პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

კლასის ხელმძღვანელის როლი თანამედროვე სკოლაში

ძნელად იპოვით ადამიანს, რომელიც ბავშვობაზე საუბრისას სკოლას, იქ გატარებულ წლებს და საყვარელ მასწავლებელს არ გაიხსენებს, მასწავლებელს, რომელთანაც დაკავშირებულია ურთიერთობის სასიხარულო წუთები, რომელიც ყოველთვის მზად არის, დაეხმაროს მოსწავლეებს პიროვნული და ურთიერთობის პრობლემების გადაწყვეტაში, ცხოვრების გზის არჩევაში, მასწავლებელს, რომელსაც ბავშვი უსიტყვოდ ენდობა და ყველა საიდუმლოს უმჟღავნებს. ასეთი მასწავლებელი უმეტესად კლასის ხელმძღვანელია. თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, ის ნამდვილად ყველაზე ახლოს დგას ბავშვთან.

სკოლის მთავარი სტრუქტურული ელემენტი კლასია. სწორედ აქ ხდება შემეცნებითი საქმიანობის ორგანიზება, ყალიბდება სოციალური დამოკიდებულებები მოსწავლეებს შორის, იქმნება ემოციური ატმოსფერო, ფსიქოლოგიური კლიმატი, რომელიც თავისებურ გავლენას ახდენს მოსწავლეთა ქცევასა და სწავლაზე. კლასში არსებულ მდგომარეობაზე მთელი პასუხისმგებლობა კლასის ხელმძღვანელს აკისრია. ის სასწავლო-პედაგოგიური პროცესის მთავარი ორგანიზატორია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სკოლის ცხოვრებაში. სწორედ მას ეკისრება უდიდესი როლი მოსწავლის პიროვნების ჩამოყალიბებაში, მისი შემოქმედებითი და ინტელექტუალური  პოტენციალის გამოვლენასა და რეალიზებაში, ბავშვთა უფლებებისა და ინტერესების დაცვაში. შეიძლება, თამამად ითქვას, რომ თუ კლასის ხელმძღვანელი თავის საქმიანობას სწორად და კეთილსინდისიერად წარმართავს, უფრო მეტი ეცოდინება ბავშვის შესახებ, ვიდრე მის მშობელს. უფრო მეტიც: ბევრი ბავშვისთვის კლასის ხელმძღვანელი უფრო ახლობელი ხდება, ვიდრე მშობელი.

 

კლასის ხელმძღვანელის ძირითადი ფუნქციები თანამედროვე სკოლაში:

  • მოსწავლეთა აღზრდა. აღმზრდელობით ფუნქციებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ყველა პედაგოგი ასრულებს, თუმცა აღმზრდელობით მუშაობაში წამყვანი როლი კლასის ხელმძღვანელს ეკისრება. მისი მუშაობის წარმატებაზეა დამოკიდებული მოსწავლეთა აღზრდის დონე და პიროვნებათაშორისი ურთიერთობები ჯგუფში;
  • ხელსაყრელი ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური პირობების შექმნა ბავშვის ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი განვითარებისთვის;
  • თითოეული ბავშვის განვითარების თავისებურებების, ჯანმრთელობის მდგომარეობის და ემოციური თავისებურებების შესწავლა;
  • ბავშვის ინტერესების, მიდრეკილებების, უნარების, შესაძლებლობების გარკვევა და მისთვის ისეთი საქმიანობის შეთავაზება, რომელშიც ის მაქსიმალურად გამოავლენს თავის შესაძლებლობებს და წარმატებას მიაღწევს;
  • თითოეული აღსაზრდელისთვის ხელსაყრელი ატმოსფეროსა და მორალურ-ფსიქოლოგიური კლიმატის შექმნა კლასში;
  • მოსწავლეების დახმარება იმ პრობლემების მოგვარებაში, რომლებიც იჩენს თავს პედაგოგებთან, თანატოლებთან, მშობლებთან დამოკიდებულებაში;
  • ბავშვის დახმარება ჯგუფის წევრებთან ადაპტირებასა და მათი მხრიდან აღიარების მოპოვებაში, ჯგუფში სასურველი ადგილის დამკვიდრებაში;
  • მოსწავლეთა თვითაღზრდის, თვითგანვითარების, თვითრეალიზაციისა და საზოგადოებაში წარმატებით სოციალიზაციის ხელშეწყობა. სკოლის ფსიქოლოგთან ერთად მათი ფსიქოლოგიური განათლების ორგანიზება;
  • სასწავლო საქმიანობაში წარმოშობილი პრობლემების დაძლევაში მოზარდთა დახმარება;
  • საჭიროების შემთხვევაში სხვა მასწავლებლების გაკვეთილებზე დასწრება, მოსწავლეთა ქცევაზე დაკვირვება და პედაგოგებთან თანამშრომლობა. ასეთი თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია კლასში აღმზრდელობითი პროცესის შედეგიანად წარმართვა. კლასის ხელმძღვანელი ვერ იმოქმედებს იზოლირებულად და ვერ გაუძღვება აღმზრდელობით პროცესს მარტო, კლასში შემსვლელ პედაგოგებსა და მშობლებთან თანამშრომლობის გარეშე;
  • მოსწავლეთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • მშობელთა ჯგუფური და ინდივიდუალური კონსულტირება, მათი როგორც სკოლის სოციალური დამკვეთების ჩართვა სასკოლო ცხოვრებასა და იქ მიმდინარე სასწავლო-აღმზრდელობით  მუშაობაში. ბავშვის ინდივიდუალურობა თავდაპირველად ოჯახში ყალიბდება. არ შეიძლება, სკოლაში აღმზრდელობითი მუშაობა აიგოს მოსწავლის განვითარების ამ ფაქტორის გაუთვალისწინებლად. თავისი სტატუსით კლასის ხელმძღვანელი სკოლის ძირითადი სუბიექტია, რომელიც აღმზრდელობითი მუშაობის პროცესში თანამშრომლობს მოსწავლეთა მშობლებთან; მას განსაკუთრებული როლი აკისრია მოსწავლეების მშობელთა პედაგოგიური კულტურის ამაღლებაში, სკოლისა და ოჯახის აღმზრდელობითი საქმიანობის ერთიანობის მიღწევაში. ის აყალიბებს სკოლისა და ოჯახის ურთიერთობის ძირითად სტრატეგიას მოსწავლის პიროვნების აღზრდის პროცესში;
  • მოსწავლის სასწავლო მოტივაციის გაძლიერება მისი ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით;
  • ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც დაეხმარება ბავშვს იმ ფსიქოსოციალური მოთხოვნილებების რეალიზებაში, რომლებიც ადამიანის მოტივაციური სფეროს საფუძველია. იმისთვის, რომ ბავშვი წარმატებული გახდეს, მას უნდა სურდეს წარმატება, მიისწრაფოდეს მისკენ, კმაყოფილებას პოულობდეს წარმატებაში. აღზრდისა და აღმზრდელის მთავარი ამოცანაა მოსწავლის არა გონების, კუნთებისა და ფიზიკური უნარების, არამედ მოტივაციური სფეროს განვითარება, ანუ გაღვივება მაღალი ზნეობის ადამიანად ყოფნის სურვილისა, მისწრაფებისა, რომელიც განმტკიცებული იქნება გონებით და გრძნობით;
  • კლასში ყველა იმ საქმიანობის ორგანიზება, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ყოველმხრივ განვითარებას, მათ პიროვნებად ჩამოყალიბებას, ჯგუფის წევრთა ჰარმონიულ თანაარსებობას;
  • სასწავლო-პედაგოგიური პროცესის ყველა მონაწილის (პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები) პოზიტიური ურთიერთობის კოორდინაციის უზრუნველყოფა;
  • მოსწავლეთა პიროვნებისა და მოსწავლეთა ჯგუფების განვითარების დინამიკის კონტროლი და მართვა;
  • მოსწავლეთა ყოველდღიური საქმიანობის პროგნოზირება, ანალიზი, ორგანიზება და კონტროლი;
  • თითოეული ბავშვის შესაძლებლობების, ნიჭის მაქსიმალური გამოვლენა, მისი განუმეორებლობის შენარჩუნება; სულიერი, გონებრივი და ფიზიკური სრულყოფისთვის პირობების შექმნა.

ყოველივე ზემოთქმულიდან კარგად ჩანს, რა დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულება უწევს კლასის ხელმძღვანელს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მას ყოველდღიურად საკუთარი გაკვეთილებიც აქვს ჩასატარებელი. და თუ ამ ყველაფერს კლასის ხელმძღვანელი კეთილსინდისიერად შეასრულებს, მას იმდენი ენერგიის (როგორც ფიზიკურის, ასევე ფსიქოლოგიურის) დახარჯვა მოუწევს, რომ შესაძლოა, კარგა ხანს ვერ შეძლოს   მისი აღდგენა. ამდენად, იქნებ გამართლებული იყოს სკოლაში გათავისუფლებული კლასის ხელმძღვანელის შტატის შემოღება – ეს გაცილებით ხარისხიანს, ეფექტიანს და შედეგიანს გახდიდა მის მუშაობას. აღსანიშნავია, რომ ამის პრაქტიკა ცალკეულ სკოლებში უკვე არსებობს. კლასის ხელმძღვანელის მუშაობაზე რომ ბევრი რამ არის დამოკიდებული, ვფიქრობ, ზემოთქმულიდანაც კარგად ჩანს. იქ, სადაც კლასის ხელმძღვანელი კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობას, კლასი ნაკლებად პრობლემურია, პედაგოგები ხალისით ატარებენ გაკვეთილებს და შედეგებიც უკეთესი აქვთ. ხოლო თუ კლასის ხელმძღვანელის მუშაობაში ხარვეზებია, კლასი საკმაოდ რთულია, იქ მრავლად არიან მოსწავლეები სასწავლო და ქცევითი პრობლემებით; ბევრ მასწავლებელს არ სურს ასეთ კლასში გაკვეთილების ჩატარება, რადგანაც სასწავლო მიზანს ძნელად აღწევენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი