შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ფრთხილად, შოკის ექსტრემალური ზღვარი!

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მასწავლებლების საინტერესო დისკუსიას შევესწარი. ერთი მათგანი გულდამძიმებული ჰყვებოდა, რომ „დათა თუთაშხიას” ეპიზოდის განხილვისას მოსწავლეთა მსჯელობაში შემაშფოთებელი ტენდენცია გამოიკვეთა. სეთურის დახასიათებისას ისინი ამგვარი არგუმენტებით ცდილობდნენ მის გამართლებას: „უფროსი იყო და ამიტომ ყველაფრის უფლება ჰქონდა” „აბა, თავისზე დაბლა მდგომს ღირსეულად ხომ ვერ მოექცეოდა”, „გადასარევი კაცი იყო და მისგან იმიტომაც არ მიდიოდნენ”, „ნორმალურად რომ მოჰქცეოდა და მათაც მეტი მონდომებოდათ?!”

მართლაც დამაფიქრებელი დამოკიდებულებაა. ამ ეპიზოდმა კი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კვლევა და ამ კვლევის შოკისმომგვრელი შედეგები გამახსენა – მკვლევარი და მისი თანაშემწეები დაინტერესდნენ, რამდენად კონფორმულები არიან ადამიანები ავტორიტეტის ბრძანებებისადმი, ემორჩილებიან თუ არა უპირობოდ და გაუაზრებლად ზემდგომის ნებას და აქვს თუ არა ადამიანს, მოაზროვნე არსებას, დაქვემდებარების თანდაყოლილი უნარი.
1961 წელს იელის უნივერსიტეტის ლექტორმა, 28 წლის სტენლი მილგრამმა, ძალაუფლების გამოყენების პროცესში ადამიანის ქცევის შესწავლა გადაწყვიტა. მეორე მსოფლიო ომიდან და კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი მოვლენიდან, ჰოლოკოსტიდან, ოციოდე წელია გასული, მაგრამ მსოფლიოს ჯერ კიდევ არ გაუცია პასუხი მთავარ კითხვაზე – როგორ მოხდა, რომ მეოცე საუკუნეში შუაგულ ევროპაში ერთმა ძალამ მოახერხა და მილიონობით ადამიანი ერთი აბსურდული იდეის დეკლარირებით გაანადგურა. იმ პერიოდში დამკვიდრებული შეხედულებისამებრ, ამ უბედურების თავიდათავი ავტორიტარის ოდიოზურობა და აღზრდის მკაცრი, სასტიკი სისტემა იყო – სწორედ ამ ორმა ფაქტორმა განაპირობა, რომ ხალხი გაუაზრებლად ემორჩილებოდა არაადამიანურ ბრძანებებს და საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად დაუფიქრებლად ანადგურებდა მათ, ვინც „სიცოცხლის ღირსი არ იყო”.

მილგრამს, რომელიც იმხანად სოციალური ფსიქოლოგიის კვლევით იყო გატაცებული, მიაჩნდა, რომ ასეთი მასშტაბის მოვლენის ასახსნელად ეს არგუმენტები არ კმაროდა. მან ივარაუდა, რომ ერთი ავტორიტარული ტიპის მოძალადის გავლენა ვერ იმოქმედებდა მთელ ერზე, რომ არა ადამიანური ბუნების წინასწარგანპირობებულობა და გარემოსადმი, ვითრებისადმი დაქვემდებარების თანდაყოლილი უნარი.

მისი აზრით, გამოუვალ, რთულ ვითარებაში ჩავარდნილ ნებისმიერ პიროვნებას (ნორმალურს, ფსიქოლოგიურად მდგრადს) ხელშემწყობი პირობების არსებობისას (დაუსჯელობის გარანტია, შთაგონება, იძულება, მუქარა) შეუძლია უგულებელყოს ზნეობრივი პრინციპები და დაუყოვნებლივ შეასრულოს ზემდგომი, ძალაუფლების მქონე პირის ყოველგვარი ბრძანება.

თავისი ჰიპოთეზის შესამოწმებლად სტენლი მილგრამმა ფსიქოლოგიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მზაკვრული ექსპერიმენტის განხორციელება დაიწყო. მან შექმნა აპარატი, რომელიც ძალიან ჰგავდა ელექტროსკამს, დაგეგმა ექსპერიმენტის სცენარი, მიიწვია მოხალისეები და სცადა, ექსპერიმენტით დამოწმებული მონაცემების მეშვეობით გაეცა პასუხი კითხვისთვის, რამდენად შორს შეიძლება შეტოპოს ჰომო საპიენსმა ბრძანების, ლეგიტიმური განკარგულების შესრულებისას. რა შედეგი მიიღო 28 წლის მკვლევარმა? მოდი, მივყვეთ ექსპერიმენტის მსვლელობას:
სცენარი

წარმოიდგინეთ, რომ სოლიდურ გაზეთში ან ჟურნალში აწყდებით განცხადებას, სადაც კარგი ანაზღაურების სანაცვლოდ სამეცნიერო ექსპერიმენტში მონაწილეობას გთავაზობენ. თქვენი მოტივაციაა მეცნიერებისთვის ფასდაუდებელი სამსახურის გაწევა და, ცხადია, თანხაც. ვინ იტყვის ასეთ წინადადებაზე უარს? სწორედ ასეთი სატყუარა მოუმზადა მილგრამმა ხალხს და რა გასაკვირია, რომ მსურველთა არმიამაც არ დააყოვნა… ექსპერიმენტი დაიწყო.
პროცედურა

ექსპერიმენტში მონაწილეობის მსურველი მიდის იელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიურ ლაბორატორიაში, რათა, როგორც ცდისპირმა, მონაწილეობა მიიღოს მასალის დასწავლისა და დამახსოვრების პროცესთა კვლევაში (თუმცა ჩვენ უკვე ვიცით, რომ ეს სცენარის მოდელირებული ნაწილია, უბრალო ენით რომ ვთქვათ, ტყუილი).

ლაბორატორიაში მისულს ხვდება საშუალო ასაკის სასიამოვნოდ მოსაუბრე მამაკაცი (ცდისპირი 2), რომელიც სინამდვილეში ექსპერიმენტატორის თანაშემწეა, თუმცა ნამდვილმა ცდისპირმა ეს არ იცის.

ნაცრისფერ სამუშაო ხალათში გამოწყობილი მკაცრი ექსპერიმენტატორი (სტენლი მილგრამი) აცხადებს, რომ მას დასწავლა-დამახსოვრებაზე დასჯის ეფექტის გავლენა აინტერესებს. ექსპერიმენტის პირობების თანახმად, ნამდვილმა ცდისპირმა უნდა შეითავსოს „მასწავლებლის” როლი, ხოლო ექსპერიმენტატორის ასისტენტმა – „მოსწავლისა”. მასწავლებლის მიზანია, მოსწავლემ დაიმახსოვროს რამდენიმე სიტყვა და მათი თანამიმდევრობა

.

ამის შემდეგ მასწავლებლის თანდასწრებით მოსწავლეს მიაბამენ ელექტროსკამზე და ხელზე, პირდაპირ შიშველ კანზე, წებოვანი ლენტით მიამაგრებენ ელექტროდს („დამწვრობის თავიდან ასაცილებლად” კანზე წინასწარ უსვამენ სპეციალურ საცხს). ექსპერიმენტატორი ხსნის, რომ ელექტროდი მიერთებულია ელექტროგანმმუხტველ გენერატორთან, ხოლო მასწავლებელს (ნამდვილ ცდისპირს) ევალება, დასაჯოს მოსწავლე გენერატორის ღილაკზე თითის დაჭერით, თუ მას სიტყვათა თანმიმდევრობა შეეშლება.

ამის შემდეგ მასწავლებელი შეჰყავთ მოსაზღვრე ოთახში, საიდანაც ის მოსწავლეს ვერ დაინახავს, მაგრამ ადვილად გაიგონებს მის ხმას და სანამ ნანახისა და განცდილის გააზრებას დაიწყებდეს, ექსპერიმენტის დაწყების განკარგულებას გასცემენ.

ცდისპირი მარტო რჩება აგრეგატთან ნიშნულებით „15″, „30″, „45″ და ასე შემდეგ, 450 ვოლტამდე, სულ ზედა ნიშნულის ზევით კი წარწერაა: „ფრთხილად, შოკის ექსტრემალური ზღვარი!” (ცხადია, ექსპერიმენტის დროს მომიჯნავე ოთახში მყოფი „მოსწავლე” სულაც არ იღებდა ელექტროდარტყმებს – ის დგებოდა სკამიდან და რთავდა მაგნიტოფონს, სადაც ჩაწერილი იყო მისი პასუხები და ვედრება: „გამომიშვით, გული ცუდად მაქვს!”, „კიდევ თუ გაგრძელდა, მოვკვდები” და ა.შ). მოგვიანებით ამ ექსპერიმენტის მონაწილე მოტყუებული ცდისპირები იგონებდნენ, რომ სჯეროდათ, გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდებოდა – ისინი ხომ იელის უნივერსიტეტის სამეცნიერო ლაბორატორიაში იმყოფებოდნენ, მეცნიერის მეთვალყურეობის ქვეშ…

სწორედ ასე ახსნა თავისი საქციელი გამოკითხულთა უმრავლესობამ, როდესაც ექსპერიმენტის შოკისმომგვრელი შედეგები გამოქვეყნდა.

აღმოჩნდა, რომ მონაწილეთა 63% მზად იყო, მკაცრი ბრძანების მიღების შემთხვევაში გადაეჭარბებინა „სიცოცხლისთვის უსაფრთხო ზღვრისთვის” და სასიკვდილო დარტყმა მიეყენებინა მეორე ცდისპირისთვის, მიუხედავად მისი მუდარისა და რისკისა („თუ შეიძლება, გააგრძელეთ”; „ექსპერიმენტის პირობები მოითხოვს, განაგრძოთ”; „უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ გააგრძელოთ”; „თქვენ არჩევანი არ გაქვთ, უნდა გააგრძელოთ”; „მე ვიღებ პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს რამე დაემართება” – აი, ის ბრძანებები, რომლებსაც გაუაზრებლად ემორჩილებოდა ცდისპირთა 63%).
წინა პირობა

უნდა ითქვას, რომ მილგრამი არ ყოფილა პირველი, ვინც ადამიანის ნებელობის საკვლევად ექსპერიმენტს მიმართა და ამისთვის მოდელირებული რეალობა შესთავაზა ცდისპირებს. 1924 წელს მეცნიერმა, გვარად ლენდესმა, გამოაქვეყნა შედეგები კვლევის, რომელიც მან უელსის ლაბორატორიაში ჩაატარა. ამ მონაცემების თანახმად, საცდელ პირთა 71% მზად იყო, კისერი მოეგრიხა ლაბორატორიის თაგვებისთვის, თუ ექსპერიმენტატორი ამას დაჟინებით მოითხოვდა. 1944 წელს ფსიქოლოგმა დენიელ ფრენკმა განაცხადა, რომ კვლევის ფარგლებში საცდელ პირებს აიძულებდა ყოვლად უცნაურ ქმედებათა შესრულებას მხოლოდ იმ მოტივით, რომ ცდებს ექიმის ხალათში გამოწყობილი ექსპერიმენტატორი წარმართავდა: „დადექით თავდაყირა 40 წუთის განმავლობაში”, „დახუჭეთ ცალი თვალი და გაიარეთ უკუსვლით”, „ალოკეთ ფანჯრის მინა” და ა.შ. 

მილგრამის ექსპერიმენტი გაცილებით ორგანიზებული და სისტემატიზებული იყო, თუმცა ის მუდამ აღიარებდა წინამორბედთა დამსახურებას და თავის მასწავლებლად და კუმირად ასახელებდა იმხანად ძალიან პოპულარულ მეცნიერს სოლომონ აშს. „სტენლი მილგრამი, ისეთი, როგორიც დღეს ვარ, აშმა შექმნა”, – წერდა ის თავის მემუარებში.
პორტრეტი

მილგრამი არაორდინარული და საინტერესო პიროვნება იყო. „სტენლის მთელი არსებით უყვარდა საქმე, რომელსაც მთელი სიცოცხლე მიუძღვნა, – იხსენებს მისის მილგრამი, – თანაც ის ყოველთვის გამოირჩეოდა სხვა მეცნიერებისგან. უცნაური და თავისებური იყო. შეეძლო, უზარმაზარ რიგში შევარდნილიყო, მომლოდინეები აქეთ-იქეთ გაეწ-გამოეწია და უტიფრად გაეკვალა გზა პირველი რიგებისკენ მხოლოდ იმისთვის, რომ ადამიანების რეაქციას დაჰკვირვებოდა. კიდევ, კონვერტებს თავის მისამართს აწერდა, ნიუ იორკის ქუჩებში ყრიდა და შემდეგ აკვირდებოდა, რამდენი მათგანი მიაღწევდა „დანიშნულების ადგილამდე”. ზოგჯერ ქუჩაში გადიოდა, ცას მიაცქერდებოდა და რაღაცაზე მიუთითებდა. ათიოდე წუთში მის ირგვლივ ცნობისმოყვარეთა მთელი ჯგრო იკრიბებოდა. სტენლი განსაკუთრებით ხალისობდა, როცა რომელიმე ამ ჯგროდან მის მიერ წარმოსახულ, არარსებულ ამოუცნობ ობიექტს „ხედავდა”. სტენლის, სარტრისა და ბეკეტის მსგავსად, უყვარდა ასეთ აბსურდულ სიტუაციებზე დაკვირვება, ოღონდ, მათგან განსხვავებით, ის არა მარტო აღწერდა, არამედ იკვლევდა კიდეც აბსურდს”.
კრიტიკა

მილგრამის ექსპერიმენტს გაუგონარი რეზონანსი და კრიტიკა მოჰყვა. გამოხმაურებისა და ადამიანის ადამიანურობის გამოქომაგების მსურველი ბევრი აღმოჩნდა. ექსპერიმენტს ბრალად სდებდნენ ტენდენციურობასა და არარეალისტურობას – „მილგრამის მიერ შექმნლი სიტუაცია დამაჯერებლობას მოკლებულია. რეალურ, ყოველდღიურ ვითარებაში ადამიანს ყოველთვის აქვს არჩევანი, თანაც ცხოვრებისეული კონფლიქტები დიდად განსხვავდება ლაბორატორიული პირობებისგან, მილგრამმა რომ შეაკოწიწა”, – ვკითხულობთ იმდროინდელ პერიოდიკაში. ბევრი არც იმას ეთანხმებოდა, რომ ექსპერიმენტი ძალაუფლების ზეგავლენის შესასწავლად იყო გამიზნული: „ეს ტრაგიკომიკური ექსპერიმენტი ბოროტმოქმედების კი არა, ნდობის საზღვრების გამოკვლევას უფრო ჰგავდა”, – უპირისპირდებოდა მილგრამს მეორე ამერიკელი ფსიქოლოგი სტემ ჰენდერიკუსი. მწვავე კრიტიკის გავლენით ამერიკის უნივერსიტეტები მილგრამს ერთიმეორის მიყოლებით ეუბნებოდნენ უარს თანამშრომლობაზე, კოლეგები კი, განსხვავებული შედეგების მიღების იმედით, მის ექსპერიმენტს იმეორებდნენ, მაგრამ შედეგები თითქმის არ შეცვლილა – 450-ვოლტიან ღილაკს ექსპერიმენტატორის მკაცრი მოთხოვნის შემდეგ ცდისპირთა 65-68% აჭერდა თითს.

ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ფსიქოსოციალური მექანიზმი, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანს ლაბორატორიულ პირობებში მკვლელად აქცევს, ტრანსკულტურული ფენომენია და მილგრამის ექსპერიმენტის მნიშვნელობაც ლოკალურს, ლაბორატორიულს, საგრძნობლად აღემატება.

კვლევის შედეგები მოწმობს, რომ სიტყვა „მკვლელი”, „აგრესიული”, „დაუნდობელი”, „ბოროტმოქმედი” ასოცირდება მხოლოდ იმ შემთხვევებთან, როცა ადამიანი კლავს, აზიანებს ან არ ინდობს პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე და არა ავტორიტეტული ფიგურის გავლენით. ქარიზმული თვისებებით შემკული ლიდერი წარმოადგენს მთავარ მიზეზს იმ საშინელი მექანიზმის ამოქმედებისა, რომელიც ექსპერიმენტსა თუ რეალურ ცხოვრებაში ადამიანებს პასუხისმგებლობის გრძნობისგან ათავისუფლებს და დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებს.

1974 წლიდან კვლევა აღარ განმეორებულა, რადგან ის ერთმნიშვნელოვნად არაეთიკურად იქნა მიჩნეული. 
1984 წელს მილგრამი გულის მწვავე შეტევით საავადმყოფოში მოხვდა. „გამარჯობა, მე სტენლი მილგრამი ვარ და მეხუთე ინფარქტი მაქვს”, – ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები… ექიმებმა გონდაკარგული პაციენტი საკაცეზე გადააწვინეს და რეანიმაციაში გადაიყვანეს, მკერდზე ელექტროდები მიამაგრეს და გულის ასამუშავებლად ელექტროიმპულსებით ზემოქმედება დაიწყეს. 250, 300, 350 ვოლტი… თუმცა ვერც სამედიცინო ტექნიკის ამ მიღწევამ და ვერც ჟანგბადის ბალიშმა ვერ უშველა მეცნიერს – სტენლი მილგრამი საავადმყოფოშივე გარდაიცვალა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი