შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ედვარდ გრემი-მასწავლებლებისა და მშობლების ურთიერთობის შესახებ

სიუზენ ტერლოუ მოსწავლეთა მშობლებთან ურთიერთობისადმი პროაქტიური მიდგომის მომხრეა.
„წერილობითი შეტყობინებები საოცრად ნაყოფიერი საშუალებაა მშობლებთან კავშირის დასამყარებლად, – აცხადებს ტერლოუ, მაღალი კლასების მასწავლებელი, – მაშინ, როდესაც სატელეფონო შეტყობინებებს მოსწავლეთა მშობლები იშვიათად პასუხობენ ტელეფონითვე, წერილობით შეტყობინებებზე მყისიერ პასუხებს ვიღებ”.

სიუზენ ტერლოუ ამ გზით ახერხებს, მშობლები გამუდმებით ჰყავდეს საქმის კურსში, სანამ მათ შვილებთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა წარმოიშობა. ეს საკმაოდ ოპერატიული, ადვილი და შედეგიანი გზაა, გქონდეს მუდმივი კონტაქტი მოსწავლეთა მშობლებთან, რაც, საბოლოო ჯამში, სასწაულებს ახდენს როგორც მასწავლებლისა და მშობლის, ისე მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობაში.

„გარდა ამისა, ამან მშობლებთან პირისპირ შეხვედრისა და უშუალო დისკუსიის შესაძლებლობა მომცა, რამაც, თავის მხრივ, უფრო მეტად გაზარდა ნდობა ჩვენ შორის”.

კომუნიკაცია და ნდობა კი უმნიშვნელოვანესია მოსწავლის წარმატების გზაზე, თუმცა მშობლებთან ჯეროვანი კომუნიკაცია ჯერ კიდევ სერიოზული გამოწვევაა ბევრი პედაგოგისთვის. საბედნიეროდ, საზრიანი და გონიერი მასწავლებლები ყოველთვის პოულობენ გზას მშობლებთან ამა თუ იმ ფორმით ურთიერთობის დასამყარებლად. 
პოზიტიურზე ფოკუსირება

მაღალი კლასების მეორე მასწავლებელი, მაქსინ ტეილორი, აღნიშნავს, რომ მშობლებთან წარმატებული ურთიერთობის საუკეთესო გზაა მათთან მანამდე დაკავშირება, სანამ მათი შვილის სასკოლო ცხოვრებაში პრობლემა წარმოიშობა.

„მე ვურეკავ ან წერილს ვწერ მშობელს, როცა მისი შვილი წარმატებით გაართმევს თავს რომელიმე დავალებას”, – ამბობს ტეილორი.

ეს სულ რამდენიმე წუთს მოითხოვს, მაგრამ საკმაოდ ეფექტიანია მასწავლებლისა და მშობლის ურთიერთობის კუთხით. შვილის წარმატებაზე ფოკუსირებით მასწავლებლისა და მშობლის ურთიერთობა პოზიტიურ შეტყობინებასთან ასოცირდება. ამგვარი მიდგომა ხელს უწყობს მშობლის ფსიქოლოგიური ბარიერის (მაგ., მხოლოდ საყვედურების მოსმენა შვილის შესახებ) მოხსნას.

„ეს ეხმარება მშობელს, არ იგრძნოს გაუცხოება და არ ჩადგეს თავდაცვით პოზაში, როდესაც მას ამა თუ იმ პრობლემის თაობაზე ვუკავშირდებით”.

ჯენა ბოუერი, საშუალო კლასების მასწავლებელი, რომელიც ჯერ მხოლოდ ერთი წელია ასწავლის სკოლაში, მშობლებთან ურთიერთობისას ნეგატიურზე საუბრის დროს აუცილებლად უსვამს ხაზს პოზიტიურსაც მათი შვილების მოსწრებაში ან ყოფა-ქცევაში.

„მოსწავლის საშინაო დავალებების საქაღალდეში ყოველკვირეულად ვათავსებ წერილს, რომელიც იწყება შეტყობინებით „თქვენი შვილის წარმატების შესახებ”. მომდევნო სექცია კი ასეა დასათაურებული: „ამ საკითხებზე ჯერ კიდევ ვმუშაობთ”. წარმატების ხაზგასმით ბოუერი მოსწავლეებს უღვივებს სურვილს, ხალისით გაუზიარონ მშობლებს თავიანთი სასკოლო გამოცდილება. „შედეგად მშობლებისგან ხშირად სამადლობელ წერილებსაც ვიღებ იმავე საქაღალდეების მეშვეობით. კვირაში 30 ასეთი შეტყობინების დაწერა მიწევს და ამას მხოლოდ 20 წუთი მიაქვს”, – ამბობს ბოუერი.
სასკოლო გამოცდილების გაზიარება

– როგორ იყო დღეს საქმე სკოლაში?
– კარგად.

ხშირად სწორედ ამ სიტყვებით შემოიფარგლება ბავშვისა და მშობლის კითხვა-მიგება სასკოლო ცხოვრების შესახებ. ასე რომ, საბოლოო ჯამში, მშობელი მოხარული რჩება, როდესაც მასწავლებლისგან იღებს სათანადო ინფორმაციას აღნიშნულ თემაზე.

„იმისთვის, რომ მშობლები სასკოლო ცხოვრების საქმის კურსში იყვნენ, მოსწავლეებს სასკოლო გაზეთს ვაკეთებინებთ, – ამბობს მაღალი კლასების მასწავლებელი ჰითერ ჰანოვერი, – გაზეთი აშუქებს აკადემიურ, კულტურულ, სპორტულ და სხვა სახის ღონისძიებებს”.

მოსწავლეები თავად ამზადებენ სტატიებს ამ გაზეთისთვის. ასე რომ, ჰანოვერს ბევრი დრო არ ეკარგება. მისი თქმით, ეს საკმაოდ წარმატებული გზაა, რადგან მოსწავლეთა ნიჭის გამოვლენა-განვითარებას უწყობს ხელს და იმავდროულად მშობლებიც მუდმივად იღებენ ინფორმაციას შვილების სასკოლო ცხოვრების შესახებ.

„ყოველი გამოცემა შეიცავს ჩემს საკონტაქტო ინფორმაციას, რომელიც მოსდევს სკოლაში მიმდინარე ამა თუ იმ ღონისძიების აღწერას. ეს საკმაოდ სახალისო და საინტერესო მეთოდია ერთსა და იმავე დროს მშობლებთან კომუნიკაციისა და მოსწავლეთა ნაწერების გამოქვეყნებისა”.

საბავშვო ბაღის მასწავლებელი მართა რიჩარდსონი იყენებს ერთჯერად კამერებს (დიახ, ისინი ჯერ კიდევ არსებობს) მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილების მშობლებისთვის გასაზიარებლად.

„მე ამ კამერით ვიღებ განსაკუთრებულ მომენტებს, რომლებიც სასწავლო წლის განმავლობაში ხდება და რომლებიც შეიძლება მშობლებისთვის საინტერესო იყოს”, – ამბობს რიჩარდსონი.

საერთო საფუძვლის გამონახვა

თუ სურვილს გამოამჟღავნებ, აქტიური ურთიერთობა გქონდეს მშობლებთან მათი შვილების მოსწრების გამო, მშობლებიც, თავის მხრივ, სიამოვნებით დათანხმდებიან აქტიურ თანამშრომლობაზე. აჩვენეთ მათ საკუთარი ინტერესი და ისინიც იმავეთი გიპასუხებენ.

მელანი აუმანი, საშუალო კლასების ხელოვნების მასწავლებელი, ყოველი წლის დასაწყისში მართავს გაცნობით შეხვედრას მოსწავლეთა მშობლებთან.

„სასწავლო წლის პირველ კვირას კონვერტით ვუგზავნი მათ ჩემ მიერ შედგენილ ანკეტას, რომლის მეშვეობითაც შვილები უნდა დაახასიათონ, – ამბობს აუმანი, – მათ აქვთ შანსი მაუწყონ, რისი მიღწევა სურთ მათ შვილებს ჩემი გაკვეთილების მეშვეობით, რასაკვირველია, მოსწავლის შესაძლებლობებისა და ინტერესების მიხედვით”.
როდესაც მშობლებს სასწავლო პროცესში მათი შვილების წარმატებით მონაწილეობის შესახებ უყვები ანუ თანასწორ პარტნიორად განიხილავ, მას უფრო მეტი მოტივაცია უჩნდება, შენთან მთელი აკადემიური წლის განმავლობაში რაც შეიძლება მჭიდრო კავშირი ჰქონდეს.

„მშობლებს უყვართ თავიანთ შვილებზე საუბარი და ეს ძალიან კარგი საფუძველია მათთან სამომავლო კომუნიკაციისთვის”.

მრავალი პედაგოგი სასარგებლოდ მიიჩნევს მოსწავლეთა მონაწილეობას მშობელთა კრებებში.
ქაველ უილსონი, საშუალო კლასების გეოგრაფიის მასწავლებელი: „შეკრების დროს მე პირდაპირ მოსწავლეებს ვუსვამ შეკითხვებს, რათა თავად მოჰყვნენ მშობლების წინაშე, რას და როგორ აკეთებენ სასწავლო პროცესის განმავლობაში. ხშირად ასეთი მიდგომა ძალზე პროდუქტიულია”.
გაითვალისწინეთ მშობლის მდგომარეობა

თუ ყოველივე ამან შედეგი არ გამოიღო, ზოგჯერ საუკეთესო გამოსავალია მოსწავლის სახლში მისვლა. შესაძლოა, ზოგიერთ მშობელს დიდად არ სურდეს ეს, მაგრამ თუ გამოვიდა, მასწავლებელს უფრო მეტი ეცოდინება მოსწავლისა და მისი ოჯახური გარემოს შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„სახლში ვიზიტები საუკეთესო გამოსავალია, – აცხადებს მაღალი კლასების მასწავლებელი ქეით დოუდი, – ეს ოჯახები ისე მუყაითად შრომობენ, აღფრთოვანებას ვერ ვმალავ და ვხვდები, რატომ ვერ ახერხებენ ზოგჯერ მშობლები შვილების სასკოლო ცხოვრებაში აქტიურ ჩარევას”.

ასე რომ, როდესაც მასწავლებლებს მშობლებთან ინტერაქცია უწევთ, აუცილებლად უნდა დაფიქრდნენ იმის შესახებ, როგორ მასწავლებელს ისურვებდნენ მათ ადგილას. „თითოეულ ბავშვზე ისე უნდა იფიქრო, როგორც საკუთარ შვილზე, – მიუთითებს მასწავლებელი ტანია უილსონ-სმითი, – ყველა მშობელს უყვარს შვილი, მაგრამ ყველამ როდი იცის, როგორი უნდა იყოს მშობელი, ამიტომ მასწავლებლის მოვალეობაა, მშობელსაც დაეხმაროს ამ საქმეში”.

ინგლისურიდან თარგმნა დავით თინიკაშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი