სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

სკოლა და პროფესიული არჩევანი

ძალიან მძიმე რეალობის წინაშე ვდგავართ, როცა ამდენი ახალგაზრდა ვერ პოულობს სამსახურს. მით უფრო სამწუხაროა, რომ  მათი რაოდენობა შემცირების ნაცვლად იზრდება. უმუშევრობა კომპლექსური პრობლემაა, რომელსაც უამრავი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორი განაპირობებს. ჩვენ, რასაკვირველია, არ ვაპირებთ ამ ფაქტორების მიმოხილვას, მხოლოდ ჩვენი ვარაუდი და სურვილი გვინდა გამოვთქვათ იმის თაობაზე, რომ ამ არმიის შემცირება შესაძლებელი იქნება, თუ სკოლა მოახერხებს ახალგაზრდების სწორ ორიენტაციას პროფესიის არჩევანში, დაეხმარება მათ თავიანთი სურვილების დაზუსტებასა და შესაძლებლობების გამოვლენაში. მით უმეტეს, რომ  ჩვენ აღარ ვცხოვრობთ ინდუსტრიალიზაციის ეპოქაში, როცა დასაქმებულების უმეტესობა ფაბრიკა-ქარხნებში მონოტონურ და ერთფეროვან სამუშაოს ასრულებდა და განათლების სისტემებიც ამ მოთხოვნებზე იყო მორგებული. 21-ე საუკუნეში ადამიანებს სამსახურის საშოვნელად სულ უფრო მეტად დასჭირდებათ კრეატიულობა, კრიტიკული აზროვნება და ინოვაციურობა. სხვათა შორის, ამ თვისებების ნაკლებობას ყველგან განიცდიან. განათლების ექსპერტები უკვე თანხმდებიან, რომ სკოლის  მაღალი ქულები კარგი განათლების მისაღებად და მომავალი წარმატებისათვის მართლაც მყარი საფუძველია, თუმცა    გარანტია  არ გახლავთ. უკვე რამდენიმე ქვეყანაც კი გამოიკვეთა (მაგ; ჩინეთი), სადაც მოსწავლეები მაღალ შედეგებს აღწევენ სხვადასხვა საგნებში (განსაკუთრებით მათემატიკაში), მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ უმრავლესობას ნაკლებად აქვთ განვითარებული უნარები, რადგანაც მათ ასწავლიან ისეთ საგანმანათლებლო სისტემაში, რომლებიც ორიენტირებულია ტესტებზე და ამ ტესტებში მიღებულ მაღალ ქულებზე. მართალია  კრეატიულობის არქონა მათ ხელს არ შეუშლის  ამა თუ იმ ბიზნესის წამოწყებაში, მაგრამ იგი აუცილებელია ახალი იდეების გენერირებისათვის, ამ იდეების პრაქტიკულად განხორციელებისათვის. კვლევებმა აჩვენა, რომ არის ქვეყნები, რომელთა განათლების სისტემები ახერხებენ როგორც საერთაშორისო ოლიმპიადებში უმაღლესი შედეგების მიღწევას, ასევე მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითობის უნარების განვითარებას (მაგ; ფინეთი). მკვლევრები ერთ-ერთ მიზეზად იმას ასახელებენ, რომ აქ სტანდარტიზებულ ტესტებს მხოლოდ სკოლის დამთავრებისას აბარებენ. აქვე გაგაცნობთ ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორის, ჯეიმზ ჯეკმანის, ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევის შედეგად მიღებულ დასკვნას – კარიერულ წინსვლასა და ფინანსური კეთილდღეობის მიღწევის საქმეში კოგნიტურ უნარებზე მეტად მნიშვნელოვანი არაკოგნიტური უნარებია (მაგ:  მიზნების დასახვა, დროის მენეჯმენტი, კომუნიკაბელურობა, დარწმუნების უნარი). ამასთანავე მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ამ უნარების განვითარება ავტომატურად ნიშნავს კოგნიტური უნარების განვითარებასაც. 

     ქართული  საგანმანათლებლო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა   დაეხმაროს მოსწავლეს პროფესიის სწორად არჩევაში. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მეტწილად სწორედ პროფესია განსაზღვრავს მოსწავლის სამომავლო წარმატება-წარუმატებლობას, არჩევანი მართლაც უმნიშვნელოვანესია. სკოლამ უნდა მოახერხოს,   დაეხმაროს მოსწავლეს გაერკვეს საკუთარ შესაძლებლობებში, ნათლად ჩამოაყალიბოს საკუთარი სურვილები, განსაზღვროს მომავალ პროფესიასთან დაკავშირებული მიზნები და საბოლოო არჩევანი მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთოს.  მით უმეტეს, რომ პროფესიის არჩევა უშუალო კავშირშია სწავლის პროცესთან, რადგანაც  ეს პროცესი შესაძლოა მოსწავლისათვის სწავლის კარგ სტიმულატორად  იქცეს. ბევრი მოსწავლე მოუმატებს ძალისხმევას და გაცილებით უფრო  მონდომებული გახდება, თუ  მათ ნათლად ექნებათ დასახული სამომავლო გეგმები პროფესიასა და კარიერასთან დაკავშირებით. სასურველი პროფესიის ძიებისას მოსწავლემ შესაძლოა, რამდენჯერმე შეიცვალოს თავისი არჩევანი, მაგრამ ეს მის მოტივაციას კიდევ უფრო გაზრდის, რადგანაც ყოველი მომდევნო არჩევანი კიდევ უფრო მიზანდასახული და ზუსტი იქნება. სასურველია პროფესიის არჩევანი დაიწყოს მოსწავლის სურვილებში გარკვევით, რისთვისაც საჭიროა მოსწავლემ მარტივ შეკითხვებს გასცეს პასუხი. მაგ; 

1.როგორ წარმოგიდგენია მომავალი  საქმიანობის სარგებლობა შენთვის და სხვებისათვის? 
2.რას გსურს მიაღწიო შენი მომავალი პროფესიით? 
3.როგორ ფიქრობ, ვინ და რა სარგებლობას მიიღებს შენი მომავალი საქმიანობიდან? 
4.რომელი კატეგორიის ხალხს გსურს რომ დაეხმარო?
5.როგორ ფიქრობ, რითი დაეხმარები და რას შეცვლი სხვა ადამიანების ცხოვრებაში უკეთესობისაკენ?
6.მდიდარი რომ იყო, რის გაკეთებას ისურვებდი?
7.მსოფლიოს რომელი პრობლემის გადაწყვეტას ისურვებდი ყველაზე მეტად?
8.უეჭველი წარმატების გარანტია რომ გქონდეს, რას გააკეთებდი?
9.შენი რომელი ნიჭის განვითარებას ისურვებდი ყველაზე მეტად  ცხოვრებაში დასახული მიზნების უკეთ შესასრულებლად?

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ფიქრობენ თუ არა ჩვენი მოსწავლეები  თავიანთ მომავალ პროფესიაზე, აქვთ თუ არა მათ ნათელი წარმოდგენა დღევანდელ პროფესიებზე, შეუძლიათ თუ არა  საკუთარი შესაძლებლობებისა და სურვილების  განსაზღვრა ამ მიმართულებით. მაგალითად, თუ მოსწავლე დაახლოებით ასეთ აზრს გამოთქვამს: ,,მე მინდა ავადმყოფებს და ტრამვირებულებს დავეხმარო, რომლებსაც მკურნალობა და რეაბილიტაცია სჭირდებათ”, სულაც არ არის აუცილებელი ეს ბავშვი მაინცდამაინც ექიმი გამოვიდეს (მით უმეტეს, თუ ამ პროფესიისათვის აუცილებელი უნარები მას არ აქვს). ფიტნესის მწვრთნელიდან დაწყებული ფიზიკური პრობლემების მქონე ადამიანების მოწყობილობების გამომგონებელ-კონსტრუქტორით დამთავრებული  უამრავი ისეთი პროფესია არსებობს, რომელიც მის სურვილს აახდენს. ამგვარად პროფესია, რომელსაც ისინი აირჩევენ, უკვე დამოკიდებული იქნება არა მარტო მოსწავლეების  სურვილზე, არამედ  მათ შესაძლებლობებზე, მონდომებაზე დაეუფლონ იმ აუცილებელ უნარებსა და ცოდნას, რომლებიც ამ კონკრეტული პროფესიის დასაუფლებლად იქნება საჭირო. საუკეთესო შემთხვევაში პროფესიის საბოლოო არჩევანი უნდა ემთხვეოდეს მის ნიჭს და პროფესიული საქმიანობიდან მატერიალურ შემოსავალთან ერთად პიროვნულ სიამოვნებასაც უნდა ღებულობდეს. 

     ამასთანავე მოსწავლეებს სჭირდებათ, რაც შეიძლება მეტი კომპეტენტური მოსაზრება, თუ რატომ ირჩევენ ადამიანები ამა თუ იმ პროფესიას, მათი არგუმენტების მოსმენა, იმის გაგება თუ რითი იყვნენ ისინი მოტივირებულები, როცა პროფესიას ირჩევდნენ. 

      მაშასადამე, დავეხმარებით რა ჩვენს მოსწავლეებს ცხოვრებისეული მიზნების გამოკვეთაში, ამით ჩვენ მათ დავეხმარებით თავიანთი მომავალი პროფესიის უკეთ არჩევაში, ხოლო პროფესიის სწორად არჩევით მათ აუმაღლდებათ სწავლის მოტივაცია. მოსწავლეებს უპირველესად იმის სწავლა სჭირდებათ, როგორ ისწავლონ, იფიქრონ, აღმოაჩინონ და განივითარონ ნიჭი და პოტენციალი. ყველა მოსწავლე უნიკალურია და აქვს თავისი განსხვავებული ტალანტი, რომელიც ზოგჯერ ზედაპირზე დევს, მაგრამ ხშირად მიმალულია და აღმოჩენას და სათანადოდ გამოყენებას ელოდება. ყველას გვსურს ისეთი განათლების სისტემა, რომელიც მაქსიმალურად მოახდენს თითოეული მოსწავლის პოტენციალის გამოვლენას. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი