შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

პერფექციონიზმი ბავშვებში

ძნელია მოიძებნოს პედაგოგი, რომელსაც არ ჰყოლია მოსწავლე საკუთარი თავის მიმართ გადაჭარბებული მოთხოვნებით. მიღწეულით მუდმივი უკმაყოფილება, იდეალურობისკენ მუდმივი სწრაფვა ასეთი ბავშვების დამახასიათებელი თვისებებია. ერთი შეხედვით, რა არის ცუდი იმაში, რომ ბავშვი საკუთარი თავის სრულყოფაზე ზრუნავს, ცდილობს, დავალებები უნაკლოდ შეასრულოს? არაფერი, მაგრამ, როცა ეს სწრაფვა ავადმყოფურ ხასიათს იღებს და აკვიატებად იქცევა, ის სახიფათო ხდება ბავშვის ფსიქიკისთვის.

პერფექციონისტი ბავშვი ძალიან მაღალ სტანდარტებს უწესებს საკუთარ თავს და ზედმეტად თვითკრიტიკული ხდება, თუ დასახულ მიზნებს ვერ მიაღწია. ასეთმა მაქსიმალიზმმა შეიძლება მიგვიყვანოს სიახლის შიშთან, შფოთვასთან, დეპრესიასთან, დაბალ თვითშეფასებასთან, შეცდომაზე გადაჭარბებულ რეაქციასთან. ასაკის მატებასთან ერთად ბავშვისთვის უფრო და უფრო ძნელი ხდება მარცხთან შეგუება. რასაც არ უნდა მიაღწიოს, არაფერი აკმაყოფილებს. „თვითსრულყოფისადმი“ ამგვარი სწრაფვა იმითაა საშიში, რომ მიზნების მიუღწევლობის და წარუმატებლობის შიშმა ბავშვს შესაძლოა გაუქროს სწავლის, აღმოჩენების სურვილი.

ასეთ ბავშვებს რომ დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ მათ ფსიქიკურ განვითარებას, საჭიროა ვიცოდეთ ძირითადი ნიშნები, რომლებიც პერფექციონისტს თანატოლებისგან გამოარჩევს:

  • აქვს შეცდომის პანიკური შიში;
  • შეცდომა მისთვის საკუთარი სისუსტის ნიშანია;
  • კრიტიკის მიმართ მგრძნობიარეა, უჭირს მისი მიღება;
  • მეტისმეტად დიდ მოთხოვნებს უყენებს საკუთარ თავს; გაურბის სიახლეს იმის შიშით, რომ მარცხი არ განიცადოს;
  • აქცენტს სვამს შეცდომებზე და არა კარგად შესრულებულ სამუშაოზე;
  • ისახავს არარეალურ ან ძნელად მისაღწევ მიზნებს და მათი მიუღწევლობის შემთხვევაში იპყრობს დანაშაულის განცდა;
  • ორიენტირებულია მიზანზე, შედეგზე და არა პროცესზე, ამიტომ უჭირს სწავლით სიამოვნების მიღება, მაშინაც კი, როცა პროცესი მისთვის საინტერესო თემის განხილვას და შესწავლას ეთმობა;
  • სასოწარკვეთილება მოიცავს, თუ მისი ნამუშევარი ან პასუხი მაქსიმალური ქულით არ შეაფასეს;
  • თვითკრიტიკულია, მორცხვი, მორიდებული;
  • უჭირს გადაწყვეტილების მიღება და პრიორიტეტების გამოყოფა ამოცანის შესრულების დროს;
  • ხშირად საქმე ბოლომდე არ მიჰყავს, ადვილად შეუძლია ყველაფრის შუა გზაზე მიტოვება, თუ პროცესი ისე არ წარიმართა, როგორც მას სურდა;
  • უყვარს უკვე შესრულებული დავალების დაუსრულებლად გადაკეთება იმ იმედით, უკეთესი და უკეთესი გამოვა;
  • ნელია, სამუშაოს საათობით ასრულებს, რის გამოც ვერასოდეს ასწრებს დავალების დროულად ჩაბარებას;
  • ახასიათებს დაბალი თვითშეფასება, საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობა, შემართების უქონლობა.

 

პერფექციონიზმის მიზეზები

  • პერფექციონიზმის, ისევე როგორც ბავშვთან დაკავშირებული ბევრი სხვა პრობლემის სათავე ოჯახში უნდა ვეძებოთ. პერფექციონისტებად არ იბადებიან, მისი მიზეზი ხშირად იმ მშობლების ქცევაა, რომლებსაც საკუთარი თავის რეალიზება ბავშვების საშუალებით სურთ. ასეთი მშობელი, როგორც წესი, დიდ მოთხოვნებს უყენებს შვილს, აიძულებს, საუკეთესო, უნაკლო, იდეალური იყოს. როცა პატარა ამას ვერ ახერხებს, მშობელი შენიშვნებითა და საყვედურებით ავსებს. ბავშვი გრძნობს, რომ რაც უფრო იდეალური, უნაკლო და სრულყოფილი იქნება, მით უფრო მეტად ეყვარება დედას/მამას და ძალასა და ენერგიას არ ზოგავს, რომ მისგან საქებარი სიტყვები დაიმსახუროს. სრულყოფილებისკენ ასეთი დაუოკებელი სწრაფვა კი ხშირად მას პერფექციონისტად აყალიბებს.
  • თუ ბავშვს ცუდად შესრულებული დავალებების გამო ეჩხუბებიან, კარგად შესრულებულზე კი რეაქცია არ აქვთ, შესაძლოა, ბავშვს პერფექციონისტული მისწრაფებები გაუჩნდეს საქებარი სიტყვების მოსმენისა და მაღალი შეფასების მიღების სურვილის გამო.
  • ხშირად ბავშვის ტემპერამენტიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის პერფექციონისტად ჩამოყალიბებაში. ძალიან მგრძნობიარე ბავშვები, დიდი ალბათობით, შეიძლება პერფექციონისტები გახდნენ.

 

როგორ დავეხმაროთ ბავშვს პერფექციონიზმით გამოწვეული სირთულეების დაძლევაში

  • უპირველეს ყოვლისა, შევიცვალოთ ჩვენ თვითონ, შევიცვალოთ აღზრდის ტაქტიკა. ვარძნობინოთ, რომ გვიყვარს, განურჩევლად იმისა, 10 ქულით დაბრუნდა სკოლიდან, თუ 7-ით.
  • ბავშვი უნდა გვენდობოდეს და სასჯელისა არ ეშინოდეს. ვიყოთ გულწრფელი მასთან. კარგი იქნება, თუ მას ეცოდინება, რომ შეუძლია, თამამად მოგვიყვეს თავის პრობლემებზე – ამისათვის ის არ დაისჯება.
  • მოვერიდოთ ბავშვის შედარებას მის თანატოლებთან – ეს დაამძიმებს პრობლემას.
  • დავეხმაროთ ბავშვს, ორიენტირებული იყოს პროცესზე და არა შედეგზე. სწავლის პროცესი ისეთივე მიმზიდველი უნდა იყოს მისთვის, როგორც მიზნის მიღწევა, ქება ან მაღალი შეფასება.
  • დავარწმუნოთ ბავშვი, რომ ნიშნებზე მნიშვნელოვანი ცოდნის მიღებაა. თუ ათიანით დაბრუნდა სახლში, ჯობს, ასე შევაქოთ: „ძალიან კარგად გიმუშავია. ალბათ ბევრი ახალი რამ გაიგე“, – და არა ასე: „ყოჩაღ, კიდევ ერთი ათიანი მიგიღია“.
  • ჩამოვუყალიბოთ ბავშვს შეცდომების მიმართ სწორი დამოკიდებულება, მივცეთ შეცდომის დაშვების უფლება, ნუ ვაქცევთ წარუმატებლობას ტრაგედიად. დავეხმაროთ, ისწავლოს შეცდომებზე. ავუხსნათ, რომ შეცდომების გააზრებით შეიძლება გამოცდილების მიღება. რომ ყოველი შეცდომა რაღაც ახალს გვასწავლის, გვაძლევს შანსს, შემდგომში საქმე უკეთესად გავაკეთოთ.
  • მივცეთ ბავშვს დავალებები, რომელთა შესრულებისას ის საკუთარი ნიჭის, უნარების, შესაძლებლობების რეალიზებას მოახდენს და საკუთარი თავის რწმენა გაუძლიერდება.
  • ნუ დავიშურებთ საქებარ სიტყვებს. ყურადღება გავამახვილოთ ბავშვის ძლიერ მხარეებზე, მის მიღწევებზე და წარმატების ხელშემწყობ უნარებზე.
  • ფრთხილად გავაკრიტიკოთ. ნუ გვექნება შეცდომებზე რეაგირება ყვირილით და საყვედურებით. აჯობებს, ბავშვთან ერთად განვიხილოთ სიტუაციის გამოსწორების გზები.
  • შევამციროთ სასწავლო დატვირთვა, გამოვუთავისუფლოთ ბავშვს დრო საინტერესო საქმიანობისთვის, დასვენებისა და თამაშისთვის. თუ შევამჩნიეთ, რომ დავალებების შესრულების დროს ბავშვი ნერვიულობს და შფოთავს, დაველაპარაკოთ მის მოლოდინებზე, გავათავისუფლოთ მიუღწეველი, არარეალური მიზნებისგან. გავაგებინოთ, რომ ყოველ ადამიანს აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები.
  • წავახალისოთ თანატოლებთან მისი ურთიერთობა. ასე ბავშვი გახდება მომთმენი გარშემო მყოფების მიმართ, შეიძენს ახალ მეგობრებს და მიხვდება, რომ აუცილებელი არ არის, ყოველთვის ყველაზე უკეთესი, იდეალური, უნაკლო, სრულყოფილების განსახიერება იყოს.
  • ვასწავლოთ ბავშვს პრიორიტეტების დალაგება. როდესაც მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი ამოცანების ერთმანეთისაგან გამიჯვნას ისწავლის, ბევრად უფრო წარმატებული გახდება.

 

პერფექციონიზმის და მასთან დაკავშირებული პრობლემების გადალახვა რთულია, მაგრამ შესაძლებელი. მთავარი მოთმინებაა. ვესაუბროთ ბავშვს, მოვუყვეთ საკუთარი შეცდომების შესახებ, იმის შესახებ, როგორ გავართვით თავი წარუმატებლობას. ვიხელმძღვანელოთ ზემოაღნიშნული რეკომენდაციებით და ვაჩუქოთ პატარას ბედნიერი ბავშვობა, რაც, თავის მხრივ, მისი მომავალი წარმატებების წინაპირობა გახდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი