პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

თვითმკვლელ გმირთა გალერეა

კაცობრიობის მიერ შექმნილი ინტელექტუალური მემკვიდრეობა: რელიგია, ფილოსოფია, მითოსი და მხატვრული ლიტერატურა მუდმივად თავს დასტრიალებს ჰუმანისტურ პრინციპებს. უთუოდ უნდა დავეთანხმოთ ანთროპოლოგებს იმაში, რომ სამყაროს ცენტრი არის ადამიანი და ყველა მოაზროვნის გონება ადამიანის არსისა და დანიშნულების ძიებაშია. ამ ჰუმანისტურ მსოფლაღქმაზე ფიქრს კაცობრიობა ლოგიკურად მიჰყავს სამყაროს გამჩენი უნივერსალური ძალის ძიებამდე. უფლის ძიების გზა უმნიშვნელოვანესია ადამიანის ცნობიერებაში და, ვფიქრობ,  სწორედ ამ გზის ასახვაა უმთავრესი თემა ლიტერატურისა.

ჰუმანისტური პრობლემები კაცობრიობასავით ძველია და სხვადასხვა ეპოქის მწერლობა მათ განსხვავებულად ასახავს. Aადამიანური განცდები და პიროვნების შინაგანი სულიერი სამყარო მწერლის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ადამიანი მრავალსახოვანი არსებაა, მის სულში ბევრი რამ არის დაფარული, შეუცნობელი, მიღმიური, საიდუმლო და ქვეცნობიერი. თვითმკვლელობა ანუ სუიციდი უღმერთობის ყველაზე სასტიკი გამოვლინებაა. ეს არის უმძიმესი ფსიქოლოგიური დაცემა, რაც, ბუნებრივია, მწერალს განსაკუთრებულად აინტერესებს.

ქართულ მწერლობაში თვითმკვლელთა იშვიათ, მაგრამ უაღრესად საინტერესო, წინააღმდეგობებით აღსავსე პორტრეტებს ვხვდებით. პირველი თვითმკვლელი `ვეფხისტყაოსანში~ გვხვდება. დავარი ეპიზოდური პერსონაჟია, მაგრამ ძალზე საინტერესოა მისი სახე იმის გამო, რომ მასთან დაკავშირებულია ამ ალეგორიული და მისტიფიცირებული პოემის საიდუმლო.

ერთი შეხედვით დავარი შეიძლება მოგვეჩვენოს თავგანწირულ მამიდად, ერთგულ დად და ბრძენ აღმზრდელად, მაგრამ თუ ღრმად ჩავუკვირდებით ამ სახეს, ხელთ შეგვრჩება სრულიად საპირისპირო პერსონაჟი. პოემაში იდეოლოგიურად ერთმანეთს უპირისპირდება ორი სამეფო _ დიადი, კეთილშობილი ინდოეთი და ბნელი, სატანისეული ქაჯეთი. ლოგიკურია, რომ ქაჯთა ოცნება არის ინდოეთის დამხობა და ბოლოს კიდევაც ქაჯეთიდან გამოსახსნელი გახდება ინდოეთის მომავალი მეფე. დავარი ინდოეთის კარზე ქაჯთა ბოროტი მისიის შემსრულებელი იყო. დავარის თვითმკვლელობა არის სატანის ადეპტის ლოგიკური აღსასრული, მან შეასრულა თავისი `დიადი~ მისია (ქაჯებს გადასცა ნესტანი) და ამას შეეწირა კიდეც, მასში თვითგანადგურების გველურმა ინსტინქტმა იმუშავა. ამ თემაზე ჟურნალ „მასწავლებელში“ გამოქვეყნდა ჩემი სტატია სახე-სიმბოლოს დეკოდირება მხატვრულ ტექსტში და დავარ ქაჯის საიდუმლო „ვეფხისტყაოსანში“, სადაც ვცადე დავარ ქაჯის მხატვრული სახის ახლებურად წაკითხვა.

გამორჩეულია ჰაჯი-უსუბის სახე აკაკის `გამზრდელიდან~. პოემის ფინალში გამოჩენილი მოძღვარი ნაწარმოების უმთავრესი პერსონაჟია. Eეს პოემა ახალგაზრდა აკაკიმ თავის პედაგოგებს მიუძღვნა და ეპიგრაფითაც ხაზი გაუსვა პოემის მთავარ იდეას _ გამზრდელის პასუხისმგებლობას.

ჰაჯი-უსუბმა გაზარდა ყაბარდოში ყველა კაი გვარიშვილი. იგი ყოვლისმცოდნე ბრძენია, ყველას მოძღვარი და ჭკუის დამრიგებელი, რომელმაც გაზრდილის ცოდვა საკუთარ თავს არ აპატია და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ბათუმ საფარ-ბეგი დაინდო, არ მოკლა, მაგრამ სამუდამო სინდისის ქენჯნისთვის გაწირა, თან სთხოვა, რომ გამზრდელისთვის მოეყოლა შეცოდება და დააბარა, პასუხს მისგან მოველიო. ჰაჯი-უსუბმა ყურადღებით მოისმინა ყველაფერი, `სიდიადე ამ მუხთლობის თვალწინ გაისიგრძეგანა~, მაგრამ თავი არ გაიმართლა აკაკის ცნობილი და სამართლიანი არგუმენტით: `მაგრამ მარტო წვრთნა რას უზამს, თუ ბუნებამც არ უშველა?~  მოძღვრის თვითმკვლელობით საფარ-ბეგიც მკაცრად დაისაჯა. ზია-ხანუმის ანუ სატანის თანაზიარი ქალის სიყვარულით შეპყრობილი საფარ-ბეგის მიერ ბათუსა და ნაზიბროლასთვის მიყენებული ტკივილი და შემდეგ გამზრდელის თვითმკვლელობა ამ ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე არ მოასვენებს.

იშვიათი ღირსებითა და სულიერი სიმაღლით გამოირჩევიან ყაზბეგის მოთხრობების პერსონაჟებიც. მოხევეები გულწრფელი, ალალმართალი, სუფთა, კეთილშობილი ადამიანები არიან, სიყვარულის უმაღლესი ნიჭით დაჯილდოებულნი. ხევისბერი გოჩა ზნეობრივი მაგალითია მთელი ხევისთვის, სპეტაკი, ნათელი, ბრძენი, ნამდვილი მოძღვარი, კუთხის ლიდერი და წინამძღოლი. ონისე მისი თვალის ჩინია, მამის მზე, მამის სიამაყე, მაგრამ სამშობლოს წინაშე ერთგულების და სამართლიანობის პრინციპები გოჩასთვის მამობრივ სიყვარულზეც პრიორიტეტულია. გოჩამ იცის, რომ მისი შვილი უღირს საქციელს არ ჩაიდენს, რადგან მამა მას ამ მორალით ზრდიდა: `გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ! ვინძლო ქვეყანა არ გააცინო! კაცი ტანჯვისთვის არის გაჩენილი!~ ხევისბერი რამდენადაც ლმობიერი და მოწყალეა თანამემამულეთა მიმართ, იმდენად დაუნდობელი და შეუბრალებელია სამშობლოს მტრებისადმი, რადგან სამშობლოს ღალატის პატიება შეუძლებელია. თემმაც გაიცნობიერა და გოჩაც მიხვდა, რომ ონისეს დანაშაული კი არ ჩაუდენია, არამედ სიყვარულისა და ახალგაზრდული გამოუცდელობის გამო  უნებლიე შეცდომა დაუშვა, მაგრამ გოჩა უსაყვარლესი შვილისადმი უმკაცრესია. თემი ონისეს შეწყალებას მოითხოვს, მაგრამ გოჩა შვილს საკუთარი ხელით გამოუტანს სასიკვდილო განაჩენს. ამ საზარელმა აქტმა გოჩა სულიერად დასცა და გაანადგურა, იგი ჭკუაზე შეცდა, ტყეში შეხიზნული მუდამ შვილს ეძახდა, ერთ ზამთარს კი თოვლიან ხევში ჩაიჩუმქრა. ეს არ ყოფილა თვითმკვლელობა პირდაპირი გაგებით, მაგრამ უსაყვარლესი შვილის მკვლელობა სუიციდის თავისებურ აქტად შეიძლება მივიჩნიოთ. ამით მან საკუთარ თავსაც გამოუტანა განაჩენი.

ნიკო ლორთქიფანიძის ნოველებში გმირთა პორტრეტები მოქნილი,  სხარტი, დანაწევრებული ფრაზებითა და იმპრესიონიზმისთვის დამახასიათებელი ეფექტური შტრიხებით იქმნება. `ტრაგედია უგმიროთ~ მცირე მოცულობის ნოველაა, სადაც ანტიგმირი თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს მის გარშემო საყოველთაოდ გამეფებული შიმშილისა და სიღატაკის გამო, იმის გამო, რომ შიმშილის ცხოველურმა ინსტინქტმა მასში ადამიანი ჩაკლა. ამ ნოველის მთავარი გმირი არის არა ეს უბედური, დაცემული ადამიანი, არამედ _ შიმშილი, ტოტალური, დაუნდობელი, ადამიანური ფსიქიკის დამანგრეველი შიმშილი, რომელიც თრგუნავს და ანადგურებს ადამიანურ ღირსებას, პიროვნებას მდაბიო ინსტინქტებით  ძლეულ პირუტყუვად აქცევს.

ნიკო ლორთქიფანიძის „თავსაფრიანი დედაკაცის“ გმირი თავისი ცხოვრების პირველ ეტაპზე საკმაო სიძლიერეს და ნებისყოფის სიმტკიცეს იჩენს, ადრე დაქვრივებული ბედს არ ეპუება და მძიმე შრომით ახერხებს ღირსეული ცხოვრების შექმნას, შვილებს მისცემს ყველაფერს, რაც მათ მატერიალური ცხოვრებისთვის ესაჭიროებათ, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს  უბრალო ადამიანი შვილების სწორ სულიერ ფორმირებას ვერ ახერხებს. ისინი უგრძნობელნი, უმადურნი და მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე ორიენტირებულნი არიან.

შვილებისთვის თავგანწირული დედა შეაძრწუნა ქალიშვილის გესლიანმა სიტყვებმა. მან უსიტყვოდ დატოვა ტანჯვა-წამებით ნაშენები ოჯახი და სრულიად უსაგნოდ, გაუცნობიერებლად ქალაქში სახეტიალოდ წავიდა. შვილებს ნამუსი იმით მოსწმინდა, რომ ბარათი გაუგზავნა, `სალოცავად წავედი და ნუღარ მეძებთო~. ისინიც დამშვიდდნენ. მათი გულგრილობა აღმაშფოთებელია! მართლაც სალოცავად, ტაძარში, მონაზვნობაში და ღვთის სამსახურში რომ წასულიყო თავსაფრიანი დედაკაცი, ის მართლაც ზნეობრივი გმირი იქნებოდა, ახალ გზას მიაგნებდა ცხოვრებაში, რისთვისაც მას არ ეყო სულიერი ძალები. იგი ქალაქში უმიზნოდ ხეტიალობდა. როცა ავარამ უთხრა: `დედი, რად იწამებ თავს? აჰა, მტკვარი და მისი ჯანიო!~ შეშფოთებულმა ქვრივმა მიუგო, `ჩემი ხელით სული როგორ წავიწყმიდოო?!~, მაგრამ ამ სულის წაწყმედას იგი მაინც ვერ ასცდა. ქალი ვერც კი აცნობიერებდა საკუთარ ხვედრს. ზამთარში პოლიციამ მისი გაყინული ცხედარი ვაკის ჩიხში იპოვა. უდავოა, რომ დედაკაცის უკანასკნელი გზა თვითმკვლელობისკენ შეუცნობლად მიმავალი ბილიკია, რომელიც უეჭველად სასიკვდილო აღსასრულით უნდა დამთავრებულიყო.

ამ გმირთა გალერეას ჭეშმარიტად ამშვენებს ლეო ქიაჩელის მიერ უდიდესი მხატვრული ოსტატობითა და ღრმა ფსიქოლოგიური ჭვრეტით შექმნილი პორტრეტი ჰაკი აძბასი. ამ ვრცელ მოთხრობაში ცოცხლდება XX საუკუნის დასაწყისის აფხაზეთის კოლორიტი, სოხუმის ყოფის უაღრესად ცოცხალი და მეტყველი სურათები, წინააღმდეგობებით აღსავსე, სისხლიანი ეპოქა, რომელმაც ქალაქები და ადამიანები დიდ გაუგებრობაში გახვია და თავგზა აუბნია ყველას.

`სიცოცხლე იმიტომ მომიცია შენთვის, რომ უჯუშს შესწირო იგი!~ _ ასეთი კატეგორიული იყო ჰაკის მამის ანდერძი და დამჯერი შვილიც მთელი არსებით ასრულებდა მას, ადამიანური ღირსების შემლახველსა და დამამცირებელს, ძუძუმტეობის ტრადიციით შთაგონებულს, მაგრამ სოციალური უთანასწორობის დაღით აღბეჭდილს.  უჯუში თავკერძა და პირქუში კაცი იყო. ჰაკი მხოლოდ მაშინ გაახსენდებოდა, როცა განსაცდელში ჩავარდებოდა, ხოლო განცხრომისა და ბედნიერების ჟამს არც ახსოვდა თავგანწირული ძუძუმტე. ჰაკისთვის კი უჯუში ყველაფერი იყო, ცხოვრების აზრი და იდეალი, კერპი და ბომონი, რომელსაც თვალის დაუხამხამებლად უნდა შესწირვოდა, თან ჩაჰყოლოდა საფლავში, ჭირსა და უბედურებაში. ჰაკი გარეგნულადაც ცხოველს ჰგავდა, ჩია, ტანმორჩილი, თავგადაპარსული და წვეროსანი, ცქვიტი, მარდი, ცოცხალი, თვალები ფოცხვერივით უელავდა, კიდურებიც ცხოველივით მოქნილი ჰქონდა, მუდამ შემართული იყო ხატად ქცეული თავადიშვილის დასაცავად. მაშინათვე გაჩნდებოდა იქ, სადაც უჯუშ ემხას შესაძლო განსაცდელი ელოდა.

უჯუშის მიერ ჩადენილი მკვლელობა ჰაკიმ დაუფიქრებლად აიღო საკუთარ თავზე. უვიცი და უსწავლელი კაცი ფილოსოფოსადაც კი იქცა და გულქვა წითელარმიელი კაპიტნის _ კუზმა კილგას წინაშე რევოლუციისთვის `ერთი-ორი კაცის შემომატების~ თეორიაც კი ჩამოაყალიბა. მან ყველა ღონე იხმარა უჯუშის გადასარჩენად, მაგრამ ვერაფერს გახდა და როცა მისი კერპის დახვრეტილი ცხედარი ზღვაში გადაუშვეს, ისიც ზღვის უფსკრულებში გადაჰყვა მას. კუზმა კილგამ ხელი ჩაიქნია, მისგან ადამიანი მაინც არ გამოვიდოდაო. სასტიკი წითელარმიელი, ორსახოვანი იანუსი, სიკეთისა და ბოროტების ერთნაირად მატარებელი არ შემცდარა. მკითხველის დასკვნაც ალბათ ამდაგვარი იქნება. ჰაკის არსებაში პიროვნული ღირსება სრულიად ნიველირებულია, ის უჯუშის მონაა და ეს მახინჯი ფსიქოლოგია მას იმის გამო ჩაუნერგეს, რომ ამავე დროს სოციალური უთანასწორობის მსხვერპლია მისი ოჯახი. ძიძიშვილობა ორი ტოლფერი და სწორფერი ადამიანის ღირსეულ ურთიერთობას ნიშნავდა კავკასიური გაგებით, მაგრამ ქიაჩელის მოთხრობაში მოყვანილი მაგალითი ამ ამაღლებული ურთიერთობების პროფანაცია და დეგრადაციაა, მეორე მხარისთვის შეურაცხმყოფელი და ჰომო საპიენს-ის ცხოველური ინსტინქტებით შეპყრობილ არსებად მქცეველი. ჰაკის სული დასახიჩრებულია მახინჯი რწმენით, რომელიც უფლისეულ კანონებს ეწინააღმდეგება. ჰაკი უფლისგან დაშორებულია, მან ჭეშმარიტი ღმერთის ნაცვლად კერპად აირჩია მიწიერი, ცოდვილი ადამიანი და სწორედ ამას შეეწირა. მისი თვითმკვლელობა უღმერთობის უმოწყალო გამოვლინებაა. მისთვის სიცოცხლემ მართლაც დაკარგა აზრი და მისი ადგილი ალბათ მართლაც ზღვის ბინძურ სამეფოში ანუ ჯოჯოხეთშია.

უღმერთობის მსხვერპლია კოლონკელიძის პირმშვენიერი ასულიც. `დიდოსტატის მარჯვენის~ ავტორის ოსტატობა სწორედ იმაში ვლინდება, რომ იგი ხატავს წინააღმდეგობრივ გმირს, მთელი სისრულით, ყველა ადამიანური ზადითა და ღირსებით. ეს გმირი მკითხველს უსაზღვროდ უყვარს, იგი მშვენიერი და მომხიბვლელია, მაგრამ, სამწუხაროდ, _ უფლისგან განდგომილი, უნებისყოფო. შორენა სილამაზის და სიყვარულის სიმბოლოა, რომელსაც ყველა ეტრფის, მაგრამ მასში არის პიროვნული გაორებები, ურთიერთსაწინააღმდეგო იდეების ჭიდილმა გაბზარა მისი სული და დაცალა სასიცოცხლო ძალებისაგან. ეს სრულყოფილი და ამაღლებული, უმანკო არსება უნებურად ეროვნულ ინტერესებსაც უპირისპირდება და ქრისტიანობასაც, ხოლო სიყვარულის ტრაგიკულმა ფინალმა მას საბოლოოდ გამოაცალა სულიერი საყრდენი.

შორენა სულის სიღრმეში წარმართია, კვეტარასა და ქორსატეველაში გამეფებული იდეოლოგიის მიმდევარი. ქრისტიანობასთან მისი დაპირისპირება კი მაშინ იჩენს თავს, როცა მისი სატრფოს _ დიდოსტატ არსაკიძის გულში მეტოქე გაუჩნდება სვეტიცხოვლის დიადი ტაძრის სახით.

სვეტიცხოველი თუ შორენა? _ ეკითხებოდა არსაკიძე თავის წამებულ სულს, მაგრამ მისდაუნებურად აღმოჩნდა, რომ მას სული სვეტიცხოვლისთვის შეეწირა და უსაყვარლეს ქალს ვეღარ მისცა იგი სიკვდილის წინ. ყოველივე ეს შორენამაც შეიცნო. იგი თავისდაუნებურად დაუპირისპირდა სვეტიცხოველს _ ქართული ქრისტიანობის უკვდავ სიმბოლოს. ასევე უპირისპირდება იგი ქართულ ეროვნულ ინტერესებს, როცა პირადი მოტივების და ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მეფე გიორგის წინააღმდეგ ილაშქრებს. მეფე გიორგი ქართული სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა, პიროვნულად ცოდვილი, მაგრამ ერისთვის თავდადებული, ეროვნული იდეოლოგიის ამღორძინებელი და მიმდევარი. მან დაუნანებლად დასაჯა შორენას მოღალატე მამა. შორენა მეფის წინააღმდეგ შეთქმულებას გეგმავდა, მხოლოდ არსაკიძემ შეაჩერა იგი, მან შთააგონა მიჯნურს, რომ ეს ნაბიჯი ერის ღალატის ტოლფასი იყო.

სამშობლოს ინტერესებთან და ქრისტიანულ მრწამსთან დაპირისპირებული გმირისთვის სიყვარულის დაკარგვა და სატრფოს აღსასრულის შეტყობა იყო ის უკანასკნელი სასჯელი, რომელმაც საბოლოოდ დაწრიტა ცხოვრებისეული ძალებისგან და ლოგიკური გახდა მისი აღსასრულიც. ქერუბიმივით ნაზი ასული ქარაფიდან გადაფრინდა და თითქოს სამყაროს უსასრულობას ლეგენდად შეუერთდა. მისი თვითმკვლელობის მიზეზი უღმერთობა და უფლისკენ მიმავალი გზიდან განდგომაა.

კლასიკურ მწერლობაში ადგილდამკვიდრებული ლიტერატურული ნაწარმოების სიუჟეტი, დრო და სივრცე უნივერსალურია. იგი მკითხველის მეხსიერებაში მარადიულად ცოცხლობს და თითქოს მუდმივად მეორდება. მხატვრული ნაწარმოების ქრონოტოპი რეალური დრო-სივრცისგან განსხვავებულია. აქ დრო და სივრცე მითოლოგიზებულია, ანუ მარად განმეორებადი. ლიტერატურას მეცნიერები ისედაც `ახალ მითოსს~ უწოდებენ. პოპულარული ლიტერატურული გმირიც მითოსური ქტონური ღმერთივით მომაკვდავი და კვლავ აღდგენადი არსებაა, მისი ცხოვრების გზა და აღსასრული მკითხველთა თაობებთან ერთად სამყაროს განვითარების სპირალისებური პრინციპის მსგავსად მუდმივად თავიდან იწყება და სრულდება. Aამ თვალსაზრისით თვითმკვლელი გმირი გამორჩეულად საინტერესოა. იგი ბერძნულ-რომაული და შუამდინარული მოთოსის ქტონური ღმერთივით ყველა ეპოქაში იბადება და კვდება, ჯოჯოხეთად ჩადის და შემდეგ კვლავ აღდგება. თვითმკვლელ გმირთა სახეები ცხოვრებას გვასწავლიან. ადამიანი ღმერთმა ბრძოლისა და ქმედებისთვის გააჩინა და იგი ვალდებულია მიელტვოდეს სულიერ კათარზისს, წვრთნას, საკუთარი თავის გამოცდას. თვითმკვლელს, ქრისტიანული გაგებით, შენდობა არა აქვს და მისი ადგილი ჯოჯოხეთშია. ჩვენი კლასიკოსები გვაჩვენებენ თვითმკვლელობის სისასტიკეს, საიდანაც გამომდინარეობს შეგონება: თვითმკვლელობა სამყაროს შემოქმედი ღმერთის ნების წინააღმდეგ სვლაა და ადამიანმა, მიუხედავად ნებისმიერი მკაცრი ცხოვრებისეული გამოცდისა, ამგვარ დაცემაზე უარი უნდა თქვას.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი