პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

დემაგოგია

დღეს ინფორმაცია სტიქიური ნაკადივით იღვრება, ყველგანაა და ყოველთვის.  ამ სტიქიასთან გამკლავება არც თუ ადვილი ამოცანაა. ბუნებრივი სტიქიის მსგავსად, მასაც დამანგრეველი ძალა აქვს, სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფორმაციის დამუშავების, კრიტიკული აზროვნების, მედიაწიგნიერების უნარებზე ყოველდღიური მუშაობა.

ერთ-ერთი „დესტრუქციული იარაღი“ საინფორმაციო არსენალიდან დემაგოგიაა.

რა არის დემაგოგია? სად, როდის და როგორ შეიძლება გავხდეთ დემაგოგიის „მსხვერპლი“? რა შეიძლება შევუპირისპიროთ დემაგოგიას? როგორ ავირიდოთ დემაგოგიის „მავნე ზემოქმედება“ ?

სკოლაში ამ კითხვებზე პასუხების მოსაძიებლად და პრობლემაზე სამუშაოდ დროის გამონახვა ყოველდღიურადაა სასურველი.

რა არის დემაგოგია?

დემაგოგია ბერძნული სიტყვაა. თავდაპირველად ნეგატიური მნიშვნელობა არ ჰქონდა, აღნიშნავდა ხალხის წინამძღოლობას, წარმართვას. ანტიკურ საბერძნეთში დემაგოგს უწოდებდნენ გამორჩეული ორატორული უნარების მქონე პოლიტიკოსს ან მოაზროვნეს, რომელსაც მარტივად შეეძლო ხალხზე სათანადო ზემოქმედება. თანამედროვე განმარტების თანახმად, დემაგოგია ცრუ დაპირებით, ფარისევლობით, ფაქტების განზრახ დამახინჯებით ზეგავლენის მოხდენას გულისხმობს.

შესაძლოა, ადამიანს მცდარი შეხედულებები ჰქონდეს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ამ მცდარ შეხედულებებს ღიად გამოხატავდეს, ცდილობდეს სხვების დარწმუნებას ან გადარწმუნებას, მაგრამ თუ ის განზრახ, გაცნობიერებულად ამახინჯებს ფაქტებს, იშველიებს ცრუ არგუმენტებს, ცრუ დაპირებებით ცდილობს მსმენელებს თავს მოახვიოს საკუთარი მოსაზრებები, ის დემაგოგია.

სოციალურ ქსელებში, ონლაინ, ბეჭდურ თუ ტელემედიაში ხშირად ვაწყდებით ხოლმე დისკუსიას სხვადასხვა საკითხზე. დისკუსიებს, დებატებსა და დისპუტებს გაკვეთილებზეც ვაწყობთ. ზედაპირული დაკვირვებაც საკმარისია იმის სათქმელად, რომ კამათის კულტურა ჩვენს საზოგადოებაში დასახვეწია.

ბლოგში იმ რამდენიმე გავრცელებულ მეთოდზე მინდა ყურადღების შეჩერება, რასაც ყველაზე აქტიურად იყენებენ ხოლმე დემაგოგები.

კითხვა კითხვის წილ

მარტივი ფსიქოლოგიური ხრიკი, რასაც დემაგოგები ხშირად მიმართავენ, დასმულ კითხვაზე კითხვისვე შეგებებაა. კითხვა ერთგვარი „შეტევითი აქტია“. ვინც კითხვას სვამს, ის უტევს კიდეც. დემაგოგისთვის მნიშვნელოვანი ტაქტიკური პოზიციაა გავლენის მოპოვება, ამიტომ დასმულ კითხვაზე არგუმენტირებული პასუხის გაცემის ნაცვლად ის კითხვას „აიფარებს“. ასეთ შემთხვევაში ოპონენტს არ უნდა მივცეთ იმის საშუალება, თავი დაიძვრინოს. გაიმეორეთ თქვენი შეკითხვა და მოითხოვეთ კონკრეტული პასუხი.

რელატივიზმი

ობიექტური ჭეშმარიტების უარყოფა, ზოგადად, დემაგოგიის საფუძველია. ოპონირებისას „კუთხეში მიმწყვდეული“ დემაგოგის ტაქტიკა სწორედ ამას ეფუძნება. ფრაზები „აბსოლუტური ჭეშმარიტება არ არსებობს“, „ ყველა თავისებურად მართალია“, „ყველაფერი ფარდობითია“ – მარტივი გამოსავალია და გამოიყენება ოპონენტის დასაშოშმინებლად. ამ შემთხვევაში კამათის საგანთან დაბრუნება, თეზისის ნათლად, მკაფიოდ გამეორება და კონკრეტული არგუმენტების მოთხოვნაა გამოსავალი.

„ინვერსიული პრეზუმფცია“

უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც ცნობილია, გულისხმობს, რომ ადამიანი უდანაშაულოდ მიიჩნევა მანამ, სანამ მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ამასთან, არავინაა ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. საკუთარი პოზიციის გასამართლებელი არგუმენტების წარმოჩენის ნაცვლად დემაგოგი ხშირად მიმართავს პრეზუმფციის ამ ზოგად თეზას და ითხოვს ოპონენტისგან საწინააღმდეგოს დამტკიცებას. „დამიმტკიცეთ საწინააღდეგო“, „მოიყვანეთ საწინააღმდეგო არგუმენტები“ . ამ შემთხვევაში საჭიროა სიტუაციის სიტყვიერი ანალიზი, დემაგოგისთვის „კარტების გაშლა“ და მითითება, რომ ის „გაშიფრულია“.

ყურადღების კონცენტრირება შეცდომებსა და უზუსტობებზე

გამოცდილი დემაგოგი ყურადღებით უსმენს ოპონენტს, ინიშნავს ყველა უზუსტობას, შეცდომას ( მათ შორის, გრამატიკულს, წარმოთქმის დროს დაშვებულს, უმცირესსაც კი), შემდეგ კი „მიჯრით მიაყრის“ ამ უზუსტობებს მსმენელს და ყურადღებას ამახვილებს მათზე, საბოლოოდ, ყველაფერი იქითკენ მიჰყავს, რომ ადამიანს, რომელიც ასეთ შედომას უშვებს, ჭკუა არ მოეკითხება, მისი მოსაზრებები და პოზიცია კი სწორი ვერ იქნება. ზოგიერთი კიდევ უფრო შორსაც მიდის და ოპონენტის ცხოვრებისეულ შეცდომებს, ბიოგრაფიულ მონაცემებს იყენებს კონკრეტულ საკითხზე მსჯელობისას. ამრიგად, ყურადღების კონცენტრირება ხდება არა სამსჯელო საკითხზე, არამედ არაარსებით დეტალებზე. უნდა ვიცოდეთ, რომ მონაცემები, რომელიც სამსჯელო საკითხს, თეზისს არ ეხება, არგუმენტებად არ გამოდგება და ეს წმინდა წყლის დემაგოგიაა.

წყაროები და კვლევები

საერთაშორისო, მასშტაბური, უცხოური, მსოფლიო მკვლევრების და ბრიტანელი/კანადელი/ამერიკელი მეცნიერების კვლევებზე დაყრდნობა დემაგოგების „საყვარელი“ ხრიკია. აქვეა მოძველებული, სტერეოტიპული, სულაც, მოგონილი და არარეალური გამოკითხვების შედეგებიც. ზოგი უფრო შორსაც მიდის – გასაიდუმლოებული, „გრიფით საიდუმლო“, კონფიდენციალური წყაროები – ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში სახელდება, როდესაც შეუძლებელია ზუსტი ფაქტების დამოწმება. მოითხოვეთ ზუსტი წყაროები, ფაქტები, რიცხვები, სტატისტიკური მონაცემები.

 

დილემა და ალტერნატივა, როგორც ულტიმატუმი

საკმაოდ გავრცელებულია ასევე უამრავი შესაძლო ვარიანტიდან მხოლოდ იმ ორის წარმოჩენა, რომელიც მთქმელს მიზნის მისაღწევად სჭირდება. ეს ცრუ ალტერნტივა, ცრუ დილემა საკმაოდ ნათელ ( უფრო სწორად კი, ბნელ) სურათს ქმნის და ოპონენტს უხშობს სხვა ვარიანტებს, სამსჯელო საკითხი იმდენად და იმ სახით ვიწროვდება, როგორც დემაგოგს „აწყობს“. მაგალითად, პიროვნული თავისუფლების საკითხზე მსჯელობისას დემაგოგიურად ჟღერს ფრაზა „ რა უფრო მნიშვნელოვანია, თავისუფლება თუ უსაფრთხოება? სახელმწიფო ზრუნავს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, ამიტომ პიროვნული თავისუფლების გამოხატვა უნდა იზღუდებოდეს. დემოკრატია კარგია, სტაბილურობა კი აუცილებელი“. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია იმაზე მითითება, რომ ეს ორი რამ ერთმანეთის ალტერნატივად არ უნდა განიხილებოდეს და მსჯელობის საგანი დილემის გადაჭრა არ არის.

 

ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია. კრიტიკული აზროვნება კი ერთ-ერთი ის იარაღია, რაც თანამედროვე ადამიანისთვის შეუცვლელი მნიშვნელობისაა. დემაგოგის არსენალში არსებული ზემოთჩამოთვლილი სტრატეგიების დამუშავება საგაკვეთილო პროცესში საშუალებას მისცემს მოსწავლეს, ადვილად ამოიცნოს დემაგოგიური მსჯელობა და შეუპირისპიროს მას არგუმენტირებული მსჯელობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი