პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ისასიო გუგელა

წლევანდელ აგვისტოს განმუხურში, ჩემი მეგობრისა და ნათლულის – დათო ჭითანავას სახლში ვატარებ. ათი წლის წინ, როცა ამ მხარეს და მთელ ქვეყანას რუსეთის იმპერია ციდან ბომბებს აყრიდა, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ათი წლის შემდეგ ჩემს სამ ბიჭთან ერთად შავი ზღვის სანაპიროს სამეგრელოს ზოლში დასვენებას კი არა, მშვიდად ღამის გათევას რომ შევძლებდით. თვითმფრინავის ხმა და მას მიმსგავსებული ღრუბლის გრუხუნი შიშსა და ძრწოლას იწვევდა კარგა ხნის განმავლობაში და ახლაც, ქვეცნობიერის ფსკერში ჩალექილი ტრავმის ნამცვრევივით წამომახსენდება ხოლმე.

დილა-საღამოს გავდივართ ზღვაზე. მთელი წლის სტრესებისა და დატვირთვის შემდეგ ადრე გაღვიძება დიდად არ მეხალისება – სიმშვიდესა და სიგრილეში გამოძინება ჩემს დაწყვეტამდე დაჭიმულ ნერვებს ძალიან წაადგებოდა, მაგრამ ეს ტოროლები სხვა ტალღაზე არიან აწყობილები.

– მამა, მსოფლიოში ყველა ქრისტიანია? – კიბეზე ჩასვლას არ მაცდის, ისე მეკითხება დემეტრე.

– არა, დემკუ, ზოგი ქრისტიანია, ზოგი მუსლიმი, ზოგიც… ყველა არ არის ქრისტიანი.

– კრიშტიანუ რონალდო ქრისტიანია?

მეღიმება: დილიდანვე შემოიყვანა ფეხბურთის თემა, მერე, ვიცი, აღარ მოეშვება, არც კითხვები გამოელევა, ამიტომ წინდახედული მამიკოებივით თავს ვიზოგავ და გზაში დაწეულ კითხვებს – „მესი ქრისტიანია?“, „კუნ აგუერო ქრისტიანია?“ – უყურადღებოდ ვტოვებ, სანამ სანდროს საკონტროლო გასროლა – „ზაზა ფაჩულია ქრისტიანია?“ არ მომიღებს ბოლოს.

სანდრო ზოგადად სპორტზე გადარეული ბიჭი არ გახლავთ, უფრო კონკრეტული ფიგურა – ზაზა ფაჩულია ჰყავს ამოჩემებული და ყველა კონტექსტში მის პერსონას იშველიებს. ვთქვათ, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას თუკი იტყოდნენ – „არგენტინა გავარდა!“, „ესპანეთი გავარდა!“, სანდრო მხარს აუბამდა საყოველთაო ვნებათაღელვას: „ზაზა ფაჩულია გავარდა?“

აივანზე გავდივართ. ნიკოს დიდი ყურსასმენები უკეთია. ეზოს გადაჰყურებს და თავის ნაჩვევ ფლეილისტს უსმენს. ჰო, ათი წლის წინ ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ ათი წლის შემდეგ ჩემი უფროსი შვილი განმუხურში რეი ჩარლზს, „ბლუზ ბრაზერსს“ და „არას“ მოუსმენდა. იმიტომ კი არა, რომ ასეთი რამეები არ შეიძლება მოხდეს – უბრალოდ იმიტომ, რომ ომი ისეთი რამეა, ყველაფრის იმედს, სურვილს და საერთოდაც – მომავლის შეგრძნებას გიკარგავს. არადა, მომავალსაც ისევე უნდა გრძნობდე, როგორც წარსულს; თითქოს უცნაურად ჟღერს, მაგრამ როცა წარსული არ გეხმარება და მომავალი თავისკენ არ გეზიდება, დღეისდღის ცხოვრება აზრს კარგავს. იმ აგვისტოში სწორედ უსუსურობისა და დაუცველობის განცდა გააჩინა იმპერიის მიერ ჩამოყრილმა ბომბებმა, მარტივ სამიზნედ რომ ამოგვირჩია და ჭურვებით დათხრილი მიწით ამოგვივსო თვალები, წინ რომ არ გაგვეხედა. აგვისტო სისხლიანი და საბედისწერო თვეა მეოცეში და ოცდამეერთეშიც, მაგრამ ყველაზე დიდი ომიც აგვისტოში გვაქვს მოგებული – მართალია ასწლეულების წინათ, მაგრამ მთლად უხსოვარ დროსაც არა.

ზღვამდე გზა არც ისე შორია. ახლო უფრო ეთქმის. ფეხით მივდივართ. გზა რომ იოლად გაილიოს, ათას რამეს ვიგონებთ – სიმღერას, გაქცევ-გამოქცევას, ერთმანეთის პაროდირებას; ბიჭები მშობლებთან ჩემი საუბრისას ნათქვამი მეგრული სიტყვების გამეორებას და შემხვედრი წარწერების – „იყიდება მიწის ნაკვეთი“, „შენდება მრავალფუნქციური სახლი“ – ამოკითხვას ცდილობენ.

ნიკოს აუტიზმი აქვს და ამ ღრიანცელში დიდად არ მონაწილეობს, თავისთვის ყოფნა ურჩევნია და სიმარტოვეს თუ არ გამოგლეჯ, შეიძლება მთელ დღეს არ დაგიძახოს. ორი გზაა: შენ უნდა ეცადო ან მას უნდა დასჭირდე. შენი ცდა მისი ნებისთვის შენი სურვილების მოხვევაა, რაც მაინცდამაინც სასიამოვნო პროცესი არ არის, მაგრამ აუცილებელია. თამაშ-თამაშ, მისთვის საინტერესო საგნებით უვითარებ (შენთან) ერთად ყოფნის ჩვევებს, ორივე მხარე ხელახლა და ერთხელ კიდევ სწავლობთ ურთიერთობას.

რამდენიმე ამოჩემებული სიტყვა/ფრაზა აქვს, მათ შორის ერთ-ერთი მკვეთრად დადებითი, აღტაცებული მნიშვნელობის მატარებელია. ხშირად არ წარმოთქვამს, მაგრამ როცა ამბობს, ხვდები, რომ რაღაც მოუნდა, მოეწონა, ან შენ მოეწონე.

ნაპირი გამოჩნდა. დილის სიმეჩხრე და სიმშვიდეა. შეზლონგები თავისუფალია, პლაჟი – აუთვისებელი. შლოპანცებში ქვიშა იგრძნობა. დემე და სანდრო ზღვისკენ გარბიან, დედაჩემი მისდევს. ნიკო ჩემთან რჩება, ხელს მკიდებს, შეზლონგისკენ მივყავარ, მაისურს იხდის და ზედ დებს, სათვალეს იხსნის, თვალებში მიყურებს და ეღიმება – წყალში ბევრჯერ შევსულვართ ერთად: აუზზე, მდინარეში, დიდრონ გუბეებშიც შევუთრევივარ, მაგრამ ზღვა მაინც სხვანაირად უყვარს.

– ისასიო გუგელა! – მეუბნება იმ მაგიურ სიტყვებს, თვალებში მიყურებს და დილის გრილ, დაწმენდილ და მზედაცხუნებულ ზღვაში შევყავარ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი