პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

რეგისტრებისა და ოქტავების სისტემა

სამი რეგისტრი

ბგერების სიმაღლის გაცნობა და კლავიატურაზე ორიენტირება ბავშვისთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც წიგნის გადაშლა და ასოების ამოცნობა.

თუ დღევანდელი თემის არსში კარგად გარკვევა გვსურს, პიანინოს სახურავი ავხადოთ. შევამჩნევთ, რომ ეს კარგად ნაცნობი შავ-თეთრი კლავიშები ანუ ბგერათა რიგი კლავიატურაზე მკაცრი თანმიმდევრობით არის განლაგებული.

ჩვენგან მარცხნივ მდებარე კლავიშებს, სადაც დაბალი ბგერები ჟღერს, ქვედა რეგისტრი ეწოდება; მარჯვნივ მდებარეს (მაღალი ბგერები) – ზედა რეგისტრი, ხოლო ჩვენ წინ, ცენტრში განლაგებულს (საშუალო სიმაღლის ბგერები) – შუა რეგისტრი.

რეგისტრი არის მუსიკალური საკრავის ან სასიმღერო ხმის დიაპაზონის მონაკვეთი, რომლისთვისაც დამახასიათებელია განსაზღვრული სიმაღლე და ერთიანი ტემბრი. რეგისტრი გავლენას ახდენს მუსიკის ხასიათზე.

სკოლამდელი ასაკის ბავშვები ხატოვნად აზროვნებენ, წარმოსახვის უნარი კარგად აქვთ განვითარებული. გარე სამყაროს შეცნობა უწყვეტ კავშირშია საყვარელი ზღაპრებისა და სათამაშოების სამყაროში ჩაძირვასთან. როდესაც ბავშვი კლასში შეაბიჯებს, ეს კავშირი სრულად ჯერ კიდევ არ არის გაწყვეტილი. საყვარელ სათამაშოს შეუძლია, გაკვეთილი გამოაცოცხლოს და ბავშვს ახალი მასალის ათვისებაში დაეხმაროს. მაგალითად, რეგისტრების შესწავლის დროს მაღალ, საშუალო და დაბალ ბგერებს შორის განსხვავებას მოსწავლე უფრო სწრაფად აითვისებს, თუ ამ ბგერებით „გავახმოვანებთ“ დათვს, ცხვარს, ჩიტს.

თემის შესავალზე საუბრისას მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა აჩვენოს, როგორ არის მოწყობილი ფორტეპიანო; ყურადღება გაამახვილოს ხმების მრავალფეროვნებაზე, მაღალ, საშუალო და დაბალ რეგისტრებს შორის განსხვავებაზე. ამ დროს ბავშვი დაბალი ბგერების – დათვის ბურდღუნთან, ხოლო მაღალი ბგერების ჩიტების ჭიკჭიკთან ასოცირებას ახდენს. ამრიგად, ბავშვს არა მხოლოდ ესმის, არამედ ხედავს კიდეც. როდესაც მასწავლებლის ხელი ზევით მიემართება, ბავშვის წარმოდგენაში კლავიშები „წვრილ“, მსუბუქ, წკრიალა ხმას გამოსცემს, ხოლო ქვევით მოძრაობისას – „მსხვილ“, მსუყე, დაბალ ხმას. მაღალი და დაბალი „ხმები“ ანუ რეგისტრები მისთვის მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან.

რაც შეეხება შუა რეგისტრს (დაბალსა და მაღალს შორის განლაგებულ ბგერებს), ეს ბგერათა რიგის ის მონაკვეთია, რომელშიც ვსაუბრობთ და ვმღერით. ჩვენი ყურთასმენა ხომ „სასაუბრო“ ტალღაზე უფრო კარგადაა მომართული. მაგალითად, ბავშვს თუ ვთხოვთ, სცადოს კლავიატურის ზედა ან ქვედა კიდეში მდებარე კლავიშებზე თითის დაჭერისას გამოცემული ბგერების ხმით გამეორება, აღმოაჩენს, რომ მათი იმიტირება შეუძლებელია. ბუნებრივია, ისინი არ დაემთხვევა მისი ხმის დიაპაზონს. კლავიატურის შუა ნაწილში სიმღერა კი არ გაუჭირდება.

ბავშვის ხატოვანი წარმოდგენისთვის მუსიკალურ „სახელმწიფოში“ სამი რეგისტრი შეგვიძლია სამ მეზობელ ქალაქსაც შევადაროთ.

ედვარდ გრიგის „მთის მეფის გამოქვაბულში“ ადვილად ვამჩნევთ რეგისტრების ცვლას: დასაწყისში მუსიკა ყოველ რეგისტრში ცალ-ცალკე ჟღერს, შემდეგ რეგისტრები წყვილ-წყვილად ერთიანდება (ზედა-შუა, შუა-ქვედა), კულმინაციაში კი სამივე რეგისტრი ერთდროულად ისმის. ბგერის სიძლიერის ზრდასთან ერთად ტემპიც ჩქარდება.

ოქტავები

ახლა გადავიდეთ კლავიატურის უფრო დაწვრილებით და ზუსტ დაყოფაზე ოქტავებად.

ყველამ იცის, რომ მუსიკაში ბგერები ნოტებით აღინიშნება. ასევე ყველამ ვიცით მათი დასახელება: დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, მაგრამ ჩაწერის პრინციპებს, ეგრეთ წოდებულ ნოტაციას, ბევრი არ იცნობს.

მოგეხსნებათ, ნოტების ჩაწერა 5 ხაზზე ხდება, რომელსაც სანოტო სისტემას ვუწოდებთ. ამ სისტემაში ყოველ ნოტს თავისი კუთვნილი ადგილი აქვს, რომელიც არასდროს იცვლება. ნოტის მდებარეობა გასაღებსა და ოქტავაზეა დამოკიდებული.

ფორტეპიანოს კლავიატურა პირობითად დაყოფილია შვიდ სრულ და ორ არასრულ ოქტავად: სუბკონტროქტავა, კონტროქტავა, დიდი ოქტავა, პატარა ოქტავა, პირველი ოქტავა, მეორე ოქტავა, მესამე ოქტავა, მეოთხე ოქტავა და მეხუთე ოქტავა. ოქტავას, რომელიც კლავიატურის შუაში მდებარეობს „პირველი“ ეწოდება, ოქტავებს, რომლებიც პირველი ოქტავის ზევით ანუ მარჯვენა მხარეს განლაგდება – „მეორე“, „მესამე“, „მეოთხე“ და „მეხუთე“, ხოლო ოქტავებს, რომლებიც პირველი ოქტავის ქვევით ანუ მარცხენა მხარესაა განლაგებული – „პატარა“, „დიდი“, „კონტროქტავა“ და „სუბკონტროქტავა“.

შეგახსენებთ, რომ ოქტავების სისტემა არის ოქტავური მსგავსების პრინციპზე დაფუძნებული დაჯგუფებისა და მუსიკალური ბგერების აღნიშვნის ხერხი. უფრო მარტივად რომ ვთქვა, ოქტავა წარმოადგენს მუსიკალურ ინტერვალს (აღინიშნება ციფრ „8“-ით) დო-დან მომდევნო დო-მდე. ანუ მანძილს მოცემული ბგერიდან იმავე სახელის უახლოეს ბგერამდე ოქტავა ეწოდება. მაშასადამე, ოქტავა არის მანძილი ერთი და იმავე სახელწოდების ორ კლავიშს შორის. ოქტავა დიატონური ბგერათა რიგის მერვე საფეხურია. ოქტავა შეიძლება აიგოს ნებისმიერი ბგერიდან: რე-დან რე-მდე, მი-დან მი-მდე, ფა-დან ფა-მდე და ა.შ.

რეგისტრებისა და ოქტავების ურთიერთშეთავსება პირობითად ასე გამოიყურება: ქვედა ანუ ბანის რეგისტრში სუბკონტროქტავის, კონტროქტავისა და დიდი ოქტავის ბგერები შედის, შუა რეგისტრში – პატარა, პირველი და მეორე ოქტავის ბგერები, ხოლო ზედა რეგისტრი მესამე, მეოთხე და მეხუთე ოქტავებისგან შედგება (დაბალი, შუა და მაღალი რეგისტრები აქვს ნებისმიერ მუსიკალურ საკრავსა თუ ადამიანის ხმას).

კლავიატურა ქვედა რეგისტრიდან (სუბკონტროქტავა, კონტროქტავა, დიდი ოქტავა) იწყება. ამ რეგისტრში განლაგებული ბგერები სანოტო ჩანაწერში ბანის გასაღებით აღინიშნება, ხოლო შუა (პატარა, პირველი და მეორე ოქტავა) და ზედა რეგისტრების ბგერები (მესამე, მეოთხე და მეხუთე ოქტავები) – ვიოლინოს გასაღებით. სუბკონტროქტავა არასრულია და წარმოდგენილია სამი ბგერით: ლა, სი ბემოლი (ლა დიეზი), სი. მეხუთე ოქტავაც არასრულია, რომელშიც მხოლოდ ერთი ბგერაა – დო.

ასოებრივი ნოტაციის დროს ოქტავის ბგერებს შემდეგნაირად განვასხვავებთ:

დიდი ოქტავის ბგერები დიდი ასოებით აღინიშნება: C, D, E, F, G, A, H;

პატარა ოქტავის ბგერები – პატარა ასოებით: c, d, e, f, g, a, h.

პირველი ოქტავის ბგერებიც პატარა ასოებით იწერება, რომლებსაც ზედა მარჯვენა კუთხეში ემატება ციფრი 1.

უფრო ზევით მიმავალი მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ოქტავის ბგერებს შესაბამისი რიგითი ნომრები ემატება: 2, 3, 4, ან 5.

კონტროქტავისა და სუბკონტროქტავის ბგერები ყოველთვის დიდი ასოებით აღინიშნება და ქვედა მარჯვენა კუთხეში, შესაბამისად, ციფრი 1 ან 2 ემატება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი