შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

როგორი უნდა იყოს მოზარდის ოთახი

ბავშვობიდან მოზარდობაში გადასვლისას იცვლება გემოვნება და მოთხოვნილებები. ეს არის პერიოდი, როდესაც დგება გარდატეხის ასაკი და ადამიანი ყოველნაირად ცდილობს თავის დამკვიდრებას. ერთ-ერთი სურვილი, რომელიც იმთავითვე უჩნდება მოზარდს, საკუთარი სივრცის შექმნაა. იგი უპირველესად სახლში ცდილობს სასურველი ადგილის პოვნას.

მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ ასაკში მათ შვილს მულტიპლიკაციური პერსონაჟებით მოხატული შპალერი და ფარდები აღარ შეეფერება, პატივი სცენ მოზარდის გემოვნებას და ისიც ჩართონ საკუთარი სივრცის მოწყობაში.

სპეციალისტთა რჩევით, მოზარდის ოთახის ინტერიერი უფრო მეტად კაბინეტისას უნდა შეესაბამებოდეს, ვიდრე საბავშვო ოთახისას. სწორად შერჩეულმა და განლაგებულმა ავეჯმა არ უნდა გადატვირთოს ის; ამავე დროს ზედმიწევნით უნდა იყოს გათვალისწინებული კომფორტული მეცადინეობისა და დასვენებისთვის საჭირო ყველა ატრიბუტი. მოზარდს უნდა მიეცეს საშუალება, კედლები და, საზოგადოდ, ოთახი ისე გააფორმოს, როგორც თვითონ სურს.

უპირველესად, ოთახში უნდა გამოიყოს დასაძინებელი, სამეცადინო და მოსასვენებელ-გასართობი ზონები, ასევე – ადგილი ტევადი კარადებისთვის.

სამეცადინო ზონა ოთახის ყველაზე განათებულ ნაწილში უნდა დაიგეგმოს. ამასთან, საჭიროა, ეს კუთხე მოეწყოს ისე, რომ მუშაობის დროს დღის სინათლე ბავშვის ხელს მარცხნიდან ეცემოდეს (თუ ცაციაა – პირიქით, მარჯვენა მხრიდან), რათა თვალი არ დაიძაბოს. ფანჯრის პარალელურად მაგიდის დადგმა რეკომენდებული არ არის, რადგან პირდაპირი სხივები აბრმავებს ბავშვს. ფანჯრის მინები სუფთა უნდა იყოს, ფარდები – არც ისე სქელი. მაგიდის გვერდით, ფანჯრის რაფაზე, ქოთნით მაღალი მცენარეები არ უნდა იდგეს, რათა სამეცადინო კუთხის განათებას არაფერმა შეუშალოს ხელი.

მაგიდის ნათურა საწერი მაგიდის აუცილებელი ატრიბუტია. მისი სინათლე სამუშაო ზედაპირს მარცხნიდან უნდა ეცემოდეს. სიმძლავრე 75 ვატზე ნაკლები არ უნდა იყოს. აბაჟური აუცილებელია – მისი მეშვეობით მიიღება თანაბარი განათება, თანაც ბავშვს აღარ გაუღიზიანდება თვალი მანათობელი ძაფის ცქერით. მაგრამ მხოლოდ მაგიდის ნათურით განათება არაფრით არ შეიძლება! თუ ოთახის დანარჩენი ნაწილი ჩაბნელებულია, კონტრასტმა შესაძლოა თვალების სწრაფი დაღლა, ხოლო გარკვეული ხნის შემდეგ მხედველობის დაქვეითებაც გამოიწვიოს. 

მეცადინეობისას ბავშვს თვალი რომ არ გადაეღალოს, სინათლის წყაროს კომბინირება უნდა მოვახდინოთ, ანუ ერთმანეთის პარალელურად გამოვიყენოთ ცენტრალური და ადგილობრივი განათება – მაგიდის ნათურა და ჭაღი.
ასაკიდან, ხასიათიდან, განწყობიდან გამომდინარე, ინტერიერის შეცვლას მოზარდი ბევრჯერ მოინდომებს, ამიტომ უმჯობესია, მის ოთახში დავდგათ მოდულარული ავეჯი, რომლის დაშლა, კონფიგურაციის შეცვლა და აწყობა შესაძლებელი იქნება.

ამ ასაკში ბავშვი სწრაფად იზრდება, ამიტომ კარგი იქნება, თუ რეგულირებადი სიმაღლის სკამს შევურჩევთ. მაგიდა საკმაოდ დიდი უნდა იყოს საიმისოდ, რომ კომპიუტერიც დაიდგას და სასკოლო დავალებების სრულფასოვნად შესასრულებლადაც დარჩეს საკმარისი ადგილი. საუკეთესო გადაწყვეტაა კომპიუტერის მაგიდა, რომელსაც აქვს სპეციალური ნიშა ან თარო მონიტორისთვის და მოძრავი სადგამი კლავიატურისთვის, უჯრები და თაროები წიგნების, კომპიუტერის დისკებისა და სხვა წვრილმანებისთვის.

კარადა ტევადი უნდა იყოს. კარგი იქნება, თუ შევარჩევთ კომბინირებულ ვარიანტს, სადაც იქნება საკმაო ადგილი ტანსაცმლისთვის, აგრეთვე – ღია და დახურული თაროები წიგნების, სამშვენისების, სპორტული ინვენტარისა და სხვა საჭირო ნივთებისთვის.

ინტრიერის აუცილებელი ელემენტია მოსასვენებელი ადგილი, რადგან ამ ასაკში ძალიან იზრდება დატვირთვა სკოლაში. ბავშვს უნდა ჰქონდეს კომფორტული საწოლი. თუ ოთახის ფართობი მცირეა, შეიძლება გასაშლელი დივნის დადგმაც, მაგრამ ის აუცილებლად კომფორტული უნდა იყოს, ხოლო თუ სივრცე საკმარისია, კარგი იქნება, დაიდგას მომცრო  დივანი მოსასვენებლად.

მოზარდები ხშირად ცვლიან ავეჯის, კედლებზე ფოტოების ან პლაკატების განლაგებას. მშობლებს ვურჩევთ, ამით ზედმეტად ნუ გაღიზიანდებიან და ნუ აუკრძალავენ შვილებს საკუთარი გარემოს შექმნას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი