პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მოსწავლეების მიერ ჩატარებული კვლევის მნიშვნელობა სწავლა -სწავლებაში

მინდა, გაგაცნოთ კვლევითი აქტივობა, რომელიც მეცხრე კლასში ჩემს მოსწავლეებთან ერთად დავგეგმე. ჩემი მთავარი მიზანი იყო, მოსწავლეებს მიგრაციის საკითხებზე მარტო თეორიული ცოდნა არ ჰქონოდათ და თვითონ დაენახათ, რომ  მიგრაცია გლობალური ფენომენი და თანამედროვეობის გამოწვევაა; რომ იგი  გავლენას ახდენს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე, მის უსაფრთხოებასა და სტაბილიზაციაზე. მსოფლიოს მოსახლეობის 3% დღესაც არ ცხოვრობს იმ ქვეყანაში, სადაც დაიბადა. მიგრაციის ზრდას, განსაკუთრებით ხელი შეუწყო ბოლო ოცწლეულის გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა. ამან ბევრი შიდამიგრაციული პროცესი საერთაშორისო მიგრაციად აქცია.

    მიგრაციასთან დაკავშირებით ჩემს მოსწავლეებთან ერთად დავგეგმე კვლევა –   მოსწავლეებს უნდა წარმოეჩინათ მიგრაციის გამომწვევი მიზეზები, ფორმები და შედეგები. კვლევამ ინტერაქტიული გახადა მოსამზადებელი პროცესი და მოსწავლეთა მეტი ინტერესი გამოიწვია. მოსწავლეებმა გადაინაწილეს დავალებები, რომლის ფარგლებშიც უნდა შეესწავლათ ლოკალური ადგილის (ჩვენი საცხოვრებელი სოფლის), მოსახლეობის სტატისტიკა მიგრაციასთან დაკავშირებით.

მოიპოვეს ინფორმაცია, რომ განვითარებად ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის სიჭარბეა, მიგრაცია ქვეყნისთვის შვებაა, მიგრანტების ოჯახების წევრებისთვის კი შემოსავლის წყარო. ნებისმიერი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია მიგრაციული პროცესების მართვა, განსაკუთრებით ყურადღება უნდა დაეთმოს საზოგადოების ინფორმირებას იმ საფრთხეებსა და რისკებზე, რომლებიც თან ახლავს არალეგალურ მიგრაციას.

ადამიანის გადაადგილების ისეთ ფორმას, როდესაც ადამიანი თვითონ იღებს მიგრაციის გადაწყვეტილებას, ნებაყოფლობითი ეწოდება.

განვითარებული, განვითარებადი და სწრაფად მზარდი ეკონომიკის ქვეყნები მიგრაციულ პროცესებში ერთნაირად აღმოჩნდნენ ჩართული, თუმცა განვითარებადი ქვეყნები უმთავრესად სწორედ მიგრანტთა გამცემ ქვეყნებად მოიაზრება, საიდანაც ადამიანები უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით მიემგზავრებიან.

ნებაყოფლობითი მიგრაცია მზარდი ტემპით მიმდინარეობს, რასაც ხელს უწყობს ტექნოლოგიების განვითარება, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის ზრდა და მგზავრობის გაიაფება, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, შრომითი ბაზრის გამრავალფეროვნება, სადაც გაჩნდა მოთხოვნა სხვადასხვა კვალიფიკაციისა და სქესის ადამიანებზე.

ადამიანს უფლება აქვს თვითონ აირჩიოს საცხოვრებელი, თუმცა რეალობა ყოველთვის არ იძლევა ამის საშუალებას. მილიონობით ადამიანი იძულებულია დატოვოს სამშობლო და თავი უცხო ქვეყანას შეაფაროს. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს იძულებით მიგრაციასთან, რომლის მიზეზი, ფორმა, ხანგრძლივობა და მასშტაბი სხვადასხვაა, შედეგები კი – მწვავე და მრავალფეროვანი.

მიგრაციის პროცესში წარმოიშობა: რასობრივი, კულტურული, რელიგიური, ენობრივი პრობლემები; პრობლემები იქმნება ასევე კვალიფიკაციის დაბალ დონესთან, ცხოვრების განსხვავებულ სტილსა და ტრადიციებთან, განათლებასთან, კონკურენტულ სამუშაო ძალასთან, ქსენოფობიასთან,  რასიზმთან, მოხეტიალე ცხოვრებასთან, კრიმინალთან, უსახლკარობასთან  მიმართებითაც; თავს იჩენს დაავადებებიც.

მიგრაცია პრობლემაა ასევე არა მარტო მიმღები, არამედ გამცემი ქვეყნებისათვისაც:

  1. ირღვევა ასაკობრივი ბალანსი (მიგრაციაში ახალგაზრდები მიდიან);
  2. იკლებს შობადობა;
  3. მუშახელის ნაკლებობა;
  4. კვალიფიკაციური კადრების ნაკლებობა;
  5. იკარგება თანხა, რომელიც სახელმწიფომ თავის მოქალაქეებზე დახარჯა (ანუ ინვესტიციები);
  6. ოჯახის რღვევა, ნოსტალგია.

მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზია უფრო მაღალი ანაზღაურების მიღების სურვილი. ანაზღაურება კი არის ფასი, რომელსაც ადამიანის უნარში იხდიან და რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია.

მოსწავლეთა შეგროვებული მასალების შესაბამისად ჯგუფმა შეისწავლა  დემოგრაფიული მდგომარეობა, მიგრაციაში წასული ადამიანების სტატისტიკა, მიგრაციის ფორმები, დაადგინეს დასაქმების მიზნით წასული ადამიანების ოჯახის წევრთა რაოდენობა. შექმნეს ოჯახური მდგომარეობისა და სქესობრივი დიაგრამები. გამოკვლევა ჩატარდა ქანქარისებრი მიგრაციის თვალსაზრისით, რომელიც მიგრაციის მნიშვნელოვანი ფორმაა ქალაქთან ახლოს მდებარე სოფლებისათვის.

ჯგუფებს დაევალათ კვლევის შედეგების პრეზენტაციის მომზადება საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. სამუშაო პროცესს ფოტოებით აფიქსირებდნენ.

 

        კვლევაზე მუშაობის პროცესი

მოსწავლეებმა მიზნობრივად გამოიყენეს საკითხთან დაკავშირებით ტერმინოლოგიები,  გააცნობიერეს მიგრაციის მიზეზები და შედეგები, ჩაატარეს კვლევები სოფლების გელათის, მაღაროს დასახლებასა და მოწამეთაში მცხოვრები მოსახლეობის მიგრაციის შესახებ, დაამუშავეს კვლევის სტატისტიკა და შედეგები ცხრილებსა და დიაგრამებში ასახეს. კვლევის შედეგების პრეზენტაცია მოამზადეს კომპიუტერულ პროგრამა Power Point-ის გამოყენებით.

IX კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს 124 ოჯახის წევრთა მიგრაციის მონაცემები. დიაგრამებში ასახული იყო რესპონდენტთა საცხოვრებელი ადგილები, ემიგრაციაში წასულთა რაოდენობა, მიგრაციის ფორმები და მიზეზები, მიმღები ქვეყნები, ქანქარისებრი მიგრაცია, ემიგრაციაში მყოფ რესპოდენტთა ოჯახური მდგომარეობა, სქესი და ეკონომიური მდგომარეობა.

კვლევაში მონაწილეობდა 124 ოჯახი. ჩვენ მიერ გამოკითხული ოჯახების                   სტატისტიკა ასეთია :

N მოსწავლის გვარი და სახელი შესწავლილი ოჯახების რაოდენობა
1 ამყოლაძე ლუკა 11
2 აფრიდონიძე მარიამი 8
3 ბაბუხადია სალომე 9
4 მეგენეიშვილი ანა 20
5 მესხორაძე ლაშა 13
6 შალიკიანი ნინო 19
7 ხანთაძე ლუკა 14
8 ხანთაძე გიორგი 15
9 ჯანგავაძე ანა 15

 

მიგრანტთა რაოდენობა ქვეყნების მიხედვით

                         ქვეყნები             მიგრანტთა რაოდენობა
შიდა მიგრაცია 28
საბერძნეთი 30
გერმანია 3
თურქეთი 16
იტალია 13
აშშ 5
ინგლისი 1

 

მოსწავლეები აქტიურად თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან. დამოუკიდებლად მოიპოვებდნენ ინფორმაციას საკითხთან დაკავშირებით, როგორც ინტერნეტით და დამხმარე ლიტერატურით, ასევე მოსახლეობაში. გამოავლინეს ცოდნის ტრანსფერის უნარ-ჩვევები და ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებებით (ცხრილებისა და დიაგრამების) გამოსახვის უნარები. შეძლეს მიგრაციის შესახებ მიღებული ინფორმაციისა და კვლევის შედეგების სინთეზი, ისტ-ის გამოყენებით პრეზენტაციის უნარ-ჩვევების გამოვლენა, მოსწავლეებმა ბევრი ახალი ინფორმაცია მიიღეს მიგრაციის გლობალიზაციასა და პრობლემებზე.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი