პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ნუ შეგაშინებთ, შვილის სხვა სკოლაში გადაყვანა!

სასკოლო პრაქტიკაში საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც მოზარდს სერიოზული პრობლემები ექმნება როგორც აღმზრდელებთან, ასევე თანაკლასელებთან და მშობლებთან. თუ ბავშვის ასაკი 14-დან 15 წლამდე მერყეობს, მას საკმაო რესურსი აქვს, თავად გაუმკლავდეს წარმოქმნილ სირთულეს, მაგრამ როდესაც საუბარი დაწყებითი კლასის მოსწავლეზეა, ამ ასაკში ბავშვებს ძალიან უჭირთ სხვადასხვა ხასიათის გაუგებრობების დაძლევა, რომლებმაც შესაძლებელია მათ ფსიქიკაზე საკმაოდ უარყოფითი გავლენა იქონიონ. მოცემულ შემთხვევაში განსაკუთრებული როლი მასწავლებელს აკისრია. დაწყებითი კლასის მოსწავლისათვის ხომ მასწავლებელი, მშობლების შემდეგ ყველაზე პატივსაცემ და მისაბაძ ადამიანს წარმოადგენს. თუ მასწავლებელი ბავშვს საყვედურობს, ეს უკანასკნელი საკუთარ თავს უუნარო და უნიათო არსებად მიიჩნევს და თუ აღმზრდელი ბავშვს აქებს, მასში თვითდაჯერების, კმაყოფილებისა და სიხარულის გრძნობა ისადგურებს. 

საბოლოო ჯამში, მოზარდსა და მოზრდილებს შორის კონფლიქტის არსებობის შემთხვევისას, უმეტეს შემთხვევაში, დამნაშავენი მშობლები და მასწავლებლები არიან. მოსკოვის „განვითარებადი ფიზიოლოგიის ინსტიტუტის” დირექტორის მარიანა ბეზრუკის მოსაზრებით, „ყველაზე მწვავე კონფლიქტი ბავშვსა და გარემოს შორის, ეს მოზარდსა და მოზრდილს შორის გაუგებრობის სინდრომის ჩამოყალიბებაა. მასწავლებელს ვერ გაუგია, რატომ ვერ ისვენებს ბავშვი გაკვეთილზე, რატომ წრიალებს, რატომ ჰკრავს ქიმუნჯებს თანაკლასელებს და ამგვარ საქციელს ოჯახს და იქ არსებულ სიტუაციას აბრალებს. მშობლები, რა თქმა უნდა, პირიქით ფიქრობენ – სკოლიდან მოზარდი გაღიზიანებული და არაბუნებრივად დაღლილი ბრუნდება, მშობლების შეკითხვების ნაწილს საერთოდ თავს არიდებს, ნაწილს კი საკმაოდ უხეშად პასუხობს. მშობლების აზრით კი, დამნაშავე მასწავლებელია, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევს”. 

მოზარდსა და გარემოს შორის კონფლიქტების წარმოშობას უამრავი მიზეზი აქვს. იმ სიტუაციებზე, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება ამგვარ შემთხვევაში, ყურადღების გამახვილება ნამდვილად აუცილებელია. 

მაშ ასე, სიტუაცია 1-ლი: უკიდურესად ავტორიტარული აზროვნების მქონე პედაგოგისა და თავისუფლად, დამოუკიდებლად და ლაღად მოაზროვნე მოზარდის ურთიერთობა. ამგვარი ბავშვი მიჩვეულია საკუთარი მოსაზრების ხმამაღლა და დაუფარავად დაფიქსირებას, საკუთარი შეხედულებების გამოთქმას ამა თუ იმ საკითხზე. მოკლედ რომ ვთქვათ, თითქმის ჩამოყალიბებული ადამიანია. მას იოტისოდენა სურვილიც კი არ აქვს, იზუთხოს და იმეოროს მასწავლებლის მიერ შეთავაზებული შეხედულებები ამა თუ იმ ადამიანურ ღირებულებებზე. მას საკუთარი აზრი აქვს. ამგვარ ბავშვში კი ავტორიტარულად მოაზროვნე მასწავლებელი გარდაუვალ საფრთხეს ხედავს. ამგვარი ბავშვი მის ავტორიტეტს ემუქრება და აქიაქებს მას სხვა დანარჩენი მოსწავლეების თვალში. ბუნებრივია, ამგვარ შემთხვევაში კონფლიქტი მოსწავლესა და მასწავლებელს შორის გარდაუვალია.

კონფლიქტის წარმოშობის მეორე სიტუაცია მოზარდის მიერ მასწავლებლის დამცირების დაუოკებელ მისწრაფებაში მდგომარეობს. ბავშვს მასწავლებლის მუდმივი გაღიზიანება, გაკვეთილის ჩატარებაში ხელის შეშლა, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას უმიზეზო ხმაური მხოლოდ იმაში სჭირდება, რომ თანაკლასელების პატივისცემა მოიპოვოს, დაანახოს მათ, რომ ის სრულებით განსხვავებული, „კერკეტი კაკალია”, რომელსაც არც მასწავლებლის შიში აქვს და მის მუქარასა და დასჯასაც არად აგდებს. ამგვარი სიტუაციები მაშინ ვითარდება, როცა მასწავლებელს სუსტი ნებისყოფა აქვს და გამოუცდელია.

მოსწავლესა და მასწავლებელს შორის უთანხმოების მესამე მიზეზი ბავშვის აკადემიური მომზადების მაღალი დონეა. კერძოდ კი, როდესაც მოზარდისათვის უინტერესოა ის, რაზეც გაკვეთილზე პედაგოგი საუბრობს, ვინაიდან სახლის პირობებში ეს საკითხი მას უკვე კარგა ხნით ადრე აქვს შესწავლილი. ის მასწავლებლის მონათხრობზე კომენტარების კეთებას იწყებს. ხანდახან შენიშვნებსაც ჩაურთავს, რომლებიც მშობლებისგან აქვს გაგონილი. მასწავლებელი ცდილობს, დააოკოს ურჩი და განსწავლული მოწაფე, რადგანაც დანარჩენი მოსწავლეებისათვის აუცილებელია გაკვეთილის ახსნა, ეს უკანასკნელი კი აღმზრდელს მოსვენებას არ აძლევს და საკუთარი „ღრმა ცოდნის” გამოვლენით ხშირ შემთხვევაში სიტუაცია კონტროლიდან გამოჰყავს, რაც შესაბამისად გაკვეთილის ჩაშლით სრულდება. 

მოსწავლესა და აღმზრდელს შორის კონფლიქტის ესკალაციამ შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიღოს. მასწავლებელთან უთანხმოებაში შესული მოზარდი თავს ვერ სძლევს და მან შესაძლოა აგრესია უამრავი სხვადასხვა ფორმით გამოხატოს – ხშირ შემთხვევაში მოსწავლე სწავლისადმი ინტერესს სრულად კარგავს, არის დეპრესიის შემთხვევები და მოზარდის შინაგანი სამყარო ერთგვარ პროტესტს გამოხატავს ნებისმიერი მოზრდილის მოსაზრების მიმართ. სწორედ ამიტომ დაუშვებელია კონფლიქტის გაღრმავება.

სკოლაში შექმნილი სერიოზული პრობლემების პირველი სიმპტომი ბავშვის დამოკიდებულების რადიკალური ცვლილებებია. კერძოდ კი, მოსიყვარულე და ყურადღებიანი მოზარდი აგრესიული ხდება, გახსნილი ხასიათის მქონე ბავშვი – უჟმური და ჩაკეტილი. ამასთანავე ხშირად შეინიშნება მოზარდის მიერ „თავის მხრებში ჩარგვის” სიმპტომი. ბავშვი შიშით ხვდება ტელეფონის, სახლის კარზე დარეკილ თუ მაღვიძარას ზარს და საბოლოო ჯამში ნებისმიერ გარემო ხმაურზე რეაგირებს ისე, თითქოსდა მას ვინმე ცემით და ან რაიმე ფორმით დასჯით ემუქრებოდეს. 

ამასთანავე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეები ხშირ შემთხვევაში არაადეკვატურად აღიქვამენ მასწავლებლის შეფასებას. მათი მოსაზრებით, აღმზრდელმა უპირატესობა სხვა მოსწავლეს მიანიჭა მაშინ, როდესაც მან საუკეთესოდ იცოდა გაკვეთილი, ყველაზე პირველმა ასწია ხელი გაკვეთილის საპასუხოდ, მაგრამ მასწავლებელმა მისი თანაკლასელი გაიძახა. ეს და სხვა, ერთი შეხედვით უწყინარი შემთხვევები, საბოლოო ჯამში აყალიბებენ დასკვნას – „მასწავლებელს არ ვუყვარვარ და მუდმივად ჩემს დამცირებას ცდილობს”.

მშობლის უმთავრესი ამოცანა მოზარდის კომპლექსებისაგან გათავისუფლებასა და პრობლემების მოგვარებაში მდგომარეობს. ასევე მშობელმა შვილი პრობლემის ცივილური მეთოდებით მოგვარებას უნდა მიაჩვიოს. სწორედ ამაზეა დამოკიდებული ბავშვის ქცევის შემდგომი ჩამოყალიბება – როგორი დამოკიდებულება ექნება მას მომავალში მეზობლებთან, თანამშრომლებთან თუ მეგობრებთან. 

ზემოაღნიშნული პრობლემების მოგვარებისა პირველი ნაბიჯი გახლავთ ის, რომ აუცილებლად უნდა მოვუსმინოთ ბავშვს. ნებისმიერი ფსიქოლოგი გეტყვით, რომ მოსმენისას არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიწყოთ იმის განსჯა, რასაც ბავშვი გიამბობთ. ნუ შეაწყვეტინებთ ბავშვს თხრობას, თუნდაც მისი შეხედულებები აგრესიული და მწვავე იყოს. თავდაპირველად უთხარით მას, რომ თქვენთვის მისი პრობლემა ცნობილია. ბოლოს დააყოლეთ – „მაინტერესებს, თავად რას ფიქრობ ამ უთანხმოების შესახებ?” არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ ამგვარი ფორმულირება – „მასწავლებელი მართალია, შენ კი – არა!” ან „შენ არ გაქვს უფლება მოზრდილ ადამიანს ამგვარად ელაპარაკო!” უმჯობესია, ბავშვს უბრალოდ მოუსმინოთ, თანაგრძნობით დაუქნიოთ თავი. უნდა აგრძნობინოთ, რომ თქვენთვის მის აზრს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და მის გულახდილობას მისსავე საწინააღმდეგოდ არ გამოიყენებთ. სასურველია შიგადაშიგ ჩაურთოთ – „ხომ არ გეჩვენება?” „გასაგებია რომ ნაწყენი ხარ, მაგრამ მასწავლებელი ხომ ამ ყველაფერს სულ სხვა თვალით უყურებს”. როდესაც მოზარდი მიხვდება, რომ ეს საუბარი მის საწინააღმდეგოდ არ არის მიმართული, თქვენ არ ცდილობთ მის დადანაშაულებასა და გამტყუნებას, ის უფრო გულახდილი გახდება. თუმცა ასეთ შემთხვევაში ასევე უნდა ვერიდოთ მასწავლებლის როლის გაქიაქებას. არ უნდა გავლანძღოთ და გავამტყუნოთ მასწავლებელი მოზარდის თანდასწრებით.

პრობლემის მოსაგვარებლად დაუშვებელია მოზარდისთვის საკუთარი მოსაზრებების თავზე მოხვევა. უბრალოდ, მასთან ერთად შეეცადეთ იმსჯელოთ აღნიშნული პრობლემის გარშემო. თქვენი ამოცანაა, მოზარდს სხვადასხვა მხრიდან დაანახოთ წარმოქმნილი კონფლიქტი და უბრალოდ ჰკითხოთ მას – „როდის შეამჩნიე, რომ მასწავლებელს თვალში აღარ მოსდიხარ?” ნელა შეაპარეთ – „იქნებ მას ნერვები ეშლება, რომ შენ წყნარად ჯდომა არ შეგიძლია?” მთელი ამ საუბრის მთავარი დანიშნულება ისაა, მოზარდი მივახვედროთ, რომ კონფლიქტს ქმნის არა ის, რომ ის ვინმეს არ უყვარს და მისთვის უსიამოვნების მიყენება სურს, არამედ გაუგებრობა. მშობელმა რომც ვერ მიაგნოს არსებული სიტუაციიდან გამოსავალს, ზემოაღნიშნული საუბრის ჩატარება უკვე პროგრესია, ვინაიდან მოზარდი უკვე ხვდება, რომ აუცილებელია სიტუაციის გააზრება და საკუთარი თავის სხვის ადგილზე, ამ შემთხვევაში კი მასწავლებლის ადგილზე წარმოდგენა. 

მოზარდთან გასაუბრების შემდეგ ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია მშობლის ვიზიტი სკოლაში. თუ ბავშვის სურვილია, მისი პრობლემა კონფიდენციალურად დარჩეს, მშობელი ვალდებულია, მასწავლებელთან შესახვედრად გაკვეთილების შემდეგ მივიდეს. ამ შეხვედრისას აუცილებელია, მშობელმა სიმშვიდე შეინარჩუნოს და არ მოჰყვეს შვილის გამართლებას. მან ნეიტრალური პოზიცია უნდა აირჩიოს და წარმოქმნილ კონფლიქტში არც მასწავლებელი და არც საკუთარი შვილი არ უნდა დაადანაშაულოს. მან მასწავლებელისგან უნდა გაიგოს, რაში ადანაშაულებს ეს უკანასკნელი მის შვილს და რაში მდგომარეობს კონფლიქტის მთავარი მიზეზი.

იმ შემთხვევაში, თუ ვერც მოზარდთან და ვერც მის აღმზრდელთან საუბარი შედეგს ვერ გამოიღებს, სასწრაფოდ უნდა მივმართოთ ბავშვთა ფსიქოლოგს. ნუ შეგაშინებთ, თუ შვილის ერთი სკოლიდან სხვა სკოლაში გადაყვანა მოგიწევთ და არავითარ შემთხვევაში არ ვაიძულოთ პატარა და არ ვუთხრათ – „სულ რაღაც ნახევარი წელი დარჩა სასწავლო წლის დასრულებამდე, ცოტაც მოითმინე!”-ო. ამ დროში შესაძლოა, მოზარდს არამხოლოდ სწავლა შესძულდეს, არამედ სხვა ნერვული დაავადებები ჩამოუყალიბდეს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი