმავე ფრაზის გამეორება:

  • ვინც ემეგობრება, იმას არ ურტყამს, ვინც ემეგობრება, იმას არ ურტყამს, ვინც ემეგობრება, იმას არ ურტყამს… ალბათ ერთი ოცჯერ მაინც გაიმეორა.

უკვე გაჩუმება და გაჩერება შეუძლებელი გახდა, თან შევატყვე, ჩასასვლელად დაიწყეს მომზადება, ადგნენ, რომ წინ გადასულიყვნენ. უკვე პირისპირ ვხედავდი და რაც შეიძლებოდა სწრაფად დავიწყე, რომ პატარა ადამიანი ისედაც მსხვერპლი იყო და დახმარება სჭირდებოდა, რომ მან მოძებნა გამკლავების ასეთი ფორმა, რომ უნდა მოითხოვოს, ბაღმა მოაგვაროს მისი პრობლემა, რომ, სავარაუდოდ, ის ბავშვიც მსხვერპლია, მასაც სჭირდება დახმარება, რომ ქვეყანაში არსებობს ბავშვზე ძალადობის ეროვნული ქსელი, რომ სოციალური სამსახურებიცაა და რა ვიცი… რაც უცებ მოვასწარი.

დედამ ისეთი მადლიერი თვალებით გადამიხადა მადლობა, მივხვდი, მართლა არ იცოდა, რა ექნა. რაღაცები დააზუსტა, მოვძებნი ფსიქოლოგსო, შემპირდა და ჩავიდნენ.

მე ვერ ჩავყვებოდი. ლექციები მქონდა. დაწყებითი კლასების მომავალი მასწავლებლებისთვის საბავშვო მწერლობა უნდა მესწავლებინა.

ძალიან კარგები არიან, ლამაზები, ინტერესით დადიდებული თვალებით, ბევრს კითხულობენ და უნდა გაგახაროთ, ყოველ წელს უფრო და უფრო განათლებული ნაკადი მოდის. ბევრს სწავლობენ, და რაც მთავარია, მეიმედებიან, რომ მოძალადეები არ იქნებიან, ასაკობრივი თავისებურებების ცოდნა, მეთოდოლოგისა თუ კონკრეტული ტექნიკების ფლობა ადამიანობასთან ერთად საშუალებას მისცემთ ისე აღზარდონ, არ იძალადონ, ბულინგსაც ამოიცნობენ და პრევენციისა და დაძლევის გზებიც ეცოდინებათ.

ჩამოვედი სამარშრუტო ტაქსიდან დამძიმებული, ცალკე ამ ბავშვის ხმა მედგა ყურებში, ვინც ემეგობრება, იმას არ ურტყამსო, ცალკე დედის შეწუხებული და მახვეწარი თვალები, ცალკე ის მოძალადე ბავშვი მადარდებდა, სავარაუდოდ, მოძალადე დედით, რომელზეც, ასევე სავარაუდოდ, ის ლოთი ქმარი ძალადობს. მივხვდი, რომ არ უნდა წავსულიყავი ლექციებზე, იმ ქალს უნდა ჩავყოლოდი, კარგად უნდა დავლაპარაკებოდი, ან სახელი და გვარი მაინც მეთქვა, სოციალურ ქსელში დამიკავშირდებოდა, ან ტელეფონი მიმეცა… მგონი, პირველად ჩემგან მოისმინა, რომ საშველი არსებობს, რომ ვიღაც ვალდებულია, დაეხმაროს, რომ ეს მისი პატარა შვილი დამნაშავე და სამარცხვინო არაა.

ამ ამბიდან თვეზე მეტია გასული, მაგრამ მაინც ვერ მოვიშორე დანაშაულისა და უკმარობის განცდა. ყველაზე ზრუნავს სახელმწიფო მეტ-ნაკლებად, იხვეწება პროგრამები, ახალი და აქტუალური საგნები ემატება სკოლას, მჯერა, იზრდება და გაიზრდება მასწავლებელთა დონეც, რა თქმა უნდა, ყველგან მძიმე პრობლემებია აღზრდის სფეროში, მაგრამ  ყველაზე მიტოვებული, ყველაზე უმწეო ის მშობელია, რომელმაც შვილები კი გააჩინა, მაგრამ მათი აღზრდის არაფერი გაეგება. ტრადიციული ავტორიტარული მეთოდი აღარაა  ეფექტური,  მან კი სხვანაირად გაზრდა არ იცის. არადა უნდა, სასახელო და საამაყო იყოს მისი შვილი.

რა თქმა უნდა, უამრავი მშობელია, რომელსაც არაფრის გაგონება არ უნდა, მიაჩნია რომ ყველაზე უკეთ იცის, როგორ გაზარდოს საკუთარი შვილი. აი, სწორედ ეს, „საკუთარი“ აქცევთ ჩარჩოებში და ვერაფრით დაეხმარები, მაგრამ ხომ არიან ასეთებიც, კრიტიკულმა სიტუაციამ მწვავედ რომ აგრძნობინათ უმწეობა და მზად არიან რაღაცის სასწავლად, მოსასმენად, შესაცვლელად, გასაზრდელად.

კეთილი გამვლელების იმედზე არ უნდა იყვნენ ეს მშობლები. უნდა არსებობდეს რაღაც ცენტრი, რაღაც სამსახური, სადაც დახმარებისთვის მივლენ, სადაც დედობას და მამობას ისწავლიან, თანამედროვეობაში გამოსადეგ მიდგომებს გაეცნობიან, შვილის დაცვისთვის საჭირო უნარებს შეიძენენ, მათთვის მაინც, ვისაც ამისი სურვილი აქვთ.

არ უნდა წავსულიყავი ლექციებზე. იმ ქალს უნდა გავყოლოდი. ხანდახან უცებ ვერ ვაფასებთ, სად უფრო მეტად ვართ საჭირო!

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი