პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ერიკ ერიქსონი – პიროვნების ფსიქოსოციალური განვითარება

ცნობილი ფსიქოლოგის ერიკ ერიქსონის უდიდესი დამსახურებაა, რომ მან გააფართოვა განვითარების ცნება და, ფროიდის მსგავსად, არ შემოისაზღვრა  მხოლოდ ბავშვის განვითარებით. განვითარება მისთვის მთელი სიცოცხლე გრძელდება და 8 სტადიას გაივლის. პირველი ხუთი სტადია ბავშვობაში მიმდინარეობს, დანარჩენი სამი კი – ზრდასრულ ასაკში. თითოეულ სტადიაზე ხდება მოგვარება კონფლიქტისა, რომელიც გარემოს მიმართ სოციალური ადაპტაციის პროცესში იჩენს თავს. ეს სტადიები დამახასიათებელია ყველა ადამიანისთვის, ანუ უნივერსალურია. განვითარების პროცესი რეგულირდება ეპიგენეტიკური პრინციპით, რომელიც გულისხმობს შემდეგს: 

1. პიროვნება ვითარდება საფეხურებრივად, სვლა ხდება ზრდის მიმართულებით, უფრო მეტად ცნობიერდება და თანდათან ფართოვდება სოციალური ურთიერთობის თვალსაწიერი;

2. ადამიანის სოციალურ განვითარებას მხარს უჭერს და ხელს უწყობს საზოგადოება.

წიგნში „ბავშვობა და საზოგადოება” ერიქსონმა აღნიშნული სტადიები განიხილა როგორც „პიროვნების გეგმა”, რომელიც თანდაყოლილია და რომელშიც ყოველი სტადია განსაზღვრულ დროს – ე.წ.  კრიტიკულ პერიოდში – დგება. პიროვნების სრულყოფილი ფუნქციობა იმას გულისხმობს, რომ ის თანმიმდევრობით გაივლის ამ სტადიებს. ყველა სტადიას ერთვის კრიზისი, რომელიც არ არის კატასტროფა – ეს არის შემობრუნების მომენტი, რომელიც შეიძლება წარმოჩნდეს როგორც განვითარების ხელშემწყობ ძალად, ისე არასაკმარისი ადაპტაციის საფუძვლადაც. ყველა კრიზისი შეიცავს როგორც დადებით, ისე უარყოფით კომპონენტებს. თუ კონფლიქტი დამაკმაყოფილებლად გადაწყდა (ანუ ეგო გამდიდრდა ახალი დადებითი თვისებებით), იგი პიროვნების ჯანსაღი განვითარების საწინდრად იქცევა და პირიქით. ადამიანის ამოცანაა, ადეკვატურად გადაჭრას ყოველი კრიზისი. ამ შემთხვევაში იგი უფრო მომწიფებული და ადაპტური გადავა მომდევნო სტადიაზე.
განვიხილოთ ეს სტადიები:

I სტადია: დაბადებიდან ორ წლამდე. კონფლიქტი: ნდობა უნდობლობის წინააღმდეგ. ბავშვის წარმატებული ადაპტაციისთვის აუცილებელია გარემოსადმი ნდობის განვითარება. უცნაური, უჩვეულო გარემო მას შიშსა და უნდობლობას აღუძრავს. ე.ი. ამ კონფლიქტის გადაჭრა ბავშვს შემდგომი განვითარების საშუალებას აძლევს. ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი დედაა, რომელიც ზრდის და უვლის მას. დედასთან ურთიერთობაზეა დამოკიდებული სამყაროსა და ადამიანების მიმართ ნდობისა და სიყვარულის აღძვრა. თუ გარემოცვა ბავშვისთვის აუხსნელი და სახიფათოა, იგი უნდობლობის წინააღმდეგობას ვერ ძლევს, ნერვიული და საკუთარი თავის რწმენას მოკლებული იზრდება.
II სტადია: ორიდან სამ წლამდე. კონფლიქტი: ავტონომია ეჭვისა და სირცხვილის წინააღმდეგ. თავდაპირველად ბავშვები მხოლოდ რეაგირებენ, ორი წლიდან კი აცნობიერებენ, რომ ისინი არიან საკუთარი მოქმედების ავტორები. მათ უვითარდებათ დამოუკიდებლობის მოთხოვნილება, რომელიც აუცილებლად უნდა წაახალისოს და მხარი დაუჭიროს გარემოცვამ. თუ ბავშვი შეიზღუდა, ის სხვაზე დამოკიდებული და საკუთარი თავის რწმენას მოკლებული გაიზრდება. ასეთ ბავშვებს უჭირთ თანატოლებსა და გარემოსთან აქტიური ურთიერთობის დამყარება.
III სტადია: სამიდან ექვს წლამდე. კონფლიქტი: ინიციატივა დანაშაულის გრძნობის წინააღმდეგ. ამ პერიოდში ბავშვი თანდთან ძლიერდება, სტადიის დასასრულს იგი ხდება დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტი. ის იწყებს საკუთარი თავის კვლევას, ახდენს საკუთარი თავის იდენტიფიკაციას მშობლებთან. ამ სტადიაზე განვითარება მიმდინარეობს კოლოსალური ტემპით, ბავშვი იღებს ძალზე დიდი რაოდენობის ინფორმაციას, იწყებს ქცევითი ინიციატივის გამოვლენას. თუ მის ინიციატივას არ იწონებენ, ხშირად აძლევენ შენიშვნებს და ხშირად ისჯება, მას უვითარდება დანაშაულის გრძნობა თავისი ქცევის გამო.
IV სტადია: ექვსიდან თორმეტ წლამდე. კონფლიქტი: შრომისმოყვარეობა არასრულფასოვნების განცდის წინაააღმდეგ. ეს სტადია ემთხვევა სკოლაში სწავლის პირველ წლებს. ამ პერიოდის მთავარი მახასიათებლებია თანატოლებთან ურთიერთობის მოთხოვნილება, თვითიდენტიფიკაციის განვითარება, საკუთარი თავის მნიშვნელოვნების გაცნობიერება. ბავშვები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი გაიგონ და შეიმეცნონ, შეისწავლონ ის, რაც მნიშვნელოვანია მათი კულტურულ-სოციალური განვითარებისთვის. ცდილობენ, მნიშვნელოვან პიროვნებებად იქცნენ. მათი ქცევის მიღება და დადებითი შეფასება გარემოცვის მხრივ განმსაზღვრელი ფაქტორია დადებითი „მე-კონცეფციის” ჩამოყალიბებისთვის. თუ მათი აქტივობა უარყოფით შეფასებას და დაცინვას წააწყდა, შესაძლოა განუვითარდეთ არასრულფასოვნების კომპლექსი.
რეკომენდაციები სიბეჯითის წასახალისებლად: 

1. დარწმუნდით რომ მოსწავლეებს აქვთ დასახული მიზნების მიღწევის შესაძლებლობა: ა) თავდაპირველად მიეცით მცირე მოცულობის დავალებები, მერე კი უფრო ვრცელზე გადადით; აწარმოეთ მათი პროგრესის მონიტორინგი, მაგ., საკონტროლო წერით; ბ) ასწავლეთ მოსწავლეებს რეალისტური მიზნების დასახვა, მაგ., უთხარით, აღწერონ მიზანი და მოიფიქრონ და ჩაინიშნონ მისი მიღწევის გზები. 

2. მიეცით მოსწავლეებს დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის გამომჟღავნების საშუალება: ა) აპატიეთ აღიარებული შეცდომები; ბ) დაავალეთ სასწავლო მასალის შეგროვება, დარიგება, მცენარეების მორწყვა და სხვა.

3. დაეხმარეთ საკუთარი თავის რწმენას მოკლებულ მოსწავლეებს: ა) შეინახეთ მათი ადრინდელი ნამუშევრები, რათა თვითონვე დარწმუნდნენ პროგრესში; ბ) დააჯილდოეთ ყველაზე შრომისმოყვარე მოსწავლე, ის, რომელმაც ყველაზე მეტად გააუმჯობესა შედეგი.
V სტადია: თორმეტიდან თვრამეტ წლამდე. კონფლიქტი: იდენტობა როლთა აღრევის ( დიფუზიის) წინააღმდეგ. ეს სტადია ერთ-ერთი ურთულესია ადამიანის ცხოვრებაში და მას შედარებით ფართოდ განვიხილავთ. მოზარდი აღარც ბავშვია და არც უფროსი; იგი ეჯახება სოციალურ მოთხოვნებს და ახალ როლებს. ახალი ფსიქოსოციალური პარამეტრი, რომელიც მოზარდ ასაკში ჩნდება დადებით პოლუსზე, არის ეგო-იდენტობა, ხოლო უარყოფით პოლუსზე – როლური აღრევა. ამ ასაკში მოზარდმა უნდა გაამთლიანოს ცოდნა საკუთარი თავის შესახებ (როგორია როგორც შვილი, მოსწავლე, მეგობარი და ა.შ.) და ინტეგრირება მოახდინოს პიროვნულ იდენტობაში. ინტეგრირება გულისხმობს ერთდროულად წარსულისა და მომავლის გაცნობიერებას. ამ პერიოდში მოზარდში არსებობს შინაგანი კონფლიქტი ეგო-იდენტობასა და როლების აღრევას შორის. აღნიშნულ პერიოდს ერიქსონი ასე ახასიათებს: შინაგანი ფიზიოლოგიური რევოლუცია, საკუთარი სოციალური როლის განმტკიცება, წუხილი იმაზე, როგორ გამოიყურება სხვების თვალში, თვითონ როგორ აფასებს საკუთარ თავს. ეს არის ყველა წინა საფეხურზე შეძენილ თავისებურებათა შემაჯამებელი პერიოდი და უფრო მეტი, ვიდრე მათი ჯამი. ეგო-იდენტობის განცდა წარმოადგენს პიროვნების რწმენას იმის შესახებ, რომ საკუთარ თავზე წარმოდგენა შეესაბამება სხვის მიერ მის შეფასებას. იქმნება შინაგანი „მე”-ს ხატი. სამყროსადმი მოზარდის დამოკიდებულება ახლებური ხდება – ის ოცნებობს იდეალურ ოჯახზე, კარიერაზე, საზოგადოებრივ წყობაზე. იდეაში წარმოდგენილი აზრები ხშირად არ ემთხვევა რეალობას, რაც დიდ სირთულეებს უქმნის ახალგაზრდას. სოციალური ჯგუფები და ინსტიტუციები (ოჯახი, სკოლა…) მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ იდენტიფიკაციის პროცესზე. პოპულარულ გმირებთან (კინო, მუსიკა, წიგნი…) ან კონტრკულტურის წარმომადგენლებთან (ქურდული სამყარო, ავტორიტეტი…) ზედმეტი იდენტიფიკაცია დიდ ზეწოლას ახდენს მოზარდზე და აფერხებს პიროვნულ ზრდას. მოზარდის განვითარებას ხელს უშლის საზოგადოებაში არსებული სოციალური, პოლიტიკური, ტექნოლოგიური ცვლილებები. ისინი მასში იწვევენ შფოთვას, რის გამოც ხშირად ახალგაზრდა ემიჯნება გარემოს. როდესაც მიზეზთა გამო ვერ ხერხდება პიროვნული იდენტობის მიღწევა, ერიქსონი ამას იდენტობის კრიზისს ან როლურ აღრევას უწოდებს. იგი იწვევს ჩამორჩენას სწავლაში, პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში, შესაძლოა, მოხდეს პიროვნების დეპერსონალიზაცია, განდგომა, ნეგატიური იდენტობის ჩამოყალიბება – საწინააღმდეგო იმისა, რასაც მოითხოვენ მშობელი, მასწავლებელი, თანატოლი, ზნეობა და ნორმები. ზრდასთან ერთად ბავშვი აწყდება იდენტობისა და „მე”-ს საკუთარ პოტენციალში გარკვევის პრობლემას. ეს ნიშნავს არა მხოლოდ იმას, ვინ ხარ, არამედ იმასაც, ვინ შეიძლება იყო. თუ არ არსებობს ზუსტად განსაზღვრული მიზნები და ამოცანები, მოზარდი იდენტობის დიფუზიის პრობლემას ეჯახება. ამ ასაკში ადამიანი უამრავ ალტერნატივას მოსინჯავს, სხვადასხვა სოციალურ როლში ცდის თავს. ეს კრიზისი თვითიდენტიფიკაციის პრობლემაში მდგომარეობს. ყველა მოზარდს არ შეუძლია დადებითი „მე- კონცეფციისა” და თვითიდენტიფიკაციის ფორმირება.

საზოგადოდ, ერთი სტადიიდან ნორმალური გასვლა სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ მეორე სტადიასაც წარმატებით გაივლის ადამიანი. ეგო-იდენტობა არის ბრძოლა მთელი სიცოცხლის განმავლობაში. დადებითი თვისება, რომელსაც უკავშირდება კრიზისიდან წარმატებით გამოსვლა, „ერთგულებად”იწოდება. ეს არის უნარი, წინააღმდეგობის მიუხედავად, დარჩე საკუთარი თავის ერთგული, მისდიო საზოგადოებრივ მორალს, ეთიკას, პროგრესულ იდეოლოგიას.

მოგვიანებით, ერიქსონის შრომებზე დაყრდნობით, ჯეიმს მარსიამ ეგო-იდენტობის ფორმირებაში 4 სტატუსი გამოყო: 1. დიფუზური იდენტობა; 2. იდენტობის დაკარგვა; 3. მორატორიუმი; 4. იდენტობის მიღწევა.

დიფუზური იდენტობისთვის დამახასიათებელია ის, რომ მოზარდს არ აქვს შერჩეული პროფესია, იდეოლოგია, არ გააჩნია კონკრეტული მიმართულება, მიზნის მისაღწევი სტრატეგიები, არ აქვს აღებული ვალდებულებები. ამ დროს მოზარდში შეინიშნება პერსპექტივის ბუნდოვანება – მას არ გააჩნია კონკრეტული მიზნები. ასეთი მოსწავლეები აპათიურები, განცალკევებულები, მომავლის იმედის არმქონენი და მეამბოხე სულისანი არიან, ხშირად სტუმრობენ ხალხმრავალ ადგილებს და ნარკოტიკის მომხმარებელთა რიგებს ავსებენ. 

იდენტობის დაკარგვა – მოზარდისთვის დამახასიათებელია ქმედება გაანალიზების გარეშე. ის უბრალოდ იღებს სხვის მიზნებს, ღირებულებებს, ცხოვრების სტილს. მაგ., მოზარდმა გადაწყვიტა, გახდეს სტომატოლოგი, იმიტომ რომ ეს მისი მშობლის პროფესიაა. ზოგჯერ მოზარდები იღებენ რომელიმე დაჯგუფების ან კერპის ცხოვრების სტილს და ამ შემთხვევაში ამჟღავნებენ შემდეგ თვისებებს: არიან უხეშები, არატოლერანტულები, დოგმატურები, დაძაბულები.

მორატორიუმი გამოცდილების შეძენის, სწავლა-გაანალიზების პერიოდია, რასაც მოგვიანებით პიროვნული და პროფესიული არჩევანი მოსდევს. თანამედროვე მიდგომით, ასეთი შეფერხება ჩვეულებრივ და ბუნებრივ მოვლენად არის მიჩნეული. ნორმალურ, დემოკრატიულ საზოგადოებაში მას კრიზისად არ მიიჩნევენ, რადგან ამ პერიოდში მიღებული გამოცდილება უმრავლესობისთვის თანდათანობითი შემეცნების პროცესია და არა „ტრავმული გადატრიალება”. მოზარდი ამ დროს განიცდის კრიზისს, განიხილავს ალტერნატივებს, მაგრამ რას მიანიჭის უპირატესობა, ჯერ ვერ გადაუწყვერტია.

იდენტობის მიღწევა გულისხმობს კრიზისის გადალახვას და განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღებას. სკოლის დამთავრებისას ცოტა თუ აღწევს ამ მდგომარეობას, დასავლეთის მოსწავლეთა 80% 20 წლამდე ერთხელ მაინც იცვლის შეხედულებას (20 წლის შემდეგ – იშვიათად). ზოგიერთმა შესაძლოა ცხოვრების განსაზღვრულ პერიოდში მიაღწიოს თვითმყოფადობას, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ მოგვიანებით უარყოს იგი ახლის მისაღწევად. ასე რომ, ერთხელ მიღწეული იდენტობა შესაძლოა სულაც არ იყოს უცვლელი. 
ეს ორი მდგომარეობა, მორატორიუმი და იდენტობის მიღწევა, ბუნებრივად და ჯანსაღად მიიჩნევა სკოლებში, რომლებიც მოზარდებს აძლევენ საზოგადოებრივი ცხოვრების პრაქტიკულ გამოცდილებას, ხელს უწყობენ იდენტობის ფორმირებას.
რეკომენდაციები იდენტობის ფორმირების ხელშესაწყობად: 

1. შესთავაზეთ მოსწავლეებს კარიერის ასარჩევად ზრდასრულის სხვადასხვა როლი:
ა) ყურადღება გაამახვილეთ ისტორიულ და ლიტერატურულ მაგალითებზე, შექმენით თქვენს საგანში/სფეროში მოღვაწე გამორჩეული ადამიანების კალენდარი, განიხილეთ მათი წარმატებები;
ბ) მოიწვიეთ სტუმრები, რომლებიც ისაუბრებენ იმაზე, რატომ და როგორ აირჩიეს თავიანთი პროფესია.
2. დაეხმარეთ მოსწავლეებს პირადი პრობლემების მოსაგვარებლად რესურსების მოძიებაში: 
ა) წაახალისეთ, რომ დახმარებისთვის მიმართონ სკოლის ფსიქოლოგს;
ბ) განიხილეთ სკოლისგარე აქტივობათა დადებითი ღირებულება. 
3. მოითმინეთ გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდის უცნაური ახირებები, თუ ამით ის სხვას არ აწუხებს ან სასწავლო პროცესს არ უშლის ხელს: 
ა) ისაუბრეთ ისტორიულ უცნაურობებზე (მაგ., ვარცხნილობები, პარიკები შუა საუკუნეებში);
ბ) მკაცრად ნუ გააკრიტიკებთ მათ ჩაცმულობასა და ვარცხნილობას. 
4. მიეცით რეალური რჩევა სამუშაოს თაობაზე, ხელი 
შეუწყვეთ სრულყოფილებისკენ მათ სწრაფვას: 
ა) დარწმუნდით, რომ პრობლემური ქცევის მოსწავლეებს თვითონვე ესმით საკუთარი ქცევის შესაძლო შედეგები – რას მოუტანს მათი ქცევა თავად მათ და სხვებს;
ბ) გამართეთ წარმატებული პროექტების პრეზენტაციები, რათა მათ ნიმუშის ფუნქცია შეასრულონ. გააკეთეთ ეს 
დიდი ტაქტით და სიფაქიზით;
გ) მოსწავლეები ამ ასაკში თითქოსდა „იზომებენ”, „ირგებენ”, „ცდიან” ახალ როლებს, ამიტომ გამოყავით როლი პიროვნებისგან – გააკრიტიკეთ ქცევა და არა მოსწავლე.
იდენტობის კრიზისი მოზარდის ქცევის 3 სფეროში ვლინდება: 1. კარიერის არჩევის სირთულე; 2. თანატოლთა ჯგუფში გაწევრიანება; 3. ალკოჰოლისა და ნარკოტიკის გამოყენება.

კარიერის არჩევის პრობლემა. პროფესიული თვითგამორკვევის უუნარობა დიდი მღელვარების მიზეზია ახალგაზრდისთვის. სწორი არჩევანის გასაკეთებლად საჭიროა, მოზარდი გაერკვიოს თავის შესაძლებლობებში. ეს გაურკვევლობა ხშირად უფრო ფუნდამენტურ სფეროსაც ეხება. მაგ., გოგონას უჭირს გადაწყვეტა, მიიღოს ცოლისა და დედის როლი თუ კარიერაზე იზრუნოს, ან იქნებ ორივე ერთად. ტრადიციული საზოგადოება უმეტესად პირველი როლისკენ უბიძგებს მას. საზოგადოებაში არსებული კონკურენციის პრინციპი მეტ ზეწოლას ვაჟებზე ახდენს. ეგო-იდენტობის განცდა და პიროვნული ღირებულებები ხშირად კონფლიქტში მოდის ერთმანეთთან – მომგებიანი სპეციალობა და მოწოდება ერთმანეთს უპირისპირდება.

თანატოლთა ჯგუფის წევრობა. უარყოფენ რა მშობლებს როგორც მოდელებს, მოზარდები თანადგომას თანატოლთა წრეში ეძიებენ. ეს კავშირი მეტად ძლიერია. თანატოლთა ღირებულებები და განწყობები უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე მშობლების, მასწავლებლების და სხვ. ეს ჯგუფები ეხმარება მოზარდს თვითრწმენის განვითარებაში სწორედ იმ პერიოდში, როდესაც მასში ღრმა ფიზიოლოგიური და იდეოლოგიური ცვლილებები ხდება. მოზარდთა ჯგუფების შექმნა, ჩაცმის ერთნაირი სტილი, მსგავსი მიხრა-მოხრა, მიმიკები, ლექსიკა და სხვა მახასიათებლები უფრო მეტად დაცვით ფუნქციას ასრულებს. ამგვარი ქცევა მათ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შეგრძნებას ჰგვრის. ამავე დროს, ხაზს უსვამს მათ გამოყოფას უფროსებისგან. ყოველივე ეს იდენტობის ძიებითაა განპირობებული.

ალკოჰოლი და ნარკოტიკები საკმაოდ ფართოდ იკიდებს ფეხს ახალგაზრდების ცხოვრებაში. მათი გამოყენების მოტივი სხვადასხვაა: ცნობისმოყვარეობა, მძაფრი განცდების ძიება, იძულება, გაქცევა, სტრესი, ამბოხი ავტორიტეტის წინააღმდეგ, ცნობიერების საზღვრების გაფართოება… თუ ამ მოტივებს ერიქსონის თეორიის კონტექსტშიგანვიხილავთ, ნათელი გახდება, რომ ისინი უკავშირდება იდენტობის არასაკმარის განცდას. ახალგაზრდებმა, რომლებმაც არ იციან, ვინ არიან, შესაძლოა ყოველივე ეს დამხმარე საშუალებად მიიჩნიონ მე-ს ძიებისას. ეს საშუალებები დროებით ასუსტებს იდენტობის კრიზისის თანმხლებ სტრესებსა და შიშებს. ეგო-იდენტობის მიღწევის შემდეგ ბევრი ადვილად აღწევს თავს მათ ტყვეობას, დიფუზური იდენტობის შემთხვევაში კი ეს საკმაოდ ძნელია.

დიდი ინტერესი გამოიწვია კვლევამ, რომელმაც წარმოაჩინა ურთიერთკავშირი იდენტობის სტატუსს, სწავლის მოტივაციას, სწავლაში წარმატებას შორის. ისინი, ვინც იდენტობას აღწევენ, უპირატესობას ანიჭებენ მათემატიკას, ბიოლოგიას, ქიმიას, საინჟინრიო საქმეს, დიფუზური იდენტობის მქონე მოსწავლეები კი ირჩევენ სოციოლოგიას, მასწავლებლობას (სამწუხაროდ, ამგვარი კვლევა საქართველოში არ ჩატარებულა)… მოსწავლეები, რომლებმაც მიაღწიეს ეგო-იდენტობას, უფრო მაღალ შეფასებას იღებენ და ნაკლებდრამატულად განიცდიან წარუმატებლობას.
VI სტადია: ადრეული მოზრდილობა. კონფლიქტი: ინტიმურობა იზოლაციის წინააღმდეგ. ამ სტადიაზე ადამიანები ურთიერთობის პრობლემებს წყვეტენ. შეუძლია თუ არა წარმატებული სოციალური ურთიერთობების დამყარება პიროვნებას, მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული წინა სტადიების კრიზისის წარმატებით დაძლევაზე. იდენტურობის ფორმირების შემდეგ პიროვნება ამყარებს და ავითარებს სერიოზულ ურთიერთობებს სხვა ადამიანებთან. ამ სტადიაზე ყალიბდება ნამდვილი პასუხისმგებლობა ადამიანის, საქმის, პარტნიორის მიმართ. თუ ადამიანმა წარმატებით ვერ გადალახა წინა სტადიის კრიზისი, ის უძლური იქნება, დაამყაროს სრულფასოვანი ურთიერთობები.
VII სტადია: მოზრდილობა. კონფლიქტი: გენერატიულობა სტაგნაციის წინააღმდეგ. ამ პერიოდში კონფლიქტები ძირითადად უკვე გადაჭრილია, ადამიანს შეუძლია მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზაცია სხვების საკეთილდღეოდ, დაეხმაროს შვილებს, ახლობლებს, მოაგვაროს სოციალური პრობლემები. წინა ეტაპზე კონფლიქტების მოგვარებისას განცდილმა მარცხმა შესაძლოა ადამიანი დატოვოს ორიენტირებული თავის თავსა და ისეთ პრობლემებზე, როგორებიცაა საკუთარ ჯანმრთელობაზე, მოთხოვნილებებზე, სიმშვიდეზე გადაჭარბებული ზრუნვა.
VIII სტადია: სიმწიფე. კონფლიქტი: ეგო-ს მთლიანობა იმედგაცრუების წინააღმდეგ. ამ ეტაპზე ხდება განვლილი ცხოვრების შეფასება. თუ შეფასებისას ადამიანი განიცდის კმაყოფილებას და მიიჩნევს, რომ მისი ცხოვრება სავსე იყო საინტერესო მოვლენებით, რომლებშიც ის აქტიურად მონაწილეობდა და სადაც შეძლო საკუთარი თავისა და უნარების რეალიზაცია, მაშინ მისთვის მისი რეალობა მთლიანად მისაღებია. მაგრამ თუ ადამიანს მიაჩნია, რომ ცხოვრება მხოლოდ უაზროდ დახარჯული წლები და ხელიდან გაშვებული შესაძლებლობებია, მას სასოწარკვეთილება იპყრობს.
ერიქსონის ფსიქოსოციალური განვითარების თეორიის ცოდნა უფროსებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ის იძლევა უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას განვითარების შესახებ და ხაზს უსვამს მშობლისა და მასწავლებლის, საზოგადოდ, სოციალური გარემოს უმნიშვნელოვანეს როლს პიროვნების ჩამოყალიბებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი