პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

კლასგარეშე საკითხავი უმცროსკლასელთათვის

წიგნის კითხვა თავისუფალ დროს კი არ უნდა უვსებდეს პატარებს, იმიტომ რომ ამ დროს მშობლები მათთან ერთად ვერ ატარებენ, წიგნის კითხვა პირველ რიგში ფიქრს უნდა აჩვევდეს ბავშვებს, აზროვნებას უვითარებდეს – ალბათ ამ წინადადების დაწერის აუცილებლობა არ იყო, რადგან ზემოთ თქმული ისედაც ყველას კარგად მოეხსენება. უმცროსი კლასების მასწავლებლებმა ისიც კარგად იციან და ალბათ ამიტომაც არც ამის დაწერის აუცილებლობა არ უნდა არსებობდეს: კარგი იქნება, თუკი წიგნებს უმცროსკლასელებისთვის იმ პრინციპითაც შევარჩევთ, რომ ბავშვებს თანაგრძნობის უნარი გავუღვივოთ, გარშემო არსებულ პრობლემებზე დავაფიქროთ, თუნდაც ამ პრობლემას ახლა ვერ ამჩნევდნენ, კარგისა და ცუდის გარჩევა, ბუნების სიყვარული ისწავლონ. თუმცა ისიც არ არის ურიგო, ონავარი, ცელქი, უცნაური ბავშვები იყვნენ შერჩეული წიგნების პერსონაჟები. არავის უნდა, წიგნის ამგვარ პერსონაჟებს მიბაძონ ბავშვებმა, სახლიდან გაქცევა დაგეგმონ, სკოლაში წასვლა გააპროტესტონ, დაუკითხავად გაიტანონ ნივთები სახლიდან, მათი შენიშვნამისაცემი თვისებები გადმოიტანონ რეალურ ცხოვრებაში. მაგრამ, არა უშავს, მაინც კარგია, თუკი არ შეგვეშინდება და, სამაგალითო ბავშვებზე დაწერილ წიგნებთან ერთად, ასეთ წიგნებსაც მივცემთ ჩვენს პატარებს წასაკითხად. გამოგონილი პერსონაჟების ავტორებმა იცოდნენ, რაზეც წერდნენ, გააზრებული ჰქონდათ მოსალოდნელი საფრთხეები და ამიტომაც იმასაც ითვალისწინებდნენ, რომელიღაც ერთი წინადადებით მაინც მიენიშნებინათ პატარა მკითხველისთვის, რომ ყველაფერი, რასაც უცნაური პერსონაჟი აკეთებდა, კარგი არ იყო და რომ გაუგონრობა, სახლიდან გაქცევა არასწორი საქციელია, თუნდაც ამის გამო პერსონაჟი არ ისჯებოდეს. ჩემ მიერ აქ ჩამოთვლილის გარდა, ალბათ არის კიდევ სხვა რაღაცებიც, რის გამოც უნდა მივცეთ ბავშვებს სხვადასხვანაირი წიგნები წასაკითხად, ის რაღაცები ახლა, სამწუხაროდ, არ მახსენდება, მაგრამ, იმ რაღაცებს მათთვის განკუთვნილ წიგნებში ამოიკითხავენ ბავშვები და, როცა ამოიკითხავენ, დაფიქრდებიან, გააანალიზებენ და სათანადო დასკვნებსაც თავად ან ჩვენი, უფროსების, დახმარებით გამოიტანენ.

ზამთრის არდადეგები ახლოვდება. არდადეგები დასვენებასთან ასოცირდება, დასვენება კი დასვენებაა და, ჩემი აზრით, არაფრით არ შეიძლება, ასეთ დღეებში ბავშვების დატვირთვა, რადგან დატვირთვა გადაღლას გამოიწვევს, გადაღლა კი დააზიანებს მათ ჯანმრთელობას – ფიზიკურსაც და ემოციურსაც. როდესაც მშობლები მეკითხებიან, რა დავალებას მისცემთ ჩვენს შვილებს არდადეგებზე, რა გააკეთონო, გაოცებულები მიყურებენ, როცა პასუხად იღებენ: „კარგად დაისვენონ, გამოიძინონ, მონატრებულ მეგობრებთან ურთიერთობით გული იჯერონ, ისაუბრონ, მეტი დრო გაატარონ უსაქმოდ, რა თქმა უნდა, თუკი ამის საშუალებას თქვენც, მშობლები მისცემთ და დავალებებით, შინაური საქმეებით არ დატვირთავთ“. თუმცა არის ისეთი დავალებები, რომლებიც არც გადაღლას იწვევს და არც არანაირად არ უშლის ხელს დასვენებას. პირიქით, არის ისეთი დავალებები, რომელთა შესრულება სასიამოვნო და სასარგებლოა. ამ დავალებებს კარგი წიგნების კითხვა ჰქვია. რა ჯობს არდადეგებს: არც სისხამ დილით უნდა ადგე, არც დროულად უნდა დაწვე, რომ მეორე დღეს დილაუთენია ადგომა არ გაგიჭირდეს. რა ჯობს არდადეგებს, როცა შეგიძლია, დრო შენს გემოზე გაატარო, მეტი ითამაშო, ისეირნო, მეგობრებთან აქეთურზე და იქითურზე ლაპარაკით ენა დაიღალო, საინტერესო გადაცემებს და ფილმებს უყურო და, რა თქმა უნდა – მეტი წიგნი წაიკითხო! აი, ხანდახან წიგნის კითხვას უმცროსკლასელები სულაც არ მიიჩნევენ სასიამოვნო პროცესად. მათ ჰგონიათ, რომ მასწავლებლები და მშობლები არდადეგებზეც არ აძლევენ მოსვენების საშუალებას და დავალებებით ტვირთავენ. ეს არასწორი აზრი ისე გაუჯდებათ ხოლმე ძვალსა და რბილში, რომ, ბედნიერი გამონაკლისების გარდა, ცოტანი თუ იცვლიან აზრს და მერე, როცა იზრდებიან, წიგნის კითხვის პროცესით ტკბობას ვერ იღებენ. მათთვის წიგნი არც ესთეტიკური და არც ინტელექტუალური ტკბობის და სარგებლის მომტანია. იცით, რატომ? ამ თემაზე ბევრი მიფიქრია და ბოლოს ასეთ პასუხს მივაგენი: იმიტომ, რომ ბავშვებს უფროსები ადრეულ ასაკში საინტერესო წიგნებს არ სთავაზობენ წასაკითხად, არ ითვალისწინებენ მათ ინტერესებს, არ ითვალისწინებენ, ხომ არ მოძველდა წიგნი, არის ის ისევ ისეთი საინტერესო ახალი თაობისთვის, როგორიც ის ოცი, ორმოცდაათი წლის წინ ან კიდევ უფრო დიდი ხნის წინათ იყო? გასულ საუკუნეებში დაწერილი წიგნები ვერ იქნება ერთნაირად საინტერესო მაშინდელი და დღევანდელი ბავშვებისთვის. თუმცა, რა თქმა უნდა, არის ისეთი გამორჩეული წიგნები, რომელთაც დრო ვერ დააძველებს და რომელთა ადგილი ყოველთვის იქნება პატარების გულებში, რა დროც არ უნდა გავიდეს. და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ წიგნების პერსონაჟები მოძველებული ენით საუბრობენ, ტექნიკის მიღწევებს არ იცნობენ, განსხვავებული ტანისამოსი აცვიათ. კლასიკადქცეული წიგნებიც კი ისე უნდა მივაწოდოთ ბავშვებს, რომ არ შევაძულოთ. ამიტომაც მათ, ვინც წიგნებს წასაკითხად შეურჩევს უმცროსკლასელებს, მშობელი იქნება თუ მასწავლებელი, ხანდახან მეტი კრეატიულობის გამოჩენა მართებთ. მთავარი მაინც ალბათ ის არის, კითხვის პროცესი მშობლებმა და მასწავლებლებმა არ დაუკავშირონ იძულებას და მით უმეტეს – დასჯას. გაგაბრაზათ ბავშვმა? სასჯელი წიგნი არ უნდა იყოს! ბავშვის დასაქმება გინდათ? წიგნის კითხვაზე უკეთეს საქმეს რას გამოუძებნით? მაგრამ ეს ისე უნდა გაკეთდეს, ბავშვს კითხვას არ აიძულებდეთ და ბავშვს კითხვა არ შეაძულოთ. რა თქმა უნდა, ყველა ბავშვი ერთნაირი არ არის და არიან ისეთებიც, რომელთაც არც არავინ ურჩევს წიგნებს და არც არავინ აიძულებს კითხვას – თვითონ მიდიან წიგნების თაროსთან და ყოველგვარი ძადატანების, რჩევის გარეშე იღებენ წასაკითხად იმას, რაც ხელში მოხვდებათ.

პატარების, უმცროსკლასელების მასწავლებელი არასოდეს ვყოფილვარ, მხოლოდ ერთხელ, როცა უნივერსიტეტი დავამთავრე, ერთი წელი ვიმუშავე მეხუთეკლასელებთან. ამიტომ მათთან მუშაობის დიდი გამოცდილებით ვერ დავიკვეხნი და ვერ დავიჩემებ, რომ განსაკუთრებულად საყურადღებო რჩევები მაქვს მისაცემი მათი მშობლების ან მათი მასწავლებლებისთვის. თუმცა ამ საკითხში მცირე გამოცდილება მეც მაქვს, რადგან ოჯახში მეც მყოლია პატარები და მეც მიფიქრია, რა უნდა მიმეცა ამა თუ იმ ასაკში მათთვის წასაკითხად. ახლა ჩემს საიდუმლოს გაგიმხელთ იმ იმედით, რომ მას გამოიყენებთ და ის ისევე გაამართლებს, როგორც ჩემს შემთხვევაში გაამართლა.

დავიწყოთ იმით, რომ მე, განსხვავებით სხვა მშობლებისგან (ცხადია, ყველაზე არ ვსაუბრობ), არასოდეს ვენდობოდი საკუთარ მეხსიერებას, მით უფრო, სხვების მეხსიერებას და, სანამ ჩემს შვილებს წასაკითხად რაიმე წიგნს გადმოვუღებდი, ჯერ თავად ვკითხულობდი. ასე არა მარტო ვიხსენებდი, ნამდვილად კარგი იყო თუ არა წიგნი და ღირდა თუ არა მისი მიცემა ჩემი შვილებისთვის, ვცდილობდი, ამეწონ-დამეწონა, მოეწონებოდათ თუ არა ჩემი თაობის ბავშვებში პოპულარული ნაწარმოებები ჩემი შვილების თაობის ბავშვებსაც. გარდა ამისა, როცა წიგნის მაღაზიაში ახალ წიგნს შევიძენდი, იმ ახალ წიგნსაც ჯერ თავად გავეცნობოდი და მხოლოდ ამის შემდეგ ვაძლევდი ჩემს შვილებს წასაკითხად. მოკლედ, სანამ ჩემს შვილებს მივცემდი წიგნს, ათას რამეს ვითვალისწინებდი: ავტორისა და პერსონაჟების ენას, სტილს, თავად პერსონაჟებს, სიუჟეტს… დამიჯერეთ, ცოტაა ისეთი ბავშვი, რომელიც გვერდით არ გადადებს (უფრო სწორად, არ მოისვრის) ისეთ წიგნს, რომელიც მისთვის გასაგები ენით არაა დაწერილი, რომელშიც მისი გარემოსთვის შეუსაბამო პერსონაჟები  შეუსაბამო ენით მეტყველებენ და შეუსაბამოდ იქცევიან. მინდა გითხრათ, რომ ჩემს მიგნებას საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდა: არ მახსენდება, ამ გზით ჩემ მიერ შერჩეული წიგნები ოდესმე დაეწუნებინოთ ჩემს შვილებს. ის კი არა, მათი მეგობრების მშობლებიც და ჩემი ნაცნობ-მეგობრებიც ჩემს იმედად იყვნენ. ასე შევაყვარე ჩემს შვილებს კითხვა და ჩემი ახლობლებიც მადლობას მიხდიდნენ, ეს რა საინტერესო წიგნი გვირჩიე, როგორ მოეწონათ ჩვენს შვილებს, კიდევ ხომ არა გაქვს რაიმე საყურადღებო ჩვენთვისო.

ერთი წიგნი, რომელსაც ახლობლებს თავიანთი ბავშვებისთვის ვურჩევდი და ახლა თქვენც გირჩევთ, რომ წასაკითხად მისცეთ უმცროსკლასელებს, თეა ლომიძის „ერთი პატარა სასწაულია“. ხომ იცით, პატარებს, ძალიან უყვართ წიგნები სასწაულებზე, მით უფრო, როცა ეს სასწაული მძიმე, სასიკვდილო სენით შეპყრობილი ბიჭის განკურნებას შეეხება. მოთხრობის პერსონაჟ ბიჭს თერმომეტრი გაუტყდება და აღმოაჩენს, რომ ვერცხლისწყლით თამაში – მათი პაწაწკინტელა ბურთულებად დაშლა და მერე ერთ დიდ ბურთულად შეერთება – არაჩვეულებრივი გასართობია. არაჩვეულებრივი, რომ არა ვერცხლისწყლის თვისება, იყოს ჯანმრთელობისთვისა და სიცოცხლისთვის სახიფათო. მოთხრობის სიუჟეტის განვითარებისთვის საჭირო ამბავი პატარა მკითხველისთვის გაფრთხილებაცაა. ეს გაფრთხილება ხშირად ავიწყდებათ მშობლებს, თუმცა არ უნდა ავიწყდებოდეთ ქიმიის მასწავლებლებს: ზოგიერთი ქიმიური ელემენტები იმდენად საშიშია ჯანმრთელობისთვის, რომ მათთან თამაში არაფრით არ შეიძლება. მოთხრობის პერსონაჟი ბიჭი ავად გახდება და მას ვერანაირი წამალი ვერ შველის. ამ ამბის პარალელურად პერსონაჟი გოგონას ოჯახსაც ვეცნობით (გოგონა მთხრობელი/ნარატორია, მაგრამ არაფერი აუცილებელი არაა, ეს ლიტერატურული ტერმინი ვასწავლოთ ადრეულ ასაკში პატარა მკითხველს, თუმცა, არც არაფერი დაშავდება, თუკი ნაწარმოების განხილვისას, უმცროსკლასელების სმენას შევაჩვევთ მომავალში საჭირო ლიტერატურული კომენტარისთვის სავალდებულო ტერმინებს. როცა ამ ტერმინების შესწავლის დრო დადგება, მათთვის ადვილად გასაგები იქნება, რა იგულისხმება მთხრობელში ანუ ნარატორში). გოგონა იყიდის მცენარეს, რომელიც მერე და მერე ნერვებს უშლის ოჯახის წევრებს, რადგან ქოთანში ამოსულ მცენარეს არც სილამაზე, არც განსაკუთრებული სურნელი, არც არანაირი მიმზიდველობა არა აქვს და მას თვალთაგან შორს, სამზარეულოს კარადებს შორის ბნელ კუთხეში მოათავსებენ. ამ ეპიზოდის წაკითხვის შემდეგ ვერც ვხვდებით, როგორ გადაიქცევა ეს თითქოს არაფრისმომცემი ჩანართი მთავარ ეპიზოდად. როგორ და რანაირად, თავად ნახავთ, როცა მოთხრობას წაიკითხავთ. მე კი იმას დავძენ, რომ ყველასგან მივიწყებული მცენარის დახმარებით განიკურნება ბიჭი და მოთხრობა ისე დამთავრდება, რომ მკითხველი ვერ იკავებს ყელში მობჯენილ ცრემლებს. საბედნიეროდ, ეს ცრემლები კეთილი დასასრულის ცრემლებია. მიხვდით ალბათ, რომ ამ ნაწარმოებს რეკომენდაციას რამდენიმე მიზეზის გამო ვუწევ. ჯერ ერთი, კეთილი ამბავია, მეორეც სასარგებლო გაფრთხილებას შეიცავს. თუმცა ამ ნაწარმოებს რეკომენდაციას სხვა მიზეზის გამოც ვუწევ. ეს ნაწარმოები კარგი შესავალია იმ გზაზე, რომლის გავლაც მომავალში მოუწევთ უმცროსკლასელებს, ანუ ამ ტექსტით შეგვიძლია დავიწყოთ ლიტერატურული კომენტარის სწავლება, რომელიც პატარა მკითხველებს ზედა კლასებში გამოადგებათ.

როგორც ვიცით, ლიტერატურული ტექსტები მარტო შინაარსის გამო არ უნდა გვაინტერესებდეს. შინაარსის ადეკვატური გაგება მხოლოდ პირველი ეტაპია ნაწარმოების ანალიზისას. კარგი იქნება, თუკი მოცემული სიუჟეტის ანალიზის პარალელურად ბავშვები ძირითად თემას და იდეას ამოიცნობენ და შეეცდებიან, პარალელი გამოძებნონ სხვა მანამდე შესწავლილ ტექსტებთან – ჩვენი მიზანი პატარა მკითხველისთვის სწორედ ამგვარი კავშირების დაძებნა-დანახვება უნდა იყოს. ერთი შეხედვით არ ჩანს, რომ „ერთი პატარა სასწაული“ იმავე თემაზეა დაწერილი, რა თემასაც ზღაპრები ეხებიან. მაგრამ, თუკი ბავშვებს ვთხოვთ, რომ გაიხსენონ ზღაპრები, აუცილებლად აღმოაჩენენ, რომ მხატვრულ ტექსტებსა და ზღაპრებსაც აქვთ საერთო. ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი ზღაპრებია შარლ პეროს „კონკია“ და ჰანს კრისტიან ანდერსენის „საძაგელი იხვის ჭუკი“, რომლებიც ყველა ბავშვმა იცის (წაკითხული თუ არა მულტიპლიკაციური ფილმი მაინც ყველას აქვს ნანახი). უბრალოდ, თუკი ამ ორ ზღაპარში მანამდე შეუმჩნეველი, დაუფასებელი პროტაგონისტი (კიდევ ერთი ტერმინი, რომელიც კარგი იქნება, ანტაგონისტთან ერთად, ყურში თუ გაუჯდებათ უმცროსკლასელებს) ადამიანი და ფრინველია, თეა ლომიძის წიგნში ადამიანს მცენარე ენაცვლება. სამზარეულოს კუთხეში უღიმღამო ქოთანში მიტოვებული უსუნო, უფერო მცენარე გადაიქცევა ბიჭის სიცოცხლის გადამრჩენელ წამლად, შესაბამისად, იაფფასიანი მცენარე გახდება ყველაზე საჭირო, აუცილებელი, სხვა მცენარეებისგან განსხვავებით, ძვირფასი და სასურველი მცენარე.

მხატვრული ტექსტის ამგვარი ანალიზის შედეგად ბავშვები ეჩვევიან კავშირებისა და პარალელების დაძებნას, ქვეტექსტების ამოცნობასა და სტრიქონებს შორის დაფარული აზრების ამოკითხვას და ბოლოს, ასე შემოდის პატარა მკითხველებში მხატვრული ლიტერატურა და იჭერს იმ ადგილს, რომელიც მან, ადრე თუ გვიან, აუცილებლად უნდა დაიჭიროს მათ ცხოვრებაში.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი