პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ორი სტრატეგია სამოდელო გაკვეთილებისათვის

სამოდელო გაკვეთილების ჩასატარებლად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეფექტური სტრატეგიების შერჩევასა და გამოყენებას. ქვემოთ განხილულია ორი სასწავლო სტრატეგია, რომელთა გამოყენებას მინიმალური რესურსი სჭირდება, თუმცა მათ შეუძლიათ შეცვალონ რუტინული საკლასო გარემო და გააძლიერონ მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა. მათი გამოყენება წარმატებით შეიძლება როგორც სამოდელო გაკვეთილებზე, ასევე, ყოველდღიურ საგაკვეთილო პრაქტიკაში, სოციალურ და ფილოლოგიურ მიმართულებებში.

 

  1. „უხმო დისკუსია“

ამ სტრატეგიას, სხვაგვარად, „დიდ ქაღალდსაც“ ეძახიან. მისი მთავარი ინსტრუმენტებია წერითი უნარები და სიჩუმე, რომლებიც მოსწავლეებს საკითხის სიღრმისეულად  შესწავლასა და გააზრებაში დაეხმარება. სტრატეგიის გამოყენების დროს მოსწავლეები წერილობით აყალიბებენ თავიანთ პასუხებს, ე.წ „სტიმულზე“. სტიმული შეიძლება იყოს ციტატა, ისტორიული დოკუმენტი, ფოტო და ა. შ. სტრატეგია ხელს უწყობს მოსწავლეთა აზროვნების კონცენტრირებას პრობლემურ საკითხებზე, გვეხმარება იმ მოსწავლეთა გაკონტროლებაში, რომლებიც მოუთმენლობას ამჟღავნებენ საკითხის განხილვის დროს, გაუბედავ მოსწავლეებს კი საგაკვეთილო პროცესში ჩართვის შესაძლებლობას აძლევს.

სტრატეგიის ეტაპები:

  1. „სტიმულის“ შერჩევა. საწყის ეტაპზე აუცილებელია ისეთის „სტიმულის“ შერჩევა, რომელზეც მოსწავლეები მოახდენენ რეაგირებას. სტიმული შეიძლება იყოს შეკითხვა, პრობლემა, ციტატა, ისტორიული დოკუმენტი, ნაწყვეტი პროზაული თუ პოეტური ნაწარმოებიდან, სურათი და სხვა. მოსწავლეთა სხვადასხვა ჯგუფს უნდა მიეცეს ერთი და იგივე „სტიმული“, თუმცა დასაშვებია განსხვავებულის მიცემაც, თუკი ისინი ერთ თემასთან იქნება დაკავშირებული. სტრატეგია ეფექტურად მუშაობს წყვილებში ან ტრიადებში. ყოველ ჯგუფს დასჭირდება ფლიპჩარტის ქაღალდი, რომელზეც წერილობით აწარმოებენ საუბარს და გააკეთებენ კომენტარებს. ქაღალდის ცენტრში უნდა იყოს განთავსებული „სტიმული“, რომელიც მოსწავლეებს დისკუსიის დაწყებისაკენ უბიძგებს.

 

  1. მოსწავლეთა მომზადება. პროცესის დაწყებამდე მოსწავლეებს ვაძლევთ ინსტრუქციებს: სტრატეგია უნდა წარიმართოს სიჩუმეში, ყველანაირი კომუნიკაცია უნდა წარიმართოს უხმოდ, მსჯელობა უნდა მიმდინარეობდეს მხოლოდ წერილობითი ფორმით. პედაგოგმა უნდა სთხოვოს მოსწავლეებს მუშაობის დაწყებამდე დასვან შეკითხვები. ამ გზით მინიმუმადე იქნება დაყვანილი სიჩუმის დარღვევის შესაძლებლობა.

 

  1. მოსწავლეები აკეთებენ ფლიპჩარტზე კომენტარს, თავიანთი ჯგუფის წევრებთან ერთად. ჯგუფის წევრები წერილობით აკეთებენ კომენტარებს „სტიმულზე“ და ერთმანეთს შეკითხვებს უსვამენ. ისინი სხვადასხვა ფერის მარკერებით მუშაობენ, რათა დისკუსიის მიმდინარეობა უფრო თვალსაჩინო გახდეს. მოსწავლეებს შეუძლიათ კითხვები, პასუხები და კომენტარები ხაზებით და ისრებით  დააკავშირონ ერთმანეთთან. აქტივობის ხანგრძლივობის განსაზღვრა შეუძლია პედაგოგს, მაგრამ ის არ უნდა იყოს 15 წუთზე ნაკლები.

 

 

  1. მოსწავლეები სხვა ჯგუფის ქაღალდზე აკეთებენ კომენტარებს. მასწავლებლის მითითების შემდეგ, მოსწავლეები, სიჩუმის დაურღვევლად, ტოვებენ თავიანთ ადგილებს და სხვა ჯგუფის ფლიპჩარტებთან ინაცვლებენ. მათ თან მიაქვთ თავიანთი მარკერები, ეცნობიან სხვა მოსწავლეთა მოსაზრებებს, წერენ კომენტარებსა და შეკითხვებს. აქტივობის ხანგრძლივობას ამჯერადაც პედაგოგი განსაზღვრავს.

 

  1. მოსწავლეები ბრუნდებიან თავიანთ ჯგუფებში და არღვევენ სიჩუმეს. ჯგუფის წევრები ისევ თავიანთი ფლიპჩარტის გარშემო ბრუნდებიან, მათ კვლავ შეუძლიათ წერილობითი კომენტარის გაკეთება. ამის შემდეგ კი ეძლევათ თავიანთ ჯგუფში თავისუფალი ვერბალური კომუნიკაციის საშუალება განსახილველი საკითხისა და წამოჭრილი პრობლემების ირგვლივ.

 

  1. დისკუსია კლასთან. დასკვნით ეტაპზე იმართება საერთო საკლასო მსჯელობა. საუბრის დაწყება შესაძლებელია მარტივი შეკითხვით, თუნდაც: „რა ისწავლეთ თქვენ ამ აქტივობით?“. ამ დროს შეგვიძლია ჩავუღრმავდეთ მოსწავლეთა მიერ წერილობით გაკეთებულ მოსაზრებებს და ვიმსჯელოთ მათ შესახებ. ამავე ეტაპზე, საუბარი შეიძლება შეეხოს სიჩუმესთან დაკავშირებულ პრობლემებს და აქტივობის მსვლელობის დროს მოსწავლეთა კომფორტის ხარისხს.

ვარიაციები:

 

პატარა ქაღალდი: მასწავლებელი „სტიმულს“ განათავსებს სტანდარტული ზომის ქაღალდზე.  ჩვეულებრივ რამდენიმე „სტიმულს“ ამზადებს, ჯგუფების რაოდენობის მიხედვით. ჯგუფის წევრები რიგრიგობით აკეთებენ წერილობით კომენტარს ქაღალდზე. განსაზღვრული დროის შემდეგ კი (რამდენიმე წუთი) აწვდიან გვერდით მჯდომს. როდესაც ჯგუფის წევრები დაასრულებენ ქაღალდზე კომენტარის გაკეთებას, თავიანთ ქაღალდს აწვდიან სხვა ჯგუფს. პროცესი მიმდინარეობს სიჩუმეში და მანამდე გრძელდება, სანამ ყველა მოსწავლე ყველა ქაღალდზე არ გააკეთებს კომენტარს. საბოლოოდ ჯგუფები იბრუნებენ თავიანთ კუთვნილ ქაღალდებს და ეწყობა ვერბალური მსჯელობა წამოჭრილი შეკითხვებისა და გაკეთებული კომენტარების ირგვლივ.

 

გალერეა. „სტიმული“ განთავსებულია კედელზე ან ცალკე მაგიდაზე და მოსწავლეები სიჩუმეში, წერილობით აკეთებენ კომენტარს. მასწავლებელს ასევე შეუძლია ფლიპჩარტზე განთავსებული „სტიმული“, განსაზღვრული დროის შუალედით, რიგრიგობით გადააწოდოს ცალკეულ ჯგუფს.

 

სტრატეგიის გამოყენება შესაძლებელია, როგორც საბაზო, ასევე საშუალო საფეხურზე. სტრატეგიის ძლიერ მხარეებად შეიძლება შეფასდეს შემდეგი კომპონენტები:

  • სტრატეგია ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას და ჩართულობის ზრდას;
  • ნაკლებად აქტიურ მოსწავლეებს აძლევს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას;
  • ხელს უწყობს საკითხის გააზრებას, გაანალიზებას, წერითი, თანამშრომლობითი უნარების განვითარებას.

სტრატეგიის გამოყენების დროს ძირითად სირთულეს წარმოადგენს სიჩუმის დაცვა, რაც პედაგოგმა ინსტრუქციების მიცემისა და საკლასო გარემოს ორგანიზების დროს უნდა გაითვალისწინოს.

 

  1. „ცხოვრების საგზაო რუკა“

მოსწავლეებმა უნდა დახატონ ცნობილი ადამიანის, პერსონაჟის ცხოვრების რუკა, რომელზეც საგზაო ნიშნების გამოყენებით გამოკვეთილი იქნება ამ ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენები. ეს სტრატეგია ეხმარება მოსწავლეებს უკეთ ჩაწვდნენ ისტორიული პირის თუ ლიტერატურული პერსონაჟის მახასიათებლებს; გარემოს, რომელშიც მას უხდებოდა მოღვაწეობა. სტრატეგიის დახმარებით მოსწავლეები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტორებზე, რომლებიც პიროვნების გადაწყვეტილებებზე ახდენდნენ  გავლენას. ამ ინსტრუმენტის გამოყენება შეიძლება როგორც ადრე შესწავლილი მასალის გასამეორებლად, ასევე ცოდნის, უნარების შესაფასებლად.

სტრატეგიის ეტაპები:

  1. მოსწავლეები ეცნობიან ინფორმაციას პიროვნების შესახებ. სტრატეგიის გამოსაყენებლად მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ინფორმაცია პიროვნებისა (ისტორიული პირი, ლიტერატურული პერსონაჟი და სხვ.) და კონტექსტის შესახებ, რომელშიც მას უხდებოდა მოღვაწეობა. ეს ინფორმაცია მოსწავლეებმა შეიძლება მიიღონ ნაწარმოების, თხზულების წაკითხვით, ფილმის ყურებით, დამოუკიდებელი კვლევით და ა.შ. სასურველია მოსწავლეებმა პიროვნების ცხოვრების საკვანძო მოვლენები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ჩანაწერის სახით მოამზადონ ან თუნდაც გრაფიკულად გამოსახონ (მაგ. ქრონოლოგიურ სკალაზე დაალაგონ).

 

  1. გონებრივი იერიში მეტაფორის გამოყენებით: „ცხოვრება, როგორც მოგზაურობა“. მუშაობა მიმდინარეობს ჯგუფებში. სხვადასხვა ჯგუფებს შეუძლიათ როგორც ერთსა და იმავე, ასევე სხვადასხვა პიროვნებების საგზაო რუკებზე მუშაობა. რუკაზე მუშაობის დაწყებამდე პედაგოგი მოსწავლეებს ეუბნება, რომ პიროვნების ცხოვრება უნდა განიხილონ, როგორც მოგზაურობა. კერძოდ, მათ უნდა განიხილონ, რომელი საგზაო ნიშნების გამოყენება იქნება მართებული პიროვნების ცხოვრების ამა თუ იმ მომენტის ვიზუალური გამოსახვისათვის. გამოყენებული ელემენტები შეიძლება იყოს, მაგალითად, შუქნიშნები, ჩიხები, შემოვლითი გზები, გაჩერებები და სხვა. მოსწავლეებს უნდა მივცეთ საშუალება, იმსჯელონ (მაგ. წყვილებში) საგზაო ნიშნების გამოყენებაზე. მაგალითად, ჩიხი შეიძლება ნიშნავდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც არ მოგვცა სასურველი შედეგი; მწვანე ფერი კი იმას, რომ პიროვნების მოქმედებას გზა ხსნილი აქვს.

 

  1. მოსწავლეები ადგენენ ცხოვრების საგზაო რუკას. მოსწავლეები ადგენენ ცხოვრების საგზაო რუკას ინდივიდუალურად ან მცირე ჯგუფებში. სასურველია, ეს გაკეთდეს დიდ ქაღალდზე, რომელზეც მოსწავლეები პირველ რიგში გზას დაიტანენ. შემდეგ კი – საგზაო ნიშნებს. საგზაო ნიშნებზე მათ უნდა მიუთითონ იმ მოვლენების შესახებ, რომელთაც ესა თუ ის საგზაო ნიშანი შესაბამება. სასურველია, რუკაზე დაიტანონ ფაქტორები, რომლებიც პიროვნების გადაწყვეტილებებზე ახდენდა გავლენას, (მაგალითად შიში, ამბიცია და ა. შ). რუკაზე მუშაობის დროს, დასაშვებია, მოსწავლეებს მივცეთ ოთახში თავისუფლად გადაადგილებისა და თანატოლთა იდეების გაცნობის საშუალება.

 

  1. შედეგების შეჯამება. დასკვნით ეტაპზე ხდება მოსწავლეთა ნამუშევრების საერთო საკლასო განხილვა. პედაგოგმა მოსწავლეებს ყურადღება უნდა გაამახვილებინოს ნამუშევრებს შორის მსგავსება-განსხვავებებზე. შეკითხვები შეიძლება შემდეგი ტიპის იყოს: „რა ფაქტორები ახდენდა გავლენას პიროვნების არჩევანზე?“, „რა ფაქტორები ეხმარებოდა მას წინსვლასა და სასურველი მიზნის მიღწევაში?“. პედაგოგმა მოსწავლეებს შეიძლება სთხოვოს შედეგების შეჯამება ესეის სახით.

 

ვარიაციები

პირადი ცხოვრების საგზაო რუკა: მოსწავლეებს შეუძლიათ გამოიყენონ ეს აქტივობა საკუთარი ცხოვრების საგზაო რუკის შესადგენად. ეს სტრატეგია მათ საკუთარი ცხოვრების, სირთულეების, გამოწვევების, მიღწევების ანალიზში დაეხმარება, მეორე მხრივ კი, შესაძლებლობას მისცემს, შედეგები ერთმანეთს გაუზიარონ და ამ გზით უკეთ გაიცნონ ერთმანეთი.

 

განსხვავებული ინტერპრეტაციები პიროვნების ცხოვრების შესახებ: რამდენიმე მოსწავლე იმუშავებს პიროვნების საგზაო რუკის შედგენაზე. თანამშრომლობა გამოხატული იქნება პიროვნების კვლევაში, თუმცა ისინი დამოუკიდებლად  იმუშავებენ საკუთარ საგზაო რუკებზე. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, დავადგინოთ, როგორ მოახდენენ მოსწავლეები პიროვნების ცხოვრების დეტალების ინტერპრეტირებას.

სტრატეგიის გამოყენება შესაძლებელია საბაზო და საშუალო საფეხურზე, ძირითადად სოციალურ და ფილოლოგიურ საგნებში. სტრატეგიის ძლიერ მხარეებად შეიძლება შეფასდეს:

 

  • მოსწავლეებისთვის პიროვნების (ისტორიული, ლიტერატურული) ცხოვრების საკვანძო მომენტების გააზრების გაიოლება;
  • წარმოსახვითი უნარების გააქტიურება;
  • მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა, თანამშრომლობითი უნარების დახვეწა.

სტრატეგიის ძირითადი პრობლემა შეიძლება იყოს ცალკეულ მოსწავლეთა მხრიდან ზედაპირული დამოკიდებულება, ძირითადი საკითხიდან ყურადღების სხვა თემაზე გადატანა. მასწავლებელმა, მუშაობის დაწყებამდე მოსწავლეებს უნდა მისცეს მკაფიო ინსტრუქციები და ყურადღებით დააკვირდეს მუშაობის პროცესს.

 

სტრატეგიების გამოყენების შემდეგ აუცილებელია, მასწავლებელმა გააკეთოს შედეგების ანალიზი, შეაფასოს ძლიერი და სუსტი მხარეები და გაითვალისწინოს ის შემდგომი გამოყენების დროს. ინოვაციური სტრატეგიების სასიკეთოდ წაადგება საგაკვეთილო პროცესს და გაზრდის სწავლების პროდუქტიულობას.

 

გამოყენებული მასალები:

 

დავით ჩივაძე

პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქვაბღის საჯარო სკოლა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი