შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ჩემი პედაგოგიური მწარმსინაწილი მეოთხე. მეთოდის ბუნება

მე მჯერა, რომ საბოლოო ჯამში, მეთოდური საკითხი ბავშვის ინტერესებისა და შესაძლებლობების განვითარების საკითხამდე დაიყვანება. მასალასთან მოპყრობის და მისი წარმოდგენის წესი თავად ბავშვის ბუნების ნაწილია. სწორედ ამიტომ, მე მჯერა, რომ წინამდებარე დებულებები უდიდესი მნიშვნელობის და იმ სულისკვეთების მატარებელია, რომლითაც განათლება წინ მიიწევს:

1.მე მჯერა, რომ ბავშვის ბუნების ჩამოყალიბების პროცესში აქტიური მხარე ჯაბნის პასიურს, გამოხატვა წინ უსწრებს ცნობიერ აღქმას, კუნთების განვითარება უსწრებს სენსორულ განვითარებას, ცნობიერ შეგრძნებებს წინ უძღვის მოძრაობები. მჯერა, რომ გაცნობიერება არსებითად მოტორული ან იმპულსურია და რომ ცნობიერი მდგომარეობები ასახვას მოქმედებაში ჰპოვებენ.
მე მჯერა, რომ ამ პრინციპის უგულებელყოფა სასკოლო საქმიანობაში მეტწილად დროისა და ძალების ფლანგვის მიზეზია. ბავშვის მდგომარეობა პასიურ ათვისებასა და მიმღებლობას ემყარება. შეუსაბამო პირობები მას საშუალებას არ აძლევს მიჰყვეს საკუთარი ბუნების წესს; შედეგი არის წინააღმდეგობა და ამაო ხარჯვა.
 
მე მჯერა, რომ იდეები (ინტელექტუალური და რაციონალური პროცესები) მოქმედების საფუძველზე ქცევის უკეთესი მართვის მიზნით ყალიბდება. ის, რასაც ჩვენ გონებას ვუწოდებთ, პირველ რიგში ქცევის თანმიმდევრულად და ეფექტურად წარმართვის წესია. ორგანიზების გარეშე განსჯისა და გონებრივი უნარებისა განვითარების მცდელობა ჩვენი ამჟამინდელი მიდგომების ძირეული შეცდომაა. შედეგად, ჩვენ ბავშვს პირობითად შერჩეული სიმბოლოებით ვამარაგებთ. გონებრივი განვითარებისთვის აუცილებლობას წარმოადგენს სიმბოლოები, მაგრამ მათ, როგორც ძალისხმევის დაზოგვის საშუალებებს, თავიანთი ადგილი აქვთ. მიმართების გარეშე ისინი უშინაარსო და უსაფუძვლო იდეების მასას წარმოადგენენ, რომლებიც გარედან ძალით არიან თავს მოხვეული.
2.მე მჯერა, რომ სურათ-ხატი სწავლების საუცხოო ინსტრუმენტია. ის, რასაც ბავშვი მისთვის შეთავაზებული თითოეული საგნიდან იღებს, არის უბრალოდ ხატები, რომლებსაც ის ამ საგანებთან მიმართებაში თავისთვის აყალიბებს.
მე მჯერა, რომ იმ ენერგიის ცხრა მეათედი, რომელიც ბავშვისთვის კონკრეტული საგნის სწავლებისკენაა მიმართული, ბავშვის მიერ სათანადო ხატების ფორმირებაზე რომ დახარჯულიყო, სწავლების კუთხით სამუშაო გაცილებით შემსუბუქდებოდა.
მე მჯერა, რომ იმ დროის უდიდესი ნაწილი, რომელიც გაკვეთილების მომზადებასა და წარმოდგენას ეთმობა, შეიძლებოდა უფრო გონივრულად და სასარგებლოდ მიმართულიყო ბავშვის წარმოსახვის ვარჯიშსა და იმ საგნების ზუსტი, ცოცხალი და განვითარებადი ხატების შემუშავებაზე, რომლებთანაც ბავშვს გამოცდილების მიღებისას აქვს შეხება.
3.მე მჯერა, რომ ინტერესები შესაძლებლობების ზრდის ნიშნები და სიმპტომებია. მჯერა, რომ ისინი უნარების განვითარების საფუძველია. შესაბამისად, ინტერესებზე მუდმივ და გულმოდგინე დაკვირვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მასწავლებლისთვის.
მე მჯერა, რომ ამ ინტერესებს უნდა განიხილავდნენ, როგორც ბავშვის მიერ განვითარების მიღწეული დონის მაჩვენებლებს.
მე მჯერა, რომ ზრდასრულ ადამიანს მხოლოდ ბავშვების ინტერესებზე მუდმივი დაკვირვებით შეუძლია შეაღწიოს ბავშვის სამყაროში და დაინახოს, რისთვის არის ის მზად და რა მასალასთან იმუშავებს ის უფრო ნაყოფიერად და მეტი მზაობით.
მე მჯერა, რომ არ შეიძლება ამ ინტერესთა არც მიშვება და არც შეზღუდვა. ინტერესის შეზღუდვა ნიშნავს, ბავშვის ზრდასრულად აღქმას და ამგვარად მისი ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობის დაჩლუნგებას, მისი სიმხნევის ჩაახშობას, ინიციატივისა და ინტერესების ჩაკვლას. ინტერესის მიშვება ნიშნავს მუდმივის გარდამავალით ჩანაცვლებას. ინტერესი ყოველთვის მისი რაღაც მიღმიერი შესაძლებლობის ნიშანია; ძალიან მნიშვნელოვანია ამ შესაძლებლობის აღმოჩენა. ინტერესთა მიშვება მის ზედაპირულ გააზრებას ნიშნავს, რისი უეჭველი შედეგიც ჭეშმარიტი ინტერესის კაპრიზითა და ახირებით ჩანაცვლებაა.
4.მე მჯერა, რომ განცდები ქცევათა ანარეკლია.
მე მჯერა, რომ განცდების მათი შესაბამისი აქტივობებისგან განყენებულად აღძვრის მცდელობა არაჯანსაღი და ავადმყოფური გონებრივი მდგომარეობის წახალისებაა.
მე მჯერა, რომ თუკი ჩვენ ყოველივე დადებითთან, ჭეშმარიტთან და მშვენიერთან კავშირში, ქცევისა და აზროვნების ჩვევების გამომუშავებას შევძლებთ, ემოციები საკუთარ თავს თავად მიხედავენ.
მე მჯერა, რომ სიყრუესა და სიჩლუნგესთან, ფორმალიზმსა და რუტინასთან ერთად, ჩვენი განათლება სენტიმენტალიზმის არანაკლები ბოროტებითაა შეპყრობილი.
მე მჯერა, რომ ეს სენტიმენტალიზმი მოქმედებისა და გრძნობის ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობის აუცილებელი შედეგია.

My Pedagogic Creed
by John Dewey
School Journal vol. 54 (January 1897), pp. 77-80
ARTICLE ONE. WHAT EDUCATION IS

თარგმნა გიორგი მელიქაძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი