შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

მედიაწიგნიერება და ზრდასრულთა განათლება (პირველი ნაწილი)

მედიაწიგნიერება, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, წარმოადგენს გამჭოლ კომპეტენციას, რომელსაც მოსწავლეებს მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში უნდა ვუვითარებდეთ. მსოფლიოს ინტერნეტიზაციამ ბევრ სიკეთესთან ერთად მოიტანა უამრავი საფრთხეც, რომელთა ცოდნა თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების წევრისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დღეს ყოველ ნაბიჯზე მოისმენთ საყვედურს, რომ მოზარდებში მედიაწიგნიერების განვითარებას სათანადო ყურადღება არ ეთმობა, მასწავლებლებს არ აქვთ საკმარისი რესურსი და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მედიაწიგნიერების მიმართ ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ საქართველოში არ არის. მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები ჩივიან, რომ მასწავლებელთა მოსამზადებელ საგანმანათლებლო პროგრამებში ამ მიმართულების ნაკლები სასწავლო კურსია, მისი კვლევისთვის შედარებით ნაკლები თანხაა გამოყოფილი, ვიდრე სხვა საკითხების კვლევისთვის. მშობლებს არ აღელვებთ ციფრულ ტექნოლოგიებზე შვილების მიჯაჭვულობა და ა.შ.  ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის პირისპირ დააყენა მსოფლიო საზოგადოება: აღმოჩნდა, რომ მედიაწიგნიერების კომპეტენციის განვითარება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბავშვებში, არამედ ზრდასრულ ადამიანებშიც, რომლებმაც სკოლა დაამთავრეს, აკადემიური განათლება მიიღეს და დასაქმებულნი არიან.

მსოფლიოს ინტერენეტიზაციის პოტენციური საფრთხეების თავიდან ასაცილებლად აქტიური მუშაობა უკვე დაიწყეს მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა. მედიაწიგნიერება (ქართული განმარტებით) უნარების ნაკრებია, რომელიც ინდივიდისაგან მოითხოვს „გააცნობიეროს, როდის არის საჭირო ინფორმაცია და შეძლოს მისი ადგილის განსაზღვრა, შეფასება და ეფექტურად გამოყენება“ (ინგოროყვა, 2018). მოსახლეობაში მცდარი ინფორმაციის გავრცელება, კონკრეტული სახის პროპაგანდა, რაიმე ტიპის ჯგუფის ლობირება მხოლოდ ინფორმაციული თვალსაზრისით კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილია. Facktchek-ის ინფორმაციით, „ყალბი ახალი ამბავი (Fake News) პროპაგანდის შემადგენელი ნაწილია და მისი გატარების საჭირო ინსტრუმენტად მიიჩნევა. არ არსებობს ყალბი ახალი ამბის აღიარებული დეფინიცია; მეტად დამკვიდრებული გაგებით, ეს არის მასობრივი საინფორმაციო საშუალებით გავრცელებული დეზინფორმაცია/ტყუილი, რომელიც ინფორმაციის წყაროს პოპულარიზაციას ან/და კონკრეტული ჯგუფის მიერ განსაზღვრული პოლიტიკის გატარებას ემსახურება“ (https://factcheck.ge/article/ra-aris-qhalbi-akhali-ambavi-fake-news/). ქართულ ინტერნეტსივრცეში ხშირად შეხვდებით გადაუმოწმებელ, საეჭვო წყაროზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც მოსახლეობაში კონკრეტული ღირებულებების, ჯგუფების თუ ქვეყნების მიმართ ნეგატიური განწყობის შესაქმნელადაა გამოყენებული. მსგავს შემთხვევებზე დაკვირვება ასევე ცხადყოფს, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს არ გააჩნია სათანადო კომპეტენცია, რათა ეჭვი შეიტანოს გამოქვეყნებული ინფორმაციის ჭეშმარიტებაში, გადაამოწმოს ან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს აშკარად აბსურდული მოსაზრებები. ამ ფონზე მედიაწიგნიერების კომპეტენციის განვითარების საკითხი მოზრდილებში უფრო მეტ აქტუალობას იძენს.

თუ მოსწავლეებში მედიაწიგნიერების კომპეტენციის განვითარების საკითხს ქართული განათლების სისტემის ერთ-ერთ სუსტ წერტილად მივიჩნევთ, ზრდასრულებში იმავე თემასთან დაკავშირებულ მეტ საჭიროებას შევამჩნევთ. მედიაწიგნიერება და მედიაგანათლება, ევროპული გაგებით, დაკავშირებულია მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის კომპეტენციებთან. ზრდასრულთა განათლება ჯერჯერობით მხოლოდ მცირედით ეხება მედიაწიგნიერების საკითხებს, მიუხედავად იმისა, რომ მედიატექნოლოგიები დღემდე დიდ როლს ასრულებს ზრდასრულთა განათლებაში. მედიაპედაგოგიკაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესაძლებელია კონკრეტული სამოქმედო სფეროების გამოყოფა, რაც ზრდასრულებში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობას აადვილებს:

  1. ორგანიზაციული სფერო. ის აერთიანებს მედიწიგნიერებასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ინტერნეტიზაციისა და „გაციფრულების“ გავლენა მთელი სიცოცხლის განმავლობაში მანძილზე სწავლის (Lifeloang Learning) სტრუქტურებსა და მოწყობაზე; ტექნოლოგიური აღჭურვილობა, ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ორგანიზაციების სტრუქტურები, პროფესიული განვითარების საკითხებში ჩართული პირებისა და გაერთიანებების თანამშრომლობა ტექნოლოგიური თვალსაზრისით და ა.შ.;
  2. სწავლა-სწავლების სფერო – მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა სხვადასხვა დონეზე მედიაწიგნიერების თვალსაზრისით ზრდასრულთა განათლების შესაძლებლობები. აქ ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ინფორმაციული ტექნოლოგიების გავლენას ისეთ პროცესებზე, როგორიცაა არაფორმალური განათლება და თვითგანათლება;
  3. საგნობრივი სფერო – ამ დონეზე განიხილება ორი განსხვავებული მიმართულება. პირველი მჭიდროდაა დაკავშირებული მედიაკომპეტენციის საკითხებთან, კერძოდ, გულისხმობს ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვას სამუშაო სივრცეში, მასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებს. მეორე მიმართულება სწავლობს ინფორმაციული ტექნოლოგიების გავრცელების და ინტერნეტიზაციის გავლენას საზოგადოებაზე, ასევე – თავად საზოგადოების ქცევას მედიატექნოლოგიებთან მიმართებით;
  4. პროფესიონალიზაციის სფერო – გულისხმობს მედიაანდრაგოგიკისა და მედიაპედაგოგიკის საჭიროებათა შესწავლას. გასაგებად რომ ვთქვათ, ის აქცენტს სვამს ზრდასრულთა და მათი მასწავლებლების პრობლემებზე, საჭიროებების ანალიზზე, კომპეტენციის სფეროებზე, პროფესიული განვითარებისა და მომავალი სწავლის დაგეგმვის, არაფორმალური განათლების საკითხებზე და ა.შ.

მიუხედავად დიდი პოტენციალისა, მედიაწიგნიერების საკითხები ზრდასრულთა განათლებაში ჯერჯერობით ვერ იკავებს სათანადო ადგილს. აქ საუბარია არა მხოლოდ აკადემიურ განათლებაზე (პროფესიულ, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე), არამედ განათლების მიღების შემდეგ დასაქმებულთა პროფესიული განვითარების პროგრამებზე, სამუშაო სივრცეში მედიაწიგნიერების საკითხების შეტანასა და დასაქმებულთათვის სასწავლო კურსების ან ხანმოკლე სემინარების შეთავაზებაზე. სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებათა განვითარების პროცესზე დაკვირვება მოწმობს, რომ მედია- და ციფრულ წიგნიერებასთან დაკავშირებული საკითხები ბიძგს აძლევს მრავალ სოციალურ მოვლენას და მათი მართვა უკვე სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.

ზრდასრულთა განათლებაში მედიპედაგოგიკის, მედიაწიგნიერებისა და ციფრული ტექნოლოგიების დანრგვა/გამოყენებისა და მათი გავლენის შესახებ აქტიური კვლევები მიმდინარეობს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში. სტატიის მომდევნო ნაწილებში მიმოვიხილავთ რამდენიმე მათგანს გერმანულენოვანი სივრციდან, რომლებიც, დიდი ალბათობით, ჩვენს საზოგადოებაში ამ კუთხით არსებულ გამოწვევებსა და პრობლემურ საკითხებზეც შეიცავს პასუხებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი