პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

იძულება –  პრობლემა სპორტით ნაკლებად დაინტერესებული მოზარდებისათვის

როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, საქართველოშიც არსებობს ერთი მეტად საინტერესო ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, ბავშვები მამებს სტადიონებზე თუ სპორტულ დარბაზებში ადრეული ასაკიდანვე დაჰყავთ და ამით მათი აზრით სპორტის სიყვარულს უნერგავენ. ეს ცხადია ერთი შეხედვით ძალზედ კარგი ტრადიციაა და სასურველია რაც შეიძლება ბევრმა მშობელმა ატაროს შვილი სპორტულ ღონისძიებებზე, თუმცა როგორც ფსიქოლოგები და სპორტის ექსპერტები ამბობენ,  ეს სასურველია მოხდეს ბავშვის სურვილით და არა მშობლის ახირებით და უარესი – ძალდატანებით.

სამწუხაროდ, ხშირია შემთხევები, როდესაც ბევრი მამა უბრალოდ ვერ ეგუება იმას, რომ მის შვილს მაგალითად ფეხბურთი მცირე ასაკიდანვე არ აინტერესებს და ბავშვს აიძულებს, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ წაჰყვეს სტადიონზე და მიიღოს მონაწილეობა იმაში, რაც მოზარდისთვის იმ კონკრეტულ მომენტში მიუღებელია. რატომღაც ითვლება, რომ ბავშვისთვის, განსაკუთრფებით კი ბიჭისთვის სპორტის რომელიმე სახეობით დაინტერესება ოჯახის ღირსების საქმეა და ზოგ მშობელს სხვაგვარად უბრალოდ ვერ წამოუდგენეია.

მაგალითად, ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა ევროპის ერთა ლიგის მატჩზე, რომელიც საქართველოსა და ლატვიის ნაკრებთა შორის გაიმართა. ამ თამაშზე მისული ქომაგები მეტად საზარელი სცენის მომსწრენი გავხდით, როდესაც ფეხბურთზე აშკარად ძალით წაყვანილმა ათიოდე წლის ბიჭუნამ ხმამაღლა გააპროტესტა მისი სტადიონზე ყოფნა და მამას თხოვა სახლში გაეშვა. ამას მამის მხრიდან ყოვლად სამარცხვინო რეაქცია მოჰყვა. მამა შვილს მთელი ხმით უყვროდა, ამცირებდა და უშვერი სიტყვებით ლანძღავდა. ბოლოს ატირებული ბიჭუნა მამამ აიძულა მთელი მატჩის მანძილზე ტრიბუნაზე ხმისამოუღებლად მჯდარიყო და უხმოდ ეღვარღვარებინა ცრემლები.

მამის ასეთი უგვანო საქციელი ეროვნული სატადიონის ტრიბუნებზე შეკრებილმა რამდენიმე ქომაგმა გააპროტესტა და მათ აგრესიულ მამას მოუწოდეს შვილისთვის შეურაცხყოფის მიყენებისგან და მთელი ხმით ყვირილისთვის თავი დაენებებინა. მაგრამ მოხდა ისე, როგორც სამწუხაროდ ხშირად ხდება ხოლმე. ქომაგთა შორის გამოჩნდნენ სხვა ადამიანები, რომლებმაც მამა გაამართლეს და მათ “არამკითხეებს“ მიუწოდეს  “სხვისი ოჯახის საქმეებში ჩარევისაგან თავი შეეკავებინათ“. საბოლოოდ მოხდა ისე, რომ ბავშვს ფეხბურთი არამხოლოდ მამამ, მისთვის სრულიად უცნობმა ადამიანებმაც ძალიათ აყურებინეს და რაც ყველაზე ცუდია, ბევრმა გაამართლა არასრულწლოვანის მიმართ ასეთი საშინელი ძალადობა.

ასეთი დამოკიდებულებები გარდა იმისა, რომ არასწორი და ყოველმხრივ გაუმართლებელია, ასევე ძალიან აზარალებს თავად ფეხბურთს, რომელიც თავისი არსით მხოლოდ თანასწორობას, ფეირ-პლეის და შესაძლებლობების სწორად გამოყენებას ემსახურება. სხვათა დაძალებით “შექნილი“ ფსევდოქომაგი სპორტისათვის ისეთივე ცუდი მოვლენაა, როგორც იმის მტკიცება, რომ სპორტულ ცხოვრებას არ სჭირდება პოპულარიზაცია. აქედან მივდივართ ცხოვრებაშიც და სპორტშიც აუცილებელ მთავარ ღირებულებამდე- არჩევანის თავისუფლებამდე. სამწუხაროდ ამ კუთხით ჩვენს ქვეყანაში ძალზედ მძიმე ვითარებაა.

აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ საქართველოში ასევე არსებობენ პედაგოგები, რომლებსაც საკუთარი ინიციატივითა და ზოგჯერ საკუთარი სახსრებითაც კი, მოსწავლეები სტადიონებზე დაჰყავთ და ბევრი ადამიანი უკვე დიდობაში ძალიან კარგად იხსენებს ამბებს, რომლებიც დიდ სპორტთან მათ პირველად შეხებას უკავშირდება. ამ დროს,  ზოგს ხშირად ავიწყდება, რომ სპორტი ნებაყოფლობითია და ნაძალადევად სტადიონზე სიარულით შესაძლოა ბავშმა არამხოლოდ სპორტის რომელიმე სახეობისადმი ინტერესი დაკარგოს, არამედ ზოგადად სპორტი შესძულდეს. კარგი და დადებითი ინიციატივები საშური საქმეა და განსაკუთრებით სასიხარულოა, როდესაც ასეთ ინიციატივებს პედაგოგები იჩენენ, მაგრამ ეს ყველაფერი არც ერთი ბავშვის იძულებად არ ღირს. იძულება სპორტს ყველაზე ნაკლებად უხდება!

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი