ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

დიორამა, სასწავლო აქტივობა

ბავშვებს ხშირად უჭირთ ტექსტის დეტალური შესწავლა. სიტყვები, ფრაზები, წინადადებები, აბზაცები, დიალოგები, პერსონაჟთა სახელები – ყოველივე ეს ერთმანეთს ებმის, თვალები კითხულობენ, აცოცხლებენ, მაგრამ გონებაში დიდხანს მათი არათუ დაბინავება, არამედ შეყოვნებაც კი ჭირს. შემაჯამებელი ტესტირებისას აღმოაჩენ, რომ ვერ იხსენებენ ავტორს, მნიშვნელოვან ეპიზოდს, დეტალებს, ლექსიკური მარაგი კი ისეთი მწირია, ხვდები, რომ სალიტერატურო ენასთან მისასვლელი ხიდი ჩატეხილია და ულამაზეს სიტყვებს დავიწყება ემუქრებათ.

დამეთანხმებით, საკმაოდ მწვავე პრობლემაა. განსაკუთრებით, ქალაქში მცხოვრები ბავშვების ყოველდღიური სასაუბრო მეტყველება არის გაღარიბებული, რადგან არა მგონია, სოფლად მცხოვრებ რომელიმე ბავშვს გაუჭირდეს ისეთი სიტყვების განმარტება, როგორიცაა „ჭვარტლი“ ან „ჭიშკარი“.

ბადია, ყუნჭი, შუბი, გულწითელა, ტივტივა, გეგუთი, ყიზილბაშები, კამარა, წიფლისჩიტა, ქედანი – ეს სიტყვები საპროგრამო მოთხრობებიდან არის. ათი წლის ბავშვებისთვის რთული აღმოჩნდა მათი დამახსოვრება. განსაკუთრებით გაუჭირდათ ვაჟა-ფშაველას მოთხრობის „იის“ გაგება. წაკითხვა,მოყოლა, ტესტი არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ასი წლის წინ დაწერილი მოთხრობები, ეპოქისთვის დამახასიათებელი ენობრივი კონსტრუქციები მათთვის ადვილი აღსაქმელი ყოფილიყო. ამიტომ გადავწყვიტე, გაგება-გააზრებისთვის და ტექსტის შინაარსზე დაკვირვებისთვის  დიორამა გამომეყენებინა (ამ მეთოდის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი სტატია https://mastsavlebeli.ge/?p=2029 ).

დიორამა არის ტექსტის მიხედვით შექმნილი სამგანზომილებიანი სცენა. მეთოდის გამოყენება ხელს უწყობს ტექსტის გაგება-გააზრებას, დეტალების დამახსოვრებას, ტექსტის გაცოცხლებით კი დიდ სიამოვნებას იღებენ, ვიზუალურად აღიქვამენ წაკითხულს, სწავლობენ უცხო სიტყვებს.

დიორამების შექმნა შემაჯამებელ მუშაობას დავამთხვიე. ავიღეთ შესწავლილი ოთხი საპროგრამო მოთხრობა: ილია ჭავჭავაძის „ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი“, აკაკი წერეთლის „დათუნა გოცირიძე“, ვაჟა-ფშაველას  „ია“ და რევაზ ინანიშვილის  „რაზედ იცინოდნენ ყვავილები?“ ბავშვებს ვთხოვე მოეტანათ მუყაოს კოლოფები, ფერადი ქაღალდები და ძაფები, პლასტელინი, მაკრატელი, ქაღალდის წებო და სხვა წვრილმანი ნივთები.

წინასწარ შევიმუშავეთ შეფასების კრიტერიუმები:

  1. სამუშაო მასალა;
  2. შინაარსის ცოდნა და ასახვა;
  3. შემოქმედებითობა;
  4. დრო;
  5. თანამშრომლობა ჯგუფის წევრებთან.

კლასი დავყავი ოთხ ჯგუფად. თითოეულს ერთი მოთხრობა უნდა გადაექცია სამგანზომილებიან სივრცედ. ჯგუფში კი  წყვილებს შორის ეპიზოდები გადავანაწილე. წამზომი ჩავრთეთ და ბავშვებიც აფუსფუდნენ. მერხებზე სამუშაო ნივთები ჰქონდათ მიმოფენილი.  ფოთლები, ქვები, კენჭები, წვრილი ტოტები სახელდახელოდ მოაგროვეს ეზოში, გადაინაწილეს და გამიზნულად გამოიყენეს. როგორც ხდება ხოლმე, ზოგიერთი თუ საგულდაგულოდ იყო მომზადებული, ზოგიერთს არაფერი ჰქონდა მოტანილი. ასეთ დროს ბავშვის განწყობის გაფუჭება არაფრით შეიძლება. რა თქმა უნდა, არც ის არის კარგი, რომ უპასუხისმგებლობა ჩვევაში გადაუვიდეთ. ამიტომ ყურადღებას ვამახვილებთ, რომ ცუდია მოუმზადებლობა, განსაზღვრული ორი ქულაც დააკლდებათ, მაგრამ, მერე როცა ხედავ, როგორ უნაწილებს მეწყვილე თავის ნივთებს, როგორ ჩაკირკიტებია ტექსტს, პატარა თითებით როგორ ძერწავს ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილსა თუ დათუნა გოცირიძის ცხენს, როგორ ასახულა მთელი ეს პროცესი მისი სახის ნაკვთებზე და მოწყენილობიდან ქმედებაში მყოფს უყურებ, შეთანხმების პირობას თამამად არღვევ და ამბობ, რომ მასალისთვის განკუთვნილი ორი ქულა არ დააკლდებათ თუ თავის სამუშაო გარემოს მოაწესრიგებენ, ნარჩენებს ნაგავში მოათავსებენ, ნივთებს თავის ადგილს მიუჩენენ.  მართლაც სასწაულად მოქმდებს ახალი პირობა. მთავარია, დასჯის ნაცვლად სურვილი გავუღვივოთ, რომ შემდეგ ჯერზე სათანადოდ მომზადებული მოვიყვანოთ.

ზემოთჩამოთვლილ დადებით მხარეებს უნდა დავამატოთ თანამშრომლობითი და შემოქმედებითი უნარების განვითარება, დროის მართვა, ინიციატივის გამოჩენა, გადაწყვეტილების მიღება, პრობლმების გადაჭრის გზების ძიება.

ბავშვებს უფლება მივეცი, რომ კუთვნილი ეპიზოდის გასაცოცხლებლად ტექსტში ჩაეხედათ. ამან შფოთვა მოუხსნათ. გადავწყვიტე, ამჯერად ყურადღება გამემახვილებინა არა იმაზე, თუ რა ისწავლეს, არამედ იმაზე, რომ ამ შემაჯამებელი მუშაობის შედეგად თუნდაც ერთი სიტყვა მთელი გულით ეგრძნოთ, დაემახსოვრებინათ, გაეთავისებინათ.

ბავშვები შემთხვევითი შერჩევის გზით დავაწყვილე. მე ჯგუფებს შორის დავდიოდი და საჭიროებისამებრ ვეხმარებოდი. ჩემი ძალისხმევა მცირედი იყო, ყველაფერი თვითონ შექმნეს, მოიფიქრეს და ნელ-ნელა წაქცეული ბადიიდან თაფლი გადმოღვარეს, გეგუთის სასახლის აივნიდან მეფე გადმოახედეს, მამას ანკესებისთვის ჭიაყელები აპოვნინეს, თელის ხიდან ჩამოვარდნილი დაჭრილი ქედანი ძირს დააწვინეს. ორი თვე გავიდა ამ დღიდან და ახლაც თვალწინ მიდგას თითოეულის ქმედება, მოძრაობა, სიხარული, სახის გამომეტყველება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დადებითი მხარე აღმოვაჩინე ერთად შექმნილი დიორამების შესახებ – არათუ მარტო მოსწავლეეებისთვის, არამედ მასწავლებლისთვის იდეალური შესაძლებლობაა დააკვირდეს ბავშვებს და სულ სხვა თვალით დაინახოს ისინი. მაგალითად, ორი ისეთი გოგო-ბიჭის მხიარული ტანდემი აღმოაჩინოს, გაკვეთილზე მუდმივად თავისთვის რომ სხედან და ინიციატივას არასდროს იჩენენ ან ისეთი ბიჭების გულმოდგინე მუშაობის მომსწრე გახდეს, გაკვეთილზე თვალი სულ ცელქობისკენ რომ უჭირავთ.

შეფასება:  წყვილებმა წარმოადგინეს, დანარჩენები გარს შემოეხვივნენ და ისე უსმენდნენ. მთავარი მოთხოვნა იყო, დეტალებსა და მოქმედების განვითარებაზე  გაემახვილებინათ ყურადღება, პრეზენტაციისას კი საკუთარი ნამუშევრის შესახებ  ტექსტის მიხედვით უნდა ესაუბრათ.

რადგან თითქმის ორმოცივე მოსწავლემ იმუშავა, საკუთარი შესაძლებლობლების გამოვლენა შეძლო და ტექსტის უშუალო გამოყენების საშუალება ჰქონდათ, ამიტომ მიღებული მაღალი ქულების განმტკიცება მეორე დღეს ერთქულიანი ტესტით გადავწყვიტეთ. ათი კითხვისგან შედგენილი ტესტის თითოეული კითხვა 0.1 მეათედი ქულით ფასდებოდა. მიზანი ის იყო, რომ ტექსტს კიდევ ერთხელ მიბრუნებოდნენ და თან გაწეული შრომა არ გაუფასურებულიყო.

დიორამები მოსწავლეთა კარადებზე გამოვფინეთ და დერეფანში გავაცოცხლეთ კლასიკური ტექსტები. ინდივიდუალურ გასაუბრებაზე ერთი გოგონას ბებია მოვიდა. დიორამების გალერეაში, მივიპატიჟე და ისიც აღფრთოვანებული უყურებდა შვილიშვილის ნამუშევარს, რაც იმას ნიშნავს, რომ  საჭირო დროს საჩვენებელ რესურსადაც შეგვიძლია გამოვიყენოთ.

მერე დიორამები ლიტერატურულ კაფეში გამოვიყენეთ. ამჯერად სქელტანიანი წიგნების ეპიზოდები გააცოცხლეს და ამგვარად წარადგინეს აუდიტორიის წინაშე. „გემრიელ ვიქტორინაში“ კი შეკითხვები საპროგრამო მოთხრობებიდანაც შევიტანე და არაფორმალურ გარემოში თამაშ-თამაშით კიდევ ერთხელ გავაბი კავშირი იმ გაკვეთილთან,  როდესაც დიორამები შევისწავლეთ.

დიორამის გამოყენება ნებისმიერ ასაკის მოსწავლეებთან შეგვიძლია. მაგალითად, პირველკლასელებთან ერთად საჩვენებელი წერის მეთოდით ხუთი მოთხრობა შევქმენით ტყის გოგონას შესახებ.  გაკვეთილზე კი მოთხრობები დიორამებად გადავაქციეთ. მეთორმეტეკლასელმა გოგონამ თეა ლომაძის წიგნის „წერილი ბოთლში“ მიხედვით შექმნილი დიორამით ნაწარმოების იდეური დატვირთვა  გამოხატა, ხოლო უმცროსკლასელებმა თეა თოფურიას „ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე“ ყდაზე დატანილი ილუსტრაცია ხელნაკეთი ჭრელი ბალიშებითა და მუყაოს კორპუსებით გააცოცხლეს. იმის თქმა მსურს, რომ დიორამის გამოყენება სხვადასხვა მიზანს შეგვიძლია მოვარგოთ და ვიზუალურ სანახაობად ვაქციოთ დეტალები, ერთი ეპიზოდი, სათაური, ილუსტრაციები თუ ნაწარმოების იდეური შინაარსი.

დავუბრუნდები შემაჯამებელ გაკვეთილს. არასდროს დამავიწყდება, სად იჯდა ათი წლის გოგო, როცა ახალი წლის ეპიზოდს აცოცხლებდა ილია ჭავჭავაძის „ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილიდან“, დაკვირვებით მუშაობდა და თვალებში სითბო ჩაეღვარა, როცა პატარა სტაფილოსფერ დეტალზე მიმანიშნა, ეს წაქცეული ბადიაა და თაფლი იღვრებაო. მთავარია, დიორამამ ბავშვების ინტერესი გააღვივა, მათი თვალები გაათბო, ერთმანეთი სხვა კუთხით აღმოგვაჩენინა, მოთხრობები და სიტყვები კიდევ უფრო ახლობელი გახადა.

 

გამოყენებული ლიტერატურა: დიორამა – „კითხვის ეფექტური მეთოდები“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. 2013

https://www.youtube.com/watch?v=uGP9vawWNRo&index=34&list=PLe4UTpGDfeAXORAtuYijSwmgk8oKEZ6ph

კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე, G-PRIED.  2015

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი