პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

    გაიცანით  ქარები

ქარები… ზოგიერთს სიხარული მოაქვს ადამიანებისთვის, ზოგიერთს  კი –  უბედურება და ზარალი. ქარი ერთადერთი ბუნებრივი მოვლენაა, რომელსაც ადამიანებმა  სახელები დაარქვეს.  ყველა კონტინენტზე, მთებსა თუ ტყეებში, სტეპებსა და უდაბნოებში, ზღვების, მდინარეების და ტბების სანაპიროებებზე   მცხოვრები მრავალიცხოვანი  ხალხები თუ პატარა ტომები ქარს სახელებს ალბათ იმიტომ არქმევდნენ, რომ მასში   ცოცხალი არსბებისთვის დამახასიათებელ თვისებებს – სიძლიერეს, დაუნდობლობას, სიბრაზეს,  ასევე სინაზეს და სიმსუბუქეს ხედავდნენ.

ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ჩრდილოეთის ქარების ღმერთი იყო ბორეი, დასავლეთის – ზეფირი, სამხრეთის – ნოტი და აღმოსავლეთის – აპელიოტი. სკანდინავიურ საგებში ქარის ღმერთს ნორდი ჰქვია, სლავურ თქმულებებში  – დაგოდა, პოსზვისტი და პოხვისტი.

ქარებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ადამიანის ცხოვრებაში. წელიწადის სხვადასხვა დროს ერთი და იმავე მიმართულებით მქროლავი ქარები სხვადასხვანაირად ახდენდნენ გავლენას ადამიანზე და  მის საცხოვრებელ გარემოზე.  ალბათ ამიტომაც მიიღეს მათ განსხვავებული სახელები. ქარების სახელები  არა მარტო მათ მიმართულებას ასახავდნენ, არამედ  მათ სიძლიერესაც, ტენიანობას, სეზონურობას, ხანგრძლივობას, საშიშროების ხარისხს და  ზოგჯერ  სარგებელსაც კი.

უდაბნოს ქარს  ხამსინი (არაბულიდან თარგმანში – „ორმოცდაათი“) იმიტომ უწოდეს, რომ იგი გაზაფხულის დასაწყისში არაბეთის ნახევარკუნძულიდან ან საჰარის უდაბნოდან ზუსტად ორმოცდაათი დღის განმავლობაში ქრის. მას  თან იმდენი ქვიშა და მტვერი მოაქვს, რომ ადამიანს სუნთქვა უჭირს, ხოლო შენობებში დღისათაც კი სინათლის ანთებაა საჭირო. წითელ ზღვაზე გადავლის შემდეგ არაბული ხამსინი ტენით მდიდრდება, აუტანელ ჩახუთულობას იწვევს და სახელიც ეცვლება. მას უკვე აზიაბს უწოდებენ.

ასევე აფრიკული  წარმოშობისაა ქარი სიროკო, რომელსაც  საჰარიდან სამხრეთ ევროპაში არა მხოლოდ წითელი და თეთრი ფერის ქვიშა მოაქვს, რომელიც წვიმასათან ერთად მოდის და გარემოს ღებავს, ასევე  მხუთვარე სიცხეც. როცა სიროკო ქრის, ჰაერის ტემპერატურა ღამითაც კი არ ჩამოდის 35 გრადუსზე დაბლა.

მაგრამ უდაბნოს ყველაზე მრისხანე ქარი მაინც სამუმია, რაც არაბულიდან თარგმანში „შხამიანს“, „მომწამლავს“ ნიშნავს. სამუმის შესახებ პირველი ცნობები  ჰეროდოტეს ეკუთვნის, რომელიც  მას მოხსენიებს, როგორც  „წითელ ქარს“.  სამუმი უმთავრესად დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებისაა, მოულოდნელოად წარმოიქმნება და თან  დიდი რაოდენობით ქვიშა და მტვერი გადააქვს. იგი უმეტესად გაზაფხულსა და ზაფხულში იცის. სამუმის დროს ჰაერის ტემპერატურა ხშირად 50 °С-მდე მატულობს, ხოლო ტენიანობა 10 %-მდე ეცემა. საბედნიეროდ, როგორც წესი,  სამუმი ზედიზედ მხოლოდ ორი-სამი დღის განმავლობაში ქრის,  თუმცა საკმარისად ასწრებს ზიანის მოტანას.

არსებობს ქარები, რომლებიც მრავალი ათასი წელია „ეხმარებიან“ ადამიანებს. მაგალითად, ასეთია სამხრეთის მშრალი და მსუბუქი ქარი – ბლე, რომელიც საფრანგეთში არდეშის დეპარტამენტში ქრის და ითვლება, რომ იგი სასარგებლოა ხორბლის ნათესებისთვის.

ქარს, რომლის  სახელია  კარპუზ მელტემი,  ანუ  საზამთროს ქარი და რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთიდან უბერავს,  მოუთმენლად ელოდებიან  თურქი ფერმერები და გლეხები, რადგან  იგი ხელს უწყობს ნაყოფის დამწიფებას. ამ ქარს რამდენიმე სახელი აქვს  და იმისდა მიხედვით  ეცვლება, თუ რომელ სეზონში ქრის. მაგალითად:  ქიშმიშის მეტლემი  – ყურძნის,  კირას მეტლემი – ალუბლის, ყაბაყი მეტლემი – გოგრის.

მისტრალი ცივი და მშრალი ჩრდილოეთ-დასავლეთის ქარია, რომელიც უმეტესად საფრანგეთში ქრის სევენიდან რონას ხეობის გავლით ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსკენ. სიტყვა მისტარლი ლათინური  სიტყვისგან „მაგისტრალის“ წარმოდგება და მთავარს ნიშნავს.  სამხრეთ საფრანგეთის ქარებს შორის  ის მართლაც „მთავარია“. მისტრალი რამდენიმე დღის განმავლობაში უწყვეტად უბერავს და  ძალიან დიდ სიჩქარეს, დაახლოებით 100 კმ/სთ-ს აღწევს. მისტრალი მეტად ძლიერი  და ძირითადად ზამთრის თვეებისთვის დამახასიათებელი ქარია. იგი დიდ ზიანს აყენებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, ზოგჯერ კი იმდენად ძლიერად ქრის, რომ ფესვებიანად გლეჯს ხეებს.

ტრამონტანა ჩრდილოეთისა და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის ცივი ქარია, რომელიც  იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, საბერძნეთში, ხორვატიასა და სლოვენიაში ქრის. იგი ძლიერი და მძაფრი ქარის – ბორას ნაირსახეობას წარმოადგენს. ეფექტებით  ძლიერ წააგავს მისტრალს. ფრანგული წყაროების მიხედვით, ამჟამინდელი ფორმით სახელწოდება პირველად მარკო პოლომ დაამკვიდრა  1298 წელს. სახელწოდება წარმოდგება ლათინური სიტყვიდან  „ტრანსმონტანუსი“, რაც იტალიურად ტრამონტანას შეესაბამება.

ბრიზი ფრანგული სიტყვაა და ნიავის ნიშნავს. იგი დღეღამური პერიოდულობის ქარია, რომელიც ზღვების, დიდი ტბებისა და წყალსაცავების სანაპიროებზე წყლისა და ხმელეთის არათანაბარი გათბობა-გაცივების შედეგად წარმოიქმნება. ბრიზი დღე-ღამეში ორჯერ იცვლის მიმართულებას. დღისით ზღვიდან გამთბარი სანაპიროსკენ ქრის დღის ანუ ზღვის ბრიზი, ხოლო ღამით – გაგრილებული სანაპიროდან ზღვისაკენ – ღამის, ანუ ხმელეთის ბრიზი; დღის ბრიზი  რამდენიმე ასეული მეტრიდან 1-2 კმ-მდე სისქის ჰაერის ფენას მოიცავს. მისი სიჩქარე იშვიათად აღემატება 1-5 მ/წმ. ბრიზს დიდი მნიშვნელობა აქვს ამინდის დღეღამური ცვალებადობისათვის, განსაკუთრებით ტროპიკებში, სადაც ზღვის ბრიზი დაბლა სწევს ჰაერის ტემპერატურას, ზრდის ტენიანობას. გრილ ბრიზს ტროპიკებსა და სუბტროპიკებში მცხოვრები  ემიგრანტი ინგლისელები „ექიმს“ ეძახიან.

უძველესი დროიდანაა  შემჩნეული ქარის გავლენა  ცოცხალ ორგანიზმებზე.  მთიან მხარეებში მცხოვრებლებზე დიდ გავლენას ახდენს მშრალი მძაფრი ქარი ფიონი, რომელიც მთებიდან ხეობებისაკენ ქრის. ამ დროს ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად და სწრაფად იმატებს, ხოლო შეფარდებითი სინოტივე მკვეთრად ეცემა, ზოგჯერ 10-20%-მდეც კი. ფიონი ლათინური სიტყვიდან „ფავონიუსი“ წარმოსდგება და „მშრალ ქარს“ ნიშნავს. დაკვირვებების შედეგად დადგენილია, რომ ფიონის დაწყებამდე და ქარის დროს ადამიანებს ეწყებათ თავის ტკივილი, უმიზეზო  დეპრესია, შიშის  შეგრძნება, უღონობა.  უმწვავდებათ  ქრონიკული დაავადებები, თუმცა ამ მოვლენის გამომწვევი მიზეზები ჯერაც არაა დადგენილი.

უნდა აღინიშნოს, რომ  უქარობა ასევე  უარყოფითი და არასასურველი ბუნებრივი მოვლენაა, განსაკუთრებით მრავალმილიონიანი მეგაპოლისებისთვის.  რამდენიმე წლის წინ მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში დიდი ხნის განმავლობაში  იყო სრული შტილი, რის გამოც  ატმოსფეროში ისეთი დიდი რაოდენობით მავნე ნივთიერებები დაგროვდა, რომ ეკოლოგიურმა სიტუაციამ კატასტროფული ხასიათი მიიღო. ადამიანები პირდაპირ ქუჩებში კარგავდნენ გონებას უჟანგბადობისა და მავნე ნივთიერებებისგან მოწამვლისგან. მიუხედავდ იმისა, რომ  მთავრობის გადაწყვეტილებით მთელი რიგი დიდი სამრეწველო საწარმოები დროებით გააჩერეს  და დასწესეს  შეზღუდვები ავტოტრანსპორტის გამოყენებაზე, სიტუაცია მაინც ვერ განიმუხტა და მხოლოდ ქარმა უშველა ქალაქს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი