შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ოჯახური ურთიერთობების რღვევა და ბავშვის ფსიქიკური განვითარება

ოჯახური ურთიერთობების რღვევა, განურჩევლად მიზეზისა, მწვავე ემოციური განცდების საფუძველია. განსაკუთრებით რთულდება ვითარება, როცა ოჯახში ბავშვი იზრდება, მეუღლეები კი დაცილებას გადაწყვეტენ. არცთუ იშვიათად ცოლ-ქმარი ოჯახის შენარჩუნებას ცდილობს, რათა ტრავმა არ მიაყენოს ბავშვს, მაგრამ მათი ყოველდღიური ფარული თუ აშკარა დაძაბული ურთიერთობა პატარასთვის ორმაგად მატრავმირებელი ხდება.

ამრიგად, როცა გაყრა ნამდვილად სასურველია მშობლებისთვის, ბავშვისთვის იგი აუცილებელიც კია. ოჯახში, სადაც გამუდმებით მეფობს დაძაბულობა, უსასრულოდ მეორდება კონფლიქტები, ბავშვი ორმაგად უბედურად გრძნობს თავს. ამ დროს გაყრა გარდაუვალი ნაბიჯია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მშობლების დაცილება, განურჩევლად იმისა, რა მიზეზით ხდება ეს და როგორ წარიმართება მათი შემდგომი ურთიერთობა, ბავშვისთვის მაინც თავზარდამცემი და გამანადგურებელია. მისმა შედეგებმა შესაძლოა თავი იჩინოს დაუყოვნებლივ ან მოგვიანებით, გარდამავალ პერიოდში.

რამდენად მატრავმირებელი იქნება ბავშვისთვის მშობლების დაცილება, მათ შემდგომ ქცევაზეა დამოკიდებული. ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებლობის შემთხვევაში, მეუღლეები ერთმანეთს უნდა დაშორდნენ რაც შეიძლება მშვიდად და სწრაფად. ამასთან ერთად, მათი უპირველესი საზრუნავი გაყრის შემდეგ შვილის ემოციური სიმშვიდე უნდა გახდეს. მათი ნებისმიერი ქმედება ბავშვის სულიერი წონასწორობის დაცვისკენ უნდა იყოს მიმართული, რათა მშობლების დაცილებამ უარყოფითი კვალი არ დააჩნიოს მის ფსიქიკურ განვითარებას.

განქორწინების შემთხვევაში მშობლების მხრივ ყველაზე გონივრული საქციელი იქნება, თუ ისინი ბავშვს, თუნდაც სრულიად პატარას, მისთვის გასაგებ ენაზე ეტყვიან სიმართლეს. ოჯახიდან წასულ მშობელზე საუბრისთვის ტაბუს დადება ბავშვისთვის ხშირად მძიმე ემოციური განცდების წყაროდ იქცევა. გასათვალისწინებელია, რომ რა არასასურველი მეუღლე და სიძეც არ უნდა იყოს, ბავშვისთვის მამა, თუ ოდნავ მაინც ინტერესდება მისი ცხოვრებით და მცირე ხანს მაინც უთმობს მას, საყვარელი ადამიანია. ამასთან, ბავშვი, თუნდაც სრულიად პატარა, შესაძლოა ხედავდეს ოჯახიდან წასული მამის იმ თვისებებსაც, რომლებსაც დედა ან ბებია ვერ ამჩნევენ. ბავშვს უყვარს მამა, მაშინაც კი როცა ის მის გვერდით არ არის. ამდენად, მამაზე საუბრის აკრძალვა და დედისა და ბებიის მცდელობა, დაავიწყონ ბავშვს ცოცხალი მამის არსებობა, ბავშვისთვის შესაძლოა მძიმე სულიერი განცდების მიზეზად იქცეს და მძიმე კვალი დააჩნიოს მის შემდგომ ემოციურ ცხოვრებას.

თუ განქორწინება მკაცრ აუცილებლობად იქცა, სასურველია, ის იყოს მხოლოდ ცოლ-ქმრის საქმე და არა მრავალრიცხოვანი სანათესავო-სანაცნობოსი. მით უმეტეს არასასურველია მეუღლეთა მშობლების ჩარევა. მხოლოდ ძალზე დისციპლინირებულ და გონიერ ადამიანებს შეუძლიათ შეიკავონ თავი ბავშვზე ზემოქმედების ცდუნებისაგან და ოჯახიდან წასული მშობელი უარყოფით პიროვნებად არ წარმოუდგინონ მას. იშვიათი არ არის, როდესაც გაყრილი ცოლ-ქმრის მშობლები უცხოსთანაც კი ვერ მალავენ ანტიპათიას, სიძულვილს ყოფილი სიძის ან რძლის მიმართ. საეჭვოა, ისინი ოჯახის წევრებთან ახერხებდნენ სულიერი წონასწორობის შენარჩუნებას და აუგად არ იხსენიებდნენ ბავშვის მშობელს.

განქორწინებული მეუღლეები, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა მიისწრაფოდნენ იმისკენ, რომ მას ჰქონდეს იმ ბებიასთან ურთიერთობის საშუალება, რომელთანაც არ ცხოვრობს. ის ისეთივე საყვარელ ადამიანად უნდა რჩებოდეს ბავშვისთვის, როგორიც იყო მშობლების განქორწინებამდე. საოცრად დიდი შეცდომა მოსდით დედებს, როცა ბებიასთან, ყოფილ დედამთილთან ურთიერთობის საშუალებას არ აძლევენ ბავშვს. ადვილი არ არის განქორწინების შემდეგ ყოფილი მეუღლის მშობლებისადმი ნორმალური დამოკიდებულების შენარჩუნება. ეს დიდ ტაქტსა და მოთმინებას მოითხოვს ორივე მხრიდან. ამ ვითარებაში ორივე მხარე უნდა არიდებდეს თავს უარყოფითი გამონათქვამებსა და მოქმედებებს ბავშვის დედის ან მამის მისამართით. ოჯახური ურთიერთობების რღვევის შემდეგ ერთ-ერთ მშობელსა და მის ახლობლებთან ხანგრძლივმა განშორებამ, მათი შეხვედრებისთვის ხელის აქტიურად შეშლამ არ შეიძლება სერიოზული კვალი არ დააჩნიოს ბავშვის ემოციურ ცხოვრებას. ასეთ პირობებში არსებობს საშიშროება, ბავშვი გახდეს გულჩათხრობილი, ჩაკეტილი, ადვილად აღგზნებადი, ნევროზული, ემოციურად გაუწონასწორებელი და არაკომუნიკაბელური, რაც საკმაოდ გაურთულებს ურთიერთობას გარშემო მყოფებთან – თანატოლებსა და უფროსებთან.

განქორწინების შემდეგ ოჯახიდან წასული მშობლის ბავშვთან შეხვედრა ხშირად გადაუჭრელი პრობლემაა. ზოგიერთი მშობელი, აქაოდა, ბავშვზე ვზრუნავო, უკრძალავს ყოფილ მეუღლეს მასთან შეხვედრას; არც მისდამი სიძულვილის გამოხატვას არ ერიდება ბავშვის თანდასწრებით და მიისწრაფის, ნებისმიერ ფასად იძიოს შური მასზე. თუ არა შურისძიება, სხვა რა შეიძლება ეწოდოს იმ მშობლის საქციელს, რომელიც ყოველნაირად ცდილობს, მოარიდოს ბავშვი ყოფილ მეუღლესთან შეხვედრას და ამისთვის ხშირად არათუ სკოლას, ბინასაც კი უცვლის ბავშვს? ბინაზე რომ არაფერი ვთქვათ, სკოლის ხშირი ცვლა, განსაკუთრებით – სასკოლო ცხოვრების დასაწყისში, სრულიად გაუმართლებელია როგორც პედაგოგიური, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც, ვინაიდან ამ პერიოდში წარმოიშობა პრობლემათა წყება (სკოლასთან ადაპტაციის, სასწავლო მოტივაციის ჩამოყალიბების და სხვა), რომელთა წარმატებით მოგვარებას ძლიერ უშლის ხელს სასწავლო გარემოს, ბავშვთა კოლექტივისა და პედაგოგების ხშირი მონაცვლეობა. დაბოლოს, ორივე მშობელთან სისტემატური კონტაქტი, მათი განქორწინების შემთხვევაშიც კი, უპირველესად ბავშვის ემოციური წონასწორობისთვის, მისი შედგომი განვითარებისთვის არის საჭირო. 

ზემოთქმულის გათვალისწინებით, მიუხედავად უარყოფითი ემოციებისა, რომლებიც ოჯახური ურთიერთობების რღვევას ახლავს თან, მშობლების განშორებას ბავშვი ჯერ კიდევ არ აღიქვამს დიდ ტრაგედიად; ამად ის მაშინ იქცევა, თუ განქორწინებული მეუღლეები ერთმანეთს მტრებად მოეკიდნენ და ბავშვი ერთმანეთზე შურისძიების იარაღად გამოიყენეს. 

ამრიგად, თუ განქორწინებულ მეუღლეებს სურთ, მათი შვილის განვითარება ნორმალურად წარიმართოს, ოჯახის დანგრევა უარყოფითად არ აისახოს მის ემოციურ ცხოვრებასა და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სასწავლო საქმიანობაზე, მათ უნდა დაივიწყონ წყენა და შეუქმნან ბავშვს ემოციური კომფორტის განცდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი