პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ბულინგი სკოლაში. როგორ გადავარჩინოთ მოზარდები

ჰარი პოტერი იმ ასაკში გავიცანი, როცა სკოლისა და უნივერსიტეტის წლები უკვე გავლილი მქონდა. უფრო ადრე იმ ადამიანების გავლენის ქვეშ ვიყავი, რომლებსაც, დიდი ეჭვი მაქვს, არასდროს წაუკითხავთ როულინგი. ისინი გაუთავებლად იმეორებდნენ, რომ „წიგნები ჰარი პოტერზე ტოტალური უსიყვარულობით და უნდობლობითაა გაჯერებული, აქ მთლიანად არის უგულებელყოფილი ოჯახი, საზოგადოება და მტრული დაპირისპირებაა მასწავლებელთან, ანუ აქ ბავშვის სასიცოცხლო გარემო მთლიანად დეფორმირებულია”. საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ „ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი მერჩივნა” და დავიწყე პირველი ნაწილის კითხვა.
შვიდივე წიგნის წაკითხვის შემდეგ გამახსენდა, რომ ადამიანებს ჩვენ გარშემო მიმდინარე მოვლენებისა და სხვა ადამიანების მიმართ გვაქვს ჩამოყალიბებული სქემები, რომლებიც განსაზღვრავს, რას უნდა ველოდეთ და რატომ შეიძლება არ აგვიხდეს მოლოდინი. აქედან გამომდინარე, ჩვენ უმალვე ვამჩნევთ იმას, რაც ჩვენს მოლოდინს თანხვდება და უგულებელვყოფთ იმას, რაც სქემასთან თანხვედრაში არ მოდის. მე მგონია, რომ ადამიანი, ვინც „ჰარი პოტერს” აძაგებს, სამოთხეშიც ჯოჯოხეთს დაინახავს. ჰოგვორტსის დირექტორი, ალბუს პერსივალ ვულფრიკ ბრაიან დამბლდორი, ამბობს, რომ „ბედნიერება ყველაზე ბნელ დროსაც კი შეიძლება ვიპოვოთ, ოღონდ – თუ სინათლის ანთება გაგვახსენდება”. „სინათლის ანთება” ამ შემთხვევაში წიგნის წაკითხვა მგონია და, დარწმუნებული ვარ, ბავშვები (და არამხოლოდ) ამ წიგნში იმედს, რწმენას, საკუთარი თავის, ადამიანებისა და თავისუფლების სიყვარულს, მეგობრობას, მიზნისკენ სწრაფვას, სწავლა-განათლების მნიშვნელობას, პატიებისა და სინანულის ძალას აღმოაჩენენ.
ჰოგვორტსი მოსწავლეზე ორიენტირებული სკოლაა, ისეთი მასწავლებლებით, რომელთათვისაც იქ მუშაობა სასიამოვნოა. იქ ყველა მოსწავლე და მასწავლებელი მნიშვნელოვანია. თუმცა, როგორც სხვა სკოლებში, იქაც არის ბულინგის შემთხვევები. „ბულინგი – ეს არის ხანგრძლივი ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა ერთი ინდივიდის ან ჯგუფის მხრივ მეორე ინდივიდზე, რომელსაც არ შეუძლია თავის დაცვა კონკრეტულ სიტუაციაში” (Roland, 1988). როულინგმა – ალბათ, საკუთარი პედაგოგიური გამოცდილების გათვალისწინებით – აღწერა რამდენიმე მოსწავლე, რომლებიც გამუდმებით განიცდიან წნეხს მოსწავლეთა ჯგუფების მიერ:
„- როგორ ჩაიარა გამოცდამ, ზლუქუნ? – ჰკითხა ჯეიმსმა

.

– მე ვუყურებდი, ცხვირი პერგამენტზე ედო, – დამცინავად თქვა საირუსმა, – მთელი ნაშრომი ალბათ ისე აქვს მოთხვრილი ცხიმის ლაქებით, ვერაფერს გაარჩევ!

მაყურებლებიდან ვიღაცამ გაიცინა. სნეიპი აშკარად არ უყვარდათ”.
ასე დასცინოდნენ თანატოლები ბიჭს, რომელიც გაზეთილი თმით დადიოდა სკოლაში. „სკოლაში ძალადობის წლიური მონაცემების” პროგრამის ფარგლებში 2014 წელს დიდი ბრიტანეთის 36 სკოლისა და კოლეჯის 13-დან 18 წლამდე ასაკის 3600 მოსწავლე გამოკითხეს. მათი 45% ბულინგის მსხვერპლი აღმოჩნდა, 36% – საკუთარი ფიგურის, წონისა და სიმაღლის გამო, ამასთანავე, 39%-ს ამის შესახებ არავისთვის უთქვამს. ბლოგში იმ ბავშვებზე ვისაუბრებ, ვისაც გარეგნობის გამო დასცინიან.
მეგათეო გახსოვთ? „შავბნელი 90-იანების” სერიალის გმირი, სულელი მეგათეო, გამუდმებით რომ დარბოდა და გაიძახოდა: „რაკეტა ვარ, რაკეტა!” ამ პერსონაჟის როლის შემსრულებელ მსახიობს ჰგავდა ჩემი ერთი თანასკოლელი, რომელსაც მთელი ბავშვობა მეგათეოს ეძახდნენ და ამის გამო ბევრჯერ მინახავს ატირებული, გაბრაზებული, მთელ სამყაროზე ნაწყენი. ვერ ვიხსენებ, მასწავლებლები ოდესმე ჩარეულიყვნენ ამაში, მიუხედავად იმისა, რომ დაცინვას ბავშვები არც მათ თვალწინ ერიდებოდნენ. არ მახსოვს, ოდესმე დამრიგებელს ამის თაობაზე ესაუბროს ჩვენთან. პირველ ადგილზე ყოველთვის აკადემიური მოსწრება იდგა. არადა, ცუდი ნიშნები ხშირად პირდაპირ კავშირშია ბულინგთან. ჩემს კლასშიც იყვნენ ბავშვები, რომლებსაც, ერთსა და იმავე დროს, არ მოსწონდათ ვიღაცის ჭარბი წონა და ჩემი სიგამხდრე. წლების განმავლობაში თავს ცუდად ვგრძნობდი ამის გამო, თუმცა არავის ვეუბნებოდი. ისევ წიგნები დამეხმარა, რომ საკუთარი თავისთვის მეთქვა, გაჩხიკინებული კი არა, სიფრიფანა ხარ-მეთქი.
პრინც ჰარის ბავშვობაში თურმე წითური თმის გამო დასცინოდნენ, ჯულია რობერტსი დიდი პირის გამო ჩავარდა თანაკლასელების ყბაში. ბარბადოსზე რიანას კანის ფერი „საკმარისად შავად” არ მიაჩნდათ და მისი მწვანე თვალებიც დაცინვის საგნად იყო ქცეული. ჯასტინ ტიმბერლეიკს აკნეს გამო დასცინოდნენ და კიდევ იმისთვის, რომ სპორტულ თამაშებს მუსიკის წერა ერჩივნა. ქეით უინსლეტს „მსუქანას” ეძახდნენ. „ხან მახინჯად მთვლიდნენ, ხან – ცხენად”, – ასე გაიხსენა თანაკლასელები ანჯელინა ჯოლიმ ერთ-ერთ ინტერვიუში. მემუარებში „ჩემი ცხოვრება” ბილ კლინტონი ახალგაზრდა საკუთარ თავს აღწერს როგორც „ჯგუფის მსუქან ბიჭს”, რომელსაც ხშირად დასცინოდნენ უგემოვნო ჩაცმულობის გამო. ერთხელ, ცეკვის დროს, უფროსმა სტუდენტმა ჯინსის გამო დასცინა. „მან მთელი ძალ-ღონით დამარტყა”, – წერს ბილი, მაგრამ პასუხად ჩხუბი არ დაუწყია, არც უკან დაუხევია. „უბრალოდ, ვიდექი და დაჟინებით ვუყურებდი. ვისწავლე, რომ შემეძლო დარტყმის მიღება და არსებობს ერთზე მეტი გზა აგრესიის წინააღმდეგ”.
ზემოთ მოყვანილი ისტორიების გმირები არიან ბიჭები და გოგონები, რომლებიც გადარჩნენ. მათ შეძლეს, თვალი გაესწორებინათ სამყაროსთვის, რომელიც ხშირად არც ისე კარგად ექცევა რაღაცით გამორჩეულ ადამიანებს, თუნდაც ეს მხოლოდ თმის ფერი ან მოკლე ფეხები იყოს. ისინი ძლიერები აღმოჩნდნენ და გზა გააგრძელეს, მიზანი დაისახეს და მივიდნენ მასთან.
აი, ზოგიერთი კი ვერ უძლებს. ამ ბლოგის წერის დროს გუგლში ასეთ ამბავს გადავაწყდი: ოჰაიოს შტატში 13 წლის ჯონათანმა სამსახურიდან დაბრუნებულ დედას ფურგონის კარი გაუღო, ჰკითხა, როგორ ჩაიარა პირველმა სამუშაო დღემ ახალ გარემოში… ერთ საათში ბიჭი, რომელსაც „უყვარდა ფეხბურთი, „ნასკარის” რბოლა, ეკლესია და ოჯახი”, საკუთარ სახლში, დის კარადაში, ჩამომხრჩვალი იპოვეს. ის წონითა და სიმაღლით ჩამორჩებოდა თანაკლასელებს და თანაგუნდელებს, რის გამოც ბულინგის მსხვერპლი გახდა. მშობლები ამბობენ, რომ ის წლების განმავლობაში იტანდა აბუჩად აგდებას; ამის შესახებ მის მასწავლებელსაც უთხრეს, მაგრამ ბულინგი გრძელდებოდა. ჯონათანის მამა ამბობს, რომ ასეა სხვა სკოლებშიც, ისეთებშიც კი, სადაც ბავშვებს ამის შესახებ ესაუბრებიან. ჯონათანის საუკეთესო მეგობარი და თანაგუნდელი ჯორდანი იხსენებს, რომ წინა დღეს, თამაშის დროს, მას ბავშვებმა უთხრეს: „წადი, თავი მოიკალი!” „ვკითხე, როგორ გრძნობდა თავს. მან მითხრა: „მე ძლიერი ვარ. გავუძლებ”. „რა თქმა უნდა”, – ვუპასუხე მე”.
ჯონათანის მშობლები, როგორც თავად ამბობენ, ინტერვიუზე მხოლოდ იმისთვის დათანხმდნენ, რომ მშობლებმა, მასწავლებლებმა და თავად ბავშვებმა სერიოზულად აღიქვან ბულინგი: „ეს უნდა შეწყდეს, სანამ სხვა ოჯახსაც არ შეემთხვევა ასეთი რამ”. 
ასე რომ, მშობლებო, მასწავლებლებო, ბავშვებო, როდესაც წააწყდებით ან ყურს მოჰკრავთ ბულინგის შემთხვევას:
◦ ნუ უგულებელყოფთ. აღიარეთ, რომ პრობლემა არსებობს და ეცადეთ, იქვე მოახდინოთ რეაგირება. არ გადადოთ ხვალინდელი დღისთვის, მშობელთა კრებისთვის, მამის სახლში მოსვლის დროისთვის.
◦ მხარი დაუჭირეთ ძალადობის მსხვერპლს, იმუშავეთ მისი თვითშეფასების ასამაღლებლად, მოძალადეს კი აგრძნობინეთ, რომ მისი საქციელი არ მოგწონთ და მათთან ერთად შეიმუშავეთ გასაგები სანქცია იმ შემთხვევისთვის, თუ დაცინვა გამეორდა.
◦ ეცადეთ, დაანახვოთ ბავშვებს, რომ სირთულის დასაძლევად, გარდა აგრესიისა, სხვა გზებიც არსებობს. წაახალისეთ, სიტყვიერად გამოხატოს საკუთარი ემოციები და მიეცით პროსოციალური ქცევის მაგალითი.
◦  იმავდროულად, ეცადეთ, ბავშვებს ყურადღება გაამახვილებინოთ ერთმანეთის დადებით მხარეებზე. არის ასეთი თამაში: ბავშვები წრეში სხდებიან და თითოეული გვერდით მჯდომს ეუბნება ერთ თვისებას ან გარეგნულ მახასიათებელს, რომელიც მასში მოსწონს. მაგალითად: „ნინო, შენ ძალიან ლამაზი თვალები გაქვს”; „გიორგი, მე მომწონს, რომ დასვენებაზე შოკოლადს მიყოფ”.
◦  რაც შეეხება მეტსახელებს, მე ასეთი რამ მოვიფიქრე: დაფაზე ჩამოვწერე მოსწავლეების სახელები და გვერდით მათივე კარნახით მივუწერე ის მეტსახელები, რომელთა დაძახებაც არ სიამოვნებთ. შევთანხმდით, რომ შეთანხმების დამრღვევი დიდ დასვენებაზე ეზოში ვერ ჩავიდოდა.
დასასრულ, პეპის თავდაჯერება გავიხსენოთ: „პარფიუმერიის მაღაზიის ვიტრინაში ჭორფლის საწინააღმდეგო კრემით სავსე უზარმაზარი ქილა იდგა. ქილაზე დიდი ასოებით ეწერა: „თქვენ ჭორფლი გაწუხებთ?” პეპიმ მაღაზიის კარი შეაღო და შევიდა. დახლთან ხანში შესული ქალი იდგა. პეპი პირდაპირ მისკენ გაემართა და მტკიცედ უთხრა:

– არა!
– რა გინდა, გოგონი? – გაკვირვებით ჰკითხა ქალმა.
– არა! – იმავე ტონით უპასუხა პეპიმ.
– ვერ გამიგია, რისი თქმა გსურს?
– არა, მე არ მაწუხებს ჭორფლი. პირიქით, ძალიანაც მომწონს, ნახვამდის.
პეპი კარისაკენ გაემართა, მერე უცებ დახლისკენ შემოტრიალდა და დაამატა: 
– აი, ისეთი კრემი თუ გაქვთ, ჭორფლი რომ უფრო დამეტყოს, შეგიძლიათ გამომიგზავნოთ შინ შვიდი-რვა ქილა”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი