შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

რა უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის დროს

ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სპეციალური სასწავლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური სასწავლო მიზნების იდენტიფიცირება ხდება. ეს მიზნები განსხვავებულია ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებისგან და შედგენილია მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებების გათვალისწინებით, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით. ეს არის სახელმძღვანელო, რომელშიც ასახული და დასაბუთებულია კონკრეტული მოსწავლისთვის საჭირო მხარდაჭერა, რომელსაც მასთან მომუშავე ყველა მასწავლებელი თუ სხვა პროფესიონალი უნდა იზიარებდეს და მისდევდეს. ეს არ არის ხისტი დოკუმენტი და რეგულარულ ცვლილებებს მოითხოვს. აუცილებელია დროის განსაზღვრულ მონაკვეთში მისი გადაფასება, მოსწავლის შესაძლებლობებსა და მიღწევებთან თანხვედრაში მოყვანა და საჭირო ცვლილებების შეტანა.

მასწავლებელმა, ვიდრე ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას შეადგენდეს, ამომწურავი ინფორმაცია უნდა შეკრიბოს მოსწავლის შესახებ. გეგმაზე მომუშავე გუნდი უფლებამოსილია, მოითხოვოს და გაეცნოს სამედიცინო დასკვნებს, გაიაროს კონსულტაცია მოსწავლესა და მის მშობლებთან, საგნის მასწავლებლებთან, სხვა პროფესიონალებთან (ფსიქოლოგი, სპეციალური განათლების პედაგოგი, მეტყველების თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, ექიმი, სოციალური მუშაკი და სხვა). აუცილებელია მოსწავლეზე დაკვირვება და სიღრმისეული შეფასება.

მნიშვნელოვანია მოპოვებული ინფორმაციის სათანადო გაანალიზება და მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება. ეს ნათელს მოჰფენს, რომელი სფერო მოითხოვს გაუმჯობესებას და მოსწავლის რომელი რესურსი (ძლიერი მხარე) შეიძლება გამოვიყენოთ ამისთვის.

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა განსაზღვრავს იმ პირებსაც, რომლებიც უშუალოდ ჩაერთვებიან მისი განხორციელების პროცესში (ინდივიდუალური სასწავლო გეგმის (ისგ) გუნდი). აუცილებელია, გეგმის განხორციელების ყოველ ეტაპზე ხდებოდეს მასში ჩართულ პირთა როლისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრა.

გუნდის წევრებს შორის პასუხისმგებლობის გადანაწილების შემდეგ უნდა დაისახოს გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო მიზნები მოსწავლისთვის.

● გრძელვადიანი მიზანი – ეს არის მიზანი, რომელსაც მოსწავლე წლის განმავლობაში აღწევს. გრძელვადიან (წლიურ) მიზანს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გუნდის წევრები შეთანხმებულად აყალიბებენ მოსწავლის ძლიერი მხარეების, საჭიროებების, არსებული მიღწევებისა და სკოლის რესურსების გათვალისწინებით. ეს მიზანი უნდა ასახავდეს რეალისტურ მოლოდინს მოსწავლის მიმართ; შესაბამისად, შესაძლოა შეიცვალოს მას შემდეგ, რაც პედაგოგები უკეთ გაიცნობენ მოსწავლეს და ობიექტური წარმოდგენა შეექმნებათ მის შესახებ.

● მოკლევადიანი მიზანი უფრო კონკრეტული და სპეციფიკური მიზანია, რომელსაც გრძელვადიანი მიზნებისკენ მივყავართ. მისი მიღწევა უფრო მოკლე ხანშია შესაძლებელი – ორ კვირაში, ერთ ან ორ თვეში. მოკლევადიანი მიზნები წარმოადგენს გრძელვადიანი მიზნებისკენ მიმავალ საფეხურებს. თავის მხრივ, მოკლევადიანი მიზნებიც შედგება საფეხურებისგან, ანუ უფრო პატარა მიზნებისგან, რომელთა მიღწევა უფრო ნაკლებ დროს მოითხოვს და განსაზღვრული თანმიმდევრობით ლაგდება მარტივიდან რთულისკენ. მოკლევადიანი მიზნები ძალზე კონკრეტული და გაზომვადი უნდა იყოს. 
ნიმუში#1

ინდივიდუალური განვითარების გეგმისა და შეფასების ნიმუში (ა. ლაღიძე, მ. ბაგრატიონი, თ. პაჭკორია. „ინკლუზიური განათლება: გზამკვლევი მასწავლებლებისათვის”, 2009)

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა

გამარტივებული ფორმა

სკოლა__________________
კლასი
_______________________________________

მოსწავლე___________________________________________________________

დაბადების
თარიღი ____________ასაკი____________________________________

მშობელი/მეურვე_______________________________________________________

მისამართი/ტელეფონი__________________________________________________

შეხვედრის თარიღი____________________________________________________

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა___________დან
__________________ მდე

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა
გადაიხედება___________________________

შეხვედრის ტიპი (შემოხაზეთ)

საწყისი გადაფასება საჭიროებისამებრ დაგეგმილი შეფასება
წლიური შეფასება

 

მონაწილეები:

ინდივიდუალური სასწავლო გეგმის კომპონენტები

დამხმარე კითხვები

შეფასება

ძლიერი მხარეები

რისი
გაკეთება შეუძლია მოსწავლეს?

რა
აინტერესებს?

რა
მოსწონს?

რაშია
მოსწავლე ყველაზე წარმატებული?

(აღწერეთ
დაწვრილებით და ზუსტად )

 

პრობლემური სფეროები

რა
პრობლემები უჩნდება მოსწავლეს ყველაზე ხშირად?

როდის
იჩენს თავს პრობლემები?

(აღწერეთ
დაწვრილებით და ზუსტად )

 

მიზეზები

თქვენი
აზრით, რა იწვევს პრობლემებს სასწავლო პროცესში?

(აღწერეთ
დაწვრილებით და ზუსტად)

 

საჭიროებები

რა სჭირდება
მოსწავლეს იმისთვის, რომ უკეთ გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები?

რა
შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ მოსწავლემ უკეთესად იგრძნოს თავი სკოლაში,
თანაკლასელებსა და მასწავლებელთან?

(აღწერეთ
დაწვრილებით და ზუსტად )

 

წლიური მიზანი

რისი
მიღწევა გვინდა სასწავლო წლის განმავლობაში?

(მიზანი
გაიწერება ცალ-ცალკე ყველა იმ საგნისა და სასწავლო აქტივობისთვის, სადაც
მოსწავლეს პრობლემა აქვს )

 

მოკლევადიანი მიზნები

რისი
მიღწევა გვინდა საწყის, მეორეულ და შემდგომ ეტაპებზე წლიური მიზნის
მისაღწევად?

(მიზანი
გაიწერება ცალ-ცალკე ყველა იმ საგნისა და სასწავლო აქტივობისთვის, სადაც
მოსწავლეს პრობლემა აქვს )

 

პრაქტიკული საკითხები

რა
მასალა შეგვიძლია გამოვიყენოთ დამატებით?

რა
მეთოდი ავირჩოთ სწავლებისთვის?

როგორ
მოვარგოთ გარემო ბავშვის საჭიროებებს?

როგორ
გავზარდოთ სწავლის მოტივაცია?

 

პასუხისმგებელი პირები

ვინ
არის პასუხისმგებელი ინდივიდუალური სასწავლო გეგმის განხორციელებაზე?

რა
კონკრეტული მოვალეობები ეკისრებათ გუნდის წევრებს (პედაგოგი, მშობელი,
ფსიქოლოგი და სხვა)?

 


მანანა ბაქრაძე – მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 124-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

გამოყენებული ლიტერატურა: 

. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. რამდენიმე საკვანძო საკითი ინკლუზიურ და სპეციალურ განათლებასთან დაკავშირებით. თბილისი (2010)

. თ. პაჭკორია. ინკლუზიური განათლება: ცნებები და ტერმინები (2011) 

. თ. გაგოშიძე, თ. ჭინჭარაული, თ. ფილაური, მ. ბაგრატიონი. ინკლუზიური განათლების საფუძვლები (2008)

. გამოცდების ეროვნული ცენტრი, კვლევის დეპარტამენტი. როგორ მოვემზადოთ პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის – პროფესიული უნარები. თბილისი (2010)

. ა. ლაღიძე, მ. ბაგრატიონი, თ. პაჭკორია. ინკლუზიური განათლება” – გზამკვლევი მასწავლებლებისათვის (2009)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი