პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მასწავლებლის ოქროს გასაღები

სკოლის მოგონებათაგან ბევრი დავივიწყე. ზოგი ისეთი იყო გასახსენებლადაც კი არ ღირდა. ახლა უკვე იმაზე ვფიქრობ რა დამამახსოვრდა კარგად, ვინ იყო ჩემი გამორჩეული მასწავლებელი, რა ვისწავლე მათგან.

 



სკოლა, თითქმის ტყეში იყო, მდინარესთან ახლოს. სად იყო ეს სკოლა, ამას არ გავამხელ და საიდუმლოდ დავიტოვებ. იქ თითქმის სულ წვიმდა, სკოლის პირდაპირ ფსიქიატრიული საავადმყოფოს შენობა იდგა. ახლაც დგას. ცოტა სევდიან ამბავს ჰგავს. მაგრამ არაფერი მსგავსი. საკლასო ოთახში რუხი ფერებია, ფანჯრიდან დიდი ხეები ჩანს, ტოტები და ფოთლები მზის სხივების შემოღწევას ხელს უშლის. ხეებს იქით მდინარეა. გარეთ უამრავი ფიჩხი ყრია. ალბათ შემოდგომის პირია, ან დასასრული, თუ სწორად ვიხსენებ. იქ ასეთ დროს უკვე კარგად ცივა. ირგვლივ, ყველგან წებოვანი სინესტეა. მე მომწონს ასეთი ადგილები. გაკვეთილზე განსაკუთრებული არაფერი ხდება. ქართულის გაკვეთილია და შესაბამის პროგრამას გავდივართ. ჯგუფში სამი მოსწავლე ვართ – მე, ერთი გოგო და ერთი ბიჭი, სამივე მასწავლებლის წინ ვხსედვართ და ყურადღებით ვუსმენთ. შემდეგ, კახა ამბობს, რომ ღუმელში ცეცხლი ქრება და ეზოში გადის, მდინარესთან ახლოს ფიჩხს აგროვებს და ოთახში შემოაქვს. ღუმელი გუგუნებს. ჩვენი მასწავლებელი კი გვიყვება ამბავს, რა ხშირად სტუმრობდნენ მის ოჯახს გიორგი ლეონიძე და სხვა მწერლები ფშავში, გვიყვება მამაზე, იქაურ ცხოვრებაზე, მეურნეობაზე, თექის დამუშავებაზე.


სხვა გაკვეთილებზე ხმაურია. ქართულის გაკვეთილზე მშვიდად ვზივართ, არ ვებრძვით არც ერთმანეთს და არც მასწავლებელს, არც ხელის გულები გვიოფლიანდება. ეს მაშინ ხდება, როცა მათემატიკური ფორმულების გამოყვანას ვერ ვახერხებთ. ამ გაკვეთილზე სხვანაირი ნდობა და ურთიერთპატივისცემაა, ეს ყველაფერი თავიდანვე, ძალდაუტანებლად გაჩნდა. ჩვენ ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს ისეთი, რომ შემდეგ გვენანა. არც საიდუმლო გაგვიმხელია, უბრალოდ ჩვენმა მასწავლებელმა გადაწყვიტა თავისი ამბები მოეყოლა ჩვენთვის და ჩვენც მოვინუსხეთ, მისი კეთილი გავლენის ქვეშ მოვექეცით, მის მიმართ უნებლიეთ მოვიდა შინაგანი პატივისცემა, ისე, რომ ჩვენი თავისუფლება ერთი წუთითაც არ შეზღუდულა, პირიქით, უფრო თავისუფლები გავხდით.

ამ პოსტში მინდა ვისაუბრო ნდობაზე და ორმხრივ პატივისცემაზე მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის.

რა არის მასწავლებლის მოსწავლესთან ურთიერთობის გასაღები? როგორ შეუძლია მას შეცვალოს მოსწავლის ცხოვრება, ახალი გზები დაანახოს და მისი ქცევის ფორმირებას ხელი შეუწყოს. როგორ, შეიძლება იმეგობროს მასთან? როგორ, შეიძლება ურთიერთობის ნდობაზე დაფუძნება? რადგან მასწავლებლობა ყველაზე საპასუხისმგებლო და რთულ საქმედ მეჩვენება და არც ის მინდა, არაკომპეტენტური დასკვნები გავაკეთო და არც მზა პასუხები მაქვს კითხვებზე, ამის მიუხედავად ინტუიციით ვხვდები, რომ მასწავლებელი, რომელიც ახერხებს განაწყოს კლასი მის მიმართ პატივისცემითა და სიყვარულით, მას ყველაფერი გამოუვა. მასწავლებელი, რომელიც ცდილობს არ ჩაკლას ინდივიდუალიზმი და წაახალისოს მოსწავლეების შემოქმედებითი უნარები, არ მოაქციოს ისინი სტანდარტულ ყალიბში, არამედ პირიქით, გასაქანი მისცეს მათ თავისუფლებას და მათ განსაკუთრებულ ხასიათს, მოსწავლეებისგანაც იგრძნობს რეალურ უკუკავშირს.

ერთ ამბავს მოვყვები, მართალია მე არ გადამხდენია, მაგრამ ერთი მოსწავლე გოგონას ბლოგზე ამოვიკითხე. ის წერს, როგორ შესძულდა რაღაც პერიოდის განმავლობაში ვაჟა-ფშაველა, რადგან მასწავლებელი აიძულებდა, ვაჟას სტილში ეწერათ თემები. თხზულებაში გამოეყენებინათ სიტყვები “მრუმე”, “თვალებბარჩხალა მზე”, გოგონა არ ემორჩილებოდა ამ წესს და თემას ისევ თავისი სიტყვებით წერდა. გასწორებულ ნაშრომში კი თავის სიტყვებს წითლად ჰქონდა ხაზი გასმული და ისევ “თვალებბარჩხალა მზე” ეწერა და ა.შ ბლოგის ბოლოს, კი განაწყენებული მასწავლებლის კომენტარია მოსწავლის მიმართ : „ნუ არაამქვეყნიურობ”, „პუნქტუაციურ და ორთოგრაფიულ შეცდომებს მიხედე, რითაც დედასაც არცხვენ და საკუთარ თავსაც”.

მიუხედავად ასაკისა, ჩვენ ყველანი სრულფასოვანი ადამიანები ვართ ჩვენი ღირსებებით და შეცდომებით. ჩვენი შეცდომები ჩვენი პირადი პასუხისმგებლობაა და მასზე ვალდებულების აღება არც ოჯახს და არც ნათესავებს არ ეკისრებათ. და როცა ისევ ოჯახის და დედის შერცხვენაზე ვკითხულობდი, ერთი საბჭოთა გადმონაშთი გამახსენდა – სტენდი, სადაც გამოკრული იყო თანამშრომელთა ფოტოები – “ვინ გვარცხვენს” და “ვინ გვასახელებს”. როგორ განისჯებოდნენ ადამიანები საჯაროდ სხვადასხვა მორალისტების მიერ თავიანთი პატარა შეცდომების გამო და როგორ ხდებოდა მათი ჩარჩოებში მომწყვდევა, მათი პიროვნულობის უგულებელყოფა. ასეთი მიდგომა თავიდანვე გამორიცხავს ნდობას და პატივისცემას ორ ადამიანს შორის.

ჩემი ქართულის მასწავლებელი კი სექტემბრიდან ალბათ ისევ მოკრძალებული ღიმილით გაუღიმებს თავის მოსწავლეებს, გიორგი ლეონიძის და სხვა მწერლების სტუმრობაზე მოუყვება და ნდობის უხილავ ძაფებს გააბამს ფშავის ერთ უბრალო საჯარო სკოლაში. თავისუფალ დროს კი თექაზე იმუშავებს და დაქარგავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი